ხელისუფლების “მშვიდი” პოზიცია ITS-ი საქართველოში რჩება
ირმა ებრალიძე
მიუხედავად ბრიტანული კომპანია ITS-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა, საკმაოდ მშვიდად გადაწყდა კომპანიის საქართველოში დარჩენის საკითხი. ხელისუფლება და, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების მინისტრი, მიხეილ მაჭავარიანი, მოთმინებით დაელოდებიან 2001 წლის 31 დეკემბერს – ანუ ხელისუფლებასა და ბრიტანულ კომპანიას შორის კონტრაქტის ოფიციალურად დასრულების თარიღს. თუმცა, ამ “სიმშვიდის” მიუხედავად, მაჭავარიანს, როგორც თვითონ აცხადებს, კომპანიასთან დაკავშირებით უცვლელი პოზიცია აქვს. ITS-ს საბოლოო ვერდიქტს იუსტიციის სამინისტრო გამოუტანს.
სამინისტრო კონტრაქტის შეწყვეტის იურიდიულ მხარეს სწავლობს. “არ არის გამორიცხული, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყდეს ITS-თან ურთიერთობა,” – აცხადებს მაჭავარიანი. საქართველოში ITS-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ნევილ ბისეტს, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულება აქვს და კომპანიის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს უფრო პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. ბისეტი არსად წასვლას არ აპირებს იმის მიუხედავად, რომ ბრიტანული კომპანია დღემდე საქართველოში (სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით) წაგებაზე მუშაობს.
ბრიტანული კომპანია ITS-ის საქართველოდან წასვლის შესახებ საუბარი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საკითხში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა. ITS-ის პრესტიჟი საკმაოდ შეირყა და მის მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვან ამალას ერთადერთ გამოსავლად კონტრაქტის შეწყვეტა მიაჩნდა. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. ITS-ის საქართველოდან წასვლამ, ანუ კონტრაქტის გაუქმებამ, შესაძლებელია, ქართული მხარე იმაზე მეტად დააზარალოს, ვიდრე კომპანიის აქ ყოფნამ. გასულ წელს, დეკემბერში, მთავრობის სხდომაზე საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა კატეგორიულად მოითხოვაITS-თან ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტა. მთავრობამ არ იჩქარა და საკითხი შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადასცა. თუმცა, დღემდე სამინისტროს თავისი დასკვნა არ წარმოუდგენია. როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტროს ჯერჯერობით უჭირს საბოლოო ვერდიქტის გამოტანა. ისე კი, კონტრაქტის გაუქმება მისივე პირობებით საკმაოდ მკაცრ პროცედურას მოიცავს: დაახლოებით 6 თვე კონტრაქტის შეწყვეტას, ხოლო ამდენივე დრო ახალი ტენდერის გამოცხადებას სჭირდება.
საქართველოში ITS-ის “დამკვიდრებიდან” ორი თვის შემდეგ მეწარმეთა უმრავლესობა კომპანიის წარუმატებელი მუშაობის შესახებ ალაპარაკდა. თუმცა, მათთვის ყურადღება მანამდე არავის მიუქცევია, სანამ ხელისუფლება ცარიელი ბიუჯეტის ამარა არ დარჩა. საბაჟოზე უკვე ტრადიციულად ქცეული გეგმის ჩავარდნა ნაწილობრივ ITS-ს დაბრალდა და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში უკვე კონტრაქტის შეწყვეტაზე დაიწყეს ბჭობა. შემოსავლების სამინისტროს დაარსებიდან ამ პრობლემის მოგვარება მინისტრმა ითავა და ერთი თვის განმავლობაში ITS-ის სათავო ოფისის წარმომადგენლებს ეპატიჟებოდა თბილისში. მანამდე კი მიხეილ მაჭავარიანს მსოფლიო ბანკის შეფასებები წარუდგინეს. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში ბრიტანული კომპანიის 7 თვის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს. შემდგომ, როგორც იქნა, ITS-ის სათავო ოფისის წარმომადგენელ, იანივ უილიამსსა და მაჭავარიანს შორის დიალოგი შედგა და 31 მაისს ხელი მოეწერა ოქმს კონტრაქტში ცვლილებების შესახებ, თუმცა, ამ შეხვედრიდან გაცილებით მეტს ელოდნენ. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ კონტრაქტში შესული ცვლილებები განწირული იყო კრახისთვის, ხოლო მაჭავარიანი გვარწმუნებდა, რომ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმების სრულად განხორციელების შემთხვევაში, საბაჟო შემოსავლები მკვეთრად გაიზრდებოდა. კერძოდ, ITS-ის წინასაიმპორტო ინსპექტირება 2500 დოლარის ღირებულების ზემოთ ტვირთებზეც გავრცელდა, რამაც შემოსავლები ერთი-ორად გაზარდა.
ივნისიდან საბაჟომ “ტრადიცია” დაარღვია და გეგმის შესრულება მოახერხა. თუმცა, შემოსავლების სამინისტრო ყოველივეს ITS-ის დამსახურებად ნაკლებად მიიჩნევს. ივნის-ივლისში ერგნეთის ბაზრობა დაიკეტა, რაც საგრძნობლად დაეტყო საბაჟო პარამეტრების შესრულებას, – აცხადებენ სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ საბაჟოს 2000 წლის საბიუჯეტო გეგმა 98 პროცენტით შესრულდა. მას მხოლოდ 2,5 მილიონი ლარი დააკლდა. თუ კომპანია გეგმის შესრულებას დაიბრალებს, მისი მუშაობა მაინც წარუმატებლად აღიქმება. ITS-მა ვერ მოახერხა საბაჟო ინფრასტრუქტურის შეცვლა. კონტრაქტით, კომპანიას საბაჟო რეფორმებისათვის წლის განმავლობაში 500 ათასი ლარი უნდა დაეხარჯა, მაგრამ, როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეფორმისათვის ერთი თეთრიც არ გამოუყვიათ. საქართველოში ITS-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ნებისმიერ “ბრალდებაზე” პასუხი მზად აქვს. მეტიც, ბისეტი ყველა “ბრალდებას” (როგორც თვითონ უწოდებს) თავიდან იცილებს.
– შემოსავლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გარკვეულ კომპრომისს მიაღწიეს, თუმცა, მაჭავარიანის პოზიცია უცვლელია, მინისტრი კვლავ კონტრაქტის შეწყვეტაზე საუბრობს…
– შეხვედრაზე მინისტრს თავისი უარყოფითი პოზიცია არ გამოუთქვამს. ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივედით – კონტრაქტის დასრულებამდე ITS-ი საქართველოში დარჩება.
– კონკრეტულად რა ცვლილებებზე შეთანხმდით?
– პირველ რიგში, კონფლიქტი აღარ არსებობს. ამასთანავე, ბრიტანული კომპანია საბაჟო რეფორმისთვის თავისი შემოსავლებიდან 4%-ს გაიღებს (დაახლოებით 700 ათასი დოლარი).
– კონტრაქტით, ITS-ს საბაჟო რეფორმისათვის წლის განმავლობაში 500 ათასი დოლარი უნდა გამოეყო, მაგრამ, როგორც სამინისტროში აცხადებენ, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.
– სიცრუეა. ITS-მა 1999 წლიდან დღემდე დაახლოებით მილიონი დოლარი დახარჯა საბაჟო სფეროს სრულყოფისათვის.
– მაშინ როგორ ახსნით სამინისტროს პოზიციას?
– ეს მაჭავარიანს ჰკითხეთ. საბაჟო სფეროსთვის გამოყოფილი თანხის ათვისება რამდენიმე ეტაპად მოხდა. პირველ ეტაპზე საბაჟომ საკმაოდ ძვირადღირებული მანქანები შეიძინა. ჩვენ ფული გადავრიცხეთ, ხოლო მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხა, ამაზე ITS-ი პასუხს არ აგებს.
– საბაჟომ 2000 წლის საბიუჯეტო გეგმა 98%-ით შეასრულა. თუმცა, მაჭავარიანი გეგმის შესრულებას ITS-ის დამსახურებად ნაკლებად თვლის…
– თუ არა ITS-ი, მაშინ ვინ აწარმოებს წინასაიმპორტო ინსპექტირებას, ვინ ახდევინებს სრულად იმპორტიორებს ყველა გადასახადს. თუ არა ჩვენ, მაშ ვისი დამსახურებაა გეგმის შესრულება. მით უმეტეს, რომ მაისში კონტრაქტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ შემოსავლები 45%-ით გაიზარდა.
– როგორ ახსნით იმ დაპირისპირებას, რაც თქვენსა და ქართულ მხარეს შორის კომპანიის საქართველოში მოსვლის დღიდან არსებობს?
– საქართველოს გარდა არც ერთ ქვეყანაში ITS-ს პრობლემები არა აქვს. კომპანია მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებს წინასაიმპორტო ინსპექტირებას და არსად ჩვენი მისამართით საყვედური არ გამოთქმულა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, არსებული დაპირისპირება უფრო პოლიტიკურ ჭრილში განიხილება.
– გამოდის, რომ ვიღაცას არ აწყობს კომპანიის საქართველოში ყოფნა.
– საერთოდ, ბიზნესი საქართველოში მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან და გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცას არ აწყობდეს კომპანიის საქართველოში ყოფნა.
– კონკრეტულად ვის?
– სამწუხაროდ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
– როგორც ამბობენ, ITS-ს მსოფლიოში საკმაოდ წამგებიანი სტატუსი აქვს…
– თქვენ არასწორ ინფორმაციას ფლობთ. 1999 წელს კომპანიის შემოსავალმა 351 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. აქედან, მოგება 50 მილიონი ფუნტი სტერლინგია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ITS-ი წაგებაზე მუშაობს.
– მაშინ რატომ არ აუქმებთ კონტრაქტს?
– ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე კომპანია უმნიშვნელო მოგებას მაინც ნახავს. თუ ჩვენი შემოსავლები გაიზრდება, შესაძლოა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კიდევ ვიფიქროთ საქართველოში დარჩენაზე.