მეწარმეობის კურსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ეკა ლეკაშვილი, პროექტის მონაწილე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და მენეჯმენტის კონსულტანტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმები სასწავლო და კვლევითი მუშაობის დასავლურ სტანდარტზე გადასვლას ემსახურება. ადგილობრივი ძალისხმევის მობილიზების და სრულყოფის პარალელურად აღნიშნული მიზნის მისაღწევაში უცხოელი პარტნიორების დახმარება შეუფასებელ როლს ასრულებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ მრავალ პროექტს შორის განსაკუთრებით საინტერესოა პროგრამა – “მეწარმეობის კურსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ხორციელდება. პროექტი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საბერძნეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი საბერძნეთის მხრიდან არის პირეის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი.
პროგრამის დამტკიცება იმაზე მეტყველებს, რომ საბერძნეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა თანამშრომლობის განვითარებისთვის, ხოლო უმაღლესი განათლება კი პრიორიტეტული სფეროა.
პროგრამის მიზანია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პირეის უნივერსიტეტს შორის პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის სისტემატიზაცია და დიდი წვლილის უზრუნველყოფა სამეცნიერო სფეროს განვითარებაში; გამოცდილების გაზიარება მეწარმეობის კურსის სასწავლო მასალის და სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზების გზით; მდგრადი ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველსაყოფად პირობების შექმნა; სამომავლო კოოპერაციის სამოქმედო გეგმისთვის საფუძვლების მომზადება; აკადემიური კავშირებისა და ტრანსეროვნული ურთიერთობების (კულტურული, აკადემიური, ეკონომიკური) გაძლიერება.
პროგრამა სამი ფაზისგან შედგება. პროექტში საბერძნეთის მხრიდან სწავლებას წარმართავს ხუთი ლექტორი, საქართველოს მხრიდან კი ჩართულია რვა მონაწილე. პროექტის კოორდინატორი საბერძნეთის მხრიდან არის პირეის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, ინდუსტრიული ეკონომიკის პროფესორი იოსებ ჰასიდი, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფს ხელმძღვანელობს პროფესორი ავთანდილ გაგნიძე.
დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა სასწავლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტები კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს. მთავარი მოთხოვნა ინგლისური ენის სათანადო დონეზე ცოდნაა, რადგან ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. პირეის უნივერსიტეტის ლექტორები ატარებენ ლექციებს შერჩეული სტუდენტებისათვის სწავლების სამივე ფაზაში. დღემდე სწავლების ე.წ. ა და ბ ფაზა შედგა. ფაზებს შორის პერიოდში თსუ-ს პროფესორები აგრძელებენ მუშაობას სტუდენტებთან სასწავლო პროგრამის თემატიკიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში მომზადდა ვებ-გვერდი, ინფორმაციის და სასწავლო მასალების განსათავსებლად (იხ. www. europa-eac.com/tbilisi). საიტზე განთავსებული სასწავლო და სხვა მასალები, რომელიც დაკავშირებულია მეწარმეობის საგანმანათლებლო სფეროსთან საბერძნეთის, საქართველოს, ევროკავშირის ქვეყნების და სხვათა მაგალითზე, ხელმისაწვდომია სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ბერძნული მხარის მიერ მომზადებული მეწარმეობის კურსი (სამ ნაწილად), რომელიც შესრულებულია ინგლისურ ენაზე, ქართველი პროფესორების მიერ ქართულ ენაზე ითარგმნება, შეივსება საქართველოს მაგალითებით, მოხდება მისი რედაქტირება და გამოცემა. პროექტის დასასრულს ქართველ სტუდენტებს სასწავლო სახელმძღვანელო მშობლიურ ენაზე ექნებათ.
2007 წლის 18-25 ოქტომბრამდე “მეწარმეობის კურსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში თსუ პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი იმყოფებოდა ათენში, პირეის უნივერსიტეტში. შედგა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაო შეხვედრა პირეის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ დ. დესპოტისთან, საბერძნეთის ინვესტიციების ცენტრის (ELKE), სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული გაერთიანებების პან-ბერძნული კონფედერაციის (PASECES) და საბერძნეთის კონკურენციის კომისიის (HCC) წარმომადგენლებთან.
საბერძნეთის ინვესტიციების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პრეზენტაციების დროს განიხილეს საბერძნეთის საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორები, საინვესტიციო კლიმატი, ინვესტიციების დარგობრივი და გეოგრაფიული მიმართულებები, საინვესტიციო სფეროში წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული გაერთიანებების პანბერძნული კონფედერაციის წარმომადგენლების მიერ საბერძნეთის სასოფლო-სამეურნეო სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ ინფორმაციას მეტი დამაჯერებლობა შესძინა გულთბილმა მასპინძლობამ. ისინი მზად არიან აღნიშნულ სფეროში ბერძნული გამოცდილების გაზიარებისთვის.
საბერძნეთის კონკურენციის კომისიაში შეხვედრაზე გაკეთდა კომენტარები კონკურენციის სამართლებრივი რეგულირების და იურიდიული ჩარჩოების შესახებ; განხილურ იქნა კომისიის მუშაობის მეთოდოლოგიური საკითხები, ევროპის კონკურენციის კავშირთან (ECN) თანამშრომლობის მიმართულებები და სხვა.
სამუშაო შეხვედრებზე დაისახა სამომავლო ამოცანები პროექტის წარმატებული განვითარებისთვის. ყურადღება გამახვილდა სასწავლო ფაზებს შორის პერიოდში სტუდენტების აქტიურობის, სტუდენტების მუშაობის და შუალედური შეფასების საკითხებზე. გაჩნდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გარდა სხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის მეწარმეობის ეკონომიკის კურსის შეთავაზების ინიციატივა. სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით დამუშავდება სასწავლო “ქეისები საბერძნეთში და საქართველოში მოღვაწე მეწარმეების გამოცდილებიდან. დაიგეგმა 2008 წლის მაისის კონფერენციის ზოგიერთი საორგანიზაციო საკითხი.
საბერძნეთის მხარემ ინტერესი გამოიჩინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაოების გაფართოებისადმი და მზადაა თსუ-ს მხრიდან პროდუქტიული ინიციატივების შემთხვევაში შეიმუშავოს ერთობლივი პროგრამები ეკონომიკისა და ბიზნესის სხვა მიმართულებით.
ქართველ პროფესორთა ჯგუფის საბერძნეთში ვიზიტის მთავარი შედეგია ის, რომ გაჩნდა საფუძვლიანი ინტერესი – “ხელახლა აღმოვაჩინოთ საბერძნეთი.
თანამედროვე საბერძნეთის მაკროეკონომიკური და ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიმოხილვა:
საბერძნეთის მოსახლეობამ 2006 წელს 11125179 შეადგინა. მათ შორის ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი 15-64 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოდის, რაც მთლიანი მოსახლეობის 67%-ია. შრომისუნარიანი მოსახლეობის 65,88% მომსახურების სექტორშია დასაქმებული, 22,27% – მრეწველობაში და 11,85% – სოფლის მეურნეობაში. ხელფასის მინიმალური ზღვარი 50 ევროა, ხოლო მაქსიმალური – 15000 ევრო.
2006 წელს რეალური მშპ-ს ზრდის ტემპით საბერძნეთი ევროზონის ქვეყნებში მეოთხე ადგილზეა, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4 % შეადგინა, მაშინ როდესაც ევროზონაში იგივე მაჩვენებელმა საშუალოდ 2,7-ს მიაღწია. საბერძნეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2009 წლისთვის საბერძნეთის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი 4 %-ს გადააჭარბებს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი ევროზონის ქვეყნებში 2005 წლის დასასრულისთვის 17 666 მილიონ ევროს შეადგენდა. ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი მოდიოდა ლუქსემბურგზე (11 877 მილიარდი ევრო – მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48%); ევროზონის ქვეყნებიდან საბერძნეთში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 71%-ს აღემატება; მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებზე საბერძნეთში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 77% მოდის, ევროზონის არაწევრ ქვეყნებზე იგივე მაჩვენებელი 28,6%-ია, მათ შორის ევროპის დანარჩენ ქვეყნებზე – 10,7%, ამერიკის შეერთებული შტატებზე – 7,5%, ამერიკის დანარჩენ ქვეყნებზე – 3,6%.
საბერძნეთის იმპორტის ღირებულება 2006 წელს 50734181730 ევრო იყო. იმპორტის ძირითადი სასაქონლო ჯგუფებია: მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები (28,5%), მინერალები, საწვავი, საპოხი მასალები (19,15%), გადაუმუშავებელი ნედლეულის პროდუქცია (14%), ქიმიური ნაწარმი (13,7%), სურსათი და ცოცხალი პირუტყვი (8,7%) და სხვა. ამავე პერიოდში საბერძნეთის ექსპორტი 16651657735 ევროს შეადგენდა. ძირითადი საექსპორტო პროდუქციის ჯგუფში შედიოდა: ბუნებრივი ნედლეულით დამზადებული საქონელი (20,49%), ქიმიური ნაწარმი (14,01%), მინერალები, საწვავი, საპოხი მასალები (13,03%), მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები (12,57%) და სხვა. შეინიშნება ძირითად საექსპორტო და საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის მსგავსება.
საბერძნეთში განხორციელებული იმპორტის 62,13% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ევროპის დანარჩენ ქვეყნებზე – 12,61%, აზიის რეგიონზე – 19,73%. საბერძნეთის ექსპორტი შემდეგი გეოგრაფიული მიმართულებებით ხორციელდება: ევროკავშირის ქვეყნები – 70,56%, დანარჩენი ევროპის ქვეყნები – 13%; აზიისა და ამერიკის ქვეყნები – შესაბამისად, 5-5 %, აფრიკა – 4,5%.
მოცემული სტატისტიკური მონაცემები ეყრდნობა ELKE-ს მასალებს, რომელიც მომზადებულია საბერძნეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის, საბერძნეთის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროს, ევროსტატის, საბერძნეთის ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ინფორმაციებზე დაყრდნობით.