საწვავი – საყვირი და სინამდვილე
ნინო არველაძე
მოსახლეობა მიეჩვია ბენზინზე მაღალ ფასს. მსოფლიოში ძალიან საინტერესო ეკონომიკური სიახლეებია. ეკონომიკის არც ერთ მამას არ გაუკეთებია გათვლა, რომ საწვავის ზრდის პარალელურად, რომელიც მულტიპლიკატორია, ეკონომიკაც იზრდება. ეკონომიკა იზრდება ევროპაშიც, ამერიკაშიც და აზიაშიც, მაგრამ იქ ფასების, ინფლაციისა და ბიზნესის სარეგულირებლად ბევრი ბერკეტი არსებობს.
საქართველოში კი ბიზნესი, გიგანტ კომპანიებთან შედარებით, მინიმალურ მოგებაზე მუშაობს. როდესაც საუბარია სიგნალის მიცემაზე ბენზინის გასაიაფებლად, უნდა ითქვას, რომ ეს იაფფასიანი ტრიუკია. ალბათ, შეუძლებელია საწვავი არ გაძვირდეს! მსოფლიო განვითარების ლოგიკა, საწვავის მოხმარება, მიწოდება სწორედ აქეთკენ მიდის. ერთი მონაცემის მიხედვით, მსოფლიოს 50 წლის მარაგი გააჩნია, მეორის მიხედვით 130 წლისა. ჩინეთში მოხმარების გაზრდის შემთხვევაში, ეს მონაცემები კვლავ შეიცვლება.
სექტემბრის პირველ რიცხვებში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 65 დოლარზე დაბლა დაფიქსირდა, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ნიშნულმა კვლავ ზრდა განაგრძო. საარჩევნო კამპანიაში ჩაბმული პოლიტიკოსთა ჯგუფი ქართული კომპანიებისგან საწვავის გაიაფებას ითხოვდა და პროტესტის ნიშნად მძღოლებს დათქმულ დროს სიგნალის მიცემისკენ მოუწოდებდა. ექსპერტები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსთა პროტესტი მხოლოდ ფიარის ნაწილია და შეძახილით ფასის შეცვლა უტოპიაა.
ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვალებადობის გამო ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც იმ ავტოგასამართი სადგურების სია წარადგინა, რომლებსაც საწვავი აზერბაიჯანიდან შემოაქვთ:
შპს “ქეკანი” (აღმაშენებლის ხეივანი)
რეგულარი – 1.30 ლ; დიზელი – 1.32 ლ.
შპს “ავიასაწვავსერვისი” (აღმაშენებლის ხეივანი)
რეგულარი – 1.42ლ; დიზელი – 1.36ლ.
შპს “გიორგი 2004” (აღმაშენებლის ხეივანი)
ნორმალი – 1.35 ლ; დიზელი – 1.35 ლ.
შპს “ნაციონალი” (აღმაშენებლის ხეივანი)
რეგულარი – 1.40 ლ; დიზელი – 1.36 ლ.
შპს “ნიკალა” (აღმაშენებლის ხეივანი)
დიზელი – 1.32 ლ
შპს “მარტვილი” (აღმაშენებლის ხეივანი)
რეგულარი – 1.40 ლ; დიზელი – 1.32 ლ.
შპს “სლავიოლი” (აღმაშენებლის ხეივანი)
ნორმალი – 1.30 ლ; დიზელი – 1.30 ლ.
შპს “ევრაზია” (აღმაშენებლის ხეივანი)
ნორმალი – 1.28 ლ; დიზელი – 1.34 ლ
ი/მ “ლეკიშვილი” (აღმაშენებლის ხეივანი)
რეგულარი – 1.30 ლ; დიზელი – 1.30 ლ.
შპს “მაიკო” (აღმაშენებლის ხეივანი)
ნორმალი – 1.33 ლ; დიზელი – 1.40 ლ.
ი/მ “სტურუა” (აღმაშენებლის ხეივანი)
რეგულარი – 1.32 ლ; დიზელი – 1.33 ლ.
შპს “მაგოილი” (აღმაშენებლის ხეივანი)
რეგულარი – 1.34 ლ; დიზელი – 1.38 ლ.
შპს “ვთ” (მ. სარაჯიშვილთან)
რეგულარი – 1.37 ლ; დიზელი – 1.37 ლ.
შპს “გრანდი” (ვარკეთილი)
რეგულარი – 1.35 ლ; დიზელი – 1.37 ლ.
შპს “ნაკადული” (მოსკოვის პროსპექტი)
ნორმალი – 1.35 ლ; დიზელი – 1.36 ლ.
შპს “გიოილი” (მოსკოვის პროსპექტი)
ნორმალი – 1.35 ლ; დიზელი – 1.33 ლ.
შპს “დაკო” (ქეთევან წამებულის ქუჩა)
ნორმალი – 1.32 ლ; დიზელი – 1.35 ლ.
ფასები არაევროპულ პროდუქტებზე ასევე შემცირებულია იმ ქსელური კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზე, რომლებიც, ევროპული პროდუქტების პარალელურად, ასევე ახდენენ არაევროპული პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას. მაგალითად, კომპანია “ვისოლის ქსელში 1 ლიტრი აზერბაიჯანული დიზელი ღირს 1.35-1.40 თეთრი; ხოლო აზერბაიჯანული ბენზინი 1.45-1.50 თეთრი.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავს, მისი ფასი ყოველთვის 10-15 თეთრით აღემატება აზერბაიჯანულს. აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავის შედარებით დაბალი ფასი გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებით: 1. აზერბაიჯანი ჩვენს ქვეყანას საწვავს დისკაუნტით აძლევს – ფიქსირებულ ღირებულებას მინუს 48$. 2. აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი ხორციელდება მცირე პარტიებით, 60-120 ტონიანი რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებით; ევროპიდან საწვავის იმპორტის ყველაზე მცირე პარტია კი შეადგენს მინიმუმ 2000 ტონას და მისი შემოტანა მხოლოდ გემებით ხორციელდება, რაც დაახლოებით 2 კვირას საჭიროებს. აზერბაიჯანიდან კი ნავთობპროდუქტების იმპორტი გაცილებით მოკლე დროში ხდება. არსებული ინფორმაციით, იმ კომპანიებს, რომლებიც ახდენენ ევროპული ნავთობპროდუქტების იმპორტს, უკვე შესყიდული აქვთ ნავთობპროდუქტები ახალი ფასებით, ზოგიერთი მათგანის გემი ამჟამად იცლება ფოთის ნავსადგურში და ისინი ამ კვირაში აპირებენ ფასების დაწევას ევროპული წარმოშობის ნავთობპროდუქტებზე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოს თვეში, ანუ ნავთობპროდუქტებზე ძალიან მაღალი ფასების პერიოდში, იმპორტირებული ბენზინის რაოდენობა იყო 40374,6 ტონა, მაშინ, როდესაც წინა თვეებში ის გაცილებით ნაკლებს შეადგენდა:
ბუნებრივია, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საჭირო იყო გარკვეული პერიოდი, სანამ მოხდებოდა მაღალ ფასებში შესყიდული და დაგროვილი მარაგების გაწოვა ნავთობპროდუქტების ბაზრიდან და, შესაბამისად, ახალი, შედარებით იაფი საწვავის ბაზარზე შემოსვლა.
ქართველი იმპორტიორები ახსნა-განმარტებებს იძლევიან, მაგრამ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს OPEჩ-ი, რატომ არის შეუძლებელი ევროპული საწვავის გაიაფება, რა სირთულეებს უკავშირდება მისი საქართველოში შემოტანა და რატომ გახდა საწვავი წმინდა პოლიტიკური პროდუქტი? მსოფლიო ექსპერტები საწვავის მოსალოდნელ ფასზე პროგნოზებს აკეთებენ, მაგრამ აზიის ახალი ბაზრების, კერძოდ, ჩინეთისა და ინდოეთის, გააქტიურება ყველანაირ გათვლას თავდაყირა აყენებს. ჩინეთის საწვავის მოხმარება დღეში 6 მლნ. ბარელია და ის ყოველთვიურად 15-16%-ით იზრდება, ხოლო აგვისტოს თვეში ამ მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც ნავთობის გაიაფების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს JSC Wissol Petroleum Georgia-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე.
– თქვენი მოსაზრებით, საქართველოში რა რაოდენობის ბენზინი მოიხმარება და რას ეფუძნება თქვენი გათვლები?
– საბაჟოს მონაცემების თანახმად, 2006 წლის პირველ ნახევარში შემოტანილია 152 000 ტონა, 2003 წელს კი 112 000 ტონა იყო. რაც შეეხება დიზელს, 2003 წლის პირველ ნახევარში შემოტანილი იყო 38 000 ტონა, 2006 წელს კი 151 000 ტონა. პრინციპში, ეს კომპანიაში მომხდარ ცვლილებებს შეესაბამება. ჩვენ დიზელს თითქმის ვერ ვყიდდით. აგვისტოს თვეში თითქმის 10 000 ტონა დიზელი გავყიდეთ.
– არსებობს ორი მოსაზრება: ერთნი აცხადებენ, რომ საქართველოში ბენზინის მოხმარება 600-700 000 ტონაა, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ საქართველოში 400 000 ტონამდე ბენზინი მოიხმარება. რაც შეეხება დიზელს, მისი მოხმარება 300 000 ტონაა და მესამე ნაწილია გაზზე გადასული მანქანები. გათვლების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 600 000 მანქანა, აქედან დიზელზე 200 000. პროცენტულად მანქანების 60% ბენზინზეა, 20% გაზზე და 20% დიზელზე. რას ეყრდნობა თქვენი გათვლები?
– რაც შეეხება სტატისტიკას, 2003 და წინა წლებთან შედარებით, წელიწადნახევრის წინ საქართველოში მოხდა ამ ბიზნესის ლეგალიზაცია. ეს საბიუჯეტო შემოსავლებზეც აისახა და, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს აისახა გაყიდვაშიც. ჩვენი რეალიზაცია დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. შარშან ქვეყნის ბიუჯეტში 37 მლნ. ლარი გადავიხადეთ, წელს კი, პირველი რვა თვის შედეგებიდან გამომდინარე, დაახლოებით 50-55 მლნ. ლარის გადახდა მოგვიწევს. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრს, ბენზინისა და დიზელის იმპორტის შესახებ, ვაცხადებთ, რომ ბენზინზე კონტრაბანდა თითქმის აღარ არის, თუმცა შესაძლებელია, აზერბაიჯანიდან მცირე რაოდენობით კიდევ შემოდის აღურიცხავი ბენზინი. ჩვენი ინფორმაციით, არსებული მოხმარება საბაჟოზე დაფიქსირებულ ციფრებს უტოლდება. შეიძლება ეს ციფრი გადასამოწმებელი იყოს, თუმცა 2006 წლის პირველ ექვს თვეში 152 000 ტონა ბენზინი და 151 000 ტონა დიზელია რეალიზებული. სხვა ასოციაციის მონაცემებითაც იგივე ციფრებს ვიღებთ. დიზელზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რეალიზაცია კი არ გავზარდეთ, არამედ ნულიდან დავიწყეთ და თვეში 10 000 ტონამდე ავედით, კონტრაბანდა მოისპო და მდგომარეობა ძლიერ გაუმჯობესდა.
– დღეს ბენზინის კონტრაბანდის რამდენი პროცენტია?
– შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არის.
– დიზელში?
– ხელისუფლება აცხადებს, რომ დიზელში კონტრაბანდა არ არის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება ცოტა რაოდენობით მაინც იყოს. პატარა მანქანებით შემოტანილი კონტრაბანდა ძალიან მცირე რაოდენობისაა და შეიძლება 1% ვერ შეადგინოს. რაც შეეხება გაზის სექტორს, ბუნებრივია, ბოლო ორი წლის მანძილზე, უფრო მეტად კი ქარიშხალ კატრინას შემდეგ, შესაბამისი კომპანიები გააქტიურდნენ. ამის შესახებ ჩვენ კვლევაც გავაკეთეთ, რადგან სხვა ქვეყნებში არსებული ვითარება გვაინტერესებდა. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ავტომანქანების დაახლოებით 8-10% გაზზეა გადასული, ყველაზე მეტად მას ტაქსისტები იყენებენ, ასევე, ის დიდი მანქანები, რომლებიც ადრე ბენზინზე მუშაობდნენ. შედარებითი მაგალითისთვის კი გაზის ყველაზე დიდი ბაზარი – არგენტინა და ბრაზილია შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ იქ ყოველი მეხუთე მანქანა გაზზეა, ანუ 20% ამ საწვავს მიმართავს. ამხელა მაჩვენებელი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ფიქსირდება. თურქეთს 72 მლნ. მაცხოვრებელი ჰყავს, იქ ყველა ტაქსი თხევად გაზე მუშაობს, ისინი აქტიურად აშენებენ გაზის სადგურებს. იტალიასა და ჩინეთშიც დაიწყეს ბუნებრივი აირის კომპრესორების გაკეთება. ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ არის, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ შეიძლება უმრავლესობამ გაზზე გადასვლა არჩიოს. პროცენტულად ამის დასახელება სიძნელეებს უკავშირდება, რადგან ოფიციალურად მოვითხოვე მონაცემები, თუ რამდენი მანქანაა დღეს საქართველოში, მაგრამ ზუსტი ციფრი ვერ მოვიპოვე. იმის გათვალისწინებით, რაც სხვა ქვეყნებში ხდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნავთობის ფასები ძირეულად არ შეიცვლება.
– დაახლოებით რა იქნება საწვავის ფასი?
– სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საწვავის საშუალო ფასი ბარელზე 75 დოლარი იქნება. ევროპის ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდი აცხადებს, რომ ფასი 65 დოლარი იქნება, რუსეთი ამტკიცებს, რომ ერთი ბარელის ფასი 50დოლარამდე ჩამოვა, მაგრამ სექტემბრის შუა რიცხვებში კვლავ ნავთობის გაძვირება დაფიქსირდა. ასე რომ, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე მაინც, ჩემი აზრით, შეუძლებელია და ეს მეტადრე პილიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებილი. ისე, ალბათ, 75-80 დოლარის ირგვლევ იტრიალებს, ხოლო ბენზინისა – ტონაზე 760-800 დოლარის ირგვლივ.
– მოდით, საკითხი ასე დავსვათ, რატომ უნდა შემცირდეს მსოფლიოში ბენზინზე ფასი? მონაცემების მიხედვით, 83 მლნ. ბარელია დღიურად ნავთობის მოპოვება, 2010 წლისთვის კი 92 მლნ. ბარელია ნავარაუდევი. საინტერესო პროგნოზებია, მაგრამ ჩინეთმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა.
– პრინციპში, თუ გავყვებით ბოლო 7-8 თვის საბაზრო მექანიზმებს, მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობას, ვაცხადებ, რომ დღეს OPEჩ-ი მოიპოვებს დღეში 28 მლნ. ბარელს, რაც საწერტო მოპოვების დაახლოებით 30%-ია, და მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსებულია, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს თვეს, როდესაც პიკური მოხმარების პერიოდია, თუ ამ პერიოდს გვერდს ავუვლით, იყო თვეები, როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე ნაკლები იყო. ჩვენი ინფორმაციით ჩინეთში მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს და იქ სულ 30 მლნ. მანქანაა. თუ საქართველოში მოსახლეობის 20%-ს მანქანა ჰყავს, ხოლო ჩინეთში კი -1%-ზე ნაკლებს, და ჩინეთის ეკონომიკა წლების მანძილზე 10%-ით გაიზრდება, ცხადია, რომ ორ-სამ წელიწადში იქ 100 მლნ. მანქანა იქნება. იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთზეც. მარტო ეს ფაქტორი საკმარისია, ვივარაუდოთ, რომ ნავთობზე ფასი კი არ დაეცემა, არამედ პირიქით, გაიზრდება. სამწუხაროდ, ნავთობი წმინდა პოლიტიკური პროდუქტი გახდა, ამიტომ მხოლოდ პროგნოზებს ვერ დავეყრდნობით. რაც ამ სფეროში მსოფლიოში ხდება, ხშირად ახსნას ნამდვილად არ ექვემდებარება.
– ჩამოაყალიბეთ ფასების ანატომია, როგორ ვითარდება საქართველოში, რამდენი პროცენტი რჩება მწარმოებელს, რამდენი მომპოვებელს და ა.შ. როგორ ფიქსირდება ბენზინის ფასი მსოფლიოში და რა გავლენას ახდენს ის ჩვენზე?
– საქართველო ნავთობპროდუქტების მომხმარებელი ქვეყანაა და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ჩვენი კომპანიის ჩათვლით, ყველა ამ სფეროს ბიზნესმენი მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასზე. აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება ლოგისტიკურ ჯაჭვზე – გემის პოვნა, პროდუქციის შესყიდვა, დატვირთვა, მისი ტრანსპორტირება ფოთამდე, საქართველოს ნავსადგურებში დაცლა, დაცლილი და განბაჟებული პროდუქტის ტრანსპორტირება თბილისამდე და თბილისიდან მისი ავტოგასამართ სადგურებზე განაწილება – ეს ყველაფერი დაახლოებით ორ კვირას მოიცავს, თან ეს იმ კომპანიებს ეხება, რომლებსაც ბიზნესი აწყობილი აქვთ. მცირე კომპანიები უფრო დიდხანს უნდებიან.
– საერთოდ, ფასის ინდიკატორზე მინდა ვთქვა, რომ ჩრდილოეთ ზღვაში არსებობს “ბრენტის ტიპის ნავთობი და მასზეა ორიენტებული ნებისმიერი შესყიდვა, ნავთობკომპანიისა თუ სხვა მომხმარებლის მიერ. ბირჟაზე ამ ნავთობზე ფასი ლონდონის დროით 17:30 ისაზღვრება, ეს არის ნედლი ნავთობი “ბრენტი”, რომელიც ყველაზე მაღალხარისხიანია ჩრდილოეთ ზღვაში. იგი ძირითადი ინდიკატორია და მას ეფუძნება ნავთობპროდუქტების ფასები. ანუ, “ბრენტის” ფასი ცნობილი ხდება და შემდეგ ყალიბდება ფასი სხვა ნავთობის პროდუქტებზე, საღამოსკენ ისაზღვრება ფასი “პლაცის” მიერ. “პლაცი” არის ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც დღის მანძილზე ინფორმაციებს აგროვებს გარიგებებზე, შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აკეთებს ანალიზს და ადგენს ბენზინის ფასს, ანუ გარიგებების დადებისას 99% შემთხვევაში დაფიქსირებულია კონკრეტული ფასი. დადგენილი კოტირების შემდეგ, ჩვენ ვეყრდნობით ე.წ ხმელთაშუა ზღვის, იტალიის “პლაცს”, მეორე დილით ვიგებთ, თუ რა ფასი დადგინდა ბენზინზე ან დიზელზე და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ ბენზინის დიდი მარაგია დაგროვილი, ბუნებრივია, საწვავს ვეღარ ვიყიდით, თუ მარაგი მცირეა და იმპორტი უნდა განვახორციელოთ, გვაქვს ორი გზა: მეზობელი ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან, შემოვიტანოთ არაევროპული პროდუქტი, რასაც 3-4 დღე დასჭირდება, ყოველივე ეს კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ორ კვირას მოიცავს. საქართველოში მოღვაწე ნებისმიერ კომპანიას მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეუძლია, დაფიქსირებული “პლაცის” შემთხვევაში, მოახდინოს გემის დაქირავება თუ ევროპიდან მოაქვს, ან თუ აზერბაიჯანიდან შემოაქვს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ვაგონ-ცისტერნებში ჩაასხმევინოს პროდუქტი, გადაიხადოს ფული და შემოიტანოს საქართველოში. ჩვენ სხვა ქმედების უნარი და ფასებზე ზემოქმედების ბერკეტი არ გვაქვს. თუ ბირჟაზე ფასი ყოველდღე იცვლება, გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია თვეში ორჯერ შევცვალოთ და დავადგინოთ ევროპულ ბენზინზე ფასი.
– სექტემბერში როგორ შეიცვალა ბენზინის ფასი?
– აგვისტოში შევიძინეთ 5 000 ტონა საწვავი. მაშინ ტონა დაახლოებით 800 დოლარი ღირდა, რომლის რეალიზაციაც ხდება სექტემბრის განმავლობაში, რაც შეეხება ახალ პარტიას, მის ფასს გავიგებთ ტანკერის დატვირთვისა და მასში საწვავის ჩასხმის მომენტში. ეს არის საერთო სქემა მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც.
– ვთქვათ, ასაღები ფასი ტონა საწვავზე 800 დოლარია, რა ღირს საქართველოში მანქანის ავზში ჩასხმული საწვავი?
– როდესაც ერთი ტონა 800 დოლარი ღირდა, ჩვენ დაგვიჯდა 1.53 ლარი. იმის გამო, რომ საქართველოში საწვავის ფასს მეტად ვეღარ ავწევდით, იძულებულნი ვიყავით, თითქმის მოგების გარეშე გვემუშავა.
– ჩვენ შემთხვევაში, მსოფლიოსგან განსხვავებით, სერიოზული გადასახადია? – ერთ ტონა ბენზინზე რამდენია გადასახადი?
– 200-300 დოლარის ფარგლებში, თან დამოკიდებულია, რა ღირს ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე. აქციზი ღირს 250 ლარი, დამატებით 18%.
– ეს რამდენი პროცენტია ჩასხმული ბენზინის ფასში?
– თუ ბენზინი 800 დოლარი ღირს, მაშინ დაახლოებით 35-38%-მდეა, მაგრამ დიზელზე ნაკლებია.
– თქვენი აზრით, რა მექანიზმი აქვს საქართველოს, რომ ნავთობი კატასტროფულად არ გაძვირდეს?
– 1972 წელს ერთი ბარელი ნავთობი 2 დოლარი ღირდა, დღეს კი 70-80 დოლარი ღირს. ამერიკასა და სხვა ქვეყნებში მოხდა დივერსიფიკაცია, ქვანახშირი ჩაენაცვლა დიზელს. ამერიკის სამომხმარებლო კალათაში ბენზინის წილი 2-3-ჯერ შემცირებულია. რაც შეეხება საქართველოს მდგომარეობას, ბუნებრივია, რომ შეძახილით ფასის დაწევა ან აწევა არ მოხდება. ამას მხოლოდ საბაზრო მექანიზმი არეგულირებს. საქართველოს არ ძალუძს, რაიმე ზემოქმედება მოახდინოს საწვავის ფასზე, უფრო მეტიც, ჩვენ ორი თვის წინ, როდესაც ბენზინზე ძალიან მაღალი ფასი იყო, იმისთვის რომ შეგვენარჩუნებინა მარჟა, მაშინ ბენზინის ფასი 2 ლარზე მაღალი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ცხადია, რომ ფასს 2 ლარზე მაღლა ვერ ავწევდით. ესეც მოთხოვნა-მიწოდებით აიხსნება, მოთხოვნა იმდენად შემცირდებოდა, რომ ჩვენს მუშაობას აზრი არ ექნებოდა. დღეს მოსკოვში ერთი ლიტრი საწვავი 20 მანეთი ღირს, მოსკოვი ნავთობპროდუქტებში მეორე მწარმოებელია, ბუნებრივ აირში კი გაზპრომი მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიაა. როცა რუს მწარმოებელს შეუძლია, საზღვარზე მიიტანოს და გაყიდოს პროდუქტი გარკვეულ ფასად, ბაზარზე კი ამ პროდუქტზე სერიოზული მოთხოვნაა, რაც უნდა სთხოვო მას, პროდუქტი შიდა ბაზარზე გაყიდოს, თუ მას რესტრუქციული ზომებით არ შეზღუდავენ, რუსი მწარმოებელი ყველა ვარიანტში უცხოეთში გაყიდის თავის პროდუქტს. ამიტომ, თვით იმ ქვეყნებში, სადაც ხდება პროდუქციის წარმოება და გადამუშავება, ნავთობზე მაღალი ფასია. ამერიკა მსოფლიოში მეხუთე მწარმოებელია, მაგრამ იქ ნავთობის მაღალი ფასი ფიქსირდება. არსებობს საერთაშორისო ფასი და მწარმოებელი. გადამამუშავებელი თუ ამ პროდუქტის საბოლოო გამყიდველი დაფიქსირებული ფასის გარდა პროდუქტს ვერც შიდა ბაზარზე გაყიდის და ვერც გარეთ. მაგრამ ირანში ეს სფერო მთლიანად სუბსიდირებულია და იქ დაბალი ფასია, თურქმენეთშიც იგივეა, ყაზახეთში კი მაღალი ფასებია, ანუ ის საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სიტუაციას შეესაბამება, ყაზახეთს ბევრი ნავთობი აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფასები საერთაშორისო ბაზართან არის გატოლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში საბაზრო მექანიზმები არ მუშაობენ. კონკრეტულ კომპანიას ვერ ეტყვი, რომ ფასი უნდა დაწიოს.
– ვთქვათ, ზოგიერთმა კომპანიამ ფასი დაწია, რა მოხდება მაშინ?
– შეიძლება ორ-სამ დღეში იგივე ნიშნულს დავუბრუნდეთ, რაც ორი კვირის ან ერთი თვის წინ იყო. მაშინ ფასი კვლავ აიწევა.
– რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ოდნავ მაინც, სახელმწიფოებრივად დაიცვას ბაზრის ზრდა?
– ნამდვილად არ ვარ გადასახადების შემცირების მომხრე. საერთო გადასახადებში გადასახადების წილი ცოტაა. ვთქვათ, ბენზინზე გადასახადი 300 დოლარია და პროდუქტი დღეს 700 დოლარი ღირს. ხვალ შეიძლება მისი ფასი 1000 დოლარამდე გაიზარდოს, ამიტომ გადასახადის მოხსნით შედეგს ვერ მივიღებთ. დიზელზე უფრო მარტივი სიტუაციაა, 150 დოლარამდე გამოდის გადასახადი, რაც დიდი თანხა ნამდვილად არ არის.
– საქართველოს თუ აქვს რაიმე შანსი, ფასზე იმოქმედოს?
– ფასებზე ზემოქმედების საშუალება არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ეს აშშ-ისა და ევროგაერთიანების ქვეყნებს ეხებათ, ისინი ერთობლივი ძალებითაც ვერ მოახერხებენ ფასების დინამიკის შეცვლას. მაგრამ, თუ გლობალურად ვიტყვით, პოლიტიკური პრემია ნავთობის ფასში ძალიან დიდია, დაახლოებით 20 დოლარი. თუ ირანს მოეშვებიან და აღმოსავლეთში სიტუაცია დაწყნარდება, ბუნებრივია, ეს ფასის შემცირებაზე იმოქმედებს, ხოლო საქართველოში ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. საქართველომ უნდა განავითაროს ეკონომიკა, ხელი შეუწყოს ძლიერი კომპანიების არსებობას ამ და სხვა სექტორებშიც, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ჩვენს კომპანიაში 500 ადამიანი გვყავს დასაქმებული.
– გადასახადების წნეხს როგორ გრძნობთ?
– ჩვენთან არ არის მაღალი გადასახადები. მარტივად თუ ვიტყვით, ყველაზე საინტერესოა აქციზი, ალბათ, უფრო ამაზე უნდა იფიქრონ. ჩვენი კომპანია ანგარიშსწორებითაც და ბუღალტრული აღრიცხვითაც დასავლური ტიპის ბიზნესმოდელს ეფუძნება. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ ამოცანას, გვინდა, ქართული ეკონომიკისა და ამ სექტორის ერთ-ერთი ფლაგმანი ვიყოთ. ჩვენ ღირსეულად ვუწევთ კონკურენციას ისეთ კომპანიას, როგორიცაა “ლუკოილი”. დღეს ჩვენ მასზე დიდი კომპანია ვართ საქართველოში, თუმცა ეს მთავარი არ არის. მთავარია, მომხმარებელს სერვისის მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ და ფართო ქსელი გვქონდეს.
– ინვესტორი Wissol-ი რაში გეხმარებათ?
-დაფინანსებაში, ხარისხისა და მენეჯმენტის სრულყოფაში, ფინანსურად და ბანკებთან ურთიერთობაში. ეს ჩვენს პროდუქტს იაფსა და ხარისხიანს ხდის. ჩვენ ძირითადად ევროპული სტანდარტების პროდუქციის რეალიზაციას ვახდენთ.
– რამდენი ავტოგასამართი სადგური გაქვთ საქართველოში?
– ახლა 40 ავტოგასამართი სადგური გვაქვს და 65-ზე მეტი ლიცენზია. მშენებლობის პროცესი ვითარდება.
– გაჯერებულია თუ არა საქართველოს ბაზარი ავტოგასამართი სადგურებით?
– დიახ. თუმცა არის რეგიონები, სადაც არ არიან დიდი კომპანიები და, აქედან გამომდინარე, ხარისხი და მომსახურების დონეც სათანადო არ არის. ჩვენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს ვაშენებთ ახალქალაქში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან რენტაბელურია, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა არის მთავარი. საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე პირდაპირპროპორციულ კავშირშია ჩვენი კომპანიის საქმიანობასთან და პირიქით, ჩვენისთანა კომპანიების სიძლიერე განაპირობებს ეკონომიკის სიძლიერეს. საქართველოს სიძლიერის წინაპირობა უნდა გახდეს საქართველოს ყველა რეგიონში ჩადებული ინვესტიციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქსელს ვაფართოებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალქალაქში პირველ ეტაპზე მოგება არ გვექნება, ან ძალიან მცირე იქნება, მაგრამ დადგება დრო, როდესაც საქართველოს ყველა რეგიონი ისევე ამოქმედდება, როგორც თბილისი. მინდა დავამატო, რომ სხვა რეგიონებში, სადაც შევედით, ძალიან კარგად და წარმატებულად ვმუშაობთ.
დასკვნის მაგივარად გვინდა, მკითხველს ვაუწყოთ, რომ არსებული სიტუაციის ანალიზი ამ სფეროში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ცხადყოფს, რომ ბენზინზე ფასი 2006-2007 წლებში საქართველოში იქნება აზეირბაიჯანულ რეგულარზე 135-150 თეთრი ლიტრზე, ევროპულზე – 180-210 თეთრი და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საყვირები ამას არ უშველიან.