საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო
ნ. ბებიაშვილი
საინვესტიციო გარემო, ესაა ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია მოცემული ქვეყნისათვის და განსაზღვრავს შესაძლებლობებს და სტიმულებს, რათა ფირმებმა გააფართოვონ საქმიანობის მასშტაბები, განახორციელონ ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კონკურენციაში.
საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკი მეწარმეებს ეკისრებათ, მაგრამ სახელმწიფო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე, იცავს რა უფლებებს საკუთრებაზე, ახორციელებს სამართლებრივ რეგულირებას და ბიზნესის დაბეგვრას, ქმნის ფინანსური ბაზრისა და შრომის ბაზრის ფუნქციონირების პირობებს, საბაზრო ინფრასტრუქტურას. სახელმწიფოს როლი აგრეთვე მნიშვნელოვანია ისეთი საერთო პრობლემების გადაწყვეტისას, როგორიცაა კორუფცია, დამნაშავეობა, პოლიტიკური არასტაბილურობა. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება უნდა იყოს ნებისმიერი სახელწმიფოს პრიორიტეტული ამოცანა. “პოლიტიკა და პოლიტიკური ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საინვესტიციო კლიმატის ფორმირებაში”.
მსოფლიო ბანკის კვლევები გვიჩვენებს, რომ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ საინვესტიციო გარემოზე, განეკუთვნებიან: პოლიტიკური განუსაზღვრელობა (28%), მაკროეკონომიკური არასტაბილურობა (23%), გადასახადები (19%), სამართლებრივი რეგულირება (10%), კორუფცია (10%).
საქართველო – ესაა ქვეყანა შემოსავლების საშუალოდ დაბალი დონით. მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, 2005 წელს შეადგენდა დაახლოებით 1681 დოლარს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლებში არსებობს მნიშვნელოვანი არათანაბრობა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2005 წლის 6 დეკემბერს Standard & Poors-მა საქართველოს მიანიჭა გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი “B+” და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი “B”, რეიტინგის ცვლილების პროგნოზი არის “დადებითი”.
რეიტინგის გაზრდა სავსებით შესაძლებელია, თუ მთავრობა გაატარებს აწონილ-დაწონილ პოლიტიკას და წარმატებით გადაწყვეტს რეგიონალურ პოლიტიკურ კონფლიქტებს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია პრივატიზაციის პროცესში მიღწეული გარკვეული წარმატებები, ენერგეტიკული სექტორის ეფექტიანი რესტრუქტურიზაცია და მთავრობის ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო-საბიუჯეტო მაჩვენებლების ან რეფორმების გეგმების მნიშვნელოვანი შეცვლა ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებს საფრთხეს შეუქმნის და რეიტინგებზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
საქართველო დსთ-ს მრავალი ქვეყნისაგან გამოირჩევა თავისი დონით და რეფორმების გატარების საქმეში წარმატებებით, აგრეთვე ბრძოლით კორუფციის წინააღმდეგ. 2005 წელს ორგანიზაციამ Transparency Internationalმსოფლიოს 160 ქვეყანას შორის არაკორუმპირებულობის თვალსაზრისით საქართველოს 130-ე ადგილი მიანიჭა, რაც არც ისე კარგი მაჩვენებელია, მაგრამ დსთ-ს სხვა ქვეყნებში კორუფციის დონე კიდევ უფრო მაღალია, მაგალითად, აზერბაიჯანი და უზბეკეთი 137-ე ადგილზეა, ტაჯიკეთი – 144-ზე, ხოლო თურქმენეთი – 155-ზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მმართველობითი რეჟიმი უფრო ღიაა, ვიდრე აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და შუა აზიის სხვა რესპუბლიკებში.
საქართველოში ჩამოყალიბებულია საბაზრო რეფორმების პროგრამა და რეფორმების ტემპებით წინ უსწრებს ანალოგიური რეიტინგის მქონე მრავალ ქვეყანას.
გამოკვლევების თანახმად, რომელიც ჩაატარეს მსოფლიო ბანკმა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა 2002 და 2005 წლებში, საქართველოში ბიზნესგარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაკროეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება. მაგ. 2002 წელს გადასახადების ადმინისტრირება გამოკითხული ფირმების 84%-მა დაასახელა მთავარ პრობლემად, ხოლო 2005 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 23%-მდე. ასევე შემცირდა გადასახადების განაკვეთებიც. მნიშვნელოვანი წარმატებაა კორუფციის შემცირება. 2002 წელს ბიზნესის წარმოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა კორუფცია – 66%-ის მიერ, ხოლო 2005 წელს – გამოკითხულთა მხოლოდ 39%-ის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (2005 წლის მონაცემებით), უნდა აღინიშნოს, რომ “Doing Business” ინდექსის მიხედვით საქართველოს 155 ქვეყანას შორის მხოლოდ მე-100 ადგილი უკავია. ქვემოთ მოყვანილია რეგიონული ნიშნით შერჩეული ქვეყნების მაჩვენებლები.
აღნიშნავენ, რომ საქართველო ჩამორჩება სოციალური მაჩვენებლებით. მაგ. გაეროს განვითარების პროგრამის მიხედვით გამოთვლილი ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსით 160 ქვეყანას შორის საქართველოს მე-100 ადგილი უკავია, ცოტათი წინ უსწრებს აზერბაიჯანს (101) და ჩამორჩება რუსეთს (62), უკრაინას (78) და ყაზახეთს (80). თუმცა ეს მაჩვენებელი მაღალია, ვიდრე მრავალ ქვეყანაში, მაგ. პაკისტანი (135), გვატემალა (117), სენეგალი (157) და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკის მომავალი განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების დონე. საქართველოში 2005 წელს ინვესტიციებმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 61%, რაც ბევრად უფრო მეტია, რაც “B” კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი (20.8%). თუმცა აუცილებელია, გავითავლისწინოთ, რომ ინვესტიციების ძირითად ნაწილს წარმოადგენდა დაბანდება “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”-ს ნავთობსადენში, რომლის მშენებლობის დამთავრებასთან ერთად, ინვესტიციები შემცირდება. იმისათვის, რომ გაიზარდოს შიდა კერძო ინვესტიციები, რათა შეიქმნას ახალი საწარმოები, ქვეყანაში აუცილებელია გაუმჯობესდეს ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ბაზა და ბიზნესგარემო, დაჩქარდეს ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროცესი და განმტკიცდეს ფინანსური სექტორი. ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა ხელი უნდა შეუწყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე მომსახურების სექტორი.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველომ გააფართოვა თავისი კავშირები ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან, განაახლა დიალოგი დონორ ქვეყნებთან. წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაჩქარდა სახსრების გამოყოფა ახალი პროგრამის “სიღარიბის დაძლევა – ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა” მიზნებისათვის. 2005 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, გააანალიზა რა საქართველოს მიერ მისი ამოცანების შესრულების შედეგები, ამ პროგრამის ფარგლებში გამოუყო 20 მლნ დოლარის ოდენობის ტრანში.
2004 წლიდან მოყოლებული აშშ-მ გაუწია საქართველოს დაახლოებით 1.4 მლრდ. დოლარის ფინანსური დახმარება. გარდა ამისა, 2005 წლის 12 სექტემბერს საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას “Millennium Challenge Corporation”-თან, რომლის მიხედვითაც საქართველო მიიღებს 295 მლნ დოლარს 5 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში აღინიშნება გარკვეული ეკონომიკური ზრდა. “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”-ს ნავთობსადენის და გაზსადენის მშენებლობის წყალობით, მშპ-ს ზრდამ 2003 წელს მიაღწია 11.1%-ს, 2004 წელს – 6.2%-ს, ხოლო 2005 წელს – 7.7%-ს. 2006 წლის პროგნოზით მოსალოდნელია 6.4%-იანი ზრდა. ეკონომიკური აქტივობის შენელების ძირითად მიზეზად სახელდება დანახარჯების ზრდა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაძვირებით, რომელიც რუსეთიდან იმპორტირდება.
უახლოეს წლებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება იმ სფეროებში, სადაც საქართველოს გააჩნია შედარებითი უპირატესობები – მაგალითად, მეღვინეობა, მინერალური წყლები (თუმცა, დღესდღეობით წარმოიშვა მათი რეალიზაციის პრობლემა რუსეთის ბაზარზე), ჰიდროენერგეტიკა, ტურიზმი, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე. სწრაფი ტემპით გაიზრდება მომსახურების სექტორი, აგრეთვე საქმიანობის ყველა სახე, რაც დაკავშირებულია ვაჭრობასთან, სწორედ ასე მოხდა რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფად გადასვლის პერიოდში.
ქვემოთ მოგვყავს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპების ამსახველი ცხრილი, რომელიც გარკვეული გეოგრაფიული არეალის რუსეთის და სამხრეთ კავკასიის მონაცემებს მოიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება, რომელსაც მან მიაღწია 2006 წელს ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით. 2005 წელს საქართველოს ეკავა მე-100 ადგილი, ხოლო 2006 წელს გადაინაცვლა 68-ე ადგილზე. Haritage Foundation-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა განისაზღვრება როგორც უფრო თავისუფალი “Mostly free”.
დღესდღეობით ეკონომიკის ზრდის დაჩქარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა სამეწარმეო აქტივების გაძლიერებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების სფეროში. ქვეყანაში, სადაც მყარი სამართლებრივი სისტემა, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო არსებობს, ბიზნესს შეუძლია გლობალური კონკურენციის პირობებში სერიოზული ამოცანების გადაჭრა.
საქართველოს განვითარებისათვის აუცილებელია მსხვილი ინვესტიციები, ამიტომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.