ევროპული სახლი გაცივდა
ემზარ ჯგერენაია, თსუ პროფესორი, ეკონომიკის და ბიზნესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
რამდენი აქტუალური კითხვა აწუხებს ქართულ საზოგადოებას?
1. როგორი იქნება დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსი?
2. საბანკო კრედიტები ისევ გაიაფდება თუ არა?
3. რა მოუვა მშენებლობას – გაძვირდება, გაიფდება…თუ???
4. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, დასჯიან თუ არა რუსეთს, დააბრუნებს თუ არა იგი ტერიტორიებს?
5. როგორი უმუშევრობის მაჩვენებელი და რა ფასები იქნება, განსაკუთრებით, საწვავზე?
6. რა ხდება მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში ამ კრიზისის ფონზე და როგორია საქართველოს პერსპექტივები.
ყველა ამ კითხვის პასუხი ძირითადად დასავლეთში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. არადა, ჩვენს ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს არ ანაღვლებთ ის ახალი სქემები, რომელიც დასავლეთში იხლართება.
დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველო-რუსეთის ომისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მიუხედავად, რუსეთთან დიალოგს საკმაოდ კონსტრუქციულად აწარმოებენ, არა მარტო საფრანგეთ-იტალია-გერმანიის ტანდემი, არამედ, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა. ევროპული სახლი გაცივდა საქართველოს მიმართ.
მსოფლიოს მიმდინარე ფინანსური კრიზისი თავის მაშტაბებით 1929 წლისას უახლოვდება და მოცულობით ალბათ გადააჭარბებს კიდეც მას. ამიტომ არსებულ სიტუაციას ეკონომისტები კეინსის ეპოქას და II მსოფლიო ომის პერიოდს ვადარებდით, როდესაც საბოლოოდ ბრეტონ-ვუდსის კონფერენციამ ახალი საფინანსო-სავალუტო წესრიგი გააფორმა მსოფლიოში და მასზე აშშ-ის ბატონობა დააკანონა.
როდესაც გადაწყდა 20 უდიდესი, წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების ლიდერების შეკრება აშშ-ში (ოცეულთა ეს კავშირი, თუ შეკრება 1999 წელს შეიქმნა და მასში ერთიანდებიან დიდი შვიდეულის წევრები: აშშ, კანადა, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, მას დაემატება ევროკავშირი, როგორც მთლიანი ერთეული, შემდგომ არგენტინა, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, რუსეთი, ავსტრლია, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მექსიკა და თურქეთი. მათი ჯამობრივი მთლიანი შიდა პროდუქტი მთელი მსოფლიო ეკონომიკის 90%-ს შეადგენს, ხოლო საგარეო ვაჭრობა კი 80%-ს და მოსახლეობის – 70%-ს). ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს შეხვედრა მეორე ბრეტონ-ვუდსი იქნებოდა და ჩვენ გავხდებოდით ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგისა და ბუნებრივია, პოლიტიკური სქემის ჩამოყალიბების მოწმენი.
მაგრამ ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე იმდედგაცრუებამაც არ დააყოვნა და გაჩნდა მოსაზრებები, რომ შეხვედრამ ამაოდ ჩაიარა – მოლოდინი არ გამართლდა. მინდა ხაზი გავუსვა და ურწმუნოებს შევახსენო, რომ ბრეტონ-ვუდსი პროცესის დასასრული და არა დასაწყისი იყო. მას წინ დიდი ომი, კამათი და აზრთა შეჯერება ელოდა. გარდა იმისა, რომ მომავალი წლის აპრილში ლონდონში შეკრების საფინანსო კონტროლთან დაკავშირებული დეტალები უკვე გამოიკვეთა, 1944 წლის მსგავსად, დღის წესრიგში კვლავ დადგა თავისუფალი ვაჭრობისა და სავალუტო-საფინანსო ბაზრის სტაბილიზაციისა და რეგულირების საკითხი. ჯერ ახალი სავალუტო ფონდი არ შეუქმნიათ, მაგრამ საუბარია ძველ ფონდში, როგორც წილებისა და ფუნქციების გადანაწილებაზე, ასევე, მისთვის საერთაშორისო საკონტროლო ფუნქციის მინიჭებაზე.
მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიაროთ შორეული გზა ბრეტონ ვუდსამდე:
პირველი მაგისტრალური იდეა – ღია ეკონომიკა და თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობა მსოფლიოს ლიდერი ეკონომიკების განვითარების ყველაზე ხელსაყრელი პირობაა (ეს მაშინაც ასე იყო და დღესაც დარჩა);
კეინსის დასკვნა 30-იანი წლების დეპრესიაზე: უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდამ დემოკრატიული ქვეყნების დემობილიზაცია გამოიწვია და საერთაშორისო მასშტაბით შექმნა პირობა ნაციონალიზმისა და მილიტარიზმისათვის;
საერთაშორისო ვაჭრობის სწრაფი განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი ფაქტორები – ტრანსპორტისა და კომუნიკაციის ზრდა;
ხელშემშლელი – ოქროს სტანდარტისა და კურსების საერთო საკლირინგო სისტემის არარსებობის გამო საერთაშორისო სავალუტო ანგარიშსწორების მოუქნელობა.
ეს კეინსეული შენიშვნები ტრანსფორმირებულად წარმოადგინა აშშ-ის კონგრესის მოსმენაზე ჯორჯ სოროსმა ნოემბერში და განვითარებადი ქვეყნების ლიდერებმა ოცეულის სხდომაზე.
ბუნებრივია, როგორც კეინსმა განაცხადა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველანი მოვკდებით, მაგრამ ბევრი დასკვნა, რომელიც ისტორიულ წლებში გაკეთდა, დღესაც აქტუალურია და ალბათ ასე გაგრძელდება უახლოეს პერსპექტივაშიც.
თვით ბრეტონ-ვუდსი რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა. პირველი ეტაპი იყო მოდელების პრინციპების მომზადება, 1943 წელს შემუშავდა ორი გეგმა:
1. ბრიტანეთის ლორდ კეინსის banking principle – ამბიციური გეგმა მსოფლიო ბანკთა ბანკის შექმნასა და განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე, სავალუტო პოლიტიკაში ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
2. აშშ-ის ჰენრი ვაიტის cloak room principle – სტაბილიზაცის ფონდის შექმნის პრაგმატული გეგმა საერთო სალაროს წევრი ქვეყნების დეპოზიტის მეშვეობით და წევრებისთვის ვალუტის შეზღუდული პირობებით მიწოდება.
… და ხანგრძლივი განხილვებისა და კომპრომისების შემდგომ – 1944 წლის ივნისი, აშშ-ის შტატი, ნიუ-ჰემშირი, ბრეტონ-ვუდსი – ხელშეკრულებას 44 ქვეყანა აწერს ხელს.
მას შემდეგ საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო ურთიერთობა რეგულირებად სისტემაში გადავიდა და ოქროს სტანდარტი ისტორიას ჩაბარდა, დოლარი სარეზერვო ვალუტა გახდა, ხოლო აშშ – უპირობო საფინასო ლიდერი. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1945 წლის 27 დეკემბერს.
ეს ტენდენცია 70-იან წლებამდე გრძელდებოდა, მაგრამ ხელშეკრულებაში შეწორება მაინც შევიდა:
1. 1968 წ. 31 მაისს პირველი ცვლილება – SDR-ის შექმნა, ძალაში შევიდა 1969 წლის 28 ივლისს;
2. მეორე ცვლილება – 1976 წლის 30 აპრილი, იამაიკის შეთანხმება – ბრეტონ-ვუდსის სიტემის კრახი და თავისუფალ კურსზე გადასვლა, ძალაშია 1978 წლიდან (ფრიდმანის დოქტრინა);
3. 1992 წლამდე მმართველობაში სამი ლიდერი იყო:
ანგარისშსწორების მრავალმხრივი სისტემის შექმნისათვის ხელის შეწყობა და სავალუტო შეზღუდვების წინაღმდეგ ბრძოლა;
დახმარება საგადამხდელო ბალანსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად;
განვითარებადი ქვეყნების მთავრობების კონსულტაცია სავალუტო- საფინანსო დარგში რეფორმების ჩატარებაში და მართვაში;
სავალუტო-საფინანსო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
დასაქმებისა და შემოსავლების მაღალი დონის ხელშეწყობა საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისა და დაბალანსებული ზრდის გზით;
ვალუტების სტაბილურობისათვის ხელშეწყობა, სავალუტო რეჟიმების მოწესრიგება და დევალვაციის კონტროლი კონკურენციული უპირატესობის მოპოვებისათვის მონაწილე ქვეყნებს შორის.
ახალი სავალუტო სისტემის პირმშოა 1944 წლის ივლისში ბრეტონ-ვუდსში შექმნილი მსოფლიო ბანკიც, რომელიც 184 ქვეყანას აერთიანებს.
მისი დაარსების მთავარი მიზანი, მარშალის გეგმასთან ერთად, ომის შემდგომ დანგრეული ევროპის აღდგენა იყო.
დღეს კი მისი მიზანი განვითარებადი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური დახმარებაა.
რატომ გავიხსენეთ ეს ისტორია? პროცესი მაშინაც წლების განმავლობაში გძელდებოდა. ყველაფერი 1929 წლის დიდი დეპრესიდან დაიწყო, შეიძლება უფრო ადრეც და დროში გაიწელა, მოლაპარაკება მაშინდელ წამყვან ქვეყნებთან (გერმანიის გამოკლებით) რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ხანა, როცა აშშ დოლარს მსოფლიოში გასაბატონებელ ვალუტად ამზადებდა, ოქროს კი – სარეზერვო ძვირფას ლითონად. ევროპასა და აშშ-ის შორის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი საფინანსო სქემის საკითხებზე წარმოდგენილი ორი გეგმიდან მაინც ამერიკული ვარიანტი გავიდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხორცშესხმული ამერიკული პროექტია. ამ ორგანიზაციის ძირითადი სპონსორ-დამფინასებელი დღემდე იყო და არის აშშ და ბუნებრივია, ეს ორგანიზაცია აშშ-ის პოლიტიკური კურსის მოთხოვნებს ასრულებს. პირველი შედეგი, რომელზეც ოცეულის შეკრებაზე შეთანხმდნენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრუქტურისა და მმართველობის შეცვლაა, ანუ ლაპარაკია მისი საკონტროლო ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის გაზრდაზე სავალუტო გაცვლით კურსებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იცვლება სპონსორი – წამყვან პოზიციებს ჩინეთი და საუდის არაბეთი გადაინაწილებენ.
პროექტი გორდონ ბრაუნმა შეიმუშავა. მანვე ინგლისში პარტიის ზაფხულის შეკრებაზე, მოგვიანებით კი იაპონიაში დიდი 8-იანის შეკრებაზე გაახმოვანა. ეს სერიოზული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესების დასაწყისს ნიშნავს, რაც მარტივად არ გადაწყდება – მომავალი 20 წელი მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო კვლავ აშშ იქნება, ლიდერი ვალუტა კი – დოლარი.
თამაშის წესები ახალი მოთამაშეების – ჩინეთის, საუდის არაბეთისა და ინდოეთის სასრგებლოდ შეიცვლება. ნაკლებ სავარაუდოა ფსონი რუსეთზე დაიდოს, ან ძველმა ევროპამ დაიბრუნოს დიდება. 1944 წელს სტალინის რუსეთი ბევრს ეცადა, მაგრამ ბრეტონ-ვუდსის სისტემაში შემავალ ინისტიტუტებში წამყვანი ადგილი ვერ დაიკავა და გაიბუტა. საფინანსო პროცესები კი სსრ კავშირის გარეშე წარიმართა. მსოფლიო ბაზრის დიალექტიკაში გაჩნდა დოლარის აბსოლუტური ბატონობის უარყოფის ტენდენცია და 1970-იანი წლების კრიზისმა შვა სავალუტო კონტროლის ახალი წესები – თავისუფალი მცურავი სავალუტო კურსი. გამოიკვეთა ლონდონისა და ნიუ-იორკის საფინანსო ცენტრები.
შემდეგია ევროს შექმნის პროცესი. ევროპა გააფთრებით ცდილობს დოლარის ტყვეობიდან გამოსვლას, სწორედ ამ პროცესების შედეგად XXI საუკუნის დასაწყისში კონტინენტზე მივიღეთ სერიოზული ვალუტა და ევროზონა.
მთელი ისტორია ევრო და ევროზონის შესამქმნელად როგორღაც წარმოგიდგინეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის დინამიკას იაპონური იენი, ჩინური იუანი და აშშ დოლარი განსაზღვრავენ, ხოლო ევროს პოზიციას მათი სისუსტე განაპირობებდა. რეალობა ასეთია – ჩინეთი მესამე უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში, ხოლო ინდოეთი იაპონიას მიუახლოვდა და ეკონომიკის მოცულობით მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა. ბრაზილიას, მექსიკას და სამხრეთ კორეას ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკა აქვთ.
ეს უბრალო ციფრები არ არის, რადგან XXI საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის მთავარი თავისებურება, რომ მოხმარების ბაზარი ყველაფრის განმსაზღვრელია, აღიარებული მოსაზრება, რომ მწარმოებლები და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს მეპატრონეები განსაზღვრავდნენ ყველაფერს, დღეს დიამეტრალურად შეიცვალა იმ პირობებში, როცა სხვადასხვა მიზეზებით დასავლეთის ბიზნესმენებმა წარმოება ჩინეთში, ინდონეზიაში, კორეასა და ინდოეთში გადაიტანეს. დღეს ეს ქვეყნები საყოფაცხოვრებო და სხვა ელექტრონული ტექნიკის ძირითადი მიმწოდებლები არიან ბაზარზე. აზიური ქვეყნები საერთაშორისო ბაზარზე მსუბუქ მრეწველობასა და ავტომანქანების წარმოებაში ლიდერობენ და სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ კომპიუტერული ტექნოლოგიის მოწოდებისათვის. ეს პროცესები უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, რაც ბიზნესის იერ-სახეს ცვლის. ადრინდელი განვითარებადი ქვეყნები, მაგალითად, 1969 წელს შექმნილი არაბთა გაერთიანებული საემირატო დღეს სხვა არაბულ ქვეყნებთან ერთად კაპიტალის ექსპორტიორები გახდნენ.
როგორც ჯორჯ სოროსი ამბობს, დასავლეთი ბოლო 25 წლის განმავლობაში ძირითადად საფინანსო-საბანკო ბიზნესით იყო დაკავებული, რაც სავსებით გასაგები იყო იმიტომ, რომ მათ სწორედ საფინანსო-საბანკო სფეროში მიაღწიეს არნახულ რენტაბელობას. ჯერ კიდევ 1960 წლიდან საბანკო-საფინანსო სფეროს მოგებაზე წამყვან ქვეყნებზე მიღებული მოგების მხოლოდ 10% მოდიოდა.
2005 წელს კი აშშ-სა და ბრიტანეთში ეს ციფრი 35%-ს შეადგენდა. ჯორჯ სოროსმა, რომელიც თვითონ საფინანსო-სპეკულაციური კაპიტალის მფლობელია და თავის ქონება ამ გზით მოაგროვა, ნოემბერში აშშ-ის სენატის სპეციალური კომისიის წინაშე გამოსვლის დროს, სადაც მან კრიზისის დაძლევის საკუთარი ხედვა წარმოადგინა, განაცხადა, რომ საფინანსო სექტორის ზომები და ზრდის ტემპები ეკონომიკის ზრდის პროპორიცული არ იყო. საფინანსო სექტორი რამდენჯერმე უფრო სწრაფად იზრდებოდა, რამაც ბოლო 20 წელს გიგანტურ საფინანსო ბუშტებამდე მიგვიყვანა.მაგალითად, ბრიტანეთში საფინანსო სფეროზე მშპ-ის 20% და კორპორაციული გადასახადების 40% მოდის (1980 წელს იყო 15%), საფონდო ბაზრის ბრუნვა ნომინალური მშპ-ის მიმართ 2007 წელს 10%-დან 30%-მდე აღწევდა. აქციებით ვაჭრობის ჯამობრივი მაჩვენებლი დღეს წელიწადში 40 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც ხელს უწყობს ფინანსურ სექტორს წელიწადში 500 მლნ დოლარი მხოლოდ ვაჭრობის ადმინისტრირებით იშოვოს. ვუახლოვდებით მწვერვალს, ჩემი აზრით, კრიზისის მიზეზი დერივატივების ბაზარი და ჰეჯ-ფონდებია! აი, ვინ ააფეთქა მსოფლიო დერივატივები (ოპციონი და ფიუჩერსი).
ანგარიშწორების საერთაშორისო ბანკის მონაცემებით, არასაბირჟო დერივატივების ბრუნვა 595 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ტრილიონს! 9-ჯერ მეტი, ვიდრე მთელი მსოფლიოს მშპ, ხოლო საბირჟო დერივატივების ბრუნვამ 2.3 კვადრილიონ დოლარს!!!
არც ერთი გრძელვადიანი ინვესტიცია არ იძლევა ისეთ მოგებას, როგორც დერევატივები. საბოლოო ჯამში სუბ-პრაიმიც და სხვა იპოთეკაც დერივატივების ბაზრისა და ჰეჯ-ფონდების მიერ იქნა შთანთქმული და თუ გნებავთ, პროვოცირებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ჰეჯ-ფონდები და დერივატივების ბაზარი მკაცრი რეგულირების ქვეშ არ იყო. ჯორჯ სოროსმა ზემოთხსენებულ მოსმენაზე წარადგინა პროგრამა, პროექტი საფინანსო ბაზრის რეგულირების გამკაცრების შესახებ და ასევე საერთაშორისო მასშტაბით ჰეჯ-ფონდების რეგულირებაზე.
სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ოცეულის წევრები თავის კომუნიკეთი – მსოფლიო კრიზისი დაიწყო დერივატივებისა და ჰეჯ-ფონდების გამო, მათი სპეკულაციური და ხშირად დანაშაულებრივი ქმედებით, განსაკუთრებით მოთხოვნა-მიწოდების კანონის უგულებელყოფით და არასწორი ოპერაციების ჩატარებით.
ჯორჯ სოროსის თქმით, ფინანსური კაპიტალიზმის ერა დამთავრდა და რეალური ეკონომიკა წინ წამოიწევს. დამთავრდა ნიუ-იორკისა და ლონდონის დიქტატიც საფინანსო სფეროზე. მოხდება მცირე რეორგანიზაცია რამდენიმე რეგიონალურ საფინანსო ცენტრში, მაგრამ ამ რეორგანიზაციას სჭირდება დრო და ამ დროში დოლარი თავის პედესტალზე დარჩება. მით უმეტეს, რომ მცირდება სავაჭრო დეფიციტი (იხ. სქემა #2) და ძალიან დიდია თვით ოცეულის ქვეყნების სავალუტო რეზერვები დოლარებში (იხ სქემა #3). ამიტომ ახლა მიდის ფინანსურისტაბილურობის ფორუმზე დისკუსია (ორგანიზაცია, რომელიც 1999 წელს შეიქმნა დიდი 7-იანის მიერ 1997-98 წლების კრიზისის შემდგომ FFS, და IMF-თან ერთად ახალი საფინანსო არქიტექტურის მთავარი ინსტიტუტები, როგორც საფინანსო და კაპიტალის ბაზრის კონტროლი). თუ აქამდე საფინანსო ბაზრის კონტროლი ნაციონალურ დონეზე ხორციელდებოდა, შემდგომში ის საერთაშორისო დონეზე მოხდება სახეცვლილი ინსტიტუტების მეშვეობით.
დროა ჩვენს კითხვას პასუხი გავცეთ.
1. 2009 წელს აშშ დოლარი პოზიციებს მეტ-ნაკლებად შეინარჩუნებს, 2010 წელს აშშ-ის ეკონომიკა მნიშვნელოვან აღმასვლას დაიწყებს.
რეალური ეკონომიკის წინ წამოწევის ფონზე დაცემული დოლარი არავის აწყობს, რაც ამერიკის ეკონომიკის გაუჯობესებისა და დოლარის სიმყარის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
2009 წელს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარი იქნება, რადგან დასავლეთიდან სერიოზულ დახმარებას – 4 მლრდ დოლარზე მეტს ველით. ეს შეჩერებულ ინვესტიციებს აანაზღაურებს.
2. 2009 წელი კრიზისის წელია და სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის 2,2%-ით დაცემას ვარაუდობს, საერთაშორისო ვაჭრობაც კი, რომელიც ყოველწლიურად 5-10%-ით იზრდებოდა, 2%-ით მოიკლებს. მხოლოდ უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება. თუ დღეს მსოფლიოში 190 მლნ უმუშევარს ითვლიან, 2009 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის მონაცემებით, 210 მილიონი იქნება, თან ბოლომდე დაუზუსტებელია ჩინეთისა და ინდოეთის, ასევე ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მონაცემები. საქართველოში უმუშევრობა 15-18%-ით მოიმატებს. ეს შეეხება, როგორც სამშენებლო, ისე საფინანსო-სავაჭრო და საწარმოო სფეროს.
3. სასაქონლო ბაზარზე ფასები დაეცემა და დათვის ტრენდი გაგრძელდება. საქართველოში დოლარის კურსის სიმყარის გამო იმპორტი გაძვირდება, მაგრამ არც თუ ისე მნიშვნელოვნად, რაც უდაოდ დამაიმედებელი ფაქტორია სასაქონლო ბაზრის მომხმარებელთათვის, რომელთა აქტივობაც ფინანსური შემოსავლების სიმწირის გამო შემცირდება.
4. ევროპა აშშ-ს კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებს და ძველი დიდების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს, რუსეთი კი მისი მოკავშირეა და ძნელი დასაჯერებელია, რომ დასავლეთმა რუსეთი საქართველოს ანექსიისათვის დასაჯოს, რუსეთის სასჯელი მსოფლიო კრიზისის გამო ნავთობზე ფასების შემცირებაა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე მოხდა.
საქართველოს გამო დასავლეთს რუსეთთან ომი ხელს არ აძლევს, რადგან ის ეკონომიკური ძაფებით რუსეთთანაა დაკავშირებული და საშუალო პერსპექტივაში მას დასავლეთი ყურს არც და ვერც აუწევს. მაგრამ რუსეთი 2009 წელს სერიოზული ეკონომიკური პრობლემის წინაშე დადგება, რაც ჯერ ვერ შეცვლის მის იმპერიულ ზრახვებს, შეიძლება პირიქით, რუსეთს სწორედ სჭირდება ეს ომი.
5. 2009 წელს საქართველოში მშენებლობის კრიზისი გადამწყვეტ ფაზაში შევა და საბანკო ბაზარზე ახალი კონცეტრაციები გამოიკვეთება, გართულდება კრედიტების მიღება ბანკებიდან და საპროცენტო განაკვეთები არ შემცირდება, ამიტომ რამდენიმე ძლიერ მოთამაშეს საბანკო ბაზარზე პრობლემები შეექმნება, თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, რომ გაკოტრებამდე საქმე არ მივა, ყოველ შემთხვევაში, მეანაბრე არ დაზარალდება.
მსოფლიო კრიზისი, რომელიც არნახულ მასშტაბებს იღებს, მსოფლიოში ახალ ეკონომიკას და სტრუქტურებს შობს და გრძელვადიან პერსპექტივაში მასზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ბედი. აპრილში, ლონდონში, სადაც ოცეული (აბაზიანი) ისევ შეიკრიბება, ალბათ გამოიკვეთება კონტურები, თუ რაზე თანხმდება მსოფლიო.