პროტექციონიზმის ნაციონალური ეკონომიკური სტრატეგია (პნეს)
მალხაზ ჩიქობავა, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ხათუნა ბებნაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი
1. საწარმოო ძალების სტრუქტურა
1.1. მოხმარების საზოგადოება
შერეული ეკონომიკა.. ჩვენს ქვეყანაში,
უკვე მეორე ათწლეულია, მიმდინარეობს
ე.წ. საბაზრო ეკონომიკის უპირატესობაზე ფართო პროპაგანდა. სინამდვილეში, დასავლეთში საბაზრო ეკონომიკა პ. სამუელსონის ცნობილი სახელმძღვანელოს, “ეკონომიკის” (1948 წ.) გამოსვლის შემდეგ 50 წელზე მეტი ხნის წინათ დაივიწყეს. დღეს, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში არსებობს მხოლოდ შერეული ეკონომიკა, როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. და მაინც, რას წარმოადგენს ეს “შერეული ეკონომიკა”, რომელიც ნებისმიერ ამერიკულ სახელმძღვანელოშია დაწვრილებით აღწერილი და ჩვენშიაც, 1964 წლიდან დაწყებული, მრავალგზის ითარგმნა და გამოიცა.
დასავლეთში შერეული ეკონომიკის ქვეშ ესმით ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების ბაზრის თვითრეგულირების მექანიზმთან შეთავსება, კაპიტალზე კერძო საკუთრების ფარგლებში. როგორც XX საუკუნის პრაქტიკამ აჩვენა, თავისუფალი ბაზრის შესაძლებლობები, საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარების თვალსაზრისით, ფრიად შეზღუდულია (“ბაზრის არაქმედითუნარიანობა”). ეს აღიარებულია როგორც დასავლური ეკონომიკური თეორიით, ისე ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების პრაქტიკით.
შერეული ეკონომიკის თეორიაში მთავარი ადგილი უჭირავს საწარმოო ძალების სტრუქტურის ცნებას. ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეთა სტრუქტურა განსაზღვრავს, წარმოადგენს თუ არა მოცემული ქვეყანა ინდივიდუალური მოხმარების მაღალი დონის მქონე განვითარებულ სამრეწველო სახელმწიფოს, თუ დასავლეთის განვითარებული ქვეყნების კოლონიურ სანედლეულო დანამატს, ხოლო საწარმოო ძალთა სტრუქტურა კი ახდენს საზოგადოების სოციალურ-კლასობრივი სტრუქტურის ფორმირებას.
საბიუჯეტო კრიზისი. 2005 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ქვეყნისა, რომლის მოსახლეობა 4,5 მლნ. კაცია, შეადგენდა სულ რაღაც 2,6 მლრდ ლარს (დაახლოებით 1,47 მლრდ დოლარს). მოდით გავარკვიოთ, თუ რატომაა, რომ საბაზრო ეკონომიკის საქართველოში ბიუჯეტში ფული საკმარისად არ არის, ხოლო იმავე საბაზრო ეკონომიკის აშშ-ში თუ ევროპულ ქვეყნებში კი არის. რატომ არ არის ჩვენში საკმარისი ფული სახელმწიფო დაკვეთის დასაფინანსებლად? თავდაცვისათვის? რატომ არ არის ფული ფუნდამენტური მეცნიერებისათვის? განათლებისა და მედიცინისათვის? ვნახოთ, თუ რა წარმოადგენს ბიუჯეტის დაფინანსების რეალურ წყაროს და რატომ ხდება, რომ ჩვენთან ეს წყარო მუდმივად დამშრალია. საუბარი ეხება რეალურ წყაროს და არა სტრიქონებს ბიუჯეტის კანონში.
საბოლოო პროდუქტი. ნებისმიერ ეკონომიკაში, იქნება ის საბაზრო თუ არასაბაზრო, არსებობს მხოლოდ ორი სახის საბოლოო პროდუქტი.
1. სამომხმარებლო დანიშნულების საქონელი და მომსახურება, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობისათვის (იგივე სახალხო მოხმარების, ანუ ფართო მოხმარების საქონლები (სმს)).
2. საქონელი და მომსახურება, რომელსაც შეისყიდის სახელმწიფო – სახელმწიფო დაკვეთა.
სწორედ ამ საბოლოო საქონლების გამოსაშვებადაა დაკავებული ნებისმიერი მოქმედი ფირმა და დასაქმებული სამუშაო ძალა. მეტალურგიული კომბინატები, მანქანა-დანადგარების, წნეხების, ტურბინების, სატვირთოების, კომბაინებისა და ტრაქტორების, სამგზავრო თვითმფრინავების გამომშვები ქარხნები, აწარმოებენ მხოლოდ შუალედურ პროდუქტებს, რომლებიც მიემართებიან შემდგომ წარმოებაში. თუ საბოლოო პრუდუქტები არ იყიდება, მაშინ შუალედური პროდუქტებიც არავის სჭირდება. მას, უბრალოდ, არ იყიდიან, მათთვის. ფული არ არსებობს. ქარხნებს, რომელთაც უნარი შესწევთ არსებული ტექნოლოგიებით აწარმოონ აღნიშნული შუალედური პროდუქტები, ემუქრებათ გაკოტრება და სრული განადგურება, თუ არ იარსებებს მათ მიერ წარმოებული საბოლოო პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობა.
საკვანძო სტერეოტიპი. აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენლობაში სმს-ს წილი შეადგენს 70%-ს. ამიტომ, ამერიკელი ეკონომისტები თავიანთ საზოგადოებას უწოდებენ მოხმარების საზოგადოებას, რითაც სრულიად სამართლიანად ამაყობენ კიდეც. ამით ისინი ხაზს უსვამენ (ვახდენთ ციტირებას) “გეგმიანი (საბჭოთა) ეკონომიკის პრინციპულ არაქმედითუუნარობას”, რომელიც, მათივე აზრით, ფუნქციონირებდა, როგორც “წარმოება წარმოებისათვის” და მთელ რესურსებს მიმართავდა გამალებულ შეიარაღებაზე. და ეს ამერიკული “მოხმარების საზოგადოება” დღეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სამხედრო სახელმწიფოს წარმოადგენს სწორედ “მოხმარებისადმი მიდრეკილების” წყალობით. აი, ამაში მდგომარეობს საბაზრო მექანიზმების პარადოქსი, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ეჩვევა და რომლის რეალური კინემატიკის მიღმა არსებული მაკროეკონომიკური თეორიების ჯეროვან გაგებას, სამწუხაროდ, ვერაფრით ახერხებს ჩვენი საზოგადოება, კერძოდ – ინტელიგენცია.
საიდან ღებულობს სახელმწიფო ფულს ბიუჯეტში? – სმს-ის წარმოების სტრუქტურიდან. სამუშაო ძალა და ფუნქციონირებადი ფირმები, რომლებიც შედიან ამ სტრუქტურაში, გადასახადებს იხდიან ბიუჯეტში. ამ ფულით მთავრობა შეისყიდის საქონელსა და მომსახურებას საერთო-სახელმწიფო საჭიროებისათვის. კიდევ ერთხელ გავიაზროთ: საბაზრო ეკონომიკაში “სახელმწიფო დაკვეთის” დაფინანსების წყაროს წარმოადგენს იმ საქონელთა წარმოების სტრუქტურა, რომელსაც საბჭოთა ეკონომიკაში “ფართო მოხმარების საქონლებს” უწოდებდნენ, ხოლო დასავლური ეკონომიკური მეცნიერება მას “სამომხმარებლო საქონლებსა და მომსახურებას” უწოდებს. ბიუჯეტის შევსების სხვა შიდა წყარო საბაზრო ეკონომიკაში არ არსებობს.
თუ არ არსებობს სამამულო სმს-ის – კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, მსუბუქი ავტომობილების, ავეჯის, ტელევიზორების, მაცივრების, სარეცხი მანქანების გაყიდვა, არ არსებობს ბინათმშენებლობა – ბიუჯეტი ცარიელია. და თუ მთავრობა საბოლოო პრუდუქტის შიდა ბაზარს უთმობს იმპორტს დასაფლეთად, მაშინ ქვეყნის მთელი საწარმოო ძალთა სტრუქტურა ინგრევა.
წარმოვიდგინოთ აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი მთელი თავისი სტრუქტურით, როგორც ცოცხალი ხე. ამ ხეს აქვს ტანი, რომელიც სრულდება კენწეროთი – ეს არის მოსახლეობისათვის საქონლისა და მომსახურების წარმოება. ეს უკანასკნელი აშშ-ს ეკონომიკისათვის 2004 წლის მონაცემებით შეადგენდა 8 ტრილიონ დოლარზე მეტს – ანუ, მთელი მშპ-ს დაახლოებით 70%-ს.
აღნიშნული 8 ტრილიონი დოლარი წარმოადგენს იმ ორი შტოს დაფინანსების წყაროს, რომლებიც მომდინარეობენ მოცემული ხის ტანიდან. მარცხნივ სახელმწიფო დაკვეთაა – 18% (აბსოლუტურ ციფრებში 2 ტრილიონი დოლარი). და ეს შტო ივსება ხის ტანის საგადასახადო შემოსულობებით. მარჯვნივ ინვესტიციებია – 12% (დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარი). ამ შტოს დაფინანსების წყაროა სმს-ს წარმოების იგივე სტრუქტურის კაპიტალის მოგება. ეს 12% ამერიკულ ეკონომიკას საშუალებას აძლევს გრძელვადიანი პერიოდისათვის შეინარჩუნოს მშპ-ს წლიური 3%-ანი ზრდის ტემპები.
ჩვენთან კი, საბაზრო რეფორმების მსვლელობისას, ჩამოყალიბდა საწარმოო ძალთა ისეთი სტრუქტურა, სადაც საბოლოო პროდუქტებს წარმოადგენენ საექსპორტოდ გადადებული ხე-ტყის ნედლეული, შავი და ფერადი ლითონები. ნედლეული საექსპორტოდაა განკუთვნილი, ხოლო ამონაგები ვალუტით ხდება იმპორტული სმს-ის შესყიდვა. ყოველივე ეს რომ ჩიხში შესვლაა და დამღუპველია, ამაზე საუბარიც ზედმეტია. 2005 წლის ბოლოსათვის საქართველოს ექსპორტი შეადგენდა 866,2 მლნ. დოლარს. ეს თანხა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, კერძოდ 4,5 მლნ. კაცზე თანაბრად რომ გავანაწილოდ, მივიღებთ 192,5 დოლარს წელიწადში ერთ სულზე გაანგარიშებით, რაც სიღატაკესა და მასობრივ უმუშევრობას ნიშნავს.
დავფიქრდეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ 16 დოლარი ადამიანზე ერთ თვეში მთელი ექსპორტიდან, სრულად განადგურებული სამამულო წარმოების ფონზე. 16 დოლარი ერთ სულზე თვეში მაშინ, თუ არ მოვიპარავთ, კაპიტალს არ გავიტანთ უცხოეთში, არ მოვემსახურებით საგარეო ვალს, არ შევქმნით რაღაც საეჭვო ფონდებს, საიდანაც საკმაოდ იოლად ხდება ფულის დატაცება, არამედ გავანაწილებთ ყველაზე თანაბრად.
რა სახელმწიფო დაკვეთა? რა თავდაცვა, ან ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები? რა ხელფასი მასწავლებლებს, ექიმებს, სამხედროებს? რისი პენსიები? პენსიები, რომლითაც მხოლოდ ნელი კვდომაა შესაძლებელი? საიდან გაჩნდება სამუშაო ადგილები? განა შეიძლება არსებული შემოსავლებით ოჯახის რჩენა?
ქვეყანაში, სადაც თითქმის არაფერი იწარმოება, ვაჭრობენ იმპორტული ძველმანებით, “სეკნდ ჰენდებით”, დასავლეთის გამონაცვლებით თვეში ერთ სულზე 16 დოლარის მოცულობით, ყველა განწირულია, განწირულია სისტემურად. როგორ ძალისხმევასაც არ უნდა მიმართონ ადამიანებმა, აღნიშნული სისტემა მათ უპერსპექტივობისაკენ მიაქანებს.
ეკონომიკური უსაფრთხოება. ამერიკულ ეკონომიკაში ექსპორტის ხვედრითი წილი 1989 წლამდე არ აღემატებოდა მშპ-ს 7%-ს. ამერიკელი ეკონომისტები საკმაოდ გაოცებულნი აცხადებენ, რომ თვით ისეთ საექსპორტო ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია, ეს არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს. მთელი ძალა შიდა ბაზარშია! მთელი ძალა, ქვეყნის მთელი ეკონომიკური ძლევამოსილება მის შიდა ბაზარზეა დამოკიდებული, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ! იმპერიალიზმი აჩაღებს ომებს (როგორც სამხედროს, ისე ეკონომიკურს) გასაღების ბაზრებისათვის ბრძოლაში, ჩვენ კი ჩვენივე უგუნურებით საკუთარი ბაზარი მივუგდეთ იმპორტს დასაფლეთად. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება, პრაქტიკულად, საკუთარი ნედლეულის სრული სპექტრითა და უზრუნველყოფის დონით, შიდა ბაზარზე სამამულო წარმოების დომინირებაში გამოიხატება.
საბაზრო მექანიზმის მოტორს, ძრავას წარმოადგენს საბოლოო პროდუქტი – “ფართო მოხმარების საქონლები”, ის უზრუნველყოფს რეალური ეკონომიკის ყველა ლილვაკისა და კბილანის ბრუნვას. და თუ არ გადავლახავთ ჩვენში არსებულ სტერეოტიპებს, ვერაფერს მივაღწევთ: არ გვექნება არც სმს, არც შეიარაღება, არც მეცნიერება, არც ცხოვრების ღირსეული დონე, არც ბედნიერი ოჯახები, არც ჯანმრთელი და მხნე თაობა. ძაბვას, რომელიც შემოდის ამ ეკონომიკურ ელექტროძრავაში და უზრუნველყოფს მის ბრუნვას, მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნაა. რა შეიძლება იყოს დენის ნაკადი ეკონომიკურ ძრავაში? -გაყიდვები. საბაზრო ეკონომიკაში საწარმოთა დაფინანსება ხორციელდება მხოლოდ გაყიდვების მეშვეობით. შიდა ბაზარზე სამამულო წარმოების საქონელთა გაყიდვის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი და თანამიმდევრული პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებით. მოვიყვანოთ ციტატები ამერიკული სახელმძღვანელოდან:
“ამერიკის მთელი ისტორიის მანძილზე მოქმედებდა მაღალი ტარიფები”[1] (ტარიფი – საბაჟო განაკვეთები). “აშშ-ში შემოღებულია იმპორტული კვოტები მრავალი სახის საქონლებზე, მათ შორის, არაქისზე, საფეიქრო ნაწარმზე და საქონლის ხორცზე”[2]. ამერიკელები, რომლებსაც ისტორიულად ჩამოუყალიბდათ მსოფლიოში უძლიერესი საქონლის ხორცის წარმოება, მის იმპორტზე აწესებენ არა მარტო ტარიფებს, არამედ კვოტებსაც კი. ამერიკელები, რომლებიც 1947 წლიდან მსოფლიოს თავს ახვევენ თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობის მითს, სინამდვილეში, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ინარჩუნებენ შაქრის იმპორტზე ბაჟს, თანაც ისეთს, რომლის შედეგადაც აშშ-ს შიდა ბაზარზე ფასები 2-ჯერ აღემატება ანალოგიურ საქონელზე მსოფლიო ფასს.
ამჯერად მივადექით ჩვენთვის მუდმივად საჭირბოროტო საკითხს: “რით დავიწყოთ?”. – ეკონომიკური რეფორმების სტრატეგიის შეცვლით. საქართველოს ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგო თავისუფალი, ლიბერალური ვაჭრობის სტრატეგიის შეცვლით მკაცრი და თანამიმდერული პროტექციონიზმის სტრატეგიით.
ლოზუნგი უნდა იყოს: პროტექციონიზმი! სრული დასაქმება! შერეული ეკონომიკა!
ეს სამერთიანი ლოზუნგი დღეს საქართველოსათვის უნდა გახდეს ზოგადეროვნული. ნებისმიერი ქართველი ეკონომისტი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ლიბერალურ ეკონომისტს – მას ან არაფერი გაეგება თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის წყობისა, ან, თავისი ქვეყნის საზიანოდ, პირდაპირ მუშაობს უცხო ქვეყნების ინტერესებისათვის.
1.2. მთავარი სქემა
მოდით, ავიღოთ სუფთა ფურცელი და მასზე გამოვსახოთ მართკუთხედი, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 1-ზე.
მთავარი სქემა. ერთად დავხაზოთ ეს სქემა, რომელსაც შემდეგომ მრავალგზის დავუბრუნდებით.
მართკუთხედი 1. ნედლეულის წარმოება. საწარმოები მოიპოვებენ ქვანახშირს, მადანს, ნავთობს, გაზს, ამუშავებენ მერქანს, მოჰყავთ მარცვლეული, შაქრის ჭარხალი, სელი, ბამბა და ა.შ. ყოველივე ეს ნედლეულის წარმოებაა.
მართკუთხედი 2. მასალების წარმოება. სად მიედინება მოპოვებული მადანი? – მეტალურგიულ კომბინატებში, რომლებიც აწარმოებენ თუჯს, ფოლადს, ფერად ლითონებს. ეს მასალების წარმოებაა. ზუსტად ასევე, ნავთობისაგან ღებულობენ ბენზინს, მაზუთს საქვაბეებისათვის, მარცვლეულისაგან – ფქვილსა და კომბინირებულ საკვებებს.
მართკუთხედი 5. მოსახლეობისათვის საქონლისა და მომსახურების წარმოება (სმს). სად მიდის, მაგალითად, ფურცვლოვანი ფოლადი? – საავტომობილო ქარხანაში. ის აქ ამთავრებს თავის საწარმოო გზას და მსუბუქი ავტომობილების სახით შედის მოსახლეობის ინდივიდუალური მოხმარების სფეროში. ზუსტად იგივე ხორციელდება სხვა საწარმოო მასალების მიმართაც.
მართკუთხედი 3. წარმოების საშუალებათა (მოწყობილობების) წარმოება. მაგრამ თუჯისა და ფოლადის ნაწილი მიედინება წარმოებაში, რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობებს, ინსტრუმენტებს, საწარმოო შენობებსა და ნაგებობებს.
მართკუთხედი 4. ენერგიის წარმოება. მოპოვებული ქვანახშირი, გაზი, წარმოებულ მაზუთი იხარჯება თბო და ელექტროენერგიის მისაღებად.
ამგვარად, ისრები გვიჩვენებენ საქონელთა რეალურ ნაკადებს. და ეს გზა მთავრდება ერთ მართკუთხედში, სმს-ის წარმოებაში. ეს ისრები გამოვსახოთ შავი ხაზებით. მაგრამ ნედლეული მოიპოვება მოწყობილობებისა და ენერგიის დახმარებით, აგრეთვე გამოიყენება მასალები. ლურჯად გამოვსახოთ ის ისრები, რომლებიც გამოდიან ყოველი მართკუთხედიდან 5-ის გარდა ჩვენი სქემის ყოველი საწარმოო კვანძიდან. სურათი, მართალია ამით საკმაოდ აჭრელდება, მაგრამ საქონელთა მოძრაობის ლოგიკა, როგორც ეს ნაჩვენებია ჩვენს I სურათზე, მაინც ნათელია. აკი იმავე სანავთობო კოშკურის ღირებულება ამორტიზაციის სახით გადაიტანება ნედლეულში და ხვდება ამ ნედლეულის ფასში, ამის შემდე კი, ნედლეულისა და მასალების სახით, თავის გზას ამთავრებს სმს-ში.
დასკვნა. ნებისმიერი წარმოებული ღირებულება თავის გზას ასრულებს საბოლოო პროდუქტში – სმს-ში.
ყოველი შავი და ლურჯი ისრების მისაგებებლად გვერდით გამოვსახოთ მწვანე ისრები – ეს ფინანსური ნაკადებია, რომელიც გამოხატავს მოსახლეობის გადახდისუნარიან მოთხოვნას და სათავეს იღებს მართკუთხედი 6-დან. საქონლებისა და ფინანსური ნაკადების მოძრაობის ეს სქემა შეიძლება წარმოვადგინოთ კაპიტალის წრებრუნვის სქემის სახით (იხ. სურათი 2.).
თუ ქვეყანა აწამოებს 2 მლნ. ერთეულ მსუბუქ ავტომობილს და ახდენს მათ რეალიზებას თითო 5 ათას დოლარად, მაშინ ფინანსური ნაკადი 10 მლრდ დოლარის ოდენობით მდინარეებად, პატარა მდინარეებად და ნაკადულებად მიედინება ყველა ფირმისკენ, რომლებიც მონაწილეობდნენ საბოლოო პროდუქტის – მსუბუქი ავტომობილის კოოპერირებულ წარმოებაში. შევამცირებთ რა 2-ჯერ გაყიდვების მოცულობას, ფინანსური ნაკადიც ამ მწკრივის მიმართულებით, ნედლეულის მოპოვებამდეც კი შემცირდება 2-ჯერ.
მთავარი სქემის წარმოდგენის შემდეგ, მისი დახმარებით, შეგვიძლია განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი. თუ ქვეყანა აწარმოებს, მაგალითად, 2 მილიონ მსუბუქ ავტომობილს, ხოლო ჩერჩეტი მთავრობა შიდა ბაზარზე დაუშვებს 1 მლნ. უცხოური მარკის ავტომობილებს, რომლებიც აშკარად ჯაბნიან ხარისხითა და ტექნიკური მახასიათებლებით სამამულო ავტომობილებს, თანაც თუ დატოვებს მათ ყოველგვარი საფასე დაცვის გარეშე, მაშინ, რასაკვირველია, სამამულო საქონლების გაყიდვების მოცულობა დაეცემა 2-ჯერ. შუალედური საქონლების შესყიდვების მოცულობა შემცირდება 2-ჯერ და საბოლოო პროდუქტის კოოპერირებული წარმოების მთელი ჯაჭვი დაიშლება. მანქანათმშენებლები, მეტალურგები, მაღაროელები დარჩებიან სამუშაოს გარეშე. დასავლეთის ეკონომისტების შეფასებებით, 1 მლნ.. თანამედროვე მსუბუქი ავტომობილების გამოშვება საშუალებას იძლევა შეიქმნას 3 მლნ. სამუშაო ადგილი. ამგვარად, ჩვენს რიცხობრივ მაგალითში ქვეყანაში წარმოიშობა 3 მლნ. უმუშევარი საწარმოო სიმძლავრეების დაშლითა და სხვადასხვა დარგებში მრავალი საწარმოს ბანკროტობით. ბიუჯეტში და სოციალურ ფონდებში საგადასახადო შემოსულობები ამ სტრუქტურისაგან შემცირდება 2-ჯერ. ისადგურებს სიღატაკე და უბედურება.
1.3. სასაქონლო კრიზისი და დინამიკის კანონი
სასაქონლო კრიზისი. თვით ისეთი ტექნიკურად რთული და ძვირი მასობრივი მოთხოვნის საქონლის – მსუბუქი ავტომობილების წარმოების თვალსაზრისით, თანამედროვე სიმძლავრეები ისეთია, რომ 5-6 წლის განმავლობაში უნარიანია გააჯეროს ბაზარი. ბაზრის შევსების შემდეგ დგება დუნე მოთხოვნა, მოდუნება. ამიტომ მწარმოებელი იძულებულია, შეცვალოს ნაკეთობის მოდელი, ახალ მოდელში სხვადასხვა სრულყოფის შეტანით. თუ მოცემული საქონლის განვითარების ტექნიკური ლოგიკა საშუალებას იძლევა, არსებითად გააუმჯობესოს მისი სამომხმარებლო თვისება (მაგალითად, შავ-თეთრი გამოსახულების ტელევიზორების წარმოებიდან ფერადი გამოსახულების წარმოებაზე ან ფერადი ტელევიზორების შემდგომი თაობის წარმოებაზე გადასვლა), მაშინ მკვეთრად გაიზრდება მოთხოვნა ამ საქონელზე. ხოლო თუ საქონლის განვითარების ტექნიკური ლოგიკა არ ჯდება ამ ციკლში, მაშინ მწარმოებელი იძულებულია შეცვალოს მოდა ნაკეთობის დიზაინის შეცვლით, პატარა, არაარსებითი ტექნიკური სრულყოფის შეტანით, გააძლიეროს გასაღების პოლიტიკის აგრესიულობა. მაგრამ მომხმარებელი არ ჩქარობს უარი თქვას, მაგალითად, თავის ტელევიზორზე და შეცვალოს ახლით მარტო იმიტომ, რომ ახალ მოდელს ეკრანი უფრო ბრტყელი აქვს, ხოლო კორპუსი – თეთრი.
ამ შემთხვევაში დგება სასაქონლო კრიზისი, რომელიც ზედაპირულად გვევლინება ჭარბი წარმოების კრიზისის ფორმით, რომელიც ხასიათდება მოდუნებული მოთხოვნით და გაყიდვების მოცულობის დაცემით. ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზრების არსებობის შემთხვევაში სასაქონლო კრიზისი ღებულობს ფინანსური კრიზისის ფორმას.
დინამიკის კანონი. ხანგრძლივი სარგებლობის საქონლებზე გადახდისუნარიანი მოთხოვნის ვარდნის პრობლემა აიძულებს კაპიტალის აგენტს, რომელიც აწარმოებს მოცემულ საქონელს, გაატაროს ინტენსიური სამეცნიერო-ტექნიკური ან დიზაინერული ძიებები, რათა კონკურენტუნარიანი გახდეს მკაცრ ბაზარზე. ნაკეთობის მოდელის შეცვლის დროს ტარდება სრულყოფითი სამუშაოები არა მარტო ამ ნაკეთობის კონსტრუქციასა და დიზაინში, არამედ დამზადების ტექნოლოგიაში. ტექნოლოგიებში სრულყოფა ხორციელდება ორი მიმართულებით, რომლებიც ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა: 1. ნაკეთობის ხარისხისა და საიმედოობის ამაღლება; 2. ნაკეთობის რესურსებტევადობის შემცირება: მასალა-ტევადობის, ენერგოტევადობის, შრომატევადობის შემცირება.
სერიული ან მასობრივი წარმოების პროცესში ნაკეთობის კონსტრუქციაში ან ტექნოლოგიაში სრულყოფა ფრიად ძნელია, რადგანაც ასეთი ჩარევა იწვევს შეფერხებებს, წარმოებითი პროცესის რიტმის დარღვევას. მაგრამ რეგულარული, თაობათა ციკლურად განმეორებადი ცვლილება საშუალებას გვაძლევს და იძულებულსაც კი გვხდის, მოვახდინოთ გამოსაშვები პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფაც და მისი დამზადების პროცესიც. სასაქონლო კრიზისის პრობლემების გადაჭრის დადებით შედეგებს მოკლედ ვუწოდოთ დინამიკის კანონი.
ჩამოვთვალოდ დინამიკის კანონის შედეგები: ის ამაღლებს მწარმოებლის მწარმოებლურობას ტექნოლოგიური მოწყობილობების რეგულარულად ნაწილობრივი ან სრული შეცვლის გზით; იწვევს ნაკეთობის მასალატევადობისა და ენერგოტევადობის შემცირებას; ამაღლებს პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხარისხს, რესურსს, ე.ი. მუშაობს ის ეკონომიკური მექანიზმები, რომლებიც საბჭოთა ეკონომიკურ ლიტერატურაში იწოდებოდა განვითარების ინტენსიურ გზად, ექსტენსიურისაგან განსხვავებით.
კონცერნი, რომელიც უშვებს ტექნიკურად რთულ “ფართო მოხმარების საქონელს” (მაგალითად, ტელევიზორს ან ავტომობილს), მოცემული დროის მიმდინარე პერიოდში ამზადებს, როგორც მინიმუმი, ნაკეთობის 3 თაობას. I თაობა იმყოფება უშუალო სერიული წარმოების სტადიაში, რომელიც მიემართება გასაყიდად. II თაობა იმყოფება ტექნიკური მომზადების სტადიაში. შემუშავდება სერიული წარმოების საკონსტრუქტორო, ტექნოლოგიური დოკუმენტაცია, ადგილი აქვს აუცილებელი მოწყობილობების დაკვეთას, მზადდება აღჭურვილობა: შტამპები, პრეს-ფორმები, მოწყობილობები და ა.შ. ეს აღჭურვა განსაკუთრებით შრომატევადია და მოითხოვს სამუშაო ძალის მაღალ კვალიფიკაციას. III თაობა იმყოფება დაპროექტების, დამზადების, საგამოცდო ნიმუშების ცდის სტადიაში.
კონცერნი, რომელიც უშვებს, მაგალითად, ტელევიზორებს, თავის ნომენკლატურაში ჩართავს ხოლმე, როგორც წესი, ყველაზე მცირე და დიდი ეკრანების ზომების ფართო არჩევანს. ამ ზომებს შეესაბამება ნაკეთობათა კლასებიც, გამოსახულების, ხმის სიხშირის დონე, დამატებითი ფუნქციების რაოდენობა და ა.შ. ზუსტად ასეთივე ფართო არჩევის შესაძლებლობა არსებობს ნებისმიერ ტექნიკურად რთულ მასობრივ საქონელში. ეს საშუალებას აძლევს მწარმოებელს არა მარტო მოახდინოს ნაკეთობათა უნიფიცირება და აგრერირება, არამედ მოხვდეს ნებისმიერ სამომხმარებლო კალათაში.
მაშინ მკითხველმა შეიძლება დაგვისვას კანონზომიერი კითხვა: სამამულო წარმოების ტექნიკურად რთული საქონლები (ვთქვათ, ტელევიზორები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) როდის იქნებიან მსოფლიო დონის შესაბამისი? ამაზე არსებობს მყარი პასუხი. მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო, ქვეყანა, სადაც მოსახლეობა 4,5 მლნ. კაცია, გამოუშვებს აღნიშნულ პროდუქციას წელიწადში იმ რაოდენობით, რომ 4 სულიან ოჯახს შესაძლებლობა ჰქონდეს ის იყიდოს და შეცვალოს ახლით 5-6 წელიწადში ერთხელ. ასეთია დღესდღეობით მოდელების ცვლის მსოფლიო ციკლი.
მაშინ რაში გამოიხატება ბაზრის უპირატესობა საბჭოური საფონდო-განმანაწილებელი სისტემის წინაშე? საქმე ისაა, რომ ბაზარზე საბოლოო პროდუქტის სტრუქტურასა და გამოშვების მოცულობას კარნახობს სამომხმარებლო გადახდისუნარიანი მოთხოვნა. მყიდველი “ხმას აძლევს” მის ხელთ არსებული ფულით; მომხმარებელი, მოსახლეობა, ხალხი, თავანთი გამომუშავებული ლარებით განსაზღვრავენ, რა საქონელი და რა რაოდენობით უნდა იქნას წარმოებული და არა ვიღაც ჩინოვნიკმა “გოსპლანმა”, რომელმაც მიგვიყვანა “დეფიციტის ეკონომიკამდე” და “წარმოებამდე წარმოებისათვის”.
2. პროტექციონიზმის ნაციონალური ეკონომიკური სტრატეგია (პნეს)
2.1. საკუთარი შიდა ბაზარი გადაეცა მავანთ დასაფლეთად
ქვეყნის ეკონომიკაში და, შესაბამისად, საზოგადოების ცხოვრების ყველა დანარჩენ სფეროში არსებული სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩვენივე შიდა ბაზარი, ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი წყარო, დავუთმეთ მავანთ, ძირითადად ჩინეთს და თურქეთს. ამ უკანასკნელისაგან კი აშშ-ს, ფინანსურ-სანავთობო პოლიტიკის დახმარებით, მიაქვს ჩვენივე ბაზრიდან ამოქაჩული ქონება.
ობიექტურად, წმინდა ეკონომიკური მეთოდებით დღეისათვის როგორ უნდა შევძლოთ საკუთარი შიდა ბაზრის დაბრუნება იმ შემთხვევაში, როცა საკუთარი წარმოებითი სიმძლავრეები პრაქტიკულად აღარ შეგვრჩა და თანაც, არ ჩავვარდეთ იზოლაციონიზმში და ხალხიც არ გადავჩეხოთ უფსკრულში?
ლარის დოლართან და ევროსთან მიმდინარე პარიტეტის არსებობისას, შიდა ბაზრის დაბრუნება შეუძლებელია. ჩამოვთვალოთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენს შიდა ბაზარზე მხოლოდ ნაწილობრივი კონტროლი მაინც აღვადგინოთ, რომ არაფერი ვთქვათ მის სრულად დაბრუნებაზე.
I ეტაპი – პროტექციონისტული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი
1. ლარის დევალვაცია;
2. ნედლეულზე შიდა ფასებისა და ტარიფების გაყინვა, რათა თავიდან ავიცილოთ “მიწოდების ინფლაცია”;
3. ნედლეულისა და ელექტროენერგიის ექსპორტზე ყოველგვარი შეღავათების (დღგ-ს ნულოვანი განაკვეთი) მოხსნა;
4. ნედლეულის, შავი და ფერადი ლითონების, ხე-ტყის და ა.შ. ექსპორტზე მაღალი აქციზების შემოღება. ეს აუცილებელია იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ე.წ. “ჰოლანდიური ვარიანტი” და თავს არ დაგვატყდეს “მოთხოვნის ინფლაცია” – ფულადი მიმოქცევის სფეროს ლარებით იძულებითი ემისიური გაბერვა ნედლეულის ექსპორტის შედეგად ცენტრალური ბანკის მიერ ვალუტის გამოსასყიდად;
5. ტარიფებისა (საბაჟო განაკვეთების) და კვოტების მკაფიოდ შემოწმებული შემოღება ცალკეული სახეობის საქონლების იმპორტზე: ფრინველის ხორცზე, ღორის ხორცზე, ავტომობილებზე და მის სათადარიგო ნაწილებზე, საბურავებზე, აკუმულატორებზე, საათებზე, სარეცხ ფხვნილზე, პარფიუმერიაზე, კოსმეტიკაზე, კაფელზე, ლინოლეუმზე, შპალერებზე და ა.შ. ხოლო ტარიფები ცალკეულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნედლეულზე და მასალებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ნაციონალური წარმოებისათვის, უნდა იყოს ამკრძალავი, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი იმპორტი;
6. იმ ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკის განხორციელება, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი ვალუტების დაბალი პარიტეტი, (ასეთებია: ჩინეთი, თურქეთი, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, დსთ-ს ქვეყნები და სხვა). არა მარტო საგარეო სავაჭრო ბალანსის ტოლობის შენარჩუნება, არამედ ამ ბალანსის სტრუქტურის შენარჩუნებაც, კერძოდ, თუ რა რაოდენობის საბოლოო პროდუქტს ყიდულობენ ჩვენგან;
7. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, ცალკეული სამედიცინო პრეპარატების იმპორტის სუბსიდირება (მათი წარმების მიზნით საკუთარი სიმძლავრეების შემოღებამდე). ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სტრატეგიული სფეროების სუბსიდირება.
2.2. ნაციონალიზაცია
ჩვენი აზრით, აუცილებელია არა მარტო მომპოვებელი მრეწველობის, არამედ ამ დარგის მთელი სიმძლავრის ნაციონალიზება გადამამუშავებელი საწარმოების ჩათვლით, იმ ქარნების ჩათვლით, რომლებიც ამ დარგს მომავალში მიაწვდიან მოწყობილობებს. საჭიროა მათი ორგანიზაციული გაერთიანება ერთ ღრმად ინტეგრირებულ კონცერნში. სხვანაირად, გვექნება “მშიერი”, “ველური” კაპიტალიზმის ანარქია XIX საუკუნის ბაზრის სტიქიით და შერეული ეკონომიკის გეგმიურობისა და მართვადობის სრული უქონლობა, რომელსაც მისდევს ნებისმიერი ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა.
აქვე ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. მაგალითად, ნავთობით მდიდარ ქვეყნებში ნავთობი, რომელიც მიწაშია, ჯერ კიდევ 50 წლის წინათაა ნაციონალიზებული მექსიკაში, ვენესუელაში და ა.შ.. ის ყველგან ნაიონალიზებულია. ვიდრე მას ჯერ კიდევ შხაფუნი გააქვს წიაღში, ის ეკუთვნის ხალხს. მაგრამ როგორც კი ამოიღება ზედაპირზე, მაშინვე როკფელერების საკუთრება ხდება. საქმე ისაა, რომ ნედლი ნავთობის მოპოვება ნავთობბიზნესში თამაშობს მესამეხარისხოვან როლს. ამასთან, ნედლი ნავთობი ბაზარზე ყოველთვის ჭარბად იყო. თვით მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს ბაზარზე, ინგლისში მიწოდების გათვალისწინებითაც, მისი სიჭარბე შეადგენდა 30%-ს. გადამწყვეტ როლს ყოველთვის თამაშობდა და თამაშობს ნავთობის გადამუშავება, მისი ტრანსპორტირება და გასაღების ქსელი გადამუშავების პროდუქტისა, რომელსაც დღეს მიეკუთვნება პლასტმასებიც. წავიკითხოთ წიგნი “მოპოვება”, რომელიც ამერიკელი სპეციალისტების მიერაა დაწერილი.
დღეს ნავთობბიზნესი ორგანიზაციულად მოწყობილია, როგორც ღრმად ინტეგრირებული კონცერნი, რომელიც ერთია მთელი ქვეყნის მასშტაბით და თანაც – სახელმწიფო. მასში შედის მოპოვებითი და ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები პლასტმასების მიღებამდე, რომელთაგანაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიეთილენს და პოლიპროპილენს, ასევე, მილსადენებს, ტანკერებს, გემთმშენებელ ქარხნებს, ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ მთელი ამ საწარმოებისათვის მოწყობილობებს, გასაღების საცალო ქსელებს და ა.შ.. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება XIX საუკუნის ველურ კაპიტალიზმს.
ოპონენტები შეიძლება შემოგვედავონ იმაში, რომ ასეთ შემთხვევაში დაქირავებული სახელმწიფო ტოპ-მენეჯერები მაშინვე მოიპოვებენ არნახულ პოლიტიკურ ძალას და გააჩაღებენ აქამდე არნახული მასშტაბის კორუფციას. ვერავითარი ჩინოვნიკური “კონტროლის პალატები” ვერ უმკლავდებიან კორუფციას, არამედ მხოლოდ ნავთს ასხამენ მის კოცონზე. ჩვენი აზრით, სახელმწიფო მენეჯერებზე კონტროლს თავს გაართმევენ მხოლოდ გადამამუშავებელი მრეწველობის ისეთივე მძლავრი კერძო კონცერნები, რომლის ტოპ-მენეჯერებს ესმით, თუ რა არის ერთობლივი გადახდისუნარიანი მოთხოვნა და როგორ იყოფა ის, რას წარმოადგენს დარგთაშორისი კონკურენცია.
მაგრამ რატომ მაინც და მაინც ნაციონალიზაცია? არა იმიტომ, რომ ასეთი კონცერნების კერძო მფლობელებმა მიიღონ არნახული რეალური ძალაუფლება, რომელიც კაპიტალიზმის დროს ფულია. ნაციონალიზაციის საკითხს აუცილებელია მივმართოთ არა საბჭოურად, კომუნისტური იდეოლოგიით, არამედ პროტექციონიზმის ნაციონალური ეკონომიკური სტრატეგიის პოზიციითა და მიდგომებით.
ჯონ როკფელერს, რომელიც დამაარსებელია ამერიკული სანავთობო იმპერიისა, არასოდეს აძლევდა ხელს ნაწილობრივი ან გაშუალებული კონტროლი ამა თუ იმ სანავთობო კომპანიაზე. მას სჭირდებოდა ყოველთვის სრული და აბსოლუტური კონტროლი. როკფელერი, რომელიც რესტორნის ანგარიშებს გულდასმით ამოწმებდა, საკონტროლო პაკეტის შესყიდვის დროს ყოველთვის არა მარტო გულუხვი იყო, არამედ, ერთი შეხედვით, მფლანგველიც კი.
დღესაც “სტანდარდ ოილის” ტოპ-მენეჯერები ნათლად მიჰყვებიან დამაარსებლის პრინციპებს. მსხვილ კომპანიათა უმრავლესობა მათ ხელში ჩაიგდეს მფლობელის სიკვდილისა და მემკვიდრეთა საკუთრების უფლებაში შესვლის შემდეგ. მაგალითად, “შელი” მათ შთანთქეს მხოლოდ დეტერტდინგის სიკვდილის შემდეგ. “ბრიტიშ პეტროლეუმის” ხელში ჩაგდების შემდეგ ერაყისა და ირანის ნავთობი ფაქტიურად მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.
პროტექციონიზმის ნაციონალური ეკონომიკური სტრატეგია საჭიროა მხოლოდ იმიტომ, რომ დავამყაროთ თუნდაც ნაწილობრივი კონტროლი შიდა ბაზრებზე და საბოლოოდ არ დავკარგოთ ჯერ კიდევ გადარჩენილი ტექნოლოგიები. მანკიერი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დანგრეული მეურნეობის სრულად აღორძინების მიზნით, პნეს-ი აშკარად არასაკმარისია. ნგრევა იმდენად მასშტაბურია, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორებით მანიპულაციის შედეგად საქმეს ვერ ვუშველით. მოგვიწევს წარმოებითი სიმძლავრეების პირდაპირი აღდგენა კონკრეტული ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტების, სიმძლავრეთა ბალანსირებული ამოქმედების ხუთწლიანი გეგმების დახმარებით.
II ეტაპი. “საკუთრების სამოქალაქო ხელახლა განაწილება”
1. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სანედლეულო დარგების კონცერნების, ენერგეტიკის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და მიწის ნაციონალიზაცია.
2. გადამამუშავებელ მრეწველობაში საკუთრებათა სამოქალაქო ხელახლა განაწილება და სტრუქტურებწარმომქმნელი კონცერნების ორგანიზაცია.
ჯერ კიდევ გადარჩენილ გადამამუშავებელი მრეწველობის ნარჩენებში სიტუაციის დრამატიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ასე თუ ისე ფეხზე მდგარი (უფრო ზუსტად, მობარბაცე) ქარხნები ისეა პრივატიზებული, რომ იმყოფებიან სხვადასხვა მესაკუთრეთა კონტროლს ქვეშ, ისინი საკუთრებადაა დანაწილებული.
ამიტომ “საკუთრებათა სამოქალაქო ხელახალი განაწილების” არსი უნდა გამოხატავდეს არა იმას, რომ ვიღაცას წავართვათ საკუთრების გემრიელი ლუკმა და “პარტიულ ამხანაგებს”, უფრო ზუსტად, კლანებს გადავცეთ, არამედ ქარხნებს თავი უნდა მოვუყაროთ მართვად წარმოებით სტრუქტურებში, ღრმად ინტეგრირებულ კონცერნებში, რომლებსაც შეუძლიათ გადაჭრან მასშტაბური ამოცანები.
III ეტაპი. ადმინისტრაციული რეფორმა
ქვეყნის ეკონომიკის მართვის სპეციალური ზესტრუქტურის ორგანიზაცია “სახელმწიფო და სტრატეგიული დაგეგმვის კომიტეტი” (სსდკ) პრეზიდენტისადმი მისი პირდაპირი დაქვემდებარებით სამი მთავარი მმართველობით.
წარმოებითი სიმძლავრეების შეყვანისა და მოდერნიზაციის მმართველობა;
მაკროეკონომიკური გარემოს მმართველობა (საბაჟო-აქციზური პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა, ბიუჯეტის დაგეგმვა, ფასწარმოქმნაზე კონტროლი);
ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ფულადი მიმოქცევის მმართველობა. ამ მმართველობას უნდა დაემორჩილოს ცენტრალური ბანკი არა ფორმალურად, არამედ ფაქტიურად.
თავისი არსით სსდკ – ანალოგია აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა, მხოლოდ უფრო დიდი შესაძლებლობებით. ხოლო პრეზიდენტის მიერ დასანიშნი ამ ზესტრუქტურის თავმჯდომარე ხდება ქვეყანაში თავისი გავლენით ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი პირი.
მთავრობა მუშაობს დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში, შედგება მინისტრებისაგან, დარგობრივი ლობისტებისაგან, დაკავებულია მიმდინარე საქმიანობით, ახდენს სახელმწიფო კონცერნების მუშაობის კოორდინაციას და პასუხს აგებს მათ მუშაობაზე.
IV ეტაპი. ხუთწლიანი გეგმების შემუშავება და რეალიზაცია
კონკრეტული ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტების შემუშავება და რეალიზაცია იმპორტშემცვლელი სიმძლავრეებისა და სტრუქტურებწარმომქმნელი კონცერნების განვითარების თვალსაზრისით.