კახეთის გულმა “აგრობიზნესბანკს” უმასპინძლა
რედაქციისგან
თელავში “საქართველოს აგრობიზნესბანკმა” ახალი წარმომადგენლობა გახსნა, რომელ-იც, ძირითადად, სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაზეა ორიენტირებული, და გორის, წნორის, მარნეულის წარმომადგენლობების შემდეგ რიგით მეოთხეა. სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე “აგრობიზნესბანკში” ვარაუდობენ, რომ 3-4 წლის მანძილზე მათი საკრედიტო პორტფელი, ანუ კაპიტალდაბანდება 100 მლნ. ლარს გადააჭარბებს.
პიტერ შოუ – “აგრობიზნესბანკის” დირექტორი: “ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, “აგრობიზნესბანკის” განვითარების სტრატეგიული გეგმა და მისი განხორციელება დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს სოფლის ეკონომიკის აღორძინებასა და განვითარებაზე. თელავში წარმომადგენლობის გახსნა დიდი ხანია დაგეგმილია და ამ რეგიონში ჩვენი მიზნების განხორციელებისათვის ბანკის გახსნისთანავე ვემზადებოდით. ჩვენ სრულიად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, ადამიანური, საწარმოო და ბუნებრივი რესურსები, რომლითაც ესოდენ მდიდარია თელავი და მისი რაიონი. მისასალმებელია, რომ რაიონის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს აგრო და საფინანსო სექტორის განვითარებას, რაც რეგიონს უახლოესს მომავალში დადებით შედეგებამდე მიიყვანს.”
გელა კირვალიძე – თელავის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე: “კახეთის რეგიონში დიდი სამრეწველო პოტენციალი არსებობს. საჭიროა, ამ პოტენციალს სწორი კალაპოტი და მიმართულება მიეცეს. ეს ეხება როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას, ასევე აგროსექტორის გადამამუშავებელი საწარმოების აღდგენა-ამუშავებას. “აგრობიზნესბანკის” თელავის წარმომადგენლობის გახსნას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან დღეს ჩვენს გლეხსა და ფერმერს იაფი საკრედიტო რესურსი სჭირდება, ხოლო იაფ საკრედიტო რესურსს აქამდე არც ერთი ბანკი არ იძლეოდა. მეწარმეთა და ფერმერთა გამოკითხვის შედეგად, რომელიც საკრებულოს ინიციატივით ჩატარდა თელავში, არსებული სხვა ბანკების პირობები მიუწვდომელი და კაბალურია ჩვენს რაიონში აგროსექტორით დაკავებული კომპანიებისა თუ ცალკეული გლეხებისათვის. საინტერესოა, რომ წარმომადგენლობის გახსნამდე “აგრობიზნესბანკმა” მოსინჯა თელავის რაიონი და უკვე მრავალი პროექტი დაფინანსებულია, ხოლო უფრო მეტი განხილვის სტადიაშია. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ თელავის მცირე და საშუალო ბიზნესი “აგრობიზნესბანკის” სახით კარგ პარტნიორს იძენს”.
“აგრობიზნესბანკს” თელავში უკვე დაფინანსებული აქვს 150 ათასი ლარის საერთო ღირებულების 15-მდე პროექტი. თელაველი მეწარმეები და მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ბანკის წარმომადგენლობის გახსნა ამ პროცესს უფრო მეტად მოქნილსა და დინამიურს გახდის.
პაატა დათიშვილი – “აგრობიზნესბანკის” თელავის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
“თელაველი მეწარმეები გულისყურით ადევნებდნენ თვალს “აგრობიზნესბანკის” განვითარების პროცესს. წარმომადგენლობის გახსნამდე მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა სათაო ოფისთან, წარმოადგინეს ბიზნეს-გეგმები. მათი საფუძვლიანი შესწავლისა და სესხის ხარჯზე, შემოსავლების გაზრდის პერსპექტივის განსაზღვრის შემდეგ, წარმოებდა კრედიტების გაცემა. როგორც უკვე აღინიშნა, გაცემულია 150 ათას ლარზე მეტი და ეს ჩვენი ზღვარი არ არის. თელავსა და მის მიმდებარე რაიონებში მრავალი საწარმო უნდა ამოქმედდეს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ განვითარებასა და კრედიტით უზრუნველყოფაში”.
კახეთის მხარეში და, კერძოდ, თელავში ბანკებს შორის კონკურენცია მძაფრდება და ცივილურ სახეს იღებს. “გაერთიანებული ქართული ბანკის”, “საქართველოს ბანკისა”, და “საფოსტო ბანკის” ფილიალებს შეემატა “აგრობიზნესბანკის” წარმომადგენლობა.
ცხადია, რომ ბანკი, ჯერ ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორში არსებულ რეალურ რეზერვებს აფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ზრუნვას არეალის გაფართოებაზე. თელავში ბანკების სიმრავლე იმის მაუწყებელია, რომ ბანკები თადარიგს იჭერენ და კახეთის რეგიონში, ეკონომიკის, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო სექტორის გამოცოცხლების იმედი აქვთ. იმავდროულად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ “აგრობიზნესბანკის” წარმომადგენლობის გახსნა რეგიონში საკრედიტო რესურსის გაიაფებას გამოიწვევს, რაც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი წარმოების განვითარების საკმაოდ ძლიერი სტიმული გახდება.