ფირმის ფინანსური უზრუნველყოფა
პავლე ჩაგელიშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, თსუ პროფესორი
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ფირმა კოტრდება და მის ადგილს იკავებს ახალი ფირმები. ფირმის გაკოტრების მიზეზი უმეტესად ცუდი მენეჯმეტია. ფირმის ფინანსური მდგრადობა უფრო მეტად დამოკიდებულია ფინანსების მენეჯერის ცოდნასა და გამოცდილებაზე. მისი ფუნქცია შეიძლება შევადაროთ ავტო მანქანის მძღოლისას, რომლის ამოცანაა მანქანის სწორი და უსაფრთხო ტარება, მისი დანიშნულების ადგილამდე დროზე მისვლა. ამისათვის მას გააჩნია საჭე, სიჩქარის კოლოფი და მუხრუჭები.
ფინანსური მენეჯერის ამოცანაა ფირმის განკარგულებაში არსებული მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზით მაქსიმალური შედეგის (მოგების) მიღება, ამისათვის მას გააჩნია ამ რესურსების მართვის ეკონომიკური ბერკეტები.
ფირმა საკმაოდ რთული სამეურნეო ორგანიზმია, მასზე მრავალი შიგა და გარე ფაქტორები მოქმედებს: კონკურენცია, ფასების ცვლილება, ინფლაცია, საგადასახადო და საკანონმდებლო ცვლილებები, მომწოდებლებისა და გამსაღებლების ქმედება და მრავალი სხვა, რომელიც აიძულებს ფირმის მენეჯმენტს მიიღოს მათ ქმედებაზე დროული და სწორი გადაწყვეტილება. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ფირმის ლიკვიდაცია გამოწვეულია იმით, რომ მისი ხელმძღვანელობა არ აწარმოებს ფირმის მუშაობის ყოველდღიურ ანალიზს. უფრო ხშირად ანალიზი ტარდება წელიწადში ან უფრო ხშირად ექვს თვეში ერთჯერ. ამ პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსწორება უკვე შეუძლებელია, არამიზნობრივად დახარჯული მატერიალური და ფინანსური რესურსების აღდგენა შეუძლებელია, რის შედეგადაც ფირმის ფინანსური მდგომარეობა ჩიხში ექცევა.
ამიტომ მატერიალური და ფულადი რესურსების ხარჯვის მდგომარეობა მუდმივ კონტროლზე უნდა იყოს, რათა დაშვებული შეცდომები დროულად იქნას გამოსწორებული.
ჩვენის აზრით, ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაციის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებით სრულიად შესაძლებელია ფირმის ფინანსური მონიტორინგის ჩატარება ყოველდღიურად, რაც პრაქტიკაში იშვიათობაა.
მენეჯერს მუდმივ კონტროლზე უნდა ქონდეს ფინანსური მდგრადობის ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ლიკვიდობა, ბრუნვადობა და მათი ტენდენციები. ეს და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები ბიზნესისა და ინვესტიციების გარემოში ითვლებიან ურთიერთობის ენად, ამიტომ მათი ცოდნა და გამოყენება აუცილებელია.
ბევრი კერძო მეწარმე, რომელთაც არ შეუძლიათ აწარმოონ ფირმის ფინანსური მდგომარეობის შეფასება, ფირმის საქმიანობის შედეგებს აფასებენ ცოცხალი ფულის მასით, წარმოებული პროდუქციის მოცულობით და ასორტიმენტით ან სხვა მაჩვენებლებით.
ხშირად იურიდიული პირებიც კი, რომელთაც არ შეუძლიათ წაიკითხონ თავისი ფინანსური დოკუმენტაცია, ორიენტაციას ახდენენ ამავე მაჩვენებლებზე.
ფინანსური მდგრადობა გვიჩვენებს საწარმოს შესაძლებლობას, დაფაროს თავისი ვალდებულება და შეინარჩუნოს საწარმოს მართვის უფლება ხანგრძლივ პერსპექტივაში. იგი შეიძლება შეფასებული იქნას ორი კოეფიციენტით: საკუთარი კაპიტალის შეფარდებით მთელ პასივთან და მეორე, საკუთარი კაპიტალის შეფარდებით ნასესხებ კაპიტალთან. ფინანსურად მდგრად საწარმოსათვის პირველი კოეფიციენტი არ უნდა იყოს 0.5-ზე ნაკლები, ხოლო მეორე – 1-ზე ნაკლები.
წარმოების ლიკვიდობა, ეს არის წარმოების უნარი დროულად დაფაროს მოკლევადიანი ვალდებულება სრული მოცულობით, საბრუნავი აქტივების ხარჯზე. იგი ფასდება სამ მაჩვენებელში: საერთო ლიკვიდობა, აბსოლუტური და ელვისებური ლიკვიდობა.
მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი უდრის მიმდინარე აქტივები შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებასთან
აბსოლუტური ლიკვიდობის კოეფიციენტი უდრის ფულად სახსრებს + მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებები შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებებთან. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს საწარმოს უნარს დაფაროს მოკლევადიანი ვალდებულებები, აქტივების ყველაზე ლიკვიდური ნაწილით – ფულადი სახსრებისა და მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებებით. ამ კოეფიციენტის სარეკომენდაციო მაჩვენებელი არ უნდა იყოს 0,2-ზე ნაკლები.
სწრაფი (ელვისებური) ლიკვიდობის კოეფიციენტი უდრის ფულადი სახსრების, მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებისა და დებიტორული დავალიანების ჯამი, შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებებთან. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს საწარმოს ვალდებულებების დაფარვის უნარს აქტივების ლიკვიდური ნაწილის ხარჯზე.
სწრაფი ლიკვიდობის კოეფიციენტი ასევე შეიძლება გაანგარიშებული იქნეს, როგორც მიმდინარე აქტივების – მარაგების შეფარდება მოკლევადიან ვალდებულებებთან. მოცემული კოეფიციენტის მნიშვნელობა არ უნდა იყოს 1-ზე ნაკლები.
აღნიშნული კოეფიციენტების გაანგარიშების დროს მოკლევადიან ვალდებულებას უნდა გამოაკლდეს მომავალი პერიოდის შემოსავლები, მოსალოდნელი ხარჯების რეზერვები და გადასახადები.
საორიენტაციოდ პრაქტიკაში მიღებულია, რომ ფირმის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე აქტივები ორჯერ უნდა აღემატებოდეს მოკლევადიან ვალდებულებებს.
ლიკვიდობის მაჩვენებლად შეიძლება ასევე გამოვიყენოთ წმინდა საბრუნავი კაპიტალის მაჩვენებელი. იგი გვიჩვენებს, თუ საბრუნავი კაპიტალის რა ნაწილი ფინანსდება საკუთარი კაპიტალის ხარჯზე, ამავე დროს გვიჩვენებს საწარმოს ლიკვიდობის და ფინანსური მდგრადობის დონეს.
წმინდა მოგების კოეფიციენტი გაიანგარიშება საბრუნავ აქტივებსა და მოკლევადიან ვალდებულებებს შორის სხვაობით. ამ მაჩვენებლის უარყოფითი მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ მოკლევადიანი ვალდებულებები აღემატება საბრუნავ კაპიტალს. სხვანაირად, ვალდებულებები, რომელიც უნდა დაფაროს საწარმომ წლის განმავლობაში, აღემატება წლის განმავლობაში მყოფ აქტივებს. ეს ხდება, როცა ვალდებულებების ზრდის ტემპი აღემატება საბრუნავი აქტივის ზრდის ტემპს. ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმო არაეფექტიანად მართავს ნასესხებ ფინანსურ წყაროებს.
საწარმოს ფინანსურ მენეჯმენტს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარი სახსრებით უნდა დაფინანსდეს როგორც მუდმივი აქტივები, ასევე საბრუნავი კაპიტალი (ე. ი. ბალანსის მესამე განყოფილება უნდა იყოს მეტი ან ტოლი პირველ განყოფილებაზე). საინვესტიციო კაპიტალის შეფარდება მუდმივ აქტივებთან უნდა იყოს ერთზე მეტი. თუ იგი ერთზე ნაკლებია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნასესხები სახსრების ხარჯზე ფინანსირდება მთელი საბრუნავი აქტივები და ბრუნვის გარეშე აქტივების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციის მდგომარეობა ფინანსურად არამდგრადია და იქმნება ნასესხები სახსრების დაფარვისათვის სერიოზული პრობლემა.
ბრუნვადობა. საწარმო ფულის ბრუნვისაგან იღებს შემოსავალს ფულადი სახსრების ბრუნვის პროცესში. თანმიმდევრობით გაივლის შემდეგ ეტაპებს: მომწოდებლების ავანსები, მატერიალური მარაგები, დაუმთავრებელი წარმოება, მზა პროდუქცია, გადატვირთული საქონელი, დებიტორული დავალიანება და ახალი ფული. რაც უფრო გრძელია ეს ციკლი, მით მეტი ფულადი სახსრები ესაჭიროება საწარმოო პროცესის დაფინანსებისათვის
საწარმოო პროცესში დაფინანსების წყაროები არის: მიმდინარე დავალიანება მომწოდებლების წინაშე (კრედიტორული დავალიანება), ბიუჯეტის დავალიანება, პერსონალის დავალიანება და მყიდველთა ავანსები.
ბრუნვადობის სიღრმისეული ანალიზისათვის საჭიროა დებიტორული დავალიანებიდან გამოვრიცხოთ უიმედო დებიტორული დავალიანება, ხოლო სათადარიგოდან – “არალიკვიდური ნაშთები. ბრუნვადობა შეიძლება შევაფასოთ ერთის მხრივ, მყიდველების ავანსების დებიტორულ დავალიანებასთან შეფარდებით და მეორეს მხრივ, მომწოდებლის ავანსებისა და კრედიტორულ დავალიანებასთან.
ბრუნვადობის ანალიზის გამოყენება საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ანალიზი მოსალოდნელი შედეგი კრიზისული სიტუაციის დადგომამდე, რამდენადაც ამ მაჩვენებელზე დამოკიდებულია საწარმოს ცოცხალი ფულის მარაგი.
ყველა ზემოდ ჩამოთვლილი მაჩვენებელი დამოკიდებულია
ძირითად პარამეტრზე- აქტივებზე და კრედიტორულ დავალიანებაზე. ამ შემთხვევაში აქტივში შეიტანება არა მისი მთლიანი მოცულობა, რომელიც შედის ბალანსში, არამედ ის სახსრები, რომელიც რეალურად მოკლე დროის პერიოდში შეიძლება მოვაქციოთ ფულის ნაკადში. ფირმისათვის ოპტიმალურ შეფარდებად ითვლება, როცა აქტივი იზრდება, ხოლო კრედიტორული დავალიანება მცირდება, რაც პრაქტიკაში იშვიათია. ფირმა შეიძლება დარჩეს მდგრადად, როცა აქტივების ზრდის ტემპი აჭარბებს კრედიტორიული დავალიანების ზრდის ტემპს, ან როცა აქტივების შემცირების მაჩვენებელი ნაკლებია, კრედიტორული დავალიანების შემცირების მაჩვენებელზე.
ყველაზე უარესი მაჩვენებელია, როცა აქტივები მცირდება, ხოლო კრედიტორული დავალიანება იზრდება, თუ ეს მოვლენა ტენდენციურია, ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობა არ ფლობს მათი მართვის ბერკეტებს. ეს კი ხდება, როცა ხელმძღვანელობა არ აქცევს საკმაო ყურადღებას ფინანსურ ანალიზს, არ ესმის მისი მნიშვნელობა, ან არა აქვს საკმაო ფინანსური განათლება, ამიტომ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა ნაკლებმნიშვნელოვან მაჩვენებლებს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავადგინოთ საწარმოს ინვესტიციური პოლიტიკისა და მიმდინარე საქმიანობის მდგომარეობა. საწარმო ყველაზე უხეშ შეცდომას უშვებს, როცა ცოცხალი ფულის მასა დიდია (რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს იგი). სწორედ ამ დროს მიიღება გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფირმის გაკოტრება. მხოლოდ ფულადი სახსრების ანალიზმა შეიძლება გვაჩვენოს რამდენად უნარიანია ფირმის ხელმძღვანელობა ფულადი სახსრების მართვაში. საინვესტიციო გეგმის უქონლობა უფრო ხშირად ღუპავს ფირმას, ვიდრე უფულობა. ამ შემთხვევაში ფირმა თავის თავს აყენებს ბაზრის ზემოქმედების ქვეშ.
აქტივებისა და კრედიტორულ დავალიანებათა არაეფექტიანი მართვის მიზეზი შეიძლება იყოს ერთი, როცა არ არის ნაპოვნი მისი მიზეზი, ან მეორე – მართვისათვის გამოიყენება არაეფექტიანი ბერკეტი. თუ ფირმის ხელმძღვანელობა ცდილობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოასწოროს მდგომარეობა, მაგრამ ვერ აღწევს შედეგს, ეს ნიშნავს, რომ არაეფექტიანი მართვის მიზეზი დევს არა იქ, სადაც იგი ეძებს. საუბედუროდ, ამჟამად მოქმედი ბუღალტრული ანგარიშის სტრუქტურა ორიენტირებულია საგადასახადო ანგარიშებზე, რაც არ იძლევაA საშუალებას ფირმის ფინანსური მდგომარეობის ღრმა ანალიზისათვის მისი ოპერაციულ მართვაში გამოსაყენებლად, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია ძლიერმა და პერსპექტიულმა ფირმებმა გამოიყენონ ისეთი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ერთდროულად გაკეთდეს ანალიზი, დაეხმაროს ფირმას მართვაში და მომავალი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ამჟამად ასეთ ბერკეტად აღიარებულია მართველობითი აღრიცხვა, რომელმაც საკმაოდ დიდი აღიარება ჰპოვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მართველობითი აღრიცხვის დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ იგი იყენებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა მუდმივი და ცვალებადი დანახარჯები, ფულადი ნაკადი, ფინანსური მდგრადობა, ლიკვიდობა, ბრუნვადობა, უზარალობის წერტილი და საწარმოს ფინანსური ლევიჯი.
იმისათვის, რომ ვაწარმოოთ მოგება-წარმოება – გასაღების საქმიანობის კონტროლი, საკმარისია ვაკონტროლოთ უზარალობის წერტილი, ვინაიდან რესურსების ხარჯვა ყოველდღიურია. ამიტომ კონტროლიც უნდა იყოს ასევე ყოველდღიური. მართველობითი აღრიცხვის სისტემაში ზემოთ დასახელებულთაგან ერთი პარამეტრის კონტროლი ზემოქმედებას ახდენს რამდენიმე სხვა პარამეტრზე. თუ საწარმოს შესწევს უნარი მართოს აქტივის შეფარდება კრედიტორულ დავალიანებასთან, მაშინ დანარჩენი მაჩვენებლები ავტომატურად იმართება. მართველობითი კონტროლი გვიჩვენებს, თუ ხელმძღვანელობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად როგორ წარმოგვიდგება ხვალ საწარმოს მოგება-ზარალის ანგარიში და ფულადი სახსრების მოძრაობა,
მართველობითი აღრიცხვა ასრულებს ასევე მუდმივმოქმედი რევიზიის როლს, ვინაიდან იგი აკონტროლებს ყველა სამეურნეო ოპერაციას, ბუღალტრულ აღრიცხვასთან ერთად. მმართველობითი აღრიცხვის მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფს ფირმის ფინანსურ მდგრადობას, ამაღლებს ფირმის ეკონომიკურ ეფექტიანობას.
მსხვილი ფირმები შედგება რამოდენიმე სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა წვლილი ფირმის საერთო მოგებაში მკვეთრად განსხვავებულია, მომგებიან – მაღალეფექტიან ერთეულებთან ერთად გვხვდება არარენტაბელური, წამგებიანი სტრუქტურული ერთეულებიც, რომლებიც თავისი ზარალით შთანთქავენ მაღალ რენტაბელობის სამეურნეო ერთეულების მოგებას, რითაც საგრძნობლად ამცირებენ ფირმის საერთო სამეურნეო შედეგებს. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს გათანაბრებას, სამეურნეო შედეგების შეფასებაში, ქრება მაღალრენტაბელურ ქვედანაყოფთა დაინტერესება მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მისაღწევად, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას ახდენს ფირმის სამეურნეო შედეგებზე.
აღნიშნულის ლიკვიდაციისათვის, საჭიროა ფართოდ გამოვიყენოთ ფირმის შიგა კომერციული ანგარიში. ეს მეთოდი გულისხმობს თითოეული სტრუქტურული ერთეულის კომერციულ ანგარიშზე გადაყვანას. ამისათვის საჭიროა თითეული ქვედანაყოფი მოქმედებდეს თვითდაფინანსებისა და თვითანაზღაურების პრინციპით. თითოეულ მათგანს უდგინდება საგეგმო მაჩვენებლები (შემოსავლები და დანახარჯები, წარმოების მოცულობა და რეალიზაცია, მოგება და სხვა), მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიეცეს სამეურნეო საკითხების გადაწყვეტაში, მოგების ფორმირებასა და მის განაწილებაში. კომერციული ანგარიში საშუალებას გვაძლევს ფირმის ფინანსური მაჩვენებლების ამაღლებისათვის ბრძოლაში აქტიურად ჩავაბათ ფირმის თითოეული მუშაკი, დაწყებული რიგითი მუშაკიდან ფირმის ხელმძღვანელის ჩათვლით. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ამაღლდეს თითოეული ქვედანაყოფისა და საერთოდ ფირმის ეფექტიანობის მაჩვენებლები, მისი ფინანსური მდგრადობა.