საქართველოს ადგილი მსოფლიო კორუფციის რუკაზე
თეა გილიგაშვილი
ბოლო დროს მრავალი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტის შეფასებებმა ისეთი ფონი შექმნა, თითქოს მთელი მსოფლიოს კორუფცია ამ ერთ პატარა ქვეყანაშია ლოკალიზებული, ეს სენი ჩვენი მოგონილი და განვითარებულია და, ამ მხრივ, ჩვენზე უფრო ზნედაცემული ერი არ არსებობს. სწორედ მათი აზრის დადასტურებად იქცა და საკმაოდ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია 1999 წლის ბოლოს ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული კორუფციის დონის შეფასებამ მსოფლიოს 99 ქვეყანაში. ცხრილში, სადაც ნაჩვენები იყო კორუფციის დონის ზრდა 1-დან 99-მდე, საქართველოს 85-ე ადგილი უკავია, პირველ ხუთეულში კი შედიან: კამერუნი, ნიგერია, ინდონეზია, აზერბაიჯანი, უზბეკეთი.
ონაცემები საკმაოდ საინტერესოა. რა პრინციპით შეიძლება საქართველო იყოს ლიდერი კორუმპირებულ ქვეყნებს შორის, მაშინ, როცა საკმაოდ მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებში კორუფციის ერთი ფაქტის შემთხვევაშიც კი საქმე ეხება ბევრად მეტ თანხას, ვიდრე თავად საქართველოს ბიუჯეტია.
გია კიკნაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” დირექტორი საქართველოში: “ეს ცხრილი გამოხატავს კორუფციის აღქმის ინდექსს იმ 99 ქვეყანაში, რომელთა წამყვანმა სოციოლოგიურმა ინსტიტუტებმაც მიაწოდეს გამოკითხვის შედეგები “საერთაშორისო გამჭვირვალობას.” ამ სიაში ადგილის დაკავებას განაპირობებს მხოლოდ მოსახლეობის განწყობა და საკუთარ ქვეყანაში არსებული კორუფციის დონის მათეული შეფასება. ამიტომაცაა, რომ მონაცემები ხშირად სუბიექტურია და ვერ იძლევა ქვეყანაში არსებული ვითარების რეალურ სურათს. ის, რომ სომხეთი ამ სიაში ჩამოგვრჩება, ნიშნავს არა იმას, რომ ეს ქვეყანა ჩვენზე ნაკლებადაა კორუფციის ჭაობში ჩაფლული, არამედ იმას, რომ სომხეთში ჩვენზე უფრო ნაკლებადაა განვითარებული დემოკრატია და თავისუფალი პრესა. ამიტომაც, გამოკითხვის დროს ბევრმა ვერ გაბედა, რეალურად შეეფასებინა საკუთარი ქვეყნის კორუფციის დონე. დაახლოებით მსგავს მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ მსოფლიო ბანკის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, როდესაც კორუმპირებულობის თვალსაზრისით პირველ ადგილზე გავიდა საგზაო ინსპექცია, შუალედური მდგომარეობა ეკავა კონტროლის პალატას და თითქმის ბოლო ადგილი – კანცელარიას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეზე უფრო მეტად ან ნაკლებად კორუმპირებულია, ან ადგილებს შორის ამხელა სხვაობაა. უბრალოდ, მოქალაქეებს უფრო ხშირად აქვთ საქმე პოლიციასთან და შეფასებაც ამ პრინციპით მოახდინეს. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ საქართველო გავიდა იმ ადგილზე, რომელსაც იმსახურებდა”.
სანამ მსოფლიო კორუფციის რუკაზე საქართველოს რეალურ ადგილს განვსაზღვრავდეთ, ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ ჩვენს გარშემო სახელმწიფოები, მათ შორის ისეთებიც, რომელთა “სუფთა” პოლიტიკური სისტემა სანიმუშო მაგალითად აქციეს და საქართველოში სულ მცირე ეკონომიკური კრიმინალის აღმოჩენის დროსაც კი მათზე ნიშნისმოგებით მიგვითითებენ.
აშშ – ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს
იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარია თვით კორუფციის ფაქტების სიხშირეზე, თუნდაც პოლიციელთა მხრიდან ქუჩაში ქრთამის აღებაზე, ჩვენ არც აშშ-ის საკმაოდ ავტორიტეტული პოლიცია ჩამოგვრჩება: რამდენიმე წლის წინ აშშ-ის საპრეზიდენტო კომისიამ დაადგინა, რომ პოლიციის ყოველი მეხუთე თანამშრომელი ჩაბმულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. ნიუ-იორკის პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თვალთვალის შედეგად კი დადგინდა, რომ 75 პოლიციელიდან მხოლოდ ორის მხილება ვერ მოხერხდა ქრთამის აღებაში. აშშ-ის სენატში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ სამართალდამცავი სისტემის მოსყიდვისათვის დამნაშავეთა სამყარო ყოველწლიურად 8 მლრდ დოლარს ხარჯავს (აქედან, ნახევარზე მეტი პოლიციელთა ჯიბეში ხვდება) მაშინ, როცა თავად სახელმწიფო ამ სისტემის შენახვისათვის წელიწადში მხოლოდ 3 მლრდ დოლარს გამოყოფს. ისე კი, როგორც ცნობილია, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.
რითი ამაყობს ევროპა?
კორუფცია საერთაშორისო პრობლემაა. მისთვის არ არსებობს კულტურული, იდეოლოგიური, გეოგრაფიული საზღვრები. იგი ყველა ქვეყანაში იკიდებს ფეხს პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების მიუხედავად. მაგალითად, შვეიცარია, რომელსაც მუდამ თავი მოსწონდა სახელმწიფო მოხელეთა მოუსყიდველობით, გრანდიოზულმა სკანდალმა შეძრა: ციურიხელი ჩინოვნიკი, რესტორნებისა და ბარების რევიზორი მხილებულ იქნა 2 მლნ დოლარამდე ქრთამის აღებაში. ამ ფაქტს მოჰყვა მთელი რიგი გამოძიებები და ახალი სკანდალები შვეიცარიის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან დაკავშირებით, რომლებიც ცალკეულ ფირმებსა და ორგანიზაციებს მფარველობდნენ.
საფრანგეთში მრავალი პოლიტიკოსისა თუ ბიზნესმენის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, 1993 წელს, პრემიერ-მინისტრმა პირველად დადო ფიცი, რომ ფინანსურ მაქინაციებში არ მიიღებდა მონაწილეობას. როგორც ერთ-ერთი ფრანგი მოსამართლე, ჟან-პიერ ტიერი, ირწმუნება, მდგომარეობა ნამდვილად შეიცვალა, რადგან 10 წლის წინ კორუფციული დანაშაულის გამოძიებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. ცოტა ხნის წინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფო მოხელის, ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ვაჟის მიმართ, რომელსაც კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
იტალიაში კორუფცია ხელისუფლების ყველაზე მაღალი ეშელონების მოხელეების სახელებს უკავშირდება. 1992 წელს დაწყებული გამოძიების შედეგად, 700-ზე მეტი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი წარსდგა სასამართლოს წინაშე.
გერმანიაში გასულ წელს სასამართლოს წინაშე წარსდგა ქრთამის აღებაში მხილებული 2000-ზე მეტი ადამიანი. ექსპერტთა აზრით, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. კორუფციაში ჩართულნი არიან ლტოლვილთა შემოწმების სააგენტოები, ავტომობილების სარეგისტრაციო პუნქტები… ქრთამის მიცემით შეიძლება იყიდოთ რესტორნისა თუ კაზინოს გახსნის ნებართვა, მართვის მოწმობა და ა. შ.
კორუფცია აზიაში – ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა
აზიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ჩინეთია. ამ სენის გამძაფრებას ხელს უწყობს ხელისუფლება, რომლის არსია საერთო სახელმწიფოებრივი კონტროლი და მონოპოლიზმი.
სამხრეთ კორეამ მსოფლიოს უჩვენა პრინციპულობის მაგალითი, გაასამართლა რა ორი ყოფილი პრეზიდენტი და მათთან ერთად რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი, რომელთა შორის იყო ფირმა “სამსუნგის” პრეზიდენტი.
ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ნიგერიაა. როგორც ამბობენ, ბიზნესის წარმოება ამ ქვეყანაში ყველაზე სარისკოა. კორუფციის დონე ყოველწლიურად იზრდება და მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტზე 10%-ს შეადგენს. ეს სენი აქ ყველა დონეზე ერთნაირადაა მოდებული. უმაღლეს ინსტანციებში კი თითქმის ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ითვლება, რომ ნებისმიერი უცხოური კონტრაქტის დადებისას 10-15% ყოველთვის ადგილობრივ მოხელეებს რჩებათ.
უგანდა იყო კლეპტოკრატიული ქვეყანა, სადაც კორუფციამ 1971 წელს იდი ამინის მმართველობისას უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ქვეყნის განადგურებას ხელს უწყობდა სახელმწიფოსათვის არამომგებიანი კონტრაქტები, სახელმწიფო მოხელეთა თავაშვებული მოქმედება, უაზრო სამხედრო ხარჯები… 1986 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.
თურქეთში 1960 წელს სამხედროებმა კორუფციის ბრალდებით ჩამოახრჩვეს ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. მათი დასჯა მაგალითი უნდა ყოფილიყო სხვებისთვის, მაგრამ საქმეს ამანაც ვერ უშველა. “ძღვენის” მირთმევის ტრადიცია საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა. ყველაზე სუფთა ავტორიტეტი, ამ მხრივ, სამხედროებს აქვთ, რაც თავად ათათურქის დროს დამყარებული წესრიგის შედეგია. სწორედ სამხედროებზეა დამყარებული ქვეყნის პოლიტიკური ძლიერება. მომხდარი სამი სამხედრო გადატრიალების მიზეზი ხელისუფლების კორუფციაში დადანაშაულება გახდა. დღეს კი კრიმინალებმა ფულის გათეთრებისა და სახელმწიფო ქონებით სპეკულაციის უფრო დახვეწილი მეთოდები შეისწავლეს. თვით საკმაოდ ავტორიტეტული დემირელი და თანსუ ჩილერიც კორუფციის უამრავ სკანდალში იყვნენ გახვეულნი.
როგორც ჩანს, საქართველო საერთაშორისო კორუფციაში თავს მარტო სულაც არ გრძნობს და მხარს საკმაოდ ავტორიტეტული ქვეყნები “უმშვენებენ.” იგი მსოფლიო კორუფციის უწყვეტი ჯაჭვის ერთი რგოლია. თვით არალეგალური შემოსავლების მოცულობით ბევრად ჩამოვრჩებით იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენში ანტიკორუფციულ პროგრამებს აფინანსებენ. მაგრამ მდგომარეობა ნამდვილად შემაშფოთებელია და დამამშვიდებელი დასკვნების გაკეთების საფუძველს არ იძლევა.
ნათია ეჯოშვილი. ექსპერტი. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი. საქართველოს, სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების მსგავსად, კორუფცია მემკვიდრეობით ერგო კომუნისტური ეპოქისაგან. თავად საბჭოთა კავშირი კორუმპირებული სისტემის მსხვერპლი გახდა. აქ ერთგვარ საინტერესო ფენომენს აქვს ადგილი: “ცივი ომის” პერიოდში დასავლეთი კორუმპირებულ საბჭოთა ლიდერებს მფარველობდა, რათა მათთვის საბჭოთა სისტემის დაშლის საშუალება მიეცა. შემდგომში მისი მხრიდან კორუმპირებული ლიდერების მხარდაჭერას უკვე კომუნიზმის დაბრუნების შიში ედო საფუძვლად. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა არასწორად გათვალა, როცა ძირითადი აქცენტი ამ ქვეყნებში თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებაზე გააკეთა და ყურადღება არ მიაქცია ამ კომპლექსურ სოციალურ სენს, რომელიც ძველი სისტემის სრულყოფილ რეფორმას საფუძველშივე გამორიცხავს.
კომუნიზმის რღვევამ ახალი ფენომენი, ე.წ. პოსტსაბჭოური კორუფცია, წარმოშვა. მისი წყალობით, ეს ქვეყნები ახალი მიმართულებით კი არ დგამენ ნაბიჯებს, არამედ კვლავ აგრძელებენ კორუმპირებულ საზოგადოებაში ცხოვრებას, რომელმაც საბჭოთა წყობის რღვევით მხოლოდ მოგება ნახა.
ენდემური კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ის ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც ყოფილი ნომენკლატურისა და პარტიული ელიტის ხელშია თავმოყრილი, რაც პრობლემის გადაწყვეტას კიდევ უფრო ართულებს.
თუმცა, ამ მხრივ, ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებს შორის დიდი განსხვავებაა: რუსეთში უზარმაზარი ტერიტორიისა და ასევე გაზრდილი ადგილობრივი სტრუქტურების გამო კორუფცია მკვეთრად დეცენტრალიზებულ ხასიათს ატარებს; კავკასიისა (მათ შორის საქართველოს) და შუა აზიის რესპუბლიკებში კლანურ სტრუქტურებს გაცილებით ცენტრალიზებული ხასიათი აქვთ, კორუფცია კონცენტრირებულია ელიტის ვიწრო წრის ფარგლებში, რომელიც ძალაუფლებას ფლობს. ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინა, რომელსაც ამ ორ ჯგუფს შორის შუალედური ადგილი უკავია.
რუსეთი – ტყუილის კულტურა და თეთრსაყელოიანი დამნაშავეები
“ეკონომიკური პრობლემები კრიზისი არ არის, მოგვეცით ჩვენ 10 წელი და სრულიად ნორმალური ქვეყანა ვიქნებით. შემაშფოთებელია მხოლოდ მორალური კრიზისი”, – წერდა ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი ცნობილი რუსი ეკონომისტი. მორალური კრიზისი კი საბჭოთა პერიოდმა, როგორც სოლჟენიცინი წერდა, “ტყუილის კულტურამ” მოიტანა. დროდადრო აგორებული ფინანსური თუ პოლიტიკური სკანდალები ადასტურებს, რომ ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე შემოსავლიანი ობიექტები ე.წ. ოლიგარქების ხელშია, რომელთაც არასწორად წარმართული პრივატიზაციის გზით ხელში ჩაიგდეს ქვეყნის ეკონომიკური მართვის ბერკეტები. ამიტომაა, რომ ნებისმიერი სკანდალი მხოლოდ კლანებს შორის ბრძოლასა და ფინანსების ხელახალ გადანაწილებას უკავშირდება. ეს მეთოდი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, როცა საქმე საინფორმაციო საშუალებების ფლობას ეხება. სწორედ ასე აგორდა ბერეზოვსკის არალეგალური შემოსავლებისა თუ გუსინსკის ფინანსური მაქინაციების საკითხი. როგორც საქმეში ჩახედული ხალხი აცხადებს, ადრე დამნაშავეები ცდილობდნენ, ქრთამის მიცემით მოესყიდათ თანამდებობის პირები, დღეს კი მათ უკვე საკუთარი ლობი ჰყავთYმთავრობასა თუ სათათბიროში, რომ აღარაფერი ვთქვათ პროკურატურასა და პოლიციაზე. ასე თანდათან მატულობს “თეთრსაყელოიანი” დამნაშავეების რიცხვი რუსეთში.
ნიკო ონიანი, კორუფციის კვლევის ცენტრი: “სად არის საქართველოს ადგილი მსოფლიო კორუფციის რუკაზე? სქემატურად ეს შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: მრუდი, რომელიც თანმიმდევრულად გამოხატავს ქვეყნების კორუფციის ზრდას, გარკვეული ზღვარის შემდეგ ჩერდება და სწორხაზოვანია. ამ ხაზზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანაა. ეს ის წერტილია, რომლის იქით კორუფცია კი აღარ ვითარდება, უბრალოდ, სახელმწიფოს განადგურება იწყება. საქართველო ამ სწორ ხაზზე მდებარეობს და მნიშვნელობა არა აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები რომელ ადგილს მოგვანიჭებენ იმ 100 ქვეყანას შორის. ცოტა ხნით ადრე ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა ასეთი განცხადება გააკეთა: ახალი ანტიკორუფციული კომისიის შექმნა სისულელეა, რადგან ისინიც შეიძლება გაეხვიონ ფინანსურ მაქინაციებშიო. კი, მაგრამ, თუ ეს ხალხი საქმეს გააკეთებს, განა რა უნდა მოიპარონ იმდენი, რომ სახელმწიფოს უფრო მეტად ავნონ, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენმა, ვინც დიდი ხანია უკვე იპარავს? ვინმემ დაითვალა, რა თანხა შედის ყოველთვიურად პოლიციის სამმართველოში? არადა, ამის გაკეთება სულ ადვილია, თუ ყველა განყოფილების არალეგალურ შემოსავალს დავითვლით. ეს თანხა 180 000-ს აჭარბებს, შემდეგ, შესაბამისად, ნაწილდება. დაბოლოს, პირამიდის წვერში სულ 2 კაცზე გასაყოფად 70-დან 90 ათასამდე რჩება. ჩვენ უკვე ფსკერზე ვართ, სიღრმეში მეტად ჩასვლა შეუძლებელია, ახლა ყველა გზა შეიძლება რომ ვცადოთ და აუცილებლად უნდა ვცადოთ.”
უბედურება ის კი არ არის, რომ ქვეყანაში კორუფციაა, არამედ ის, რომ მოსახლეობა ამას შესანიშნავად შეეგუა და ეს ნორმად და ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. ხალხი მიეჩვია მუდმივ შეგონებებს, რომ ჩვენ ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ვართ და საშველი არ არის. ასეთი ხმამაღალი განცხადებების ავტორებს ავიწყდებათ, რომ მოსახლეობის ამ აზრთან შეგუებამ შეიძლება საბოლოოდ მათ დადებით განწყობამდე მიგვიყვანოს, რაც კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ნებისმიერ ბრძოლას ძირშივე მოუსპობს წარმატების საფუძველს, ეს კი გამოიწვევს მოქალაქეთა გულგრილობას საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ.
სოციოლოგის კომენტარი: “ჩაშვების” ფილოსოფია დუმილის საზოგადოებაში
და მაინც, რა არის ქართველებისთვის კორუფცია და არსებობს თუ არა ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი?
ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი: “საქართველოში კორუფციას ღრმა მენტალური ფესვები აქვს. იგი საზოგადოების ცნობიერებაშია გამჯდარი. როდესაც ხალხი ხელისუფლებას კორუმპირებულობის გამო აკრიტიკებს, ეს არ ნიშნავს, რომ იგი გულწრფელია, რადგან ეს ხალხი, უხეშად რომ ვთქვათ, ისეთივე გარყვნილია თავის ოცნებებსა და ზრახვებში, როგორც თავად ხელისუფლება. უბრალოდ, მათ ხელი არ მიუწვდებათ ტოტალურ კორუფციაზე. გავიხსენოთ ერთი მარტივი მაგალითი: აბიტურიენტთა ყველაზე დიდი ნაკადი იურიდიულ ან ეკონომიკურ ფაკულტეტებზე აბარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს ოჯახში ასწავლეს: საკმარისია აიღოს ამ სპეციალობის დიპლომი, რომ ადვილად მიუწვდება ხელი ფულის კეთებაზე. გამოდის, რომ ოჯახი თავად უბიძგებს ბავშვს არალეგალური შემოსავლებისაკენ. ქართულ ოჯახში, როგორც წესი, ბავშვებს არ ასწავლიან, რომ კანონის დარღვევა და ქრთამის აღება ცუდი საქციელია და ამან შეიძლება ქვეყნის განადგურებამდე მიგვიყვანოს. 70 წელი ვიცხოვრეთ სისტემაში, სადაც კორუფცია ნეგატიურ მოვლენად არ აღიქმებოდა და ჩვენი ცნობიერებაც ამით არის გაჟღენთილი. ამიტომაა, რომ საქართველოში კორუფცია არ არის ამ წუთისა და დროის მოვლენა. დღეს იგი ქართული მენტალიტეტის განმსაზღვრელია. დღევანდელი საზოგადოების ზუსტ სურათს გვაძლევს თინეიჯერების მაგალითი. საბჭოთა კავშირის დროს არსებული საპატიო “ქურდული წესები” ახლა უფრო მისაღებია. 16-17 წლის ახალგაზრდები ხედავენ, რა ხდება ხელისუფლებაში და იგი რაც უფრო მეტად კორუმპირებულია, მით მეტი ავტორიტეტი აქვს ქურდულ მენტალიტეტს. ე.ი. ახალგაზრდობისთვის ხელისუფლების ალტერნატივა ქურდული ცხოვრების წესია. ჩვენში არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. გინახავთ ადამიანი, რომელიც საკუთარი სახლის ფანჯრიდან უყურებს, როგორ სცემენ ქუჩაში ადამიანს და შემდეგ რეკავს პოლიციაში? ამას ქართულ ენაზე ძალიან ცუდი სიტყვა ჰქვია. ამიტომაც, ჩვენი საზოგადოება დუმილის საზოგადოებაა, ანუ ჩვენში ასეთი მოქალაქე “ინტრიგანად” და “ჩამშვებად” აღიქმება, ამიტომ სანამ იარსებებს სიტყვა “ჩაშვება,” ჩვენ არაფერი გვეშველება. ჩვენვე უნდა ვაკონტროლებდეთ ხელისუფლებას, რადგან ადამიანი სუსტი ბუნებისაა და თუ ნახა, რომ მარტივი გზით შეიძლება ფულის შოვნა და დივიდენდების მიღება, ამას მანამ გააკეთებს, სანამ საზოგადოება ხელს არ შეუშლის. ხელისუფლება ჩვენი არჩეულია, ახალი ძალაც ჩვენივე წიაღიდან უნდა მოვიდეს და სანამ ჩავთვლით, რომ ფულის შოვნის დღევანდელი მეთოდები მისაღებია და არ ჩამოვყალიბდებით ნამდვილ მოქალაქეებად, ნორმალური სახელმწიფო არ გვექნება. კორუფცია ტოტალური პრობლემაა და ერთჯერადი დაჭერები საქმეს ვერ უშველის, რადგან საზოგადოება ეჭვობს, რომ თუ დღეს ვინმეს იჭერენ, ეს არ კეთდება პატიოსანი ადამიანების ხელით, უბრალოდ, თვლიან, რომ ადამიანს, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოიპარა, დაიჭერს ის, ვისაც უფრო მეტი აქვს მოპარული. ჩვენ ქვეყანაში ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ყველა დუმს მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობენ: კარგი, დღეს შენ იპარავ, მაგრამ ხვალ მე ან ჩემი შვილი მოვალთ და ჩვენ მოვიპარავთ. გამოდის, რომ ეს არის მოლოდინის სისტემა. ეს კი გამოიხატება არა ცხოვრების წესის შეცვლის, არამედ იმ დროის მოლოდინში, როცა თავადაც ამ სისტემის აქტიურ ნაწილად ვიქცევით. ეს არის ამ დროის ტრაგედია ქვეყანაში. მომავალში, და ეს მომავალი მინიმუმ 10-15 წელიწადს არ შეიცვლება, თუ ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ შეიძლება წესიერი გზით გამდიდრება და ეს ცხოვრების წესად იქცა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში საინტერესო პროცესები დაიწყება.”
დაბოლოს, 2000 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველო აღარ მოიხსენიება. ამაზე დღეს ასე ხუმრობენ:
– შარშანდელი მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს კორუმპირებულ ქვეყნებს შორის მე-14 ადგილზე იყო.
– წელს?
– ჩავაწყვეთ და სულ არა ვართ ამ სიაში!