ანსური ეკონომიკა – თანამედროვე ეკონომიკის განვითარების უმაღლესი ფორმა (თეორიული ასპექტები)
რევაზ კაკულია, პროფესორი
თანამედროვე ეკონომიკა ეს არის ფინანსური ეკონომიკა, არა ეკონომიკა ფინანსებთან ერთად, არამედ ფინანსური ეკონომიკა, რომელშიც ფინანსები მისი არა მხოლოდ მონაწილეა, არამედ მას ემსახურება და მასში დომინირებს. ფინანსების, როგორც ეკონომიკის შემადგენლის, როლი თანამედროვე ეპოქაში იმდენად აქტიური და გლობალურია, რომ ფაქტობრივად ადგილი აქვს ეკონომიკის ახალ, უმაღლეს ეტაპზე გადასვლას.
გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ფინანსურმა სფერომ უდიდესი ცვლილებები განიცადა. სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს საფინანსო შუამავლობიდან მისი ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველ ძალად გადაქცევა. საქმე მარტო ის როდია, რომ ფინანსური სფერო სხვა ეკონომიკურ სფეროსთან შედარებით წინმსწრები ტემპებით იზრდება. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები დაჩქარებული ტემპებით იპყრობენ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს, იკავებენ იქ გადამწყვეტ პოზიციებს, ხოლო ფინანსური კრიტერიუმები და მაჩვენებლები ულმობლად ავიწროებენ სამეურნეო საქმიანობის სხვა დანარჩენ სფეროებს.
ფინანსურ სფეროში მიმდინარე პროცესები უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ჩვენი მეცნიერ-ეკონომისტები მას დღემდე უთმობენ. იმისათვის, რომ გავარკვიოთ თუ რა მოვლენებთან გვაქვს საქმე ფინანსურ სფეროებში, არ კმარა მხოლოდ თანამედროვე ეკონომიკური თეორიის პრინციპებით ხელმძღვანელობა. ამისთვის აუცილებელია ფინანსური ურთიერთობისადმი ისტორიული მიდგომა და მზარდი გლობალიზაციისათვის დამახასიათებელი მოვლენების გათვალისწინება. რაც მთავარია, საჭიროა ეკონომიკური პროცესების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და საერთაშორისო მოვლენებთან ურთიერთობის ობიექტური ანალიზი.
ისმის კითხვა: მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედში რამ გამოიწვია ფინანსურ მოვლენათა აღზევება? რას წარმოადგენს თანამედროვე საფინანსო კონგლომერატები და საერთაშორისო ფინანსური ცენტრები?
როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ფინანსებმა შეიძინა ფართო დამოუკიდებლობა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ეს სფერო წარმოიშვა კაცობრიობის ფორმირება-განვითარების გარიჟრაჟზე. ფინანსური სფეროს დამოუკიდებლობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და თანამედროვე ეპოქაში ჩამოყალიბებულ სიახლეს წარმოადგენს მხოლოდ მისი მასშტაბები, ფორმები და თავისებურებები.
უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე ფინანსური კაპიტალი მნიშვნელოვანწილად გადაიქცა კაპიტალისტური კვლავწარმოების ორგანულ ნაწილად, თანაც კვლავწარმოება, როგორც ობიექტური რეალობა, მოქცეული იყო ეროვნული სამეურნეო კომპლექსების ჩარჩოებში და მას არ აწუხებდა კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესაბამისად, ფინანსური კაპიტალი კმაყოფილდებოდა გასაშუალოებული მოგების მიღებით და ფუნქციონირებდა საერთო-სამეურნეო კანონზომიერებათა მკაცრ ჩარჩოებში.
იმის გამო, რომ ფინანსური პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა ერთგვაროვნებითა და მობილურობით, ფინანსები ყოველთვის აღწევდა განსაზღვრულ განსაზოგადოებას. უფრო მეტიც, ბევრ სფეროში შენარჩუნებული იქნა ფინანსების სახელმწიფოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა – ბიუჯეტის შევსების, ომებისა და სპეციალური პროექტების დაფინანსების და სხვა სფეროებში. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კეინსიანელებიც და მონეტარისტებიც ფინანსური ბერკეტების მეშვეობით აწარმოებდნენ საკუთარი პოლიტიკის რეალიზაციას, რითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობდნენ ფინანსური სფეროს შემდგომ განმტკიცებას.
მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ფინანსების როლის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს შორის საყურადღებოა: საქონლურ-ფულად ურთიერთობათა სწრაფი ტემპებით ზრდა; მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად სამეურნეო ერთეულების ადრე გაუგონარი სპეციალიზაცია და ახალი პროგრესული დარგებისა და სამეურნეო საქმიანობის სფეროების ფორმირება და განვითარება; საქონლურ-ფულად ბრუნვაში მოექცა ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ბევრი ისეთი ასპექტი, რომელიც ადრე არასოდეს არ იყო კომერციალიზებული, მაგალითად, შემოქმედება, კულტურა, რისკი და ა.შ.
თანამედროვე ეპოქაში ძირეულად შეიცვალა კაპიტალის წარმოების სტრუქტურა და ეკონომიკის განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა ობიექტურად დაეკისრა ფინანსურ ბაზრებს – უფრო მეტიც, მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე არსებითად შეიცვალა ქცევის წესები თავისუფალი ეკონომიკის სასარგებლოდ. ფინანსური ბაზარი (უფრო სწორად – ფიქციური კაპიტალი), სადაც ცხოვრობს -ვირტუალური ფული, წარმოადგენს მსოფლიო ბაზარს და მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული ფულის მოძრაობის რეგულირებაზე, რომელიც ხორციელდება უპირატესად ეროვნულ დონეზე.2 ფინანსების საბაზრო ინტერესების რეალიზაცია წარიმართა მატერიალური წარმოების სფეროში კაპიტალდაბანდებების საზიანოდ. კაპიტალთან დაკავშირებულმა ოპერაციებმა აბსტრაქტული ხასიათი მიიღო. მიმდინარეობს არა ინვესტიციების წახალისება, არამედ აქტივებთან დაკავშირებული მომგებიანი გარიგებები. შეწყდა რეალური მოგების მიღების ორგანული კავშირები მატერიალურ წარმოებასა და მომსახურებასთან. უკვე ფინანსები დამოკიდებული არ არის ეკონომიკურ ვალდებულებებთან. ფინანსურ ურთიერთობათა თავისუფლება ჩანაცვლებულია ფულით მაქსიმალური შემოსავლების მიღებასთან.
ძირითადი ფონი, რომელზედაც იშლება ფინანსური ეკონომიკა, წარმოდგენილია სამი ტიპის მაჩვენებლების სახით: სახელმწიფოთა დავალიანება, კაპიტალის ბაზრების გლობალიზაცია და ფულადი ნიშნების ნაციონალიზაცია.
სახელმწიფოთა დავალიანება ეკონომიკური ზრდის შენელების შედეგია, რომლის ძირითადი მიზეზი უნდა ვეძებოთ მეურნეობრიობის თანამედროვე გაძღოლით მოსახლეობის რიცხოვნობის გადიდებისა და მათი გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შეუძლებლობაში. დაკარგული წონასწორობის აღსადგენად ხელისუფლებები მიმართავენ მრავალნაირი კრედიტის შესაძლებლობებს. განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტის დეფიციტი ნთქავს კერძო დანაზოგების ორ მესამედს და ამით წარმოებს ფულადი რესურსების ეროვნული მეურნეობიდან სახელმწიფო სტრუქტურებში გადადინება. უფრო მეტიც, ეკონომიკის ზრდის ტემპების დაცემა ბანკების მიერ ფულის შექმნის შემცირებას იწვევს, რომლის კომპენსირება ფულის ეროზიით წარმოებს. გამალებით მიმდინარეობს შინაგანი ვალუტის (ბანკის კრედიტის) შეცვლა ფასიანი ქაღალდებით. გრძელდება საკრედიტო ეკონომიკიდან ფინანსური ბაზრების ეკონომიკაზე გადასვლა. ფულადი რესურსების ნებისმიერი მანევრირება ცენტრალური ბანკების მხრივ გარიგებათა გლობალიზაციით მიმდინარეობს. გარიგებებში ერთმანეთს ეჯახებიან სხვადასხვა სავალუტო ზონების მონაწილეები, ძნელდება კონტროლი, დომინირებს ფარული თუ ღია სპეკულაცია. ელექტრონული ფულის სისტემის გამოყენებით წარმოებს ქვეყნებში არსებული კონტროლის გვერდის ავლით თანხების ოფშორულ ზონებში გადაქაჩვა.
ფინანსური ეკონომიკა არის ვირტუალური ეკონომიკა კვადრატში, ვირტუალობა აქ ემსახურება ვირტუალობას მთელს წრეზე, იგი მრავალსართულიანია. აქვე ძალაუნებურად გვებადება კითხვა: რას წარმოადგენს რეალობა დღეს? ეს რეალობა ვირტუალიზებული რეალობაა, როდესაც თვით ვირტუალობა არის რეალობა, თუმცა როგორღაც მოციმციმე, მცურავი, ჩქარი. იგი არის ზოგჯერ გამჭვირვალე, ზოგჯერ მოჩვენებითი რეალობა. საქმე გვაქვს უარყოფით ტრანსცენდენტულ რეალობასთან.
ასეთი რეალობა ჯერ უნდა შევიცნოთ. ეს რეალობა ვირტუალური რეალობაა, რაც ფინანსური ეკონომიკის იდენტურია. ფინანსური ეკონომიკის პირობებში ღირებულება თავისუფალი ფრენის რეჟიმშია წარმოდგენილი, როდესაც იგი მიბმული არ არის არც ბუნებასთან, არც კეთილდღეობასთან, არც შრომასთან და არც სამეურნეო მუშაკთან. ღირებულება გამოვიდა მატერიალური კვლავწარმოებითი რეალობის გავლენიდან. პირიქით, ის გვევლინება მათი მაკონტროლებლის როლში. იჭრება რა რეალურ ცხოვრებაში, ღირებულება რეალობას ეგუება, უფრო მეტიც, კარნახობს მას ღირებულებით რეალობას.
ისმის კითხვა: იქმნება თუ არა დღეს ღირებულება მიკრო-სამეურნეო პროცესების დონეზე? დიახ, იქმნება. ფინანსური ეკონომიკის საფუძვლის ფორმირება წარმოებს ღრმა ტრანსფორმაციული პროცესების შედეგად, რომლებიც მსოფლიო მეურნეობის წიაღში მიედინება, ამის დამახასიათებელი თავისებურებებია:
1. წარმოებით ურთიერთობათა ტრანსფორმირება ადამიანთა შორის, როგორც ეროვნულ მეურნეობებში, ისე მსოფლიო მეურნეობის ეკონომიკურ ურთიერთობებში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა ფინანსური დომინანტი;
2. გადაუჭრელი წინააღმდეგობა, რომელიც დამახასიათებელია ფუნდამენტური პარამეტრებისათვის და რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ნებისმიერი საქონელის ფასს, მათ შორის ფასსაც – ლიკვიდობას, შემოსავლიანობას და რისკს.
3. ფულის მიერ საკუთარი ხარისხობრივი დახასიათების – ფიქსირებული მცურავი ფასის დაკარგვა, რომელიც განისაზღვრებოდა ეროვნულ ფინანსურ ბაზრებზე;
4. თანამედროვე საქონლის ღირებულების ფირის მხოლოდ ერთი პარამეტრით – შემოსავლიანობით განსაზღვრა;
5. შემოსავლიანობის, ლიკვიდობისა და რისკის მართვის ჩამოყალიბება ეროვნულ ფინანსურ ბაზრებზე, როგორც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ფუნდამენტური საფუძველი, რომელიც ფინანსურ ძალაუფლების არსსა და სტრუქტურას გამოხატავს;
6. ეროვნული ფინანსური ბაზრების გარდაქმნა ღია სისტემებად, რომლებიც ერთიან პლანეტარულ ფინანსურ ბაზარში იყრის თავს;
7. ბიზნესის მთავარი მიზნის ტრანსფორმაცია: კომპანიის ეკონომიკური პოტენციის მისი ფინანსურ-ეკონომიკური პოტენციალად გარდაქმნა;
8. სამეურნეო გარემოს ვირტუალიზაცია, რომელიც ეფუძნება ვალის ვალდებულებებს, რომელთა ძირითადი ფორმაა ვადიანი კონტრაქტები;
9. კლასიკურ ეკონომიკურ წინაღმდეგობათა პლანეტარული ხასიათი, რის საფუძველზედაც წარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალიზაცია;
10. ახალი ეკონომიკური წყობილების აგრესიული ხასიათი, როგორც პლანეტარულ მასშტაბში ღირებულების გლობალური მართვის ატრიბუტი, მკაცრი მონეტარიზმის განსახიერება;
საყურადღებოა ერთი ფაქტიც. ფინანსური ეკონომიკის ფორმირებას თან ახლავს ფულის ფენომენის ახლებური გააზრების პროცესი. თუ კლასიკოსი ეკონომისტები ფულს დაცვის ნეიტრალურ და უტილიტარულ საშუალებად მიიჩნევდნენ. ავსტრიელი ეკონომისტი ი.შუმპეტერი ფულში ხედავდა საკრედიტო ინსტრუმენტს, ისეთ ფასთან ქაღალდს, რომელიც მოხმარების საგნების შეძენის საბოლოო გადახდის საშუალებას წარმოადგენდა. თანამედროვე მკვლევარ-ეკონომისტთა დიდი ნაწილი გამწვავებული საბაზრო ქცევის პირობებში ფულს წარმოგვიდგენს, როგორც დაგროვების საშუალებას და როგორც საქონელს, რომელიც თავის ღირებულებას იცვლის, თუმცა რჩება საბაზრო ღირებულების საზომად. ნებისმიერი ნივთის ღირებულება ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირშია ფულის ღირებულებასთან. ამასთან, უშუალოდ ღირებულება ჯერაც არ არის საქონელგაცვლით, ვაჭრობით გადაფარული. ამჟამად ფულს გააჩნია ღირებულების ფორმირების მისთვის დამახასიათებელი დინამიკა.3
ფული გამოდის, როგორც გაცვლის ჯერ კიდევ გამოუყენებელი ეკვივალენტი, მაგრამ თვითონ განიცდის შეძენის წყურვილს, რომელსაც ვირტუალურ ღირებულებაში ავლენს. თანაც, რეალურ სამყაროში ფულს ღირებულება არ გააჩნია. ფულში განივთებული ღირებულებითი შესაძლებლობები იმ გარიგებებში ვლინდება, რომლებშიც იგი ღებულობს მონაწილეობას და რომლებშიც ღირებულება იცვლება ხან ობიექტურად და ხან სუბიექტურად.
თუმცა, თანამედროვე საბაზრო ქცევის პირობებში ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ ფული როგორც დაგროვების საშუალება და თავის ღირებულებას ცვლის პროდუქტზე სულ სხვაა, თუმცა იგი ჯერ კიდევ რჩება საბაზრო ღირებულების საზომად. ნებისმიერი ნივთის ღირებულება დაკავშირებულია ფულის ღირებულებასთან, მაგრამ უშუალოდ ღირებულება არ არის საქონელგაცვლით გადაფარული. ფულს დღეს გააჩნია ღირებულების ფორმირების მისთვის დამახასიათებელი დინამიკა. თანამედროვე ფულის თეორიის უდიდესი სპეციალისტები მ.აგლიეტა და ა.ორლეანი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არ არსებობს არავითარი ფულის თეორია, არამედ არის მხოლოდ თეორია მისი რაოდენობის შესახებ, ე.ი. რაღაც სოციალური ობიექტის რაოდენობა, რომლის მონაწილეობა ეკონომიკაში არის ამ სისტემის გავლენის ქვეშ მოქცეული.
თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ფულადი აქტივების ზრდას საზღვრები არ გააჩნია. კრედიტისა და ფასიანი ქაღალდების წარმოების კერძო დეცენტრალიზაციამ შეიძლება განვითარებად ეკონომიკაში გამოიწვიოს კაპიტალის ინვესტიციებში გადართვა. ახლო წარსულამდე ამ როლს ბანკის მიერ ემიტირებული საკრედიტო ფული ასრულებდა. ეკონომიკური ზრდის პერიოდში, როდესაც მას ახლავს საბანკო სესხების დაჩქარებული გამოყენება, ცენტრალური ბანკები იყენებდნენ შეზღუდულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რითაც ეკონომიკური ზრდა შესაბამისობაში მოჰყავდათ კრედიტზე მოთხოვნილებასთან სარეზერვო ანარიცხების ანგარიშიდან. ფულადი მასის შექმნის შიდაეროვნული მექანიზმები დაფუძნებული იყო მისი რეგულირების რაოდენობრივ მეთოდებზე. მიმდინარე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფასადს მიღმა მიჩქმალულია ფსევდო-ფულადი კერძო აქტივების ზვავი, რომელიც საგონებელში აგდებს ფულის მიწოდების რეგულირებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს. სწორედ ფულადი მასის ასეთი გზით შექმნა სხვა არაფერია, თუ არა კერძო ფულის მასის ზრდა. თითოეულ ეკონომიკურ აგენტს ასეთი ფულის გამოშვებისა და გაყიდვის უფლება აქვს, თუმცა ეს აქტივები როდია მიმოქცევაში არსებული ფულის ერთადერთი სახეობა. თანაც, არავინ არ დავობს იმაზე, რომ ისინი ძალიან დინამიკური საქონელია, რომლის ღირებულება მაღალი ტემპებით იზრდება.
ფინანსური ეკონომიკის თეორეტიკოსებს და პრაქტიკოს აპოლოგეტებს ძალიან აწუხებთ ასეულობით სახის ასეთი აქტივების ცენტრალური ბანკების მხრიდან კოორდინირებისა და კონტროლის პრობლემები, არადა თვით ფინანსურმა ეკონომიკამ წარმოშვა კოლოსალური ოდენობის ვალდებულებები, რომელთა გადასახდელად კაცობრიობის მიერ შექმნილი მთელი საქონლური მასაც კი არ იკმარებს. მსოფლიო ეკონომიკაში დომინირებს არა ფულადი, არამედ ფინანსური ინფლაცია, რომელიც კაპიტალის თანამედროვე ინდუსტრიის წიაღში ჩაისახა.
მსოფლიო ფინანსურმა სამყარომ მოითხოვა ფულადი სისტემების გლობალური რეგულირება. საბაზრო ქცევას მოედო ღრმა ანარქია. მსოფლიო ფინანსური ბაზრები მოიცვა სისტემურმა კრიზისებმა, რომელთა ხანგრძლივობის პროგნოზირება და წინასწარ განჭვრეტა ვერ ხერხდება.
საფონდო ბირჟებზე ფინანსური პროდუქცია დაკავშირებული არ არის საქონელთან. მათი ღირებულება განისაზღვრება მოთამაშეთა სუბიექტური რეაქციით. ფინანსური ეკონომიკის ყველა სფეროში დომინირებს: გრძნობა, ემოცია, შიში, ინტუიცია. ნაკლები ყურადღება ექცევა ეკონომიკურ აზროვნებას და მასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს.
თუ წინა ეპოქებში ფულში გამოხატული მწარმოებელთა კოლექტიური სახე ყოველთვის ხელშეუხებელი და მტკიცე იყო. დღეს მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი. ეროვნული ეკონომიკების უმყარობამ, გაუფასურებამ, უთანასწორო გაცვლამ, ექსპლოატაციამ და სხვა ნეგატიურმა მოვლენებმა ფულის სიმტკიცე და სტაბილურობა შეარყია.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ფულის ცნება მტკიცედ დაუკავშირდა კაპიტალის ცნებას. ამასთან, დიდი ხანია კაცობრიობას აწუხებს კაპიტალის შესახებ არსებული დილემა: ყოველთვის აღინიშნებოდა შრომის ექსპლოატაციის, საკუთრებასთან დაკავშირებული სპეკულაციის, ინდივიდუალური რისკის აღზევების საქმეში კაპიტალის დამსახურება.
თანამედროვე პირობებში ფულის ფუნქციონირება თვისებრივად და რაოდენობრივად განისაზღვრება გლობალური ვირტუალური კაპიტალით. ფინანსური კაპიტალის ეს ახალი თვისება ძველ თვისებებთან დიალექტიკური შერწყმის შედეგია, რასაც, თავის მხრივ ხელი შეუწყო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კორპორაციების შერწყმის პროცესმა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ფასეულობათა საზომად და კორპორაციულ-ქსელური ბაზრის ამძრავად გამოდის ვირტუალური კაპიტალი (განსაკუთრებული სახის ფინანსური კაპიტალი), რომელიც მიმალულია ვირტუალური ფულის მიღმა, სწორედ ამით არის განპირობებული ფულის გადაქცევა ვირტუალურ ფულად, როგორც მისი ტექნოლოგიური ბუნებით, ისე სოციალური ფორმითაც.
პირველ შემთხვევაში იგი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროდუქტია, რომელიც ქმნის: ა) ვირტუალური რეალობის სახეს და ოქროს შემცვლელის როლში გვევლინება და ბ) საინფორმაციო ქსელსა და ფინანსურ სისტემაში განუსაზღვრელი გადაადგილებისა და გარდაქმნის ფორმის შესაძლებლობებს.
მეორე შემთხვევაში ვირტუალური ფული წარმოგვიდგება ტოტალური კორპორაციულ-ქსელური ბაზრისა და ვირტუალური (ფიქციური) ფინანსური კაპიტალის პროდუქტის სახით. ფული აბსოლუტური საყოველთაო ეკვივალენტობიდან, რომელიც შეზრდილი იყო მყარ ნატურალურ ფორმასთან, გარდაიქმნება ვირტუალური კაპიტალის ცხოველმყოფელობის პროდუქტების ამორფულ ერთობლიობად. თანაც, ერთობლიობა თვისებრივად სხვადასხვაგვარია და მხოლოდ ვირტუალურად ასრულებს როგორც ღირებულების საზომის, ისე გაცვლის საშუალებისა და დაგროვების საშუალების ფუნქციას.
ამასთან, ვირტუალური ფული გარდაიქმნება განსაკუთრებულ ფინანსურ-სუპერ-საყოველთაო ეკვივალენტად. საბოლოოდ ვირტუალური კაპიტალი, როგორც ქსელური ბაზრის სუპერ-საყოველთაო ეკვივალენტი იძენს საყოველთაო ნახევარ-სტიქიური რეგულატორის განსაკუთრებულ როლს, რადგანაც იგი კომპანია – ქსელის ღირებულების უნივერსალური შემფასებლის როლში წარმოგვიდგება.
ფინანსური ეკონომიკის სრულყოფილი განვითარების პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეროვნულ სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკებისა და უმსხვილესი ფინანსური კორპორაციების გაძლიერების შედეგად სულ უფრო სუსტდება ეროვნულ სახელმწიფოთა მარეგულირებელი ფუნქცია და პარალელურად იზრდება საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებში ვირტუალური კაპიტალის მოცულობა, რომელიც ემსახურება უშუალოდ ფინანსური ეკონომიკის ავტორიტეტის ამაღლებას.
ფინასური ეკონომიკის აღზევების პირობებში რადიკალურად იცვლება ღირებულების შინაარსიც, როდესაც ბაზარზე ცალკეული სახის საქონელთა ფასი განისაზღვრება არა მიწოდება-მოთხოვნას შორის თანაფარდობით, არამედ მსოფლიო კორპორაციული ქსელების მრავალფეროვანი კონკურენციის კონიუნქტურით. ფასი ღირებულების ფულში გამოხატვის საშუალებას კი არ წარმოადგენს, არამედ იმ რთულ აგრეგატში, სადაც ძველი ფულადი ფორმის გარსში დამალულია მსოფლიო ფინანსური ქსელის გაურკვეველი კონიუნქტურა.
ამრიგად, ფინანსურმა ეკონომიკამ წარმოშვა ვირტუალური ფული-კაპიტალი, როგორც კონტროლს დაუქვემდებარებელი კორპორაციათა სუპერ-ქსელი სუპერ საყოველთაო ეკვივალენტისა, რომელიც ოქროს, როგორც ბაზრის უნივერსალური რეგულატორისა და სტაბილიზატორის ნაცვლად გამოდის.
ფინანსური ბაზრის ეს სტიქიურობა ღრმა წინააღმდეგობაშია მოქცეული მოწესრიგებულ მსოფლიო მასშტაბის წარმოებასა და მომსახურებასთან, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს არა თუ სტიქიურად, არამედ მუდმივად შენარჩუნებული პროპორციულობის პირობებში, რომელიც ირღვევა მხოლოდ მსოფლიო სისტემური კრიზისების შედეგად.
არადა, თანამედროვე პირობებში სისტემური კრიზისები წარმოიქმნება ვირტუალური ფინანსური კაპიტალის ექსპანსიის (დაგროვების მაღალი ტემპების) შედეგად. ეს კი იწვევს ფინანსურ ბაზარზე ფულის მიერ საკუთარი ფუნქციების შეუსრულებლობას. ამის წინაპირობა კი ფინანსური კაპიტალის რეალური წარმოებისა და ფულის მიმოქცევის სახელმწიფო რეგულირებისაგან მოწყვეტაა.
მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში ვირტუალური კაპიტალი არსებითად განსხვავდება მე-19 საუკუნის ფიქციური კაპიტალისაგან.
ჯერერთი, წარმოადგენს რა გლობალურ ვირტუალურ კაპიტალს, იგი ფუნქციონირებს სტიქიურად, არ ექვემდებარება ეროვნულ და ზესახელმწიფოებრივ სტრუქტურებს;
მეორე, მოხდა მისი პრივატიზაცია შეზღუდული რაოდენობის კერძო პირთა მიერ, თუმცა ვირტუალური კაპიტალი მათ კონტროლს დაქვემდებარებული არ არის;
მესამე, ვირტუალური კაპიტალი წარმოგვიდგება ნეო-კაპიტალის, ნეო-ფულის როლში და ასრულებს უნივერსალური რეგულატორისა და საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციებს.