ექსკლუზიური ინტერვიუ პოლონეთის ელჩთან საქართველოში, მის აღმატებულება იაიცეკ მოლტუნოვსკისთან
ელჩს ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი ნინო არველაძე
ნ.ა – თქვენო აღმატებულებავ, წინასწარ გილოცავთ 11 ნოემბრის დღესასწაულს – პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი გადასახედიდან, რას ნიშნავს ეს დღე პოლონეთისათვის?
იაიცეკ მოლტუნოვსკი – დიდი მადლობა, ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა. გადავხედოთ ამ დღესასწაულის, ანუ დამოუკიდებლობის დღის ისტორიას. პოლონეთმა დამოუკიდებლობა 1918 წელს მიიღო. ეს დღესასწაული მეორე მსოფლიო ომამდე მხოლოდ ორჯერ, 1927 და 1938 წლებში აღინიშნა. კომუნისტური წყობის დროს ჩვენ არ შეგვეძლო ამ დღის ოფიციალურად აღნიშვნა, ის არაოფიციალურად აღინიშნებოდა – ტარდებოდა დემონსტრაციები, იკრიბებოდა ხალხი, მაგრამ კომუნისტური ხელისუფლების მიერ ეს დღე დღესასწაულად არ აღიქმებოდა. ოფიციალური კომუნისტური დღესასწაული 22 ივლისი იყო, ხოლო ჩვენს კალენდარში სახელმწიფოს დღესასწაულებს შორის 11 ნოემბერი დამოუკიდებლობის დღედ მხოლოდ 1989 წელს აღდგა. თუ ამ ისტორიას გადავხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღესასწაული 1918 წლიდან იღებს სათავეს, ჩვენ მისი აღნიშვნის არც თუ ისე დიდი გამოცდილება გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და მას საზეიმო ხასიათი აქვს. ის იმით გამოირჩევა, რომ ქვეყნის დედაქალაქში პოლონეთის პრეზიდენტის მონაწილეობით ტარდება მთავარი ღონისძიებები, საზეიმო სამხედრო აღლუმი, ქალაქის ყველა ქუჩაში გამოფენილია სახელმწიფო დროშები, იხსენებენ პოლონეთის გმირს – იოსებ კლემენს პილსუდსკის, რომელმაც, სხვათა შორის, ქართველი ოფიცრებიც მიიწვია პოლონეთის არმიაში სამსახუროდ. მეორე მსოფლიო ომამდეც ჩვენთან მსახურობდნენ ქართველები და იბრძოდნენ პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის, მათი ნაწილი კატენში დაიღუპა, ნაწილი კი ვარშავის ამბოხებისას. ეს არის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის საერთო მონახაზი – პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში ტარდება კონფერენციები და სპორტული ღონისძიებები. ახლა კი, რაც შეეხება თქვენს კითხვას – თუ რას ნიშნავს ეს დღესასწაული პოლონეთისთვის დღევანდელი გადასახედიდან, ჩემი თაობისთვის ეს არის იმ დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე, რომელიც პოლონელებმა უკვე მოვიპოვეთ, ახლა საჭიროა მისი კონკრეტული გამოყენება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია. მე მივიჩნევ, რომ ეს მხოლოდ წარსულის აღსანიშნავი დღე არ არის, ის საკითხს შემდეგნაირად გვიყენებს – კარგია, რომ დამოუკიდებლები და დიდი სტრუქტურების წევრი ვართ, მაგრამ რა სიახლეების შეთავაზება შეგვიძლია და რით შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის დახმარება? ჩვენ წარსულის გარდა ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვლაპარაკობთ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ჩნდება ამ დღესასწაულის ახლებურად აღნიშვნის იდეები, უკვე რამდენიმე წელია ქალაქ გდანსკში, საიდანაც დაიწყო კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო მსვლელობები, ტარდება აღლუმი, მაგრამ ის განსხვავებული სახისაა – იქ გამოდიან ველოსიპედებით, ცხენებით, სასაცილო კოსტუმებში გამოწყობილი ხალხი, ანუ ეს სულ სხვა ტიპის აღლუმია, სადაც დომინირებს სიხარული, სიცილი და ხუმრობა. იმის თქმა მსურს, რომ ეს დღე მხიარულად უნდა აღინიშნოს, ამასთანავე, ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს დღე პოლონელი ხალხისთვის.
ნ.ა – პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და ლობისტია ევროკავშირში. თბილი ურთიერთობებია საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს 23 ნოემბრის დღესასწაულზე ესტუმრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ორ ქვეყანას შორის მწირი ეკონომიკური ურთიერთობებია. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს პოლონეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად?
იაიცეკ მოლტუნოვსკი – დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მე მას ყველაფერში ვეთანხმები. თქვენი კითხვის პირველ ნაწილში პოლიტიკურ ურთიერთობებზე საუბრობთ, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება მას არ ემთხვევა და ის ჩვენს მოლოდინსაც არ ამართლებს, თუ ვისაუბრებთ ამჟამინდელ ეკონომიკურ კონტაქტებზე, ის, პირველ რიგში, სავაჭრო ბრუნვით განისაზღვრება, რომლის წლიური მოცულობა არც ისე დიდია, ჩვენი მონაცემებით, ის 15 მლნ. დოლარს შეადგენს, ე.ი აღინიშნება ამ ბრუნვის თანდათანობითი ზრდა, მაგრამ ეს ჩვენს მოლოდინს არ ემთხვევა. რა თქმა უნდა, საუბარია უფრო მსხვილ პროექტებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტაქტები ვითარდება, ორივე ქვეყანაში მაინც არსებობს ინფორმაციის მიწოდების დეფიციტი, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მხოლოდ ჩვენი საელჩოების აქტივობას არ ვგულისხმობ, ვფიქრობ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ. იყო გარკვეული საინფორმაციო ვაკუუმი, რაც ახლა აღარ არსებობს, რადგან სიტუაცია იცვლება, მაგრამ ამ საკითხზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მივიჩნევ, რომ პოლიტიკური კონტაქტები ინტერესების გაღვივებას ეხმარებიან. თუ პოლიტიკური კონტაქტების პიკზე ვისაუბრებთ, ჩვენ ვგულისხმობთ 2006 წელს. მე ამ საკითხის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტური ხედვა გამაჩნია და ვფიქრობ, რომ თუ 2006 წელი ურთიერთობების მხრივ წარმატებული იყო, მას მომავალ წლებში უკეთესი შედეგები მოჰყვება. პოლონეთსა და საქართველოს დიდი ხნის ურთიერთობები არ აქვს. მე მივიჩნევ, რომ თუ პოლიტიკური ურთიერთობები გაგრძელდება, ორ ქვეყანას შორის ხშირად მოხდება დელეგაციების გაცვლა, დავამატებ, რომ 29 ნოემბერს თბილისში კონფერენციაზე ჩამოდის პოლონეთის სენატის მარშალი ბოგდან ბორუსაევიჩი, ახლახან პოლონეთიდან დაბრუნდა ქართველ პარლამენტართა დელეგაცია, ეს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მით უმეტეს, რომ ქართველი პარლამენტარები ესტუმრნენ ვარშავას, ისინი ასევე ესტუმრნენ პოლონეთის სწრაფად განვითარებად ქალაქ ვროცლავს, სადაც ახალი კონტაქტების დამყარების მრავალი შესაძლებლობაა. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა გადავლახოთ ინფორმაციული ბარიერი, ასევე მართებული იქნებოდა პირდაპირი ავია ურთიერთობების დამყარება და ვფიქრობ, რომ ორივე მხარემ ამ საკითხზე უნდა ვიფიქროთ, რაც ბიზნესურთიერთობების განვითარებაში ძალიან დადებით როლს ითამაშებს. ამჟამად არის საკმაოდ მოსახერხებელი რეისები ვენიდან და მიუნხენიდან, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვჭირდება. ჩემი ინფორმაციით, ქართული ავიახაზების წარმომადგენლები ამ საკითხს განიხილავდნენ, ჩვენ ეს მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ. ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრობები, რომლებიც საქართველოსა და პოლონეთში ეწყობა. მაგალითისთვის, ქალაქ პოზნანში ქართული დელეგაციები უკვე დაესწრნენ ამ სახის ბაზრობას. ცოტა ხნის წინ, ვარშავაში, ტურიზმისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა და იქ საქართველოსთვის გამოყოფილი კუთხე დიდი დაინტერესების საგანი გახდა, ანუ, ყველა ეს მომენტი უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოთ.
კარგი იქნებოდა, პოლონეთის ეკონომიკის შესაძლებლობების შესახებ საქართველოში პრეზენტაციის გაკეთება, ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ. ვფიქრობ, გაიზრდება საქართველოში პოლონეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა და გვეყოლება მრჩეველი ეკონომიკის დარგში, რომელიც ჩვენი გეგმების განხორციელებაში დაგვეხმარება. მე ამ პერსპექტივას ვხედავ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარ პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს, თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაავრცელოთ თქვენი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და მას კარგი ფიარი უნდა გაუკეთოთ, რათა საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს, რაც მეტად ნიშვნელოვანია. პოლონეთში საქართველოსთვის კარგი ატმოსფეროა შექმნილი.