მსოფლიო ეკონომიკამ 2006 წლის ფინიშზე წაიბორძიკა
ემზარ ჯგერენაია, თსუ-ს პროფესორი
ჩინეთში ბენზინის მოხმარების დროებითი დაცემა საერთაშორისო ბიზნეს-კლიმატის განმსაზღვერლი გახდა. როგორც წესი, ჩინეთი 6 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარდა დღეში, რაც მსოფლიო მოხმარების (86 მილიონი ბარელი) 7 %-ზე მეტია და ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად 15 %-ით იზრდებოდა, ხოლო აგვისტო-სექტემბერში ზრდა 7%-მდე შემცირდა. საერთო ჯამში ამან ნავთობპროდუქტზე მოთხოვნა სერიოზულად შეამცირა.
– ნიგერიის აჯანყებულებს სიცხეების გამო შესვენება ჰქონდათ და აქ, შესაბამისად, სტაბილურობა იყო;
– ერაყის ნავთობი უკვე სერიოზულად წამოვიდა მსოფლიო ბაზარზე;
– ირანის ირგვლივ კრიზისი ჩოქბჯენის პოზაში გადავიდა და გაურკვეველი სიმშიდის მდგომარეობაშია;
– ლიბანში სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანით ახლო აღმოსავლეთში შედარებითმა სიმშვიდემ დაისადგურა;
-ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო მოიხსნა სპეკულაციური აჟიოტაჟი.
ამ ფაქტორებმა ნავთობის ფასი 20%-ით დაწიეს, სექტემბრის მეორე ნახევარში ის 60 დოლარის ფარგლებში ტრიალებდა. ამას შედეგად ნავთობკომპანიების აქციების კოტირების დაცემა მოჰყვა.
ამის გარდა, სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი პროგნოზები გამოაქვეყნა, სადაც 2006 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 5.1%-ით არის ნავარაუდევი, ხოლო 2007 წელს კი 4.9%-ით. ნავარაუდევი ციფრები 0.25%-ით აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის მონაცემებს, თუმცა ფონდი გლობალური ბალანსის დარღვევის შესახებ გაფრთხილებას იძლევა, რაც აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტსა და ჩინეთის უზარმაზარ სავაჭრო მოგებას ეხება. მოხსენება გამოქვეყნდა სინგაპურში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე.
ნავთობით მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდა იგივე დონეზე დარჩება, ასევე გაგრძელდება ევროზონის ეკონომიკის გაუმჯობესების ტენდენციაც – ვარაუდობს სავალუტო ფონდი, თუმცა აღნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკის ზრდა შენელდება, იგივე პროგნოზი ეხება აშშ-საც, სადაც ეკონომიკის ზრდის შემცირებას 3.4%-დან 2.9%-მდე ელიან. აღნიშნული ფაქტორები გლობალური ეკონომიკის ზრდაზეც უარყოფითად აისახება. ყველაზე საშიშად კი სავაჭრო ბალანსის დარღვევა არის მიჩნეული. ჩინეთის სავაჭრო მოგებამ აგვისტოს თვეში 18.8 მლრდ. დოლარს მიაღწია, ხოლო მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკური ქვეყნის – აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 64 მლრდ. დოლარია. მიზეზის ერთადერთი ახსნა ჩინური ვალუტის უსუსურობაა, რაც ჩინურ ექსპორტს ძლიერ აიაფებს და ჩინეთს მომგებიან პოზიციაზე ტოვებს.
წარმოების ინდექსები ეცემა
ამას ადასტურებს აშშ-ის ეკონომიკის დაცემა, იქ ზრდის ტემპმა 2006 წლის მეორე კვარტალში 2.9 % შეადგინა. ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ პირველ კვარტალში 5.6% შეადგინა. დოლარის კურსი ეცემოდა, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ სააღრიცხვო პროცენტი (5.25%) არ აწია და ამ საკითხს ოქტომბრის ბოლომდე (24-25) არ დაუბრუნდება, როდესაც დაგეგმილია შემდეგი შეხვედრა. აშშ-ში ტრადიციულად სავაჭრო ბალანსის დეფიციტი სერიოზულად გაიზარდა, მეორე კვარტლის მონაცემებით, ის 218.4 მლრდ. დოლარია. აშშ-ის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მარტო ივნისში ექსპორტი 188 მლრდ-ის პირობებში 120 მილიარდი იყო. ახალი სახლების მშენებლობა, აგვისტოს მონაცემებით, 6 %-ით დაეცა 1665 ერთეულამდე, ივლისში ეს იყო 1777,2 (აშშ ვაჭრობის სამინისტროს მონაცემები).
საყოფაცხოვრებო ბაზრის დაცემა მხოლოდ საბინაო მშენებლობების ინვესტიციების შემცირებას არ ნიშნავს. საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ბაზრის სისუსტემ შეიძლება სამომხმარებლო დანახარჯების შემცირება გამოიწვიოს, რაც ეკონომიკის დასუსტების საწინდარი იქნება. “ჯაჭვი შეიძლება შემდეგნაირად წარიმართოს: ბინებზე მოთხოვნის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს მათი ფასის დაცემა, რასაც ბინათმფლობელების ფინანსური თვითდაკმაყოფილების დონის დაცემა მოჰყვება, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკის მოსახლეობის მთავარ ნაწილს, ასევე, საბინაო კრედიტების შემცირება.
ახლო წარსულში ბინებზე ფასების მატება და დაბალი საპროცენტო განაკვეთები ძალიან მიმზიდველს ხდიდნენ კრედიტის მიღებას საცხოვრებელი ბინის გარანტიით, რომელიც უკვე გამოსყიდული ჰქონდა მეპატრონეს და ითვლებოდა მის საკუთრებად. ხოლო ფასების დაცემამ და საპროცენტო განაკვეთის მატებამ ეს პროცესი შეანელა. თუ მოხდება ბინებზე ფასების მნიშვნელოვანი დაცემა, ბინათმფლობელებს სურვილი არ ექნებათ თავიანთი ბინების ჩადების გზით კრედიტების აღებისა. გარდა ამისა, დიდი საშიშროებაა იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან დაკავშირებით. ეს ზრდა ნიშნავს ყოველთვიური საპროცენტო გადასახადის მომატებას, რომლის გადახდა შეიძლება ვერც შეძლონ.
პარადოქსია, მაგრამ პარასკევს, 22 სექტემბერს, სააქციო ბაზრის არასასურველი შედეგების ფონზე, მაღალი შედეგები გამოავლინა სამშენებლო სექტორმა. ამ სფეროს ინდექსი ამ დღის განმავლობაში გაიზარდა 1.93 %-ით. ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბინათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მისი შემოსავლები ბოლო III საფინანსო კვარტალში, რომელიც 31 აგვისტოს დასრულდა, გაიზარდა 5,5%-ით, გასული წლის ამავე კვარტალთან შედარებით, 2,67 მილიარდ დოლარამდე. ამასთან, გაყიდული სახლების რაოდენობა, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, ნაკლები იყო. მიღებული შეკვეთების რაოდენობა, აგრეთვე გასული წლის იმავე კვარტალთნ შედარებით, იყო 53%-ით ნაკლები. “გაძლიერებლი კონკურენცია ბინათმშენებელ კომპანიებს შორის და დისბალანსმა – წინადადებებს, მოთხოვნებსა და ბაზარზე ხელმისაწვდომობაზე, უარყოფითად იმოქმედა გაყიდული ბინების რაოდენობაზე, შემოსავლებზე, ფასებსა და შეკვეთებზე – განაცხადა თავის კომენტარში ამ კომპანიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ის ახლო მომავალში ბაზარზე პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას არ ელის. მიუხედავად ამისა, ამ სამშენებლო კომპანიის აქციები პარასკევს გაიზარდა 1,20 დოლარით, – 44,25 დოლარამდე, ანუ 2,79%-ით. ამასთან ერთად გაიზარდა სხვა სამშენებლო კომპანიების აქციების ფასებიც.
სამუშაო ადგილების პროგნოზიც არ გამართლდა. ადრე გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები, საყოფაცხოვრებო ბაზრის გამოკლებით, იძლეოდა სასურველი სცენარის მოლოდინის საშუალებას. ივლისის თვის სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელი იყო +121 ათასი და აგვისტოში +128 ათასი, ეს, რა თქმა უნდა, მოკრძალებული მაჩვენებელია “ძლიერი ეკონომიკური ზრდის ტემპებთან შედარებით, მაგრამ ცუდი მაჩვენებელი არ იყო ჩვეულებრივი ზრდის პირობებში”. აგვისტოს თვეში უმუშევრობის დაბალი დონე დაფიქსირდა – (4,7 %).
ინფლაციის მაჩვენებელმა აგვისტოში 0.2%-ით მოიმატა, ხოლო ენერგომატარებლებისა და მოხმარების ფასების ჩათვლით 0.4% -ით.. დაეცა საფონდო ინდექსები 0.2%-ით.
როგორც წესი, ოქტომბერში ელოდებიან წამყვანი ფირმების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნებას, ამიტომ ტრეიდერები არ ჩქარობენ აშშ-ის ფირმებში ინვესტირებას. ამის გარდა, ბევრ მათგანს გამოკვეთილი კრიზისი აქვს, მაგალითად დელის, მაღალტექნოლოგიური ბირჟის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც პრობლემები ჰქონდა ნოუთბუკებთან დაკავშირებით და ამიტომ დროზე არ წარადგინა ბირჟაზე ფინანსური მონაცემები, რის გამოც დაემუქრნენ კოტირებიდან მოხსნით.
22 სექტემბრის, პარასკევის ვაჭრობაზე, აშშ -ის საფონდო ბაზარმა ბოლო დროს დაწყებული ფასდაკლება გააგრძელა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ნეგატიური მონაცემები ფილადელფიაში წარმოების აქტიურობის შესახებ. დღის მონაცემებით “ცისფერი კოჭების” ინდექსმა დაიწია 25,13 პუნქტით 11508,10-მდე ან 0,25 %-ით. “Nasdaq Composite ინდექსი, რომელშიც დომინირებდა ტექნოლოგიური კომპანიები, დაეცა 18.82 პუნქტით 2218.93, ანუ 0.84%-ით.
ფილადელფიის სექტემბრის მონაცემებმა, რომლებიც გამოქვეყნდა ხუთშაბათს, საფონდო ბაზრისათვის წარმოადგინა უსიამოვნო მოულოდნელობა. მათ გამოქვეყნებამდე ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ სექტემბერში ფილადელფიაში და მის რეგიონში წარმოების ინდექსი იქნებოდა 15,0, აგვისტოს მონაცემის – 18.5-თან შედარებით, მაგრამ სინამდვილეში ინდექსი სექტემბრის თვეში დაეცა 0.4-მდე. ინდექსის ყველა მაჩვენებელი ნულს ზევით მიუთითებს წარმოების აქტიურობის ზრდაზე, ხოლო მაჩვენებელი ნულს ქვემოთ – მის შემცირებაზე. ამგვარად, ეკონომისტების პროგნოზით, სექტემბერში წარმოების აქტიურობა რეგიონში მკვეთრად არ შემცირებულა, აგვისტოს თვესთან შედარებით. რეალობაში მიღებულმა მაჩვენებელმა მიუთითა სწორედ ამ აქტიურობის შემცირებაზე.
მიუხედავად ფილადელფიის რეგიონული მონაცემების ხასიათისა, მათ სააქციო ბაზარზე მძიმე შთაბეჭდილება შექმნეს. ბოლო თვეებში ამერიკული საფონდო ბაზრის მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: სადამდე მიიყვანს ამერიკას ეკონომიკური ზრდის შემცირება?
საცალო გაყიდვები აგვისტოში, გარდა ავტომანქანების გაყიდვებისა, გაიზარდა 0,2 %-ით ივლისის თვესთან შედარებით, ბენზინის გაყიდვის გარდა საცალო გაყიდვები აგვისტოში გაიზარდა 0,4%-ით, მას შემდეგ, რაც ივლისის თვეში მისი ზრდა იყო 4,3 %. წარმოების დონემ ფაბრიკებსა და ქარხნებში აგვისტოს თვეში აჩვენა ნულოვანი ცვლილება ივლისის თვესთან შედარებით, მაგრამ ივლისში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 0,4%-ით(მას შემდეგ, რაც ის ივნისის თვესთან შედარებით 0,9%-ით გაიზარდა). ამგვარად, მთლიანობაში, ბოლო ორი თვის მონაცემები აჩვენებდნენ არა ბრწყინვალე, მაგრამ მაინც მისაღებ სურათს.
აქედან გამომდინარე, ფილადელფიაში სექტემბრის თვეშიც ელოდებოდნენ ინდექსის მსგავს მაჩვენებელს, მაგრამ მიიღეს უარყოფითი მაჩვენებლები. მომენტალურად გაჩნდა მოსაზრებები, რომ სექტემბერში ამერიკულ ეკონომიკაში სიტუაცია გაუარესდა. ეჭვი, როგორც ამ გაუარესების მიზეზისა, საყოფაცხოვრებო ბაზარზე მიიტანეს.
ინვესტორები მიესალმებოდნენ მსოფლიოში უმსხვილეს, სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია “Nike-ის კვარტალურ ანგარიშგებას. მართალია I ფინანსურ კვარტალში, რომელიც დასრულდა 31 აგვისტოს, “Nike-ის წმინდა მოგება შემცირდა 13%-ით, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 377,2 მლნ. დოლარამდე, ანუ 1,47 დოლარამდე აქციებში, მაგრამ მიღებულმა მოგებამ გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს. მოგების შემცირება განაპირობა ოფციონერ თანამშრომელთა აღრიცხვიანობის შემოღებამ, მარკეტინგზე დანახარჯების ზრდამ – ძირითადად ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გამო – და საწვავის ფასისა და შრომის გადასახადის მომატებამ. კომპანიის შემოსავლები გაიზარდა 9%-ით, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 4,2 მილიარდ დოლარამდე. ამასთან ერთად, შემოსავლები აშშ-ში გაიზარდა 6%-ით, ევროპაში – 4%-ით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში – 13%-ით.
აღსანიშნავია, რომ 31 აგვისტოს დასრულებული საფინანსო კვარტლის ანგარიშგებამ სასურველი სურათი აჩვენა. გასული საფინანსო კვარტლის წარმატებულ შედეგებზე განაცხადა აგრეთვე ოთხმა მსხვილმა საინვესტიციო ბანკმა (Goldman Sachs, Lehman Brothers, Morgan Stanley Bear Stearns), აშშ-ში უმსხვილესმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო ვაჭრობის ქსელებმა (Best Buy da Circuit City), აგრეთვე კომპანია fedEx-მა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპრესფოსტისა და გადაზიდვების სამსახურის ოპერატორია.
აშშ-ს ორი ერთგული მოკავშირე პოლიტიკოსი დააკლდება – იაპონიაში კოიძუნი, რომელიც უკვე გადადგა, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკოსი იყო, მიუხედავად მისი უცნაური ვარცხნილობისა. ბოლო პერიოდში იაპონიის ეკონომიკაში ყველა პოზიტივი და რეფორმა მის სახელთანაა დაკავშირებული. ტონი ბლერი კი, რომელმაც უკვე განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებაზე, აშშ-ის პოლიტიკას მომავალ წელს დააკლდება.
ევროპაში ნავთობის ფასების დაცემამ ბოლო თვეს წარმოება და ვაჭრობა გამოაცოცხლა, მაგრამ ენერგეტიკული საკითხი მაინც გადამწყვეტი ხდება. ევროპის ორ უდიდეს კომპანიას თოტალ-სა და Shell-ის რუსეთმა დიდი პრობლემები შეუქმნა.
რუსეთი არა მარტო საქართველოს ეკონომიკას ემუქრება, ის მსოფლიო გიგანტებსაც უქმნის იმპერიულ (რუსულ ვარიანტში) პრობლემებს
ფაქტიურად, სექტემბრის ბოლოს Shell-ის 20 მილიარდიან პროექტს შეუჩერებენ გაზის საბადოზე. ვითომ ეკოლოგიური სიტუაცია არაა გარკვეული, არადა მთელი რუსეთი ეკოლოგიური კატასტროფისა და გაჩანაგების ზონაა. სინამდვილეში, რუსეთს სურს წილი მიიღოს იმ ბიზნესიდან, რომლის 50 % Shell-ის და 59% იაპონიურ კომპანია Mitsui&Mitsubishi-ს ეკუთვნის. ამასთან, პროექტი, რომელიც უნდა ამუშავდეს 2007 წელს და იაპონია-კორეას მიაწოდებს ბუნებრივ აირს, 2008-2009 წლის ყველა კონტრაქტი უკვე გაყიდულია. რუსეთს სურს 30 პროცენტს პლუს ერთი აქცია, ე.წ ბლოკირების პაკეტის მიღება, მას ახლა გაახსენდა, რომ ელცინმა წამგებიანი კონტრაქტი გააფორმა.
იგივე პრობლემა აქვს ტოტალს, წილს ითხოვს რუსეთი, იგივე პაკეტს ინდოეთის კომპანიიდან, ყველგან უნდათ სახელმწიფო კომპანია – პუტინის შვილობილი გაზპრომი შეიყვანონ.
რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიქტატორული ეკონომიკა აქვს და აქ ყველაფერი მოსალოდნელია. ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვიდან ტოტალისა და შელის დაკონსერვებამდე ან წილის წართმევამდე.
ეს საკითხი პუტინის ევროპულ ვოიაჟზე მთავარი თემა იყო.
ჟაკ შირაკი და პუტინი მხოლოდ ტოტალზე ლაპარაკობდნენ და რუსეთი “დაჰპირდა, რომ ზომებს მიიღებდა. იქვე იყო ანჟელა მერკერი, რომელსაც ჩრდილოეთ გაზსადენზე მხარდაჭერა უნდა, რადგანაც ამ პროექტის მიმართ კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან გაისმა. ბუნებრივია, ამ ფონზე ეს ლიდერები და საერთოდ ევროპა, რომელიც ტრადიციულად რუსეთზე ბევრად დამოკიდებულია, გამოკვეთილად არ იცავენ საქართველოს ინტერესებს – რუსეთის აშკარა ანექსიას 21-ე საუკუნეში. საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების კონსტატირება გაეროს სესიაზე დახლოებით ასეთი იყო – ან დაგვეხმარეთ დასავლეთთან ერთად დავარწმუნოთ რუსეთი, თავი გაანებოს აფხაზეთისა და ოსეთის ანექსიას და ეკონომიკურ ბლოკადას, არადა საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას თვითონ დაიცავს. ამ კონცეფციაზე აშშ-ის მხარდაჭერა აშკარა იყო, ევროპისა – მოკრძალებული. საინტერესოა, რა უფრო მნიშვნელოვანია ბებერი ევროპისათვის – დემოკრტიის იდეალებისა და თავისუფლების დაცვა თუ რუსეთის გაზი?
არადა, რუსეთის ეკონომიკა აშკარად დიქტატორული სახელმწიფოა და საკმაოდ მყიფე. საერთაშორისო კვლევითი სააგენტო Fitch-ის მონაცემების მიხედვით, რუსეთი საბანკო კრიზისის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა, ასეთი კი მსოფლიოში სულ ხუთია. საბანკო კრიზისის მიზეზად კრედიტების სწრაფი ტემპით ზრდა სახელდება, კრიზისის მქონე ქვეყნებად კი – აზერბაიჯანი, ირლანდია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილებას რუსი ექსპერტები არ ეთანხმებიან.
Fitch-ის შეფასებით, რისკქვეყანათა ჯგუფს ისინი მიეკუთვნებიან, სადაც სესხების ზრდის ტემპი 15%-ს აჭარბებს, რუსეთში 2006 წლის მაჩვენებელი კი 24%-ს შეადგენს. რაც შეეხება რუსული რუბლის გამყარებას, რომელიც ამ წლის დასაწყისიდან დაიწყო, მას რუსი მოქალაქეებიც კარგად ხედავენ. სააგენტოს ანალიტიკოსები ამ ფაქტორს “საბანკო სისტემაში არსებული წნევის” კიდევ ერთ დამადასტურებლად მიიჩნევენ და დასძენენ, რომ რუსული ბანკები ჯერ კიდევ სუსტები არიან და მთავრობისა და აქციონერების დახმარებას საჭიროებენ. უცხოელი ექსპერტები რუსეთს გაფრთხილებას აძლევენ. მათი პროგნოზების მიხედვით, რუსულ საბანკო სექტორში მწვავე კრიზისი თავს უახლოესი ექვსი თვის მანძილზე იჩენს.
ჟურნალი European Business
დათვის მოთვინიერება
(პეტერბურგში დიდი 8-იანის შეხვედრაზე ევროპასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება კრიტიკულ საკითხად იქცა)
რა სახის გარიგება უნდა არსებობდეს რუსეთთან?
ევროპელი პოლიტიკოსებისათვის ეს საკითხი მეტად მტკივნეულია, რომელმაც თავის პიკს ცივი ომის დროს მიაღწია, როდესაც რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილი, მტრის ბანაკს წარმოადგენდა. დღეს კი ყველაფერი უფრო მუქ ფერებში იხატება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთი ენერგომატარებლით შანტაჟსა და დემოკრატიის პრინციპებისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა, ბუშის ადმინისტრაცია კი პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს ძლიერ ნეგატიურ შეფასებას აძლევს, მაგრამ აშშ-სა და ევროგაერთიანებისთვის ძნელია გაექცნენ რეალობას – ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაძვირებამ რუსულ დათვს გამაღიზიანებელი თავხედობა შეჰმატა. რუსეთის მეზობლები პირველნი იყვნენ, რომლებმაც რუსული ჯოხი საკუთარ თავზე გამოსცადეს. იანვრის თვეში მოლდავეთს, საქართველოსა და უკრაინას – ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკური მმართველობიდან თავის დაღწევას ცდილობენ, ზამთრის ყველაზე ცივ მონაკვეთში გაზპრომმა გაზმომარაგება შეუწყვიტა. მოსკოვს ძლიერ აღიზიანებს თბილისსა და აშშ-ს შორის თბილი ურთიერთობა. საქართველოსა და მოლდავეთს რუსეთში ღვინის ექსპორტი სანიტარული ნორმების დაუცველობის საფუძველზე ეკრძალებათ, საქართველო დიდ და დამატებით ზარალს მინერალურ წყალ “ბორჯომის” ექსპორტის აკრძალვითაც ნახულობს, რომელიც ბრენდს წარმოადგენს და საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტია. რუსეთი იმუქრება, რომ დაბლოკავს აშშ-ის ბუნებრივი აირის პროექტს ბარენცის ზღვაში, თუ აშშ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არ შეუშვებს. დასავლეთს მონოპოლისტი გაზპრომი ძლიერ აღიზიანებს. ლონდონში რუს ბიზნესმენთა ფორუმზე ალექსანდრ მედვედევმა განაცხადა, რომ ძლიერი გაზპრომი მსოფლიოსთვის სასარგებლოა და არ დაუმალავს თავის სურვილი – იხილოს კომპანია მთელს მსოფლიოში. იგი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კომპანიაა და მისი ამჟამინდელი ფასი 250 მლრდ. დოლარია. გაზპრომთან ურთიერთობა დასავლელი პოლიტიკოსებისთვის თავსატეხს წარმოადგენს. ერთის მხრივ, თავისუფალი ბაზარი მათ კარნახობს, რომ ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს და სურვილისამებრ იმოქმედოს, ამ ლოგიკის თანახმად, გაზპრომი უდიდეს ადგილს დაიკავებს ევროპის ლიბერალურ ენერგო-ინდუსტრიაში. მეორეს მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი 50%-ითა და გაზპრომის პლიუს ერთი ხმით, მედვედევი გახდება პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე (რომელსაც პუტინის მემკვიდრედ ასახელებენ), იგი მთელ რიგ სატელევიზიო სადგურებსა და გაზეთებს გააკონტროლებს და ნაკლები შეხება ექნება ენერგომატარებლებთან. გაზპრომს ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს ნორმალური კომპანია, მის მიერ 330 000 დასაქმებულიდან 40% ენერგობიზნესიდან შორს მუშაობს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კომპანიის ფენომენალური ზრდა ბუნებრივი აირის ფასის ზრდითაა გამოწვეული, კომპანიაში კი ბიუროკრატია სუფევს, თუმცა არსებობს სურვილი, რომ მას სხვა კომპანიების მსგავსად მოექცნენ. კომპანია არ დასთანხმდა ევროპული ენერგომატარებლების ჩარტერზე, რის შედეგადაც დასავლურ ენერგოკომპანიებისთვის რუსული ბაზარი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნებოდა.
რუსეთში აცხადებენ, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური რეფორმების ნაკლებობაა. ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების პრობლემები, კორუფცია, მდიდრებსა და ღარიბებს შორის ჩატეხილი ხიდი, თავისუფალი მედიის ნაკლებობა – აი, თანამედროვე რუსეთის სურათი, რომელიც პუტინის მმართველობის ქვეშ კიდევ უფრო გამუქდა. რუსი მოქალაქეები ჩივიან, რომ აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობები გართულებულია, ხოლო რუსეთს კი ევროპისა და მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრაცია ესაჭიროება.
მიუხედავად ცალკეული ქვეყნების – გერმანიისა და ჩეხეთის, ასევე პოლონეთის მშპ-ის ზრდისა, მთლიანობაში ეკონომიკის ზრდის ტემპი ევროზონაში დაეცა, ხოლო გამყარებულმა ევრომ ექსპორტს პრობლემები შეუქმნა. ასევე ეცემა ახალი სამუშაო ადგილების მაჩვენებლი, სულ უფრო მეტი და მეტი საწარმო იხურება და აზიაში გადადის. აზიასთან და განსაკუთრებით ჩინეთთან ჭიდილში ევროპა სერიოზულად აგებს, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობისას ხშირად იყენებს არეკონომიკურ მეთოდებს. ჰელსინკის შეხვედრაზე ევროპასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ჩინეთს ევროკავშირის ბაზარზე იაფი საქონლის ექსპორტი ედება ბრალად. ჩინეთის სურვილი, მოეპოვებინა ევროკავშირის საბაზრო ეკონომიკის სტატუსი, კვლავ სურვილად რჩება. ევროკავშირის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ ჩინეთის დამაბრკოლებელ მიზეზებზე ისაუბრა.
ჩინეთ-ევროკავშირის ორმხრივი ვაჭრობა მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა და 255 მლრდ. დოლარს მიაღწია, მაგრამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაინც დაიძაბა, რადგან ჩინეთს ბრალი დემპინგში ედება. ჩინეთის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სტატუსის მიღება ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.
ჩინეთის სავაჭრო ნამატის მაჩვენებელი ახალ სიმაღლეებს იპყრობს
მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის შედეგად ჩინეთის მოგებამ სარეკორდო მაჩვენებელს 18.8 მლრდ. დოლარს მიაღწია, რაც ყველანაირად აჭარბებს წინა თვეების მოგებასა და ანალიტიკოსთა პროგნოზებს. ოფიციალურად გამოცხადებული ციფრი კიდევ უფრო გაამძაფრებს ჩინური ვალუტის არასწორად შეფასებასთან დაკავშირებულ დებატებს.
ჩინეთის ზოგიერთი პარტნიორი, მათ შორის აშშ, ამტკიცებს, რომ ჩინეთი იუანის დაბალ კურსს ექსპორტის გაზრდის მიზნით ინარჩუნებს. უკანასკნელი მონაცემებით, 2006 წელს ჩინეთის სავაჭრო ნამატი 95.6 მლრდ. დოლარი იქნება. ამერიკელები ენერგიულად მიუთითებენ ჩინეთსა და აშშ-ს შორის დარღვეულ სავაჭრო ბალანსზე და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს სავაჭრო ნამატის მიზეზი იუანია. 2005 წლის ივლისში მისი კურსი დოლართან მიმართებაში 2%-ით გაიზარდა. სინგაპურში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე მოსალოდნელი მთავარი თემა სწორედ ჩინეთის ვალუტა და მისი სავაჭრო მოგება იქნება. სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბანკო სისტემაში ლიკვიდურობის მოსასპობად აუცილებელ ზომებს მიიღებენ და გააუმჯობესებენ ჩინური ვალუტის კურსის ფორმაციის მექანიზმს. გაძლიერებული ეკონომიკისა და ინფლაციის კონტროლის მიზნით, აპრილის შემდეგ ჩინეთმა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ორჯერ გაზარდა.
რაც შეეხება სასაქონლო ბაზარს – ახლო მომავალში ოქროს ფასი უნციაზე 577-595 დოლარის ფარგლებში იტრიალებს, პლატინის – 1100-1190 დოლარი, ხოლო პალადიუმის ფასი კი 300-340 დოლარი იქნება უნციაზე. რაც შეეხება დოლარის კურსს ევროსთან მიმართებაში 1.27-1.33 ფარგლებს არ გაცდება. ნიკელი 35000 აშშ დოლარია ტონაზე, ზრდის ტენდეცია აქვს ხორბალსა და ფოლადს, შაქარსა და ყავას. ასევე, ექსპერტების აზრით, მე-4 კვარტალში ხორცის ფასი მოიმატებს. ყოველივე ამის ფონზე, მიუხედვად იმისა, რომ ბუნებრივ აირზე და ნავთობპროდუქტებზე ფასმა დაიკლო, რომელიც დროებითია, საქართველოში გაჭირდება ინფლაციის მოთვინიერება.
სავალუტო ფონდის განცხადებით, ის წლის ბოლომდე 14% იქნება, თუ საქართველოს მთავრობამ რადიკალურ ზომებს არ მიმართა.