საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები

რედაქციისაგან

2007 წლის 9 თვეში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი სერიოზული ზრდის ტემპით ხასიათდება, სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით ის წინა წელთან შედარებით 34.5%-ით მეტია. ამასთანავე იზრდება სავაჭრო ბალანსის დეფიციტიც. ის 2 665,9 მლნ აშშ დოლარია. წამყვან ქვეყნებად სავაჭრო ბრუნვაში ისევ რუსეთი და თურქეთი რჩებიან. რუსეთის ემბარგოს მიუხედავად, 9 თვეში რუსეთში ექსპორტმა შეადგინა 44 მილიონი, იმპორტმა – 467 მილიონი დოლარი. ძირითადი სახეობები ექსპორტში არის ელექტროენერგია, ფეროშენადნობი, იმპორტში – ბუნებრივი აირი, ხორბალი და ფქვილი. საქართველოში 9 თვეში იმპორტირებული 89 მილიონი დოლარის ხორბლიდან რუსეთიდან შემოზიდულია 252 ათასი ტონა (61 მილიონი აშშ დოლარის).

სერიოზულად დგას ექსპორტის იმპორტით გადაფარვის ხარისხი და ექსპორტის გეოგრაფიის შეცვლის საკითხი. ამასთან ექსპორტის არსებულ კალათაში მაინც წამყვანი ადგილი უჭირავს იმ ქართულ ფირმებს, რომელთა ინვესტორები და მესაკუთრეები რუსეთის კომპანიები არიან (აზოტის, მადნეულის და სხვა).
თუ როგორ სურათს ქმნის სავაჭრო ბალანსის ცალკეული მუხლები, ნახეთ სტატისტიკის დეპარტამენტის მასალაში.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა
2007 წ. იანვარი-სექტემბერი
2007 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4435,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 34,5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 884,6 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 25,4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 3550,5 მლნ. აშშ დოლარი (36,9 პროცენტით მეტი). 2007 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2665,9 მლნ. აშშ დოლარია.
2007 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 97 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 2762,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 93 ქვეყნისა და 1973,1 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა 2006 წლის იანვარ-სექტემბერში.
2007 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 23 ქვეყანასთან (96,2 მლნ. აშშ დოლარი), ნაცვლად 27 ქვეყნისა და 85,5 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
2007 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 8 ქვეყანასთან: კანადა (36,4 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (32,8 მლნ. აშშ დოლარი), მექსიკა (9,5 მლნ. აშშ დოლარი), გიბრალტარი (5,9 მლნ. აშშ დოლარი), ტაჯიკეთი (2,6 მლნ. აშშ დოლარი), იემენი (2,1 მლნ. აშშ დოლარი), ალჟირი (1,6 მლნ. აშშ დოლარი) და ბელიზი (1,0 მლნ. აშშ დოლარი).
სავაჭრო დეფიციტის 34,9 პროცენტი მოდის დსთ-ის ქვეყნებზე (2006 წლის იანვარ-სექტემბერში – 37,6 პროცენტი). ამ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2007 წლის იანვარ-სექტემბერში 1602,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (2006 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 22,2 პროცენტით მეტი). დსთ-ის ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36,1 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 38,0 პროცენტი და იმპორტის 35,7 პროცენტი (2006 წლის იანვარ-სექტემბერში – შესაბამისად 39,8 – 42,7 და 39,0 პროცენტი).
2007 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის 27 ქვეყანასთან 1258,0 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, იმავე ქვეყნების მიხედვით, 31,5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 202,3 მლნ. აშშ დოლარია (25,9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1055,8 მლნ. აშშ დოლარი (32,6 პროცენტით მეტი). ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 28,4 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 22,9 პროცენტი და იმპორტის 29,7 პროცენტი.
2007 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68,1 პროცენტს შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის არის დსთ-ის 4 ქვეყანა და მათზე მოდის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 31,1 პროცენტი, 2006 წლის ამავე პერიოდში კი დაფიქსირდა შესაბამისად 4 ქვეყანა და 35,5 პროცენტი.
2007 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. თურქეთში ექსპორტი 133,2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. გაზრდილია ისეთი სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი, როგორიცაა: შავი ლითონების ჯართი (29,7 მლნ. აშშ დოლარით), ალუმინის ჯართი (5,8 მლნ. აშშ დოლარით), ელექტროენერგია (4,6 მლნ. აშშ დოლარით), მინის ტევადობები (3,8 მლნ. აშშ დოლარით) და სპილენძის ჯართი (2,8 მლნ. აშშ დოლარით). ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა (143,9 მლნ. აშშ დოლარი) თურქეთიდან იმპორტში. განსაკუთრებით გაზრდილია კარტოფილის (10,6 მლნ. აშშ დოლარით), პლასტმასის მილების (6,1 მლნ. აშშ დოლარით) და სამაცივრო მოწყობილობების (6,0 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 467,0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2,2 პროცენტით ნაკლებია. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი 4,0 პროცენტული პუნქტით – 14,5 პროცენტიდან 10,5 პროცენტამდე შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტი რუსეთში შემცირებულია 23,4 მლნ. აშშ დოლარით, კვლავ შეწყვეტილია ამ ქვეყანაში ნატურალური ყურძნის ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი. უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია: ელექტროენერგია, ფეროშენადნობები, რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ნაწილები, ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალები და მსუბუქი ავტომობილები, რომელთა წილად მოდის საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის 90,1 პროცენტი.
რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია 12,8 მლნ. აშშ დოლარით. იმპორტის მოცულობის 40,4 პროცენტი (171,3 მლნ. აშშ დოლარი) ნავთობით, აირებსა და აირისებრ ნახშირწყალბადებზე მოდის, რაც ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდით.
უკრაინა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში კვლავ მესამე ადგილზე იმყოფება. ამ ქვეყანასთან ექსპორტი გაზრდილია 38,5 პროცენტით, რაც გამოიწვია ძირითადად სპირტიანი სასმელების (15,4 მლნ. აშშ დოლარით), მინერალური წყლების (4,9 მლნ. აშშ დოლარით), ნატურალური ყურძნის ღვინის (1,6 მლნ. აშშ დოლარით) და მსუბუქი ავტომობილების (1,1 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის გაზრდამ.
იმპორტი უკრაინასთან 70,9 პროცენტით არის გაზრდილი და 378,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად გაზრდილია რკინისა და ფოლადის წნელების (24,5 მლნ. აშშ დოლარით), სიგარეტების (13,3 მლნ. აშშ დოლარით) და შავი ლითონების მილები და მილაკების (12,3 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია – მის წილად 2007 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის 10,8 პროცენტი მოდის. შავი ლითონების ჯართის ექსპორტი შეადგენს 75,4 მლნ. აშშ დოლარს, რაც ექსპორტის 8,5 პროცენტია.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2007 წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი 10,4 პროცენტს შეადგენს. გაზრდილია მსუბუქი ავტომობილების ჯგუფის იმპორტი (263,7 მლნ. აშშ დოლარი), რაც 55,4 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ასევე გაზრდილია ნავთობის, აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი, ზრდა გამოწვეულია ამ ჯგუფში შემავალ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდით, ფასთა სხვაობით გამოწვეული ცვლილება კი შეადგენს 91,1 მლნ. აშშ დოლარს.