ბურჯანაძე-დემოკრატების ეკონომიკური განახლების საიდუმლოებები
სოფიკო სიჭინავა
დღეს, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ქვეყნაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ აინტერესებს ქვეყნის ეკონომიკაზე რაიმე რეალისტური თქვას, ბლოკმა ბურჯანაძე-დემოკრატებმა გამოაქვეყნა პრინციპების კრებულის პროექტი, რომელსაც ჯერჯერობით პროგრამას ვერ დავარქმევთ. ეს არის ერთგვარი სტრატეგია, ხედვა, ანუ ის, რაზეც პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა. ამ საკითხებზე გვესაუბრება ბურჯანაძე-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ლადო პაპავა:
ბატონო ლადო, რაში მდგომარეობს ამ პრინციპების ძირითადი მიმართულებები და მისი დედააზრი?
თავიდან ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე დამიკავშირდა. მან იცოდა ჩემი გამოსვლები, პუბლიკაციები, მისთვის ეს, ალბათ, თავსებადი იყო. ჩემთვისაც ქალბატონ ნინოსთან მისვლა თავსებადი იყო, რადგან იგი პარლამენტის თავნჯდომარეა, იგი ხშირად გამოდის, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ტრიბუნიდან. აქედან გამომდინარე, ჩემთვისაც მისაღები იყო მის გვერდით დგომა. ჩამოვყალიბდით გარკვეულ პრინციპებზე და შემდეგ დაისვა საკითხი, რომ მომზადებულიყო პროგრამული დოკუმენტი. მე შეგნებულად ავუარე გვერდი პროგრამის დაწერას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს პროგრამების წერის დეფიციტი არ გაგვაჩნია. მთავარია, წინასაარჩევნო პროდუქტი, რასაც შევთავაზებთ ამომრჩეველს, რეალისტური იყოს. ამიტომ დოკუმენტს, რომელიც დავწერეთ, დავარქვით სტრატეგიული. ანუ, ეს არის ბურჯანაძე-დემოკრატების სტრატეგიული ხედვა. ე.ი. თუ ისინი იქნებიან პარლამენტში, მოვლენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში (რაც ნაკლებსავარაუდოა (ვ.პ.)), რას გააკეთებენ, უფრო სწორედ კი, რა მიმართულებით გააკეთებენ. დღეს ყველა ამბობს, რომ ამუშავდება ამდენი ერთეული საწარმო ან რაღაცას გააკეთებენ წელიწადნახევარში ან სხვა ვადაში. ჩვენ ამაზე შეგნებულად არ წავედით. ექვსი წელი მინისტრი ვიყავი, ქალბატონი ნინო ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია და მშვენივრად გვესმის, რომ რა რაოდენობითაც უნდა მოვიდეთ პარლამენტში, 118-ხმიან უმრავლესობას ვერ ავიღებთ. აქედან გამომდინარე, ბურჯანაძე-დემოკრატების ზეგავლენა მთავრობაზე ერთმნიშვნელოვნად არ ჩანს. როცა ვაყენებთ საკითხს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მინიტრთა კაბინეტი, ჩვენთვის ეს პრინციპულია, წინადადება რომც გავიდეს, ამის ამოქმედება საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეუძლებელი იქნება, რადგან კონსტიტუციას თავისი მექანიზმები აქვს. რეალისტური რომ იყო, არ უნდა ჩაწერო ისეთი რამე, რასაც ვერ განახორციელებ.
ასე რომ, ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროდუქტად ვაძლევთ არა პროგრამას, არამედ ვეუბნებით, თუ გავიმარჯვებთ, რა მიმართულებით წარვმართავთ მუშაობას. ჩვენი ორიენტირი არის არა მინიმალური ხელფასის პრობლემა, არამედ საშუალო ხელფასი. საშუალო ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ ქვეყანაში დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იყოს. ასევე პენსია. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამას ორ ან სამ წელიწადში შეიძლება მივაღწიოთ. უბრალოდ, ვამბობთ, რომ ამის გამკეთებლები ვართ, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და დროის ფაქტორი დიდად იქნება დამოკიდებული ბურჯანაძე-დემოკრატების პოლიტიკურ რესურსებზე, ანუ რამდენად გვექნება იმის ზეგავლენა, რომ ჩვენი ეს წინადადებები ბოლომდე გავიტანოთ.
თქვენ გჯერათ, რომ ბურჯანაძე-დემოკტარები თქვენთან ერთად შექმნის იმ ჯგუფს, რომელიც შემდეგ ამ პრინციპებს და მიმართულებებს მწყობრ პროგრამად გადააქცევს?
აქამდე არც ერთ პარტიასთან არ მივდიოდი და, პრინციპში, არც ერთი პარტიის წევრი დღესაც არ გახლავართ. მე ქალბატონ ნინოსთან მივედი და მისი პიროვნულად მჯერა, მისი პოზიციის, პიროვნული თვისებების. როცა მან განაცხადა, რომ იგი მზად არის ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, ეს ჩემთვისაც მისაღები გახლდათ. ბურჯანაძე-დემოკრატები დღეს არის ერთიანი გუნდი, წინასაარჩევნო ერთიანი ბლოკი, მაგრამ დემოკრატები არიან დემოკრატები, ტრადიციონალისტები – ტრადიციონალისტები, ბურჯანაძის გუნდი კი, ასევე, ბურჯანაძის გუნდია, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ რაღაც პარტიად გადაიქცეს, ასე რომ, მე ამ შემთხვვევაში, ქალბატონ ნინოსთან ვარ. მჯერა, მას აქვს ის პიროვნული თუ პოლიტიკოსის თვისებები, რითაც იგი დასახული მიზნისთვის ბრძოლას შესძლებს.
ამ ბოლო დროს თქვენ პუბლიცისტიკას მიჰყავით ხელი. რამ განაპირობა, რა ვერ თქვით მეცნიერებაში?
არ ყოფილა შემთხვევა, როცა მეცნიერებაში რამე პრობლემაზე ჩემი შეხედულება არ გამომეთქვას, მაგრამ რასაც მეცნიერებაში ვამბობ, ეს სამეცნიერო აუდიტორიაზეა გათვლილი, მასობრივი მკითხველისთვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ეკონომიკური მომზადება, ეს საინტერესოც არ არის, არათუ ხელმისაწვდომი და გასაგები. ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკურ პოლიტიკაში, მის რეალიზაციაში, მთავრობის, პარლამენტის გადაწვეტილებებში ძალიან ბევრი სიმახინჯე ხდება. საქართველოს მოქალაქემ ყოველთვის არ იცის, რა არის მართებული და არამართებული. მე თვითონ არ მომსვლია თავში დამეწერა ამ სტილის წერილები, მაგრამ წინადადება ერთ-ერთი გაზეთიდან წამოვიდა, რომ თვეში ერთხელ ჩანართისთვის დამეწერა წერილი იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში. დავთანხმდი იმიტომ, რომ მსგავსი წერილების დაწერისას ვერთობი, სამეცნიერო წერილის დაწერისას კი, ვმუშაობ. პუბლიცისტურ წერილში ავტორს მოეთხოვება ხალხისთვის გასაგებ ენაზე თქვას ის, რაც ხდება. გაზეთმა წინადადება მომცა, მაგრამ პირადი ინტერესიც გაჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩემს წერილებში გამოთქმული მოსაზრება ვისაც უნდა ეწყინოს, კარგია თუ მართლა ეწყინება, ვინც უნდა გაიგოს, გაიგოს და ვინც მოსაფერებელია, იმას მოვეფერები.
ბურჯანაძე-დემოკრატების სტრატეგიული ხედვის ათი პრინციპი:
1) კერძო საკუთრების ინსტიტუტის ხელშეუხებლობა და განმტკიცება. ამისთვის აუცილებელია ნებისმიერი ტიპის საფრთხის თავიდან აცილება; მესაკუთრის უფლებისა და თავისუფლების დაცვა, პრივატიზების მექანიზმების განვითარება, სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა.
2) მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია საინვესტიციო კლიმატის გაჯასაღება, მეწარეობისთვის ხელშემწყობი და სტაბილური საკანონმდებლო ბაზრის შექმნა, მეწარმეთა დაცვა მთავრობის უკანონო ქმედებისაგან და კრიმინალური სამყაროსგან. მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზრის გაფართოვება და მეორადი ბაზრის ამოქმედება. მიწის ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება.
3) სახელმწიფო მართველობისა და თვითმმართველობის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა. აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლიბების გატარებით მინიტრთა კაბინეტის ინსტიტუტის შემოღება და მისი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. სახელმწიფო ბიუროკრატიის მასშტაბების არსებითი სემცირება, ქვეყნის ადმინისტრაციული და საფინანსო-ეკონომიკურ მოწყობაში სრულფასოვანი ფედერალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალური ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
4) საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება. საქართველოსათვის აუცილებელია ეკონომიკის განვითარება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. “ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის” სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროგრამების უწყვეტობა, მათთან და დონორ სახელმწოფოებთან მუდმივმოქმედ რეჟიმში თანამშრომლობა “ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის” პროგრამის ფარგლებში.
5) ეკონომიკური უსაფრთხოება. მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის დაბალი დონისა და ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის პირობებში ექსპორტის წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა, სამდონიანი საგადასახდო და საბიუჯეტო სისტემის შექმნა, რეალისტური სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების მიღება და მისი უპირობო შესრულება, საბანკო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ყველა რაიონში მისი ხელმისაწვდომობის მიმართულებით, შიგა და საგარეო ვალის მართვის სრულყოფა.
6) სოციალური უსაფრთხოება. ადამიანის პირველადი, სასიცოცხლო ინდივიდუალური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა, სოციალური თანაარსებობისათვის პირობების შექმნა, საზოგადოების პოლარიზაციისა და სიღარიბის შემცირება, მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობათა გაფართოება, შემოსავლების ზრდა, მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების მიზნობრივი სოციალური დაცული მექანიზმების სრულყოფა, არსებული სახელფასო და საპენსიო დავალიანებების დაფარვის პრიორიტეტულობა, სოციალური დაცვის სადაზღვევო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა.
7) ენერგოუსაფრთხოების სისტემის შექმნა. აუცილებელია ენერგეტიკულ სფეროში დამყარდეს წესრიგი, განხორციელდეს ენერგოდეფიციტის მართვის მექანიზმების სრულყოფა, ენერგოუსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა მისი საფინასო-ეკონომიკური საფუძვლების სრულყოფის გზით.
8) ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარება. კორუფციის მასშტაბების არსებითი შემცირება მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევითა და დემოკრატიული, საბაზრო ინსტიტუტების დამკვიდრების გზითაა შესაძლებელი, მნიშვნელოვანია ხელისუფლების შტოების ეკონომიკური გადაწყვეტილების გამჭვირვალობის, ასევე მათზე საზოგადოებრივი კონტროლის ხარისხის გაზრდა, აუცილებელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობათა გაფართოება.
9) საანგარიშსწორებო დისციპლინის სრულყოფა. აუცილებელია საგადასახდელო კულტურის ამაღლება, მოსახლეობისა და მთავრობის ურთიერთვალდებულებების უპირობო შესრულება, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების პარალელურად უპირობოდ მნიშვნელოვანია ხელშეუხებელთა “ჩრდილოვანი” ინსტიტუტის აღმოფხვრა.
10) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროთა რეფორმირება. ძალზე მნიშვნელოვანია ამ სფეროებში ეკონომიკური საფუძვლების განმტკიცების ხელშეწყობა, ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება.