ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების საკითხისათვის
ლალი ვარდიშვილი
ნებისმიერი ქვეყნის სასაქონლო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შექმნა საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. სოციალისტური (გეგმიანი) ეკონომიკის დროს კონკურენცია მავნე მოვლენად ითვლებოდა და ეკონომიკურ ლიტერატურაში ძალიან მცირე რაოდენობით თუ იწერებოდა შრომები საბაზრო თემებზე.
მოწინავე საბჭოთა, მათ შორის, ქართველი ეკონომისტებიც ვარაუდობდნენ, რომ სახალხო მეურნეობის განვითარებისა და სასაქონლო დეფიციტის აღმოსაფხვრელად საჭიროა საბაზრო მეთოდების გამოყენება, მაგრამ ასეთი მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდიოდა მეურნეობრიობის გეგმიან სისტემასთან, ამიტომ შეუძლებელი იყო მისი პრაქტიკული რეალიზაცია.
გეგმიანი ეკონომიკის პერიოდში ეკონომიკური მეცნიერება უმთავრესად განიხილავდა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებული იყო არა კონკურენციასთან სასაქონლო ბაზრებზე, არამედ წარმოების კონცენტრაციასთან. წარმოების კონცენტრაციის დონის განსაზღვრისათვის იყენებდნენ შემდეგ მაჩვენებლებს:
– სხვადასხვა სიდიდის საწარმოთა წილი გამოსაშვები პროდუქციის მოცულობაში (ძირითადი მაჩვენებელი);
– მუშათა რიცხვი;
– საწარმოს ძირითადი ფონდების ღირებულება;
– ენერგეტიკული დანადგარების სიმძლავრე;
– ელექტროენერგიის მოხმარება.
გეგმიანი ეკონომიკის პირობებში წარმოების კონცენტრაცია, რაც წარმოშობდა ინდუსტრიის გიგანტებს, მიჩნეული იყო, როგორც განსაკუთრებით დადებითი მოვლენა, რომელიც იძლეოდა მასშტაბის ეფექტს. ამასთან, კონცენტრაციის უპირატესობებში ჩამოთვლიდნენ კონკურენტული ბრძოლის არარსებობასა და გეგმაზომიერ ხასიათს. მაგრამ იგნორირებული იყო წარმოების კონცენტრაციის უარყოფითი შედეგები – ეკოლოგია, ნედლეულის ტრანსპორტირების ხარჯები სხვ.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურენციას ემყარება, წარმოიშვა ბაზრებზე კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების დამუშავების აუცილებლობა მარკეტინგული მიდგომის საფუძველზე. ეს საჭიროა სასაქონლო ბაზრების ანალიზის, ბაზრის განვითარებისა და მონოპოლიების შეზღუდვისათვის.
ბოლო პერიოდამდე ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მეცნიერება ყურადღებას ამახვილებდა დარგობრივ და არა ცალკეული სასაქონლო ბაზრის საკითხებზე. ტრადიციული მიდგომა არ ითვალისწინებდა ბაზრის სხვა მონაწილეებს – მოცემულ ბაზარზე საქონლის მიმწოდებლებს სხვა რეგიონებიდან და იმპორტიორებს. ყოველთვის როდი შეიძლებოდა ბაზრების ანალიზისას შემცვლელი საქონლის არსებობის გათვალისწინება, რომლის წარმოება, როგორც ალტერნატივისა (და მომხმარებლებისათვის არჩევანის შესაძლებლობისა) გეგმიანი ეკონომიკის დროს, არც კი ითვლებოდა მიზანშეწონილად. ბუნებრივია, მყიდველებს არ ჰქონდათ არჩევანი, რადგანაც საქონელი იწარმოებოდა და ნაწილდებოდა დირექტიული წესით.
დღეს საქართველოში აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირების ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც აამაღლებს სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, ხელს შეუწყობს ადგილობრივ საქონელმწარმოებელთა საქმიანობას საგარეო კონკურენციის პირობებში, ე.ი. განავითარებს ცივილიზებულ კონკურენციას.
სასაქონლო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს მდგომარეობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა “საშუალო” ან “ტიპური” დარგი. არ არის ორი მსგავსი დარგი. აგრეთვე არ არსებობენ “საშუალო” თუ “ტიპური” ბაზრებიც. ამიტომ კონკურენციის მდგომარეობის შეფასების მოდელის აგება, რომელიც მისაღებია აბსოლუტურად ყველა სასაქონლო ბაზრისათვის, შეუძლებელია.
სასაქონლო ბაზრებზე კონკურენციის მდგომარეობის შეფასებისას აუცილებელია მარკეტინგის გამოყენებით კონკურენციაზე მოქმედი ბევრი ფაქტორის გათვალისწინება, რომელთა შორის რაოდენობრივი მაჩვენებლების, კრიტერიუმების არმქონე შეიძლება მხოლოდ სუბიექტურად შეფასდეს. კონკურენციის შეფასებისას საერთო შეიძლება იყოს მხოლოდ პრინციპები, მიდგომები. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკეულ ფაქტორთა მნიშვნელობა, რომელიც არსებითად იქნება განსხვავებული სხვადასხვა ბაზარზე. მაგალითად, სამომხმარებლო საქონლის (საცალო ვაჭრობის) ბაზრებზე მოქმედებს წვრილ გამყიდველთა და მყიდველთა დიდი რაოდენობა. საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების საქონლის ბაზარზე მოქმედებენ ნაკლები რაოდენობის მყიდველები; ისინი უფრო მსხვილია და მათთვის დამახასიათებელია კონცენტრაცია გარკვეულ ადგილებში. თითოეული საქონლის ბაზარს გააჩნია თავისებურებები და საჭიროა მათი გათვალისწინება.
სასაქონლო ბაზრის ანალიზის დროს განისაზღვრება ბაზრის სუბიექტები (მონაწილეები) – გამყიდველები და მყიდველები და ბაზრის ობიექტები – საქონელი (პროდუქტი, მომსახურება, სამუშაო). კონკურენციის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს ბაზრის სტრუქტურა, კერძოდ ფირმების რაოდენობა და მათი წილი.
ბაზარზე კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასებისათვის იყენებენ ლორენცის მრუდს, რომელიც უჩვენებს, ბაზრის როგორი წილი (პროცენტობით) უჭირავთ ბაზრის მონაწილეებს. მაგრამ პრაქტიკაში მისი აგება საკმაოდ შრომატევადია და ამავე დროს საკმაოდ ზუსტად ვერ ასახავს კონკურენტული გარემოს მდგომარეობას.
კონკურენციის მდგომარეობის შეფასებისათვის განისაზღვრება ბაზრის მოცულობა და მასზე სამეურნეო სუბიექტების წილი. იყენებენ მაჩვენებლებს:
1) კონცენტრაციის კოეფიციენტი ჩღ;
2) ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (ჰჰი), რომელიც გაიანგარიშება საქონლის გაყიდვის შესახებ მონაცემების მიხედვით.
კონცენტრაციის კოეფიციენტი ჩღ განისაზღვრება ბაზარზე 3, 6, 10, 25 და 50 (ან 4, 8, 20 და 50) უმსხვილესი სამეურნეო სუბიექტებისათვის. ჩღ გაიანგარიშება, როგორც ბაზარზე რამდენიმე უმსხვილესი მიმწოდებლის წილი (ყველაზე ხშირად ეს კოეფიციენტი გაიანგარიშება 3 ან 4 ყველაზე მსხვილი სამეურნეო სუბიექტისათვის). კონცენტრაციის კოეფიციენტი ვერ ხსნის წილის განაწილებას ბაზრის მსხვილ მონაწილეებს შორის, რომლებისთვისაც განისაზღვრება ჩღ. ეს არის მისი არსებითი ნაკლი. აგურის ბაზრის ანალიზი ამის ნათელი მაგალითია იმ შემთხვევაში, როცა ბაზრის 5 ყველაზე მსხვილი მონაწილიდან 2-3 მონაწილე მათი სხვადასხვა კომბინაციებში მოქმედებათა შეთანხმების გამო განიხილება, როგორც ბაზრის ერთი მონაწილე. ამასთან, ვლინდება, რომ კონცენტრაციის კოეფიციენტი არ იცვლება და იგი შეიძლება გახდეს ბაზრის დომინირებული მონაწილე.
ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი გაიანგარიშება, როგორც ბაზარზე მოქმედი ყველა ფირმის წილის კვადრატთა ჯამი. ეს ინდექსი მონოპოლიზაციის დონის ყველაზე ადეკვატური დახასიათებაა. რაც უფრო მეტია ჰჰი-ის მნიშვნელობა, მით უფრო გავლენიანია მსხვილი კომპანიები. ჰჰი-ის ინდექსის მაქსიმალური მნიშვნელობაა, როცა ბაზრის ერთი მონაწილეა 1000.
განვითარებული საბაზრო ინფრასტრუქტურის ქვეყნებში მიღებულია ბაზრების კონცენტრაციის დონის შემდეგი კრიტერიუმები:
– მაღალი (ჰჰი > 1800, ჩღ4 > 80%);
– ზომიერი (1000 < ჰჰი < 1800, 45 < ჩღ4 < 80%);
- სუსტი (ჰჰი < 1000, ჩღ4 < 45%).
ბაზარზე კონკურენციის მდგომარეობის სურათი შეიძლება შეავსოს შემდეგმა მაჩვენებლებმა:
1) მსხვილი სამეურნეო სუბიექტების წილი (დასაქმებულთა რიცხვისა და ძირითადი საწარმოო ფონდების ღირებულების მიხედვით) ყველა სამეურნეო სუბიექტების საერთო რაოდენობაში, რომლებიც მოქმედებენ კონკრეტულ ბაზარზე;
2) პოტენციური კონკურენცია - ბაზარზე ახალი ფირმების გამოსვლის ალბათობა, რაც განპირობებულია მაღალი ეკონომიკური მოგების მიღების შესაძლებლობებით. ბაზარზე რეალური გასვლა, აგრეთვე ბაზარზე ახალი მონაწილეების პოტენციური გასვლის საშიშროება კონკურენციის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალებია, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანწილად შეზღუდონ ნებისმიერი მონოპოლური ქცევა;
3) საქონლის სიმწიფე და ბაზრის განვითარებულობა. გამოყოფენ საქონლის სასიცოცხლო ციკლის 4 სტადიას: გაჩენა, ზრდა, სიმწიფე და დაძველება (დაბერება).
"მოწიფულ" და "ბერებად" ბაზრებზე (I ჯგუფი) კონკურენციის დაქვეითების საშიშროება მაღალია, ვიდრე "ახლადგაჩენილ" და "მზარდ" ბაზრებზე (II ჯგუფი). ეს აიხსნება იმით, რომ საწარმოები (ფირმები), რომლებიც მოქმედებენ I ჯგუფის ბაზრებზე, როგორც წესი, აქტიურად იბრძვიან ბაზარზე თავისი წილის გადიდებისათვის ბრუნვის ზრდის ტემპების შემცირებისა და დანახარჯების ოპტიმიზაციის კომპენსაციის მიზნით. პირიქით, მზარდი ბაზარი, რომელიც იძლევა მაღალი მოგების გარანტიას, იზიდავს ახალ საწარმოთა დიდ რიცხვს. ბაზარზე მათი შეღწევა შედარებით იოლია, ვინაიდან უფრო მსხვილი ფირმები ამ სტადიაზე ვერ ფლობენ საკმარის საბაზრო ძალას კონკურენციის შეზღუდვისათვის;
4) არსებული საბაზრო ძალაუფლების გამოყენება ანტიკონკურენტული მიზნით. საბაზრო ძალა უკუკავშირშია მოთხოვნის ელასტიკურობასთან: სხვა თანაბარ პირობებში, რაც უფრო მეტია რომელიმე საქონლის შემცვლელები, მით უფრო ელასტიკურია მოთხოვნა მასზე და, შესაბამისად, მით უფრო ნაკლებ საბაზრო ძალას ფლობს მიმწოდებელი (გამყიდველი). საბაზრო ძალას განსაზღვრავს ნედლეულის და საფინანსო რესურსები, სამრეწველო საკუთრებაზე უფლების გამოყენება (პატენტები, ლიცენზიები, სავაჭრო ნიშნები), სხვა რეგიონის (მ.შ. მსოფლიო) ბაზარზე სამეურნეო სუბიექტის პოზიციები, რეკლამისა და საქონლის წინ წაწევის ხარჯები;
5) ანტიკონკურენტული ქცევა. სამეურნეო სუბიექტების ასეთი ქცევა რიგ შემთხვევაში თავისთავად შეიძლება იყოს ბაზარზე გასვლის ბარიერი. ანტიკონკურენტული ქცევის წყაროებია: ერთი ან რამდენიმე სამეურნეო სუბიექტის დომინირებული მდგომარეობის არსებობა; ვერტიკალური შეთანხმებები; ჰორიზონტალური შეთანხმებები. მაქსიმალური მოგების მისაღწევად ფირმებს შეუძლიათ შექმნან კარტელი - შეთანხმება ფასების, პროდუქციის მოცულობის, ბაზრის წილის, მყიდველთა დანაწილების, ბაზრის ტერიტორიული დაყოფის, გაყიდვის ერთობლივი სტრუქტურების შექმნის, მოგების განაწილების შესახებ. სხვა ფაქტორები, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას, არის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციები.
6) ბაზრის გახსნილობა საერთაშორისო და რეგიონთაშორისი ვაჭრობისათვის. იმპორტის ლიბერალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მიმწოდებელთა რიცხვის გადიდების სწრაფი წესია. ცხადია, რომ "ღია" ბაზრებზე კონკურენციის დაქვეითების საშიშროება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე "დახურულ" ბაზრებზე. ანალოგიური პროდუქციის იმპორტი არსებითად ძირს უთხრის ეროვნული კომპანიების (საწარმოების) საბაზრო ძლიერებას, და პირიქით, ბაზრების შედარებით დაკეტილობა საერთაშორისო ვაჭრობისათვის შესამჩნევად ამაღლებს მონოპოლიზაციის ზრდისა და კონკურენციის შეზღუდვის საშიშროებას.
"ბაზრის გახსნილობის" დასახასიათებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაჩვენებელი "იმპორტის შეღწევის ხარისხი" (იშხ). ეს მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საშინაო მოთხოვნის წილი, რომელიც იფარება (კმაყოფილდება) იმპორტის ხარჯზე.
კონკრეტული საქონლის ბაზრის "გახსნილობა" განისაზღვრება იშხ-ის მაჩვენებლის შედარებით ამ ბაზარზე იშხ-ის საშუალო მაჩვენებელთან (გაანგარიშებული ყველა საქონლის მიხედვით). მაგალითად, თუ იშხ-ის საშუალო მაჩვენებელი ბაზარზე 20 პროცენტზე მეტია, იგი შეიძლება ჩაითვალოს იმპორტისათვის ღიად. დაბალი მაჩვენებელი კი მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი დახურულია ამა თუ იმ საქონლისათვის.
კონკურენტული გარემოს შეფასების მაჩვენებელთა ნაკრებიდან ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციის კოეფიციენტს (CR) და ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსს (ჰჰი), იმპორტის შეღწევის ხარისხს (იშხ). დანარჩენი ფაქტორები ფასდება სუბიექტურად, ვინაიდან არ არის შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები.