ამონაგებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა

რედაქციისაგან

ტერმინი ხარჯები გამოიყენება აქტივების კონვერსიის (გადამუშავების) პროცესთან დაკავშირებით თვითღირებულების განსაზღვრის მიზნით. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობის წარმოებასთან, საწარმოს მართვასთან, გრძელვადიანი აქტივების შექმნასა და სხვა პროცესებთან. ბასს 2-ის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კონვერსიის (გადამუშავების) დანახარჯები მოიცავს ისეთ დანახარჯებს, რომლებიც პროდუქციის ერთეულების წარმოებასთან უშუალოდაა დაკავშირებული.
დანახარჯი, რომელიც პროდუქციის თვითღირებულებას აყალიბებს, ფინანსური თვალსაზრისით ხარჯად იქცევა მარაგის გაყიდვისთანავე. დანახარჯები და ხარჯები შეიძლება ტოლი იყოს, მაგრამ უფრო ხშირად ისინი განსხვავებული სიდიდეებია. განსხვავება განპირობებულია იმით, რომ:
წარმოებული პროდუქციის რაოდენობა არ ემთხვევა გაყიდული პროდუქციის რაოდენობას;
სააღრიცხვო პრაქტიკიდან გამომდინარე, ზოგიერთი ხარჯი არ მიეკუთვნება პროდუქციის თვითღირებულებას;
ხდება დანახარჯების კაპიტალიზაცია.
დანახარჯები, რომლებიც არ ჩაერთვება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულებაში და აღიარდება პერიოდის ხარჯებში, შემდეგია:
ნედლეულისა და მასალების, ცოცხალი შრომისა და სხვა საწარმოო დანახარჯების ზენორმატიული დანაკარგების თანხები;
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შენახვის დანახარჯები, იმ დანახარჯების გამოკლებით, რომელიც აუცილებელია წინა საწარმოო სტადიისათვის;
ზედნადები ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც დაკავშირებული არ არის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მოცემულ ადგილამდე ტრანსპორტირებასა და მათ სათანადო მდგომარეობაში მოყვანასთან;
რეალიზაციის დანახარჯები.
ტერმინი გასავალი გამოიყენება აქტივებთან მიმართებაში. გასავალი ზოგჯერ შეიძლება დანახარჯის ან ხარჯის შინაარსს ატარებდეს, მაგრამ ეს მათი გაიგივების საფუძველს არ იძლევა. მაგალითად, აქტივის შესაძენად გადახდილი თანხა არის გასავალი და არა დანახარჯი ან ხარჯი; საწარმოო ძირითადი საშუალებების რემონტზე მომსახურების ღირებულების გადახდა არის გასავალი და ერთდროულად დანახარჯი, მაგრამ არა ხარჯი.
ხარჯს შეიძლება იგი წარმოადგენდეს ნაწილობრივ ან სრულად გაყიდვის მოცულობის პროპორციულად.
რეალიზაციიდან ამონაგებისადმი შეპირისპირებული ხარჯები აღრიცხვის მიზნებისათვის შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:
რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულება;
საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები;
მიწოდების ხარჯები.
საერთო, ადმინისტრაციული ხარჯები და მიწოდების ხარჯები თვითღირებულებაში არ არის ჩართული და პერიოდის ხარჯად განიხილება.
ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკა რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების აღრიცხვის ორ მეთოდს იყენებს. ისინი უკავშირდება მოგებისა და ზარალის ანგარიშგების წარდგენის მეთოდებს და აღრიცხვაშიც შესაბამისი სახელწოდებით მოიხსენიება. ესენია ხარჯების აღრიცხვა ეკონომიკური შინაარსის მიხედვით და ხარჯების აღრიცხვა ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. უფრო ზუსტი იქნება, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს დანახარჯების აღრიცხვა, რადგან ორივე მეთოდის გამოყენება თავდაპირველად აქცენტს აკეთებს დანახარჯების აღრიცხვაზე და ამით უზრუნველყოფს როგორც ხარჯების დადგენას, ისე აქტივის სახით დარჩენილი მარაგის თვითღირებულების განსაზღვრას.
პროდუქციის თვითღირებულების დადგენა მმართველობითი აღრიცხვის უშუალო საგანია. ფინანსურ აღრიცხვაში ჩვენი მიზანი არ არის თვითღირებულების კალკულაციის დეტალების განხილვა, არამედ აღნიშნული ორი მეთოდის შინაარსის გაგება. ეკონომიკური შინაარსის მიხედვით დანახარჯების აღრიცხვა გულისხმობს შეძენილი მარაგის დანახარჯად ჩათვლას შეძენისთანავე, რომელიც წლის ბოლოს კორექტირდება რეალიზაციის ფაქტობრივ დონემდე. ეს პროცესი უფრო გასეგები რომ გახდეს, განვიხილოთ მაგალითი:
დავუშვათ, საწარმოს სასაქონლო მარაგი წლის დასაწყისში შეადგენს 40 000 ლარს. საწარმომ საანგარიშგებო პერიოდში სხვადასხვა დროს შეიძინა 165 000 ლარის საქონელი ნაღდ ანგარიშზე. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეძენა ბუღალტრულად გატარდება:
დებეტი 1610 საქონელი – 165000
კრედიტი 1110 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში – 165000
დებეტი 7210 გაყიდული/შეძენილისაქონელი – 165000
კრედიტი 1110 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში – 165000
საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში გაიყიდა 175 000 ლარის თვითღირებულების საქონელი. მოცემული ოპერაცია დანახარჯების ეკონომიკური შინაარსით აღრიცხვის მიზნით ცალკე გატარებას არ მოითხოვს, რადგან საქონელი შეძენისთანავე რეალიზებულად არის აღქმული. ფუნქციური დანიშნულებით აღრიცხვისას საქონლის გასვლა გატარდება
დებეტი 7200 რეალიზებული საქონლის თვითღირებულება – 175000
კრედიტი 1610 საქონელი – 175000
საანგარიშგებო პერიოდში მომწოდებელს დაუბრუნდა 4 000 ლარის საქონელი
დებეტი 1110 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში – 4000
კრედიტი 1610 საქონელი – 4000
დებეტი 1110 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში – 4000
კრედიტი 7220 შეძენილი საქონლის უკან დაბრუნება – 4000
როგორც ფუნქციური დანიშნულებით აღრიცხვის მონაცემებიდან ჩანს, გაყიდული საქონლის თვითღირებულება 175 000 ლარია. იგი უნდა აღიარდეს ხარჯად. მაგრამ ეკონომიკური შინაარსის მიხედვით ჩვენ მხოლოდ 165 ლარი გვაქვს თვითღირებულების სახით დაფიქსირებული. წლის ბოლოს საწარმო ატარებს ინვენტარიზაციას და ადგენს, რომ საქონლის მარაგი 6000 ლარს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კორექტირება შეაქვს მარაგის ანგარიშში
დებეტი 7290 საქონლის მარაგის კორექტირება – 14000
კრედიტი 1610 საქონელი – 14000
საქონლის თვითღირებულების მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაზე გადატანამდე აუცილებელია მისი ოდენობის დაზუსტება. ეს განსაკუთრებით აუცილებელია დანახარჯების ეკონომიკური შინაარსის მიხედვით აღრიცხვის დროს. ამ მიზნით გაყიდული საქონლის ანგარიშზე გადატანილი უნდა იყოს მისი მარეგულირებელი ანგარიშის ბრუნვა
დებეტი 7220 შეძენილი საქონლის უკან დაბრუნება – 4000
კრედიტი 7210 გაყიდული/შეძენილი საქონელი – 4000
წლის ბოლოს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება უპირისპირდება მიღებულ ამონაგებს მოგება-ზარალის ანგარიშზე.
საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა
დანახარჯების ეკონომიკური შინაარსის მიხედვით აღრიცხვის მეთოდსა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით დანახარჯების აღრიცხვასთან განსხვავება უფრო ნათელი გახდება, თუ პარალელი გაივლება საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვასთან დაკავშირებითაც. მაგალითისათვის მოვიყვანოთ ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი. იგი ფუნქციური დანიშნულებით ადმინისტრაციული ხარჯია, ეკონომიკური შინაარსით კი სამუშაო ძალის დასაქირავებელი ხარჯი, რომელიც შესაძლებელია მიეკუთვნოს არაპირდაპირი ხელფასის ანგარიშს. სააღრიცხვო მონაცემთა მეტი ინფორმაციულობისათვის სასურველია, ორივე მეთოდით დანახაჯების აღრიცხვისას ცალკე გამოიყოს ადმინისტრაციული ხარჯი და მისი აღრიცხვა მოხდეს ხარჯების ეკონომიკური ელემენტების მიხედვით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებულია საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა ანგარიშთა გეგმაში ცალკე ჯგუფად გამოყოფილ ანგარიშებში.
მაგალითი
დარიცხულია ხელფასი ადმინისტრაციული პერსონალისათვის 2000 ლარი
დებეტი 7410 შრომის ანაზღაურება – 2000
კრედიტი 3130 გადასახდელი ხელფასები – 2000
დარიცხულია სოციალური გადასახადები 620 ლარი
დებეტი 7415 სოციალური დანარიცხები – 620
კრედიტი სოციალური ვალდებულებების ანგარიშები – 620
გადახდილია სატელეფონო ხარჯი 215 ლარი
დებეტი 7430 კომუნიკაციის ხარჯი – 215
კრედიტი ფულადი სახსრების ანგარიში – 215
დარიცხულია ადმინისტრაციული შენობის ცვეთა 2700 ლარი
დებეტი 7455 ცვეთა და ამორტიზაცია – 2700
კრედიტი 2230 შენობების ცვეთა – 2700
კორექტირებულია საეჭვო მოთხოვნები 7300 ლარი
დებეტი 7460 საეჭვო მოთხოვნებთან დაკავშირებული ხარჯები – 7300
(საეჭვო მოთხოვნების საერთო ხარჯად აღიარება ნაკარნახებია ბასს 18-ის მე-18 პუნქტით, რომელიც მიუთითებს, რომ თუ ამონაგები უკვე ასახულია და შემდეგ გახდება საეჭვო გადასახდელი თანხის ამოღება, ამოსაღები თანხა აღიარებული იქნება ხარჯის სახით და არა როგორც უკვე ასახული ამონაგები თანხის შესწორება)
კრედიტი 1415 საეჭვო მოთხოვნების კორექტირება – 7300
დარიცხულია ეკონომიკური საქმიანობის გადასახადი 350 ლარი
დებეტი 7465 სხვა საგადასახადო ხარჯი – 350
(მოცემულ ანგარიშზე აისახება ყველა საგადასახადო ხარჯი, გარდა აქციზის, დღგ-ის, სოციალური და მოგების გადასახადისა)
კრედიტი 3390 სხვა საგადასახადო ვალდებულებები – 350
გადახდილია სასამართლო მოსაკრებელი სარჩელთან დაკავშირებით 1700 ლარი
დებეტი 7490 სხვა საერთო ხარჯი – 1700
კრედიტი ფულადი სახსრების ანგარიში – 1700
შეჯამებულია საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები მოგებისა და ზარალის ანგარიშზე გადასატანად
დებეტი 7400 საერთო და ადმინისტრაციული ხარჯი – 14885
კრედიტი 7410 შრომის ანაზღაურება – 2000
კრედიტი 7415 სოციალური დანარიცხები – 620
კრედიტი 7430 კომუნიკაციის ხარჯები – 215
კრედიტი 7455 ცვეთა და ამორტიზაცია – 2700
კრედიტი 7460 საეჭვო მოთხოვნებთან დაკავშირებული ხარჯები – 7300
კრედიტი 7465 სხვა საგადასახადო ხარჯი – 350
კრედიტი 7490 სხვა საერთო ხარჯი – 1700
თუ საწარმო იყენებს ხარჯების ეკონომიკური შინაარსის მიხედვით აღრიცხვის მეთოდს, მაშინ საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების ჯგუფის ანგარიშებიდან წლიური ბრუნვა ანგარიშების დახურვის მიზნით უშუალოდ მოგებისა და ზარალის ანგარიშზე შეიძლება იყოს გადატანილი.
მიწოდების ხარჯების აღრიცხვა
ბასს-ის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების მიწოდების დანახარჯები საანგარიშგებო პერიოდის ხარჯებად განიხილება. მიწოდების ხარჯების აღრიცხვის სქემა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვის იდენტურია. მიწოდების ხარჯი პერიოდის ხარჯად განიხილება და საერთო და ადმინისტრაციული ხარჯის მსგავსად სრული ოდენობით აისახება საანგარიშგებო პერიოდის მოგებისა და ზარალის ანგარიშზე.
რეალიზაციიდან ამონაგების აღრიცხვა
რეალიზაციიდან ამონაგების აღრიცხვა მოიცავს პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციიდან საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების აღრიცხვას. ერთი შეხედვით, დანახარჯების ეკონომიკური შინაარსის მიხედვით აღრიცხვისას რეალიზაციიდან ამონაგებში უნდა შედიოდეს გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიც, მაგრამ სააღრიცხვო მიზნებით ისინი ცალკე ობიექტად განიხილება.
საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან მიღებული ამონაგების აღიარების განხილვისას მითითებული იყო ზოგადი პირობები, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და გარიგების პირობების გათვალისწინებას მოითხოვს. ამიტომ ბუღალტერი გადაწყვეტილების მიღებისას, აღიაროს თუ არა ამონაგები, უნდა ხელმძღვანელობდეს კანონმდებლობით და ბასს 18-ით ( სასურველია ბასს 18-ის დანართის დამოუკიდებლად გაცნობა).
რეალიზაციის პროცესს ხშირად თან სდევს მესამე პირის კუთვნილი თანხების მიღება. რადგან ამონაგები მოიცავს რეალური ღირებულებით შეფასებულ და საწარმოს ანგარიშზე მიღებულ ან მისაღებ ეკონომიკურ სარგებელს, იგი მესამე პირისათვის გადასაცემი თანხებისაგან განცალკევებით უნდა აღირიცხებოდეს. ეს ეხება როგორც ირიბი გადასახადის სახით საწარმოში შემოსულ (შემოსასვლელ) თანხებს, ისე მრწმუნებელის სახელით შეგროვილ თანხებს.
ჩვეულებრივი საქმიანობის სხვა ხარჯები და შემოსავლები
სესხთან დაკავშირებული დანახარჯები. სესხად აღებული ფულადი სახსრების დაბრუნებასთან ერთად სესხის ამღები იხდის პროცენტს საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე. ამასთან, სესხის აღებასა და დაბრუნებას შეიძლება ახლდეს სხვა დანახარჯებიც. ეს დანახარჯები სესხის პროცენტთან ერთად შეადგენს სესხთან დაკავშირებულ დანახარჯებს, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ხარჯად აღიარებას ექვემდებარება. სესხზე დანახარჯების აღრიცხვის საბაზისო მეთოდის მიხედვით სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები აღიარებულ უნდა იქნეს იმ პერიოდის ხარჯებად, როდესაც იქნა გაწეული (ბასს 23, მუხლი 7). მოცემული მეთოდის გამოყენებისას ნებისმიერი სახის, ვადისა და დანიშნულების სესხებზე დანახარჯები აღიარდება პერიოდის ხარჯის სახით.
დანახარჯები, რომელიც პირდაპირ არ აღიარდება ხარჯის სახით, სესხზე დანახარჯების აღრიცხვის ალტერნატიული მეთოდის გამოყენების გზით აქტივის ღირებულებას მიეკუთვნება. ეს დანახარჯები ცვეთის ხარჯის სახით ან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების სახით უპირისპირდება მიღებულ შემოსავლებს.
გრძელვადიანი აქტივების გასვლიდან მიღებული მოგება და ზარალი. ძირითადი საშუალება ექსპლუატაციიდან შეიძლება გავიდეს მათი მწყობრიდან გამოსვლის ან გაყიდვის გამო. მწყობრიდან გამოსული აქტივი ჩამოიწერება საბალანსო ღირებულებით, რაც საწარმოს სავარაუდო მისაღები სარგებლის ნაწილია, რომლის ამოღებაც ვერ მოესწრო. ეს საწარმოს ზარალია, რომელიც აქტივის გასვლისას ხარჯის სახით უნდა აღიარდეს. მაშინ, როდესაც აქტივი იყიდება, საწარმო იღებს მოგებას ან ზარალს, რომელიც გავლენას ახდენს საწარმოს ფინანსურ შედეგზე და ეს თანხა აღიარებული იქნება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში როგორც შემოსავალი ან ხარჯი (ბასს 16, პუნქტი 62).
პერიოდის ბოლოს ყველა საოპერაციო ანგარიში იხურება საპირისპირო ბუღალტრული გატარებით და შედეგი ფიქსირდება საანგარიშგებო პერიოდის მოგება – ზარალის ანგარიშზე.
მაგალითი
საწარმოს პერიოდის განმავლობაში რეალიზაციიდან შემოსავლების სახით მიღებული აქვს 50000 ლარი, მარაგების რეალიზაციის თვითღირებულებამ შეადგინა 35000 ლარი, მიწოდების ხარჯებმა შეადგინა 3000 ლარი, საერთო და ადმინისტრაციულმა დანახარჯებმა – 6000 ლარი, არასაოპერაციო საქმიანობიდან მირებულმა ზარალმა – 1000 ლარი.
დახურვის ოპერაციის გატარება
დებეტი 6100 საოპერაციო შემოსავლები – 50000
კრედიტი 5330 საანგარიშგებო პერიოდის მოგება – 50000
დებეტი 5330 საანგარიშგებო პერიოდის მოგება – 45000
კრედიტი 7100 რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება – 35000
კრედიტი 7300 მიწოდების ხარჯები – 3000
კრედიტი 7400 საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები – 6000
კრედიტი 8200 არასაოპერაციო ხარჯები – 1000
ამის შემდეგ მოხდება მიღებული მოგების დაბეგვრა.