ქართული ჩაის ბიზნესის შექმნის საიდუმლო

ნინო არველაძე

საქართველოში მეჩაიეობის დარგი საუკუნენახევრის ისტორიას ითვლის. წინა საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ჩაი დაახლოებით 76000 ჰა-ზე იყო გაშენებული. იკრიფებოდა დაახლოებით 400000 ტონა ჩაის ფოთოლი, რაც 100000 ტონა მზა პროდუქციას უტოლდებოდა და მსოფლიოში ჩაის წარმოების 8%-ს შეადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლამ, პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების ცენტრალიზებული რეჟიმის გაუქმებამ და რაც მთავარია, დაბალი ხარისხის და ძვირადღირებული პროდუქციის წარმოების გაგრძელებამ სამომხმარებლო ბაზარზე ქართულ ჩაიზე მოთხოვნილების შეკვეცა და საქართველოში ამ პროდუქციის წარმოების მინიმუმამდე შემცირება გამოიწვია.
შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 24000 ტონა ჩაის ფოთოლი მოიკრიფა, აწარმოეს დაახლოებით 6�000 ტონა პროდუქცია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში შეიმჩნევა ამ პროდუქციის წარმოების მოცულობის ტემპის შემცირება. იგი გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:
– საწვავზე ფასების ზრდამ გამოიწვია პროდუქციის თვითღირებულების საგრძნობი ზრდა. საქართველოს მეჩაიეობის დარგში გამოყენებული საშრობი ღუმელების მქკ 0.3-ს არ აღემატება და ისინი მორალურად მოძველებულია. შედარებისათვის, თანამედროვე თბოგენერატორების მქკ 0.8-ს აღწევს, რაც უზრუნველყოფს საწვავის ორჯერ და მეტად ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობას.
– ჩაის ფაბრიკებში დენის ხარჯი 1 კგ მზა პროდუქციაზე სტანდარტით განსაზღვრულ 0.641 კვ/სთ-ზე მეტია, რაც გაძვირებული დენის ტარიფის შემთხვევაში ძალიან მაღალია. სხვა ქვეყნებში კი ანალოგიური ჩაის წარმოებისათვის ხარჯი 0.430 კვ/სთ-ს არ აღემატება.
– შავი ჩაის წარმოების პირველი და აუცილებელი პროცესი არის ღნობა, რომელიც დღევანდელ ფაბრიკებში ფაქტიურად არ მიმდინარეობს. ამის მიზეზი ძველი, რუსული წარმოების საღნობი დანადგარები, რომლებიც აბსოლუტურად გამოუყენებელია. აუცილებელია მისი ჩანაცვლება საღნობი ტროფებით.
– აღსადგენია მოგრეხილი ფოთლის დახარისხების და ფერმენტაციის დამოუკიდებელი ციკლი, შესაბამის რეჟიმულ პარამეტრებში;
– მოდერნიზაციას მოითხოვს მწვანე ჩაის წარმოების ტექნოლოგიაში ფიქსაცია და შრობის პროცესები.
საქართველოში ჩაის ბიზნესის განვითარებისათვის სპეციალისტთა ჯგუფმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ეს პროგრამა იმ რამდენიმე საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს, რომელიც საექსპორტო პოტენციალსა და დასაქმების მაჩვენებლებს გაზრდის, ასევე დადებითად აისახება შიდა ბაზარსა და რეგიონში ყველაზე დიდი რესურსის – ჩაის ათვისებაზე. სპეციალისტები რამდენიმე პრინციპზე შეთანხმდნენ – ისინი არ ემხრობიან მთავრობისგან სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების შემოღებას, მაგრამ მისგან აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვენ. კერძოდ, მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში, დაქუცმაცების ნაცვლად, ჩაის პლანტაციების კაპიტალის სახით გაყიდვას მოითხოვენ. სპეციალისტები პრივატიზაციის ინვესტიციური გეგმის მიხედვით ჩატარებას ემხრობიან, რათა ნათელი გახდეს ინვესტორის მიზანი, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სრულყოფილად უნდა აღრიცხოს მიწის რესურსი, ჩაატაროს მიწის კადასტრიზაცია და მის მიხედვით დაასკვნას, თუ რა კულტურის გაშენება იქნება უფრო მომგებიანი აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე. სახელმწიფოს აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად თანამედროვე, ტექნოლოგია და სპეციალისტები სჭირდება, სპეციალისტთა ჩამოყალიბებაში კი ფინანსურად სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. უნდა შეიქმნას ჩაის სტანდარტები, რაც ქართული ბრენდის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. სახელმწიფომ მსოფლიოში აქტიურად უნდა განახორციელოს პროდუქციის რეკლამა. სპეციალისტებს ამ საკითხების მოგვარებაში სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი აქვთ. მნიშვნელოვანია იდეოლოგიური ნაწილიც – ქვეყანამ უნდა გაითავისოს, რომ რუხ მიწებზე ჩაიზე შემოსავლიანი კულტურა ვერ ხარობს. ჩაის ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა გახდეს და უცხოურ დონორებს მისი პერსპექტიულობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა”, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი” და გეოპლანტ ჯგუფი აპრილის შუა რიცხვებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენციის ჩატარებას გეგმავენ. კონფერენციაზე მთავრობას შესთავაზებენ ქართული ჩაის ანალიზს, სადაც ნათლად გამოიკვეთება ამ პროდუქტის დადებითი თვისებები.
საქართველოში ჩაის ბიზნესის განვითარების საკითხებზე საუბრობენ “გეოპლანტ” ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი შალვა (კოკი) ცეცხლაძე, შპს “გეოპლანტის” გენერალური დირექტორი გოჩა ძნელაძე, ბიოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლევან გულუა და ექსპერტი ეკონომიკის დარგში ემზარ ჯგერენაია.

ქართული მეჩაიეობის
ძლიერი მხარეები
მზიანი დღეების, ნალექების, ნიადაგის შემადგენლობის, ჰიფსომეტრიისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით დასავლეთ საქართველო აკმაყოფილებს სამრეწველო მეჩაიეობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. დღეღამური ტემპერატურის რყევა განაპირობებს ნაზ ყლორტებში არომატული ნივთიერებების გენერაციას, რის გამოც ქართული ჩაი სხვა ქვეყნების პროდუქციისაგან გამორჩეულია.
ტროპიკული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ქართული ჩაის პროდუქცია თითქმის არ შეიცავს სხვადასხვა პესტიციდების ნარჩენებს, რადგან, ჩვენთან ზამთარში ჩაის ბუჩქებს მავნებლების წინააღმდეგ დამუშავება არ სჭირდება. რადიაციული ფონიც სხვა ქვეყნებთან შედარებით 18-20%-ით დაბალია. ჩაის პლანტაცია უდიდეს როლს ასრულებს ნიადაგის ეროზიისაგან დაცვაში. საქართველოში ყველა პირობა არსებობს ეკოლოგიურად სუფთა ჩაის წარმოებისათვის, რისთვისაც მიზანშეწონილია მეჩაიეობის დარგი გაერთიანდეს ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციაში.
გასული საუკუნის 70-იანი წლებისათვის საქართველოში 65,0 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია იყო, ამჟამად არასრული მონაცემებით კი, 45-50,0 ათასი ჰექტარია, საიდანაც 10,0 ათასი ჰექტარი აფხაზეთშია. ჩაის ფოთლის კრეფისათვის ვარგის მდგომარეობაშია 12-15 ათასი ჰექტარი. პერსპექტიული პლანტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გასაწმენდია ეკალ-ბარდებისა და ხე-მცენარეებისაგან, ხოლო დაბლობის დაჭაობებული პლანტაციები ამოსაძირკვია.
ჩაის პლანტაციების 70-80% გაშენებულია ინდოჩინური ჯიშებით, 12-15% – იაპონური და 4-5% – ქართული სელექციური ჯიშებით (ჯიში კოლხიდა), რომლებიც გამოირჩევიან ყინვაგამძლეობით, უხვმოსავლიანობით, მაღალი ბიოქიმიური და ტექნოლოგიური პოტენციალით.
ქართული მეჩაიეობის გეოგრაფიული გაადგილების მიუხედავად, პლანტაციის მოვლის, ფოთლის კრეფისა და გადამუშავების ქართველი მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების დაცვის პირობებში შესაძლებელია ინდური, შრი-ლანკური, ჩინური და იაპონური ელიტური პროდუქციის ანალოგების, აგრეთვე აგურა, ფილა და ხსნადი ჩაის წარმოება; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება, თხევადი და მშრალი კონცენტრატებისაგან გამამხნევებელი სასმელების დამზადება.
ქართველი მეცნიერების მიერ დამუშავებულია ჩაის პლანტაციის მოვლის, ფოთლის კრეფისა და მისი გადამუშავების ახალი ტექნოლოგიები, მეთოდები, ხერხები: კომპლექსური მექანიზაციის მობილური და მცირე ტექნიკური საშუალებები, ზემაღალი სიხშირის დენის ველში ფოთლის ფიქსაცია, ჩაის მწვანე ფოთლის ფიქსაცისათვის ჯოუ-ლენცის ეფექტის გამოყენების, ჩაის ფოთლის სწრაფი და ღრმა გაყინვის მეთოდით გადამუშავების, ინფრაწითელი დასხივების არეში ჩაის ფოთლის კომბინირებული შრობის, თბური ტუმბოების გამოყენების, ხსნადი ჩაის და საკვები საღებავების, კონცენტრატებისა და ბიოპრეპარატების მიღების ტექნოლოგიები და სხვა.
ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში დამუშავდა და საწარმოო პირობებში გამოიცადა ჩაის ვეგეტაციური მეთოდით გამრავლების ტექნოლოგია.
მეჩაიეობა წარმოადგენდა (პოტენციურად ახლაც წარმოადგენს) დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ძირითად წყაროს. ჩაის სხვა კულტურით ჩანაცვლების მცდელობამ აგროტექნიკური, ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გამო, მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო.
ჩაის პირველადი და მეორადი ფაბრიკები პრივატიზებულია, ხოლო ჩაის წარმოების პროცესი – დივერსიფიცირებული, პრივატიზებულია ჩაის პლანტაციების ნაწილი (11%).
შენარჩუნებულია სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, კვალიფიციური კადრები, ჩაის პლანტაციების 20%-ზე შესაძლებელია მობილური ტექნიკის, ხოლო მცირე მექანიზაციის – ყველგან გამოყენება. მაღალია მეჩაიეობის რეაბილიტაციის პროგრამაში მოსახლეობის მონაწილეობის ეკონომიკური მოტივაცია.
საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქციის წარმოების რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება.
ქართული ჩაის ხარისხის ამაღლება მისი წარმოების ეფექტიანობის ამაღლების საფუძველია, ვინაიდან არსებობს მჭიდრო კავშირი პროდუქციის ხარისხს, მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და ჩაის მწარმოებელი კომპანიის მოგებას შორის.
მეჩაიეობის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ყველაზე ახლოსაა ჩაის ძირითად მომხმარებელ ქვეყნებთან, რის გამოც შესაძლებელია ბაზარზე პროდუქციის მიწოდება მისი არომატის, სიახლისა და სიხასხასის შენარჩუნებით, რაც კონკურენტულ გარემოში ხელშესახებ უპირატესობას წარმოადგენს.

ქართული მეჩაიეობის სუსტი მხარეები
საქართველოში ზღვის დონიდან 100 მეტრამდე გაშენებულია ჩაის პლანტაციების 41% (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ქობულეთის, ხობის, ზუგდიდის, გალის რაიონებში), 100-დან 400 მეტრამდე – 45%, 400 მეტრზე ზევით – 14%, მაშინ, როცა საქართველოში ჩაის გაშენების საუკეთესო საზღვრად მიჩნეულია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-აფხაზეთის რეგიონებისათვის ზღვის დონიდან 600 მეტრი, იმერეთისათვის – 800 მეტრი. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, დაბლობ ადგილებში გაშენებული პლანტაციებიდან მდარე ხარისხის პროდუქცია იწარმოება.
გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოში მომუშავე უცხოელი ექსპერტების მიერ გავრცელებული ზერელე ინფორმაცია ქართული მეჩაიეობის უპერსპექტივობის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ იქნა გაზიარებული, რამაც უარყოფითად იმოქმედა პოტენციურ ინვესტორებზე. შემდგომში იგი დასაბუთებულად უარყვეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა სპეციალისტებმა.
ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩაის ბუჩქების მკაცრი ექსპლოატაციისა და აგროტექნიკური ღონისძიებების გაუტარებლობის გამო მკვეთრად შემცირდა ბუჩქების ბიოლოგიური აქტივობა. სადრენაჟო სისტემების მოშლამ გამოიწვია დაბლობში გაშენებული პლანტაციების დაჭაობება, უხეში ფოთლის კრეფის პრაქტიკის დამკვიდრების გამო წლის მანძილზე ადგილი ჰქონდა ჩაის ბუჩქების 2-3 ჯერადად შპალერულ გასხვლას. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, წინა პერიოდთან შედარებით, სანედლეულო ბაზა 1%-ით გაიზარდა, ხოლო ფოთლის კრეფა და მზა პროდუქციის წარმოება – რამდენჯერმე.
შემცირდა ქართული ჩაის ხარისხის გაუმჯობესებისა და სრულყოფის სამუშაოები ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით. სამეცნიერო პოტენციალი მიმართული იქნა მკაცრი კრეფის შედეგად მიღებული ფოთლის უხეში ფრაქციის უტილიზაციის, გრანულირებული და სხვადასხვა სახის კონცენტრატების წარმოების ტექნოლოგიების დამუშავებისაკენ.
უხეში ფოთლის კრეფისა და მზა პროდუქციის ხარისხის გაუარესების მიუხედავად მათზე ფასები არ შეცვლილა, რამაც კორუფციული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რაც ნაწილობრივ დღემდე შემორჩენილია როგორც პროდუქციის წარმოების, ისე რეალიზაციის სფეროებში.
მოძველებული და მწყობრიდან გამოსულია უხეში ფოთლის გადამუშავებაზე მორგებული გამარტივებული ტექნოლოგიური ხაზები და დანადგარები.
თითქმის არსად დანერგილი არ არის ნაზი დუყების კლასიკური ტექნოლოგიით, მაღალი ხარისხის სამარკო სპეციალიზირებული ჩაის გადამუშავება, LTP-ს და CTC-ის ავტომატიზებული ხაზები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოება.
მოშლილია დარგის სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქურა, რომელიც ჩაის ინდუსტრიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
პრივატიზებული ჩაის პლანტაციები დანაწევრებული და მიტოვებულია. განადგურებულია სელექციური ჯიში კოლხიდით გაშენებული ფოთოლსაკრეფი და სათესლე პლანტაციები, მოშლილია სანერგე მეურნეობები.
დაბალია უხარისხო ნედლეულიდან წარმოებული პროდუქციის გასაყიდი ფასი, რომელიც ხშირად, მასზე გაწეულ ხარჯებსაც ვერ ფარავს. მოშლილია ჩაით ვაჭრობა, იგი დივერსიფიცირებულია არაპროფესიონალი და მარკეტინგის უცოდინარი ფიზიკური პირებისა და ფირმების მიერ. უხარისხო პროდუქციის წარმოების გამო დაიკარგა ძველი სამომხმარებლო ბაზარი, რომელზეც საქართველოს მაღალხარისხოვანი ჩაის მწარმოებელი სხვა ქვეყნები ჩაენაცვლა, მათ შორის შიდა ბაზარზეც, რომლის მოცულობა 45-50 მილიონ ლარს შეადგენს.
მეჩაიეობის კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია ფინანსური რესურსები აგროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, ნედლეულის შესაძენად, ახალი ტექნოლოგიების დასანერგად. დაგროვილი აქვთ დავალიანებები სახელმწიფო ბიუჯეტის, სხვადასხვა მომწოდებლების, მეჩაიეების მიმართ. მოსახლეობაში დასადგურებულია კომპანიებისადმი სრული უნდობლობის ატმოსფერო. ქართული მეჩაიეობა მიმზიდველი არ არის კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისათვის.
სახელმწიფო დახმარებებმა, რომელიც ბოლო წლებში დარგს გამოეყო, მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო მეჩაიეობის რეაბილიტაციის სტრატეგიის უქონლობისა და სუბსიდირების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და რეაბილიტაციის მიზნების ხშირი ცვლილების, ასევე გამოყოფილი თანხების დროულად მიუღებლობის გამო.
მწირი დაფინანსებისა და ინოვაციურ პროდუქციაზე მოთხოვნილების შემცირების გამო მკვეთრად შეიკვეცა სამეცნიერო-ტექნიკური კვლევის მოცულობა, დაბალი ტემპით მიმდინარეობს სამეცნიერო კადრების განახლება.

მეჩაიეობის რეაბილიტაციის
პრაქტიკა
მეჩაიეობის რეაბილიტაცია შესაძლებელია ჩაის ნედლეულის მოვლა-მოყვანის, მაღალეფექტური გადამუშავებისა და პროდუქციის მარკეტინგის მთელი ჯაჭვის ერთიანი სრულყოფილი მენეჯმენტის, ანუ ჩაის ბუჩქიდან მომხმარებლის ფინჯანამდე პროცესების მართვის პირობებში. ასეთი მექანიზმის უქონლობა გამოწვეულია მესაკუთრეთა არაპროფესიონალიზმით, საბაზრო ურთიერთობების პრინციპების უცოდინარობით, ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრისა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების უუნარობით, ინოვაციებისა და ბაზრების შესახებ ინფორმაციის უქონლობით, მეჩაიეობის პრობლემებით სახელმწიფოს სერიოზული დაუინტერესებლობით.
მსოფლიო პრაქტიკის თანახმად დარგის სისტემური კრიზისიდან გამოყვანა შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩინეთ-იაპონიის ომის შემდეგ ორივე ქვეყანაში სახელმწიფოს დახმარებით მოხერხდა დარგის რეაბილტაცია, შრი-ლანკაში პრივატიზაციის შედეგად განვითარებული უმართავი პროცესების დასარეგულირებლად სახელმწიფომ დეპრივატიზაცია მოახდინა, ხოლო შემდგომ, უკუპროცესის განვითარებას შეუწყო ხელი. მეჩაიეობის უმეტეს ქვეყნებში (ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, შრი-ლანკა, კენია, იაპონია და სხვა) ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის რეგულირება, მსხვილმაშტაბიანი პროქტების ხორცშესხმა სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება. დარგის გაძღოლის მნიშვნელოვან ფუნქციებს სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ, რომელთა საქმიანობას ბევრ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის მოადგილეები წარმართავენ.
მეჩაიეობის არც ერთ ქვეყანაში დარგი არ იმართება ლიბერალური საბაზრო პრინციპების გამოყენებით.
მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დარგის რეაბილიტაციისათვის აუცილებელია ჩაის პლანტაციების დამუშავების, ფოთლის კრეფისა და მისი გადამუშავების, მზა პროდუქციის შეფუთვა-რეალიზაციის სამუშაოების შეთანაწყობა შესაბამისი ინსტიტუციონალური და სტრუქტურული გარდაქმნების განხორციელების გზით, ანუ რეაბილიტაციის მთლიანი პროცესის ერთი, ნათლად გამოკვეთილი მიზნისადმი დაქვემდებარება. აღნიშნული ამოცანის განხორციელება შესაძლებელია გეოგრაფიული ზონების მიხედვით გაადგილებული სანედლეულო ბაზასთან, სხვადასხვა ფორმით ინტეგრირებული ეტალონური საწარმოების მოწყობით, რომლებშიც გასატარებელი სიახლეების დანერგვა რეკომენდირებული იქნება მოცემული ზონის ყველა ჩაის ფაბრიკისათვის. ეს პრინციპები უნდა დაედოს საფუძვლად მეჩაიეობის რეაბილიტაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას.
ბოლო ათწლეულში საქართველოს ხელისუფლების მიერ მეჩაიეობის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 17,0 მილიონზე მეტი ლარით, შესაძლებელი გახდა დარგის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, მისი მზაობა ფართომაშტაბიანი რეაბილიტაციისათვის.

მეჩაიეობის რეაბილიტაციის
აუცილებლობის შესახებ
მეჩაიეობის რაიონებში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვერ მოხერხდა ჩაის სხვა კულტურებით ადეკვატური ჩანაცვლება. კოლხეთის დაბლობზე განმეორებითი დაჭაობების პროცესების გამო შეიზღუდა ერთწლიანი კულტურებისა და მეცხოველეობის პროდუქტების ინტენსიური წარმოების არეალი. ბოლო წლებში ბრუნვიდან გამოვიდა 90,0 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მეჩაიეობის რაიონებში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით შემცირდა აგრარული პროდუქციის წარმოება, ყველა სახის შემოსავლები, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარების დინამიკა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი.
განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ ტიპურ ნიადაგებზე გაშენებული ჩაი ის კულტურაა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალთახედვით ალტერნატივა არ გააჩნია. უფრო მეტიც, დასაქმებისა და შემოსავლების მაღალი პოტენციური შესაძლებლობების გამო, დარგი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია.
დარგის მუშაკებში ჯერ კიდევ ფესვგადგმულია ძველი, სახელმწიფოს მოიმედობისა და მისგან უცილობელი დახმარების უალტერნატივობის ფსიქოლოგია. ამის შედეგია, რომ ქვეყანაში, სადაც გვაქვს ჩაის პლანტაციები, გვყავს მუშახელი და სპეციალისტები, დამთავრებულია ჩაის ფაბრიკების განსახელმწიფოებრიობა, მეჩაიეობის რეაბილიტაციის პროცესი დარგის თავიდან ჩამოყალიბების ტოლფასია, შეიძლება უფრო ძნელიც, ქვეყნის შეზღუდული ფინანსური და ენერგეტიკული რესურსების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ბაზრების თავიდან მოძიების აუცილებლობის, გამრუდებული ფსიქოლოგიის გამო.
მეჩაიეობის ქვეყნებში მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით მიმდინარე პროცესების, აგრეთვე ახალი ქვეყნების მიერ ჩაის კულტურის გასაშენებლად განხორციელებული ღონისძიებების, ძველ ბაზრებზე სავაჭრო ნიშის გაფართოებისა და ახალი ბაზრების მოძიებისათვის გატარებული ენერგიული ქმედებების გათვალისწინებით (რასაც სახელმწიფოები მძლავრ ინსტიტუციონალურ მხარდაჭერას უწევენ), საქართველოში მეჩაიეობის რეაბილიტაციის პროცესის დაყოვნება და მისი მხოლოდ კერძო სექტორზე მინდობა – დარგის განადგურების ტოლფასი იქნება, აქედან გამომდინარე სოციალურ-კონომიკური და პოლიტიკური შედეგებით.

მეჩაიეობაში სარეაბილიტაციო
სამუშაოების ძირითადი
მიმართულებები
ჩასატარებელია ჩაის პლანტაციების და გადამამუშავებელი საწარმოების ინვენტარიზაცია ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მონაწილეობით:
ა) ჩაის პლანტაციების ბიოლოგიური მდგომარეობის აღწერის, პერსპექტიული, დასატოვებელი და ამოსაძირკვი ჩაის პლანტაციების დადგენის, გასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით.
ბ) მაღალი ხარისხის ნედლეულის გადამუშავებისათვის ჩაის ფაბრიკების ტექნოლოგიური გადაიარაღების, შესაბამისი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისათვის გამოუსადეგარი ფაბრიკების ნუსხის დადგენის მიზნით.
� ბაზარზე ქართული ჩაის დაბრუნება შესაძლებელია ჩაის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური წესების სრული დაცვით, ნაზი დუყების კრეფის ტრადიციების აღდგენით, მაღალი ხარისხის პროდუქციის, მათ შორის სპეციალიზებული ელიტური ჩაის გამოშვებით, რომელზეც დიდი მოთხოვნილებაა.
შესაძლებელია ორსაფეხურიანი კრეფის მეთოდის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს ორფოთლიანი ნაზი დუყების კრეფას და გადამუშავებას, ორთოდოქსალური ტექნოლოგიით სპეშელთის ტიპის პროდუქციის გამოშვებას, ხოლო ცალკე, მეორე საფეხურად მოკრეფილი მესამე და მეოთხე ფოთლიდან (ღეროთი) ბროკენირებული და წვრილდისპერსიული ჩაის პროდუქციის LTP ტექნილოგიით გადამუშავებას.
� ნაზი დუყების კრეფის პრაქტიკის დანერგვა დაკავშირებულია კრეფის ჯერადობის გაზრდასთან, რაც მწვავედ დააყენებს მუშახელზე მოთხოვნას ყოფილ მეჩაიეთა ხანდაზმულობისა და ამ რეგიონებიდან მოსახლეობის ინტენსიური ხანგრძლივვადიანი და წრიული მიგრაციის გამო. ახალგაზრდა სამუშაო ძალის გამოყენება შესაძლებელია მათი იმ მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის პირობებში, რომელიც პირველ ეტაპზე საზღვარგარეთ უნდა იქნეს შეძენილი.
� ძირითად ორგანიზაციულ ფორმად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის, მისი მოვლისა და ნაზი ფოთლის კრეფის, კრეფის ჯერადობის გაზრდის ტრადიციის აღდგენა, უნდა იქცეს კომლური მეურნეობა. არსებობს იმის რეალური საფუძველი, რომ პერსპექტივაში კომლის წევრები გახდნენ გადამამუშავებელი საწარმოების დამფუძნებლები, აქციონერები ან მეპაიები.
დროთა განმავლობაში კომლები უნდა აღიჭურვოს ჩაის ბუჩქების მოვლისა და კრეფის მექანიზაციის საშუალებებით. ამ შემთხვევაში ერთმა კომლმა შეიძლება 2-3 ჰექტარ ჩაის პლანტაციას მოუაროს
� აგროტექნიკური ღონისძებების სრულყოფილად გატარების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საქართველოში გავრცელებული ჯიშებით გაშენებული 1 ჰექტარი პლანტაციიდან შესაძლებელია 3,5 – 4 ტონა 2-3 ფოთლიანი ნაზი დუყის მოკრეფა, ანუ 700-800 კგ დასაფასოებელი ჩაის წარმოება. 1 კგ ასეთი ჩაის საბაზრო ფასი 3 აშშ დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ჰექტარიდან შესაძლებელია 2100 – 2400 აშშ დოლარის პროდუქციის მიღება. დაფასოების შემთხვევაში 1 კგ ასეთი ჩაის გასაყიდი ფასი 10 აშშ დოლარი იქნება, ხოლო 1 ჰექტარზე მიღებული პროდუქციის ღირებულება 7 – 8 ათასი აშშ დოლარი. 30% მარჟას პირობებში მოგება 2000 – 2500 აშშ დოლარს მიაღწევს. უხვმოსავლიანი ჯიშებისა და მოწინავე აგროტექნიკური ფონის პირობებში შესაძლებელია ზემოაღნიშნული მონაცემების გაორმაგება, რაც მეჩაიეობის მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებელია.
� მოდერნიზაციას საჭიროებს ჩაის მოვლა-მოყვანისა და ფოთლის კრეფის, განსაკუთრებით გაველურებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებელი ტექნიკა, ხარისხის გაუმჯობესების, საექსპლუატაციო საიმედოობის გადიდებისა და ენერგოდანახარჯების შემცირების მიზნით.
� ნაზი დუყების გადამუშავებით კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოსაშვებად ჩაის ფაბრიკებში საჭიროა თანამედროვე ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა.
� მაღალი ხარისხის ჩაისათვის დამახასიათებელი არომატის, გემოს და ნაყენის ფორმირებისათვის, რაც განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას, შემოტანილ უნდა იქნას ფიზიკური და ქიმიური ღნობის პროცესის ეფექტურად ჩატარების თანამედროვე ტექნოლოგია და მექანიზებული ტექნიკა (ტროფები).
� აღდგენილ და სრულყოფილ იქნეს მოგრეხილი ფოთლის ოპტიმალური ფერმენტაციის დამოუკიდებელი ციკლი.
� ელიტური სპეშელტის და თაიგულის ტიპის შავი ჩაის პროდუქციის გამოშვებისათვის აუცილებელია შემოტანილ იქნეს უცხოური მექანიზებული ტექნოლოგია.
� მწვანე ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკები და საწარმოო უბნები უნდა აღიჭურვოს იაპონური ავტომატური ნაკადური ხაზებით ელიტური სენჩას, განდპაუდების წარმოებისათვის.
� დრაკონის და ულუნჩას ტიპის პროდუქციის გამოშვებისათვის საჭიროა ჩინური და ტაივანური მექანიზებული საშუალებების შემოტანა, ასევე წვრილდისპერსიული ჩაის LTP ტექნოლოგიის დანერგვა. აგრეთვე აუცილებელია ჩაის ნახევარფაბრიკატების გაწმენდა-დახარისხების თანამედროვე საშუალებები: კოლორ-სეპარატორები, სტოკექსტრაქტორები, ფაიბერექსტრაქტორები და სხვა მოწყობილობები.
� არაეფექტური ცეცხლმილოვანი კალორიფელები, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი 0,3-ს არ აღემატება და მორალურად მოძველებულია, უნდა შეიცვალოს თანამედროვე თბოგენერატორებით (რომელთა მ.ქ.კ 0,8-ს აღწევს) და თხევად და მყარ საწვავს ორჯერ მეტად ეკონომიურად ხარჯავს. განსაკუთრებით საინტერესოა ბუნებრივი აირის წვის პროდუქტებით შრობის ეფექტური მეთოდის დანერგვა ჰერმეტული ჩაის საშრობის გამოყენებით. “ჰამროს� ვიბრაციული ჩაის საშრობების შემოტანა და ა.შ.
� აღსადგენია ორთქლის კალორიფერებით სათბობი აგენტის გენერაციის სისტემა, რომელიც სათბობის ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს გამაცხელებელი აგენტის ერთი აერეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის დროს (ორთქლის კონდენსაცია) და საწვავის 40%-ით ეკონომიას იძლევა.
� მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელია როლერების მოდერნიზაციის სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც მკვეთრად გაუმჯობესდება ფოთლის გრეხის პროცესი.
� ფართოდ უნდა დაინერგოს ხსნადი ჩაის წარმოება იმპორტული ტექნიკისა და ტექნოლოგიის ბაზაზე. დიდ საექსპორტო პოტენციალთან ერთად (კონცენტრატით გამდიდრებული მაღალექსტრაქტული წვრილი ჩაი, ჩაის ბალზამები და სხვა ) შიდა ბაზარზე შესაძლებელია ცივ და ცხელ წყალში ხსნადი მარცვლოვანი ჩაის, ნატურალური საკვები საღებავების, ხსნად ჩაიზე დამზადებული ჩაის ნატურალური გამამხნევებელი სასმელების რეალიზება. ხსნადი ჩაი წარმოადგენს კვების ჰოლისტიკური კონცეფციის მიხედვით დამზადებული საკვები პროდუქტების შეუცვლელ კომპონენტს. ამიტომ მასზე მოთხოვნილება დიდია საერთაშორისო ბაზარზე. 1 კგ ხსნადი ჩაის ზოგიერთი სახის ფასი 25 აშშ დოლარია.
� რამდენადაც საქართველო 420 განედზე მდებარეობს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მწვანე ჩაის წარმოებას, სადაც ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელი სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ფოტოსინთეზისა და მზის აქტივობის სხვა პროცესების შესაჩერებლად ბუჩქების ხელოვნური დაჩრდილვა საჭირო არ არის და ამიტომ ამ სახის გამორჩეულად მაღალი ხარისხის პროდუქციის გამომუშავებაა შესაძლებელი.
� ჩაის პლანტაციების მდგომარეობის, მათი სრულფასოვანი რეაბილიტაციისათვის შესასრულებელი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების, ხარისხიანი ფოთლის კრეფის ტრადიციის აღდგენის, ჩაის ფაბრიკების ტექნოლოგიური აღჭურვილობის განახლების, პროდუქციის რეალიზაციის ბაზრებზე სავაჭრო ნიშნის მოპოვებისა და იქ დამკვიდრების ურთულესი პროცესების გადაჭრის გათვალისწინებით, ჩაის ფოთლის გადამუშავება ძირითადად უნდა განხორციელდეს მცირე და საშუალო ზომის ხარისხიანი პროდუქციის გამოშვებისათვის ტექნოლოგიურად აღჭურვილ ჩაის ფაბრიკებში.
მსხვილი და ზემსხვილი ჩაის ფაბრიკების მშენებლობის პრაქტიკა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
მიზანშეწონილია ჩაის პროდუქციის წარმოების ჩინური მეთოდის (ხელით გრეხვა) გამოიყენება, რომელსაც თავისი მომხმარებელი ჰყავს.
საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე მცირე საწარმო, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულისაგან ტიპსებით გაჯერებულ, კლასიკური გარეგანი სახის მქონე პროდუქციას უშვებს, თუმცა იგი ორგანოლეპტიკურად უზადო არ არის. საჭიროა შესაბამისი ტექნოლოგიური გაუმჯობესება, რათა ასეთ საწარმოებში წარმოებული ჩაი შეესაბამებოდეს აღიარებულ სტანდარტებს.
� მეჩაიეობაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება გამოიწვევს წარმოების შემდგომ დივერსიფიკაციას, რომლისთვისაც, დადებით მხარეებთან ერთად, დამახასითებელია გამოშვებული პროდუქციის არაერთგვაროვნება, ნედლეულისა და მზა პროდუქციის შესყიდვისა და გასაყიდი ფასების სიჭრელე, კონკურენციის პრიმიტიზაცია და სხვა. მიუხედავად ამისა, მოცემულ სიტუაციაში, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების სხვა გზა არ არსებობს. დასახელებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა შესაძლებელია მეწარმეთა გაერთიანებით ასოციაციებში, კოოპერატივებში ან სხვა ფორმით, რომელიმე ბრენდის ქვეშ ერთიანი მარკეტინგული პოლიტიკის გასატარებლად.
� ჩაის დარგში გაჭიანურებული კრიზისის დასაძლევად. არ გამოვრიცხავთ, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა რაიონში მოახდინოს მოუვლელი, მაგრამ პერსპექტიული ჩაის პლანტაციების და ფაბრიკების გამოსყიდვა (5-6 საწარმო), დეპრივატიზებული საწარმოების ამოქმედების, მარკეტინგული სამუშაოების განხორციელების, აგროტექნიკური ფონის გაუმჯობესების, კრეფისა და ეფექტური გადამუშავების კვლავწარმოების ციკლის უზრუნველყოფის მიზნით.
სახელმწიფო სახსრებით 100%-ით დაფუძნებული კომპანიები, დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ დაექვემდებარებიან განსახელმწიფოებრიობას.
მაღალი ტექნოლოგიის მქონე ჩაის ფაბრიკების სანედლეულო ბაზის რეაბილიტაციის პარალელურად საჭიროა პლანტაციების ჯიშობრივი სტრუქტურის ეტაპობრივი გაუმჯობესება ამორტიზებული ბუჩქების სანაცვლოდ ახლის (ტრიპლოიდური, სელექციური) ჯიშების გაშენების გზით, რისთვისაც საჭიროა სანერგე მეურნეობების ინფრასტრუქტურის აღდგენა ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.
გასათვალსიწინებელია სერვისის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც ჩაის პროდუქციის მწარმოებელს გაუწევს გარანტირებულ მომსახურებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვაში, ტრეინინგში, მასალებით, სასუქით, საწვავით, საპოხი, ტარაშესაფუთი და სხვა საშუალებებით მომარაგებაში. დარგის ინდუსტრიის განვითარებისათვის საპროექტო, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებაში. ახალი ტექნიკის დამზადების, ტირაჟირების, მარაგნაწილებით და საკომპლექტო ნაკეთობებით მომარაგებისათვის საქართველოში არსებობს მანქანათმშენებლობის საწარმოები, რომლებისთვისაც ჩაის დარგის მანქანათმშენებლობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. რემონტის და გამართვა-გაწყობის სამუშაოების შესრულებაში მიზანშეწონილია ოზურგეთის მექანიკური ქარხნის შესაძლებლობების გამოყენება.
პირველ ეტაპზე მცირე და საშუალო ზომის ჩაის ფაბრიკების ტექნოლოგიური აღჭურვილობა სახელმწიფოს მიერ შეძენილი უნდა იქნას აღნიშნული ტექნიკის მწარმოებელი უცხოური ფირმებისაგან. კერძო კომპანიებზე მისი გადაცემის შემთხვევაში მიზანშეწონილია თანადაფინანსების პრინციპის გამოყენება.

ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის ეტაპები
მეჩაიეობის რეაბილიტაციის სახელმწიფო – მიზნობრივი პროგრამა ისე უნდა შედგეს, რომ პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდეს მეჩაიეობის რეგიონებში (გურია, სამეგრელო, იმერეთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) ჩაის პლანტაციებით, მოწინავე ტექნოლოგიით, მაღალი მენეჯმენტით უზრუნველყოფილი თითო ეტალონური კომპანიის ჩამოყალიბება, სადაც შესაძლებელი იქნება ორანჟბეკოს, სენჩას, ულენჩას, დრაკონის ტიპის შავი და მწვანე ელიტარული ჩაის პროდუქციის გამოშვება, შეიქმნება ქართული ჩაის იმიჯის ამაღლების რეალური შანსი. ამ გზით შესაძლებელია ქართული ჩაის სხვადასხვა ბრენდების შექმნა და შიდა და გარე ბაზარზე წარმატებით გასვლა.
� მაღალი ხარისხის პროდუქციის ბაზარზე გატანა რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს: პირველ ეტაპზე ქართულმა ჩაიმ ადგილი უნდა დაიმკვიდროს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე, რაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი რაოდენობის წარმოებით და სტაბილური მიწოდებით. ამავე ეტაპზე ქართული ჩაი წარდგენილი უნდა იქნეს საერთაშორისო გამოფენებზე, პრეზენტაციებსა და დეგუსტაციებზე.
პარალელურად სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები დაძველებული, უარომატო და სინთეზური საღებავებით შეფერილი ჩაის პროდუქციის ბაზარზე შემოსვლის საწინააღმდეგოდ, რომელიც აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და დაუმსახურებელ კონკურენციას უწევს ადგილობრივ მეწარმეებს.
მეორე ეტაპზე, ქართული ჩაის ხარისხის გაუმჯობესებისა და რაოდენობის ზრდასთან ერთად, ქმედითი ზომები უნდა იქნეს მიღებული ჩაის მწარმოებელ და მომხმარებელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რაც შექმნის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების გაფართოების შესაძლებლობას.
ამავე ეტაპზე აუცილებელია სურსათის უვნებლობის აღიარებული ცენტრების Naturaland, IFOAM, CERESსერთიფიკატების მიღება. ამ ცენტრებში ქართველი სპეციალისტების მომზადება და აკრედიტაცია.
მესამე ეტაპზე, როდესაც ქართული ჩაის პროდუქცია სტაბილურად კონკურენტუნარიანი გახდება და მასზე მოთხოვნილება გაიზრება, საქართველო დამოუკიდებლად მოახდენს მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის ექსპორტს.
ქართული პროდუქცია სამომხმარებლო ბაზარზე როგორც დაფასოებული, ისე დასაფასოებელი სახით უნდა გავიდეს, რაც მის ღირებულებას რამდენჯემე გაზრდის. დღეს საქართველოში ჩაის პროდუქციის 8,0 ათასი ტონის დაფასოების სიმძლავრეებია.
საქართველოს კლიმატურ-ნიადაგური პირობებისა და ნედლეულის ტექნოლოგიური პოტენციალიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია პროდუქციის შემდეგი სტრუქტურით გამოშვება:
კონკურენტუნარიანი და მაღალლიკვიდური სპეშელტი, ფოთლოვანი, ბროკენირებული და წვრილი სპერსიული შავი ჩაი – 40%.
ელიტური უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაი: ორანჟპეკო, დრაკონი, სენჩა, განდპაუდერი, მაღალლიკვიდური ფანინგსი – 40%.
ხსნადი ჩაის კონცენტრატი, ჩაის ნატურალური საღებავები, უალკოჰოლო გამამხნევებელი სასმელები – 10%.
ჩაის ბალზამები (ჩაისა და სამკურნალო მცენარეულ-ბალახეული კომპოზიცია, მათ შორის იოდირებული ჩაის) – 5%.
მწვანე აგურა, გრანულირებული და ფილა ჩაი – 5%.

ჩაის ბიზნესის საერთაშორისო
ტენდენციები
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მეჩაიეობის ცნობილი საექსპერტო ფირმების (პომარ ინტერნაციონალ და სხვა), დარგის აღიარებული სპეციალისტების მონაცემებით, მსოფლიოში ყალიბდება ჩაიზე მოთხოვნის ზრდის ხანგრძლივვადიანი ტენდენცია, რაც განპირობებულია დედამიწაზე მოსახლეობის მატებით, მუსულმანურ სამყაროში ნავთობიდან შემოსავლების ზრდით, მეჩაიეობის კლასიკურ ქვეყნებში ჩაის ადგილობრივი მოხმარების გაფართოებით და შესაბამისად ექსპორტის შემცირებით, ჩაიზე, მის კონკურენტ პროდუქციასთან შედარებით (ყავა, კაკაო) საბითუმო და საცალო ფასების ზრდის ტენდენციით.
იცვლება ჩაის მოხმარების სტრუქტურა. იზრდება მოთხოვნა მწვანე ჩაიზე, მათ შორის შავი ჩაის ტრადიციულად მომხმარებელ ქვეყნებში. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება ხსნად ჩაიზე და მისგან წარმოებულ პროდუქტებზე (გამამხნევებელი სასმელები, საკვები საღებავები და სხვა). დიდია მოთხოვნილება უმაღლესი ხარისხის სპეციალურ ჩაიზე (სპეშელტი). დასახელებული ტენდენციების გამო 2004 წელს მსოფლიოში ჩაის მოხმარებამ ერთ სულ მოსახლეზე 0.39 კგ შეადგინა, რაც მომავალში კიდევ გაიზრდება.
მსოფლიოში 2010 წლისათვის ჩაის წარმოების მოცულობა 3,8 მილიონ ტონას მიაღწევს.
ჩაის კლასიკურ ქვეყნებში შიდა მოხმარების ზრდის გამო პროდუქციის ექსპორტში წამყვან ადგილს დაიკავებენ ქვეყნები, სადაც ჩაის ტრადიციულად მცირე რაოდენობით მოიხმარენ: კენია, ზიმბაბვე, საქართველო და სხვა. კენია ჩაის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდება (275-280 ათასი ტონა), ხოლო საქართველოს, ექსპერტული შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე შეუძლია გაიტანოს 75 – 78 ათასი ტონა ჩაი, რითაც იგი ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
ქართული ჩაი გაიყიდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციისა და ცენტრალური აზიის, აგრეთვე ირანის, ერაყის და მონღოლეთის ბაზრებზე. ქართული ჩაის ექსპორტი გაფართოვდება აგრეთვე ახალ ბაზარზეც – აშშ-ში, პოლონეთსა და სხვა სახელმწიფოებში.
ბოლო წლებში საქართველოში ჩაის წარმოება პროგნოზით გათვალისწინებულთან შედარებით 18-19-ჯერ ნაკლებია. უფრო მეტიც, იგი მეჩაიეობის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჩაიზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციის ფონზე ჩაის ფართობები რამდენიმე ათასი ჰექტარით შემცირდა და ამჟამადაც გრძელდება ბუჩქების უკონტროლოდ ამოძირკვის პროცესი.
– რა ხდება საქართველოს ჩაის ბიზნესში და რა არის ქართული ჩაი?
შალვა (კოკი) ცეცხლაძე:
– საბოლოოდ, ჩაის ბიზნესთან დაკავშირებით, წარსული ისტორიას ჩაბარდა, რაც კარგია იმ შემთხვევაში, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, გაგრძელებას კი ამ ბიზნესში პროფესიონალთა ჩართვა უზრუნველყოფს.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის წარუმატებლობა და ანტირეკლამა საქმეში არაპროფესიონალების ჩართვით იყო გამოწვეული?
– მექანიზატორთა, გამგებელთა და ძველ აგრონომთა ბიზნესის შედეგი სახეზეა. ტექნოლოგიური გაუმართაობა და სხვა პრობლემები ბიზნესში დაშვებული შეცდომების შედეგია. ბიზნესმენმა არ უნდა გამოუშვას დაბალხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქცია, რომელიც შემდეგ არ გაიყიდება. მაგალითად, თუ მოვიწვევთ წარმატებულ ბიზნესმენს, მივცემთ მას ჩაის ქარხანას და 200 ჰექტარ ჩაის პლანტაციას, ის აუცილებლად გაერკვევა ამ საქმეში, ჩამოიყვანს ექსპერტებს და შეიძენს ახალ ტექნოლოგიებს, რაც აუცილებლად დადებით შედეგს მოუტანს. ეს არის ბიზნესისადმი პროფესიონალური მიდგომა, რასაც, სამწუხაროდ, არავინ აკეთებს და სავალალო შედეგიც სახეზეა. უნდა გითხრათ, რომ დარგში წარსული ისტორიას ჩაბარდა და ამან დადებითი შედეგიც გამოიღო – სერიოზული პოტენციალის მქონე პლანტაციები. გამოცდილი ბიზნესმენი აუცილებლად შეამჩნევს ერთ საფრთხეს – სეზონურობას. ცეილონსა და ინდოეთში პლანტაციები 11 თვე ექსპლუატაციაშია, საქართველოში კი – დაახლოებით 5 თვე, ამიტომ არათანაბარი კონკურენციის წარმოქმნის საშიშროება იქმნება. სწორედ ამიტომ, სეზონურობის ნეგატიური მხარე ამ ბიზნესის უპირატესობებით უნდა დაიჩრდილოს. წარმატებული ბიზნესის მაგალითი, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ შეიკვრება, მაგრამ ყველა ეპიზოდში იკვეთება დადებითი მომენტები, ეს შეეხება ხარისხის მაღალ დონეს. სწორი ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში დადებითი შედეგის მიღება გარდაუვალია. ქართულმა ჩაიმ ბაზარზე თავი ისახელა, მყიდველი გამოუჩნდა და ა.შ. ყოველივე ამის შესახებ დაგეგმილ კონფერენციაზე წარმოვაჩენთ, სადაც საზოგადოებას ჩვენი კომპანიის გეგმებსაც გავაცნობთ და წარმატებული ბრენდის შექმნისთვის აუცილებელ ნაბიჯებსაც დავსახავთ. მთავარი საქმის დაწყებაა, მას აუცილებლად მოყვება ინვესტიციის განხორციელება და ბრენდის შექმნა. ჩვენი აქტიურობა საქართველოში ჩაის შენარჩუნებას არ ისახავს მიზნად, ჩვენ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ვმუშაობთ: არსებობს მიწა და პლანტაციები, რომელიც შეიძლება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო გახდეს. ქართული ჩაის ბიზნესში წარმატების მიღწევა შეიძლება. ჩვენს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას დადებითს ვერ ვუწოდებთ, რადგან ჩვენთან მომუშავე კომპანიებისგან წარმოუდგენლად მეჩვენება მოკრეფილი ფოთლის მომხმარებლისთვის 6 თვეზე ადრე მიწოდება, ისიც საუკეთესო პირობებში. კომუნისტური რეჟიმის დროს კატეგორიების შეფასებისას მოკრეფილი ჩაის ფოთლის იდეალურ გარემოში 6 თვეს შენახვის შემდეგ მისი ხარისხი ერთი კატეგორიით ქვეითდებოდა. ჩვენთან მოგების ზრდის მიზნით დაბალფასიანი ჩაი შემოდის და მისი ხარისხიც საგრძნობლად დაბალია. დაძველებული ჩაის შენიღბვის პირველი საშუალებაა არომატიზაცია.
– ბიოქიმიური თვალსაზრისით, რა თვისებებით გამოირჩევა ქართული ჩაი?
ლევან გულუა:
– ქართულ ჩაის არ სჭირდება პესტიციდები და იგი ქიმიურად სუფთაა.
– რა არის პესტიციდები და რატომ არ სჭირდება ის ქართულ ჩაის?
– პესტიციდები მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საწამლავია, რომელიც ადამიანის ჯანმრთველობაზე უარყოფითად მოქმედებს. საქართველოში არსებული კლიმატის გამო პესტიციდების გამოყენება საჭირო არ არის. თუ ცეილონსა და ინდოეთში ჩაის პლანტაციას სეზონი არ აქვს, მას ამ თვალსაზრისით სერიოზული მინუსი ახლავს. ჩაიში არსებობს სასარგებლო ნივთიერება მინუსეპიგალოკატეხინგალატი, რომელიც არის ანტიოქსიდენტური, ანტისიმსივნური, ანტიკარიესული და ა.შ ქართულ ჩაის ფოთოლში ეს ნივთიერება სხვა ჩაისთან შედარებით პროცენტულად მაღალი რაოდენობით არის წარმოდგენილი. მწკლარტე ნივთიერება ტანინი, ერთი შეხედვით, რაც მეტია ჩაიში უკეთესია, მაგრამ სინამდვილეში არსებობს გარკვეული ზღვარი, შესაძლებელია მისმა ზედმეტობამ სავალალო შედეგი მოგვცეს. ქართულ ჩაიში კი ტანინი ზომიერად არის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვანე ჩაის ეხება, რადგან შავ ჩაიში ხდება ამ ნივთიერების დაჟანგვა და გარდაქმნა, მწვანე ჩაიში ის მეტი რაოდენობით გვხვდება. ქართული ჩაის ფოთოლში პროცენტულად მეტია თავისუფალი ამინომჟავების რაოდენობა, ვიდრე სხვა ჩაიში. ქართული ჩაის მომხმარებელ ქალებს შორის მკერდის კიბოს წარმოქმნის საფრთხე 5-ჯერ მცირდება. არსებობს გამოკვლევა, რომელიც უკრაინის ონკოლოგიის ინსტიტუტთან ერთად ჩატარდა, სადაც ამ მიმართულებითაა ნაჩვენები მწვანე ჩაის ექსტრაქტის დადებითი თვისებები. თუ იგივეს ვიტყვით ჩინური ჩაის შესახებ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენი პესტიციდის კვალი პროდუქციაში ამ საფრთხეს 10-ჯერ ზრდის. ჩაი ორგანიზმში ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს და სიმსუქნესთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა. ადამიანის ორგანიზმში არსებობს “ცუდი” და “კარგი” ქოლესტერინი, ქართული ჩაი სწორედ ცუდ ქოლესტერინზე მოქმედებს. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელების სისტემას – ქართული ჩაი თრგუნავს მავნე მიკრო ორგანიზმებს, მაგრამ არ ეხება დადებით მიკრო ორგანიზმებს, ადამიანს ისინი ინფექციის დასათრგუნად სჭირდება, ანტიბიოტიკის მიღების შემთხვევაში ის კუჭში დადებით მიკრო ფლორასაც კლავს და შედეგად შეიძლება დისბაქტერიოზი მივიღოთ, ქართული ჩაის აქტიური ნივთიერებები კი შერჩევითად მოქმედებს, პრეპარატის შერჩევითად მოქმედება კი უდიდესი მიღწევაა. კიდევ ერთი ფაქტორი, ეს ნივთიერებები თრგუნავს ონკოგენებს და ასტიმულირებს დადებითი გენების ექსპრესიას. ჩაი აუმჯობესებს პირის ღრუს მიკრო ფლორას და კარიესის წარმოქმნას ეწინაარმდეგება. ის ამაგრებს კაპილარულ სისტემას და ჩვენი გამოკვლევით, დადებითად აისახება ჭრილობის შეხორცებაზეც. გართულებული ჭრილობის მწვანე ჩაით დამუშავების შემდეგ მან შეხორცება დაიწყო, რადგან ის სასარგებლო უჯრედების წარმოქმნას ასტმულირებს და მავნე უჯრედებს კლავს. ამერიკაში 2005 წელს ჩატარდა კონფერენცია – “კვება და კიბოს პრებლემები”, სადაც მოხსენებით გამოვედი. ამ კონფერენციაზე მწვანე ჩაის ძალიან დიდი დრო ჰქონდა დათმობილი, ჩაის დიდი ხანია იკვლევენ, მაგრამ ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია.
შ.ც – ჩაის მომხმარებელ ქვეყნებში მსუბუქი ტიპის ჩაის მიირთმევენ. მკვეთრად გამოხატულ ინდურ ჩაის უზმოზე ვერ დალევ. მიღებულია ჩაის რძით დალევაც, რადგან ზოგიერთ ჩაიში არის ნივთიერებები, რომელთა ჭარბი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რძის ცილასთან კი მწკლარტე ნაერთები კომპლექსს წარმოქმნიან და ის ნეიტრალდება. ჩინური ჩაი ფრანგი ან გერმანელი მომხმარებლისთვის მისაღები რომ გახადო, ის მრავალნაირად უნდა დაამუშაო, რადგან ევროპაში მკვეთრი ჩაი არ უყვართ, ქართული ჩაი კი ბუნებრივადაა ყველასათვის მისაღები და ზომიერი.
– რა ორგანიზაციული პრობლემები და სირთულეებია ამ ბიზნესში?
ემზარ ჯგერენაია:
– მართებული არ იქნება ვისაუბროთ მიწის არასწორი რეფორმის, სუბსიდიების, სავარგულების არასრულყოფილად მართვისა და მსგავსი მიმართულებების გამო გამოწვეულ პრობლემებზე. უკვე დროა გავიგოთ, თუ რა მდგომარეობაა ჩაის ბიზნესში, რამდენ ტონა პროდუქციას ვაწარმოებდით ადრე და რამდენს ვაწარმოებთ ეხლა, რა პოტენციალსა და ტექნოლოგიებს ვფლობთ. ასევე უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს მეორადი ჩაი. იდეოლოგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხალხში გამჯდარია აზრი, რომ ქართულ ჩაის ის თვისება არ აქვს, რაც ცეილონის ჩაის, მისი გამოყენება მხოლოდ მეორად ჩაიდ შეიძლება. საინტერესოა თუ აქვს დამოუკიდებელი ფუნქცია ქართულ ჩაის.
გოჩა ძნელაძე:
– ჩაის ბიზნესი იყოფა ორ ნაწილად – პირველადი ჩაის წარმოება, რაც გულისხმობს პლანტაციიდან ფოთლის მოკრეფას, მის გადამუშავებას და ჩაის ნახევარფაბრიკატის მიღებას. მეორე მიმართულებაა მოკრეფილი ჩაის ფოთლის დაფასოება და მისი ადგილობრივ ან საექსპორტო ბაზარზე დაფასოებული ბრენდის სახით გაყიდვა. სამწუხაროა, მაგრამ დღეს ქართული ჩაი სხვა ბრენდებისათვის იაფფასიან საკუპაჟე კომპონენტად გამოიყენება. საქართველოში დარგის უპირველესი პრობლემაა თანამედროვე ტექნოლოგიები, ამ პრობლემის გამო იზრდება ჩაის თვითღირებულება და მცირდება მისი კონკურენტუნარიანობა. ყველაზე დიდ სირთულეა ჩაის შრობა. ჩაის ფოთოლში საწყისი ტენი დაახლოებით 70%-ია, საბოლოო პროდუქტში კი ის 20%-მდე ჩამოდის, რაც ენერგიის დიდ წყაროს მოითხოვს, ჩვენს შემთხვევაში დანადგარების მარგი ქმედების კოეფიციენტი დაახლოებით 25-20%-ია, ანალოგიურ უცხოურ დანადგარებში კი ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია, ენერგეტიკის დღევანდელი ფასების პირობებში ეს დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია. დიდი პრობლემაა სავარგულების პრივატიზაცია. მართალია, სახელმწიფომ მიიღო კანონი მოიჯარეებისთვის შესყიდვაზე პრივილეგიების მიენიჭების შესახებ, მაგრამ ეს პროცესი დღევანდლამდე გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერებულია.
ე.ჯ: – სამწუხაროდ, ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი დაყოფილი და დაქუცმაცებულია.
შ.ც: – გურიაში ინფრასტრუქტურულად გამართული მასივები იყო, მაგრამ ის ახლა დაქუცმაცებული და საკარმიდამო ნაკვეთებად არის დარიგებული. სამწუხაროდ, ვერც მათი პატრონი იყენებს მათ და სხვასაც არ ეძლევა ამ პლანტაციების შეძენის შესაძლებლობა.
– შესაძლებელია თუ არა მცირე ბიზნესმა მოაგვაროს ჩაის პლანტაციასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები და ჩაის ფოთოლი მიიტანოს ქარხნამდე? რომელი უფრო ეფექტურია დიდი ჩაის ქარხანა, თუ პატარა, თანამედროვე ბევრი ქარხანა?
ე.ჯ: – კომუნისტური რეჟიმის დროს ეს სფერო ტექნოლოგიატევადი იყო, ჩაის პლანტაციის მოვლას ბევრი რამ სჭირდება. საჭიროა ტრაქტორები, მანქანები და სხვა სახის ტექნიკა, მზადდებოდა სპეციალური ყუთები ანუ ჩვეულებრივ მოსახლეს მისი მოვლა ძალიან გაუჭირდება.
გ.ძ – ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება და მალე მუშახელი დღევანდელი ანაზღაურების საფასურად არ იმუშავებს. შესაბამისად, პლანტაციებში მცირე მექანიზაციები უნდა დავნერგოთ, ეს ქართული ჩაის განვითარების აუცილებელი პირობაა. ხელით კრეფა ძალიან დიდი ფუფუნებაა, ამ შემთხვევაში ჩვენ ხარისხის მართვაც გაგვიჭირდება. საუბარი არ არის ყველა იმ პლანტაციის შენარჩუნებაზე, რაც საქართველოში იყო, არამედ იმ 40 000 ჰექტარ პლანტაციაზე, კომუნისტების დროს ჩაი დაახლოებით 60 000 ჰექტარზე იყო გაშენებული, მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ რიგ ადგილებში ჩაი რენტაბელური არ არის და სხვა კულტურის გაშენება სჯობს, მაშინ პრეტენზია არავის ექნება. მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც ჩაის გაშენება აუცილებელია, რადგან, ის ხელს უშლის ეროზიის განვითარებას.
შ.ც – ხელით მოკრეფილი ჩაის ფოთლის შემთხვევაში მეტისმეტად იზრდება პროდუქციის თვითღირებულება. ეს მეთოდი ტექნოლოგიურადაც გაუმართლებელია – ჩაის ფოთოლი დიდხანს არ უნდა გაჩერდეს, სხვა შემთხვევაში ის თვისებებს დაკარგავს. კიდევ სხვა საკითხია ის, რომ ერთ ადამიანს შესაძლებლობა ექნება დღეში 2 ტ ჩაის ფოთოლი მოკრიფოს და მაღალი ანაზღაურება მიიღოს. თუ მოწინააღმდეგეები იტყვიან, რომ ეს სამუშაო ადგილების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს, ვუპასუხებ, რომ დღეს ჩვენ ის ფაქტიურად არ გვაქვს, რადგან სეზონის განმავლობაში, რომელიც 6 თვე გრძელდება მუშახელი მხოლოდ 100 ლარს იღებს, რაც წელიწადში, ერთ თვეში 8 ლარს უდრის, ამას კი სამუშაო ადგილს ვერ უწოდებ. შესაბამისი მანქანით აღჭურვილი მუშახელი კი წლიურად დაახლოებით 50 ტ ჩაის ფოთოლს მოკრეფს და წელიწადში დაახლოებით 5 000 ლარს მიიღებს. ჩაის ბიზნესის მილენიუმის პროგრამაში შეტანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ჩაის ბიზნესი ახლა იქმნება, რადგან ის ფაქტიურად არ არსებობდა. თუ ჩვენ 15 000 ჰექტარ ჩაის პლანტაციას შევინარჩუნებთ, 5 000 სამუშაო ადგილი გვექნება, მაგრამ ის ნამდვილი სამუშაო ადგილი იქნება და დასაქმებულ ადამიანს რეალურ შემოსავალს მოუტანს.
ე.ჯ: – თქვენი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში ფიზიკურად დაახლოებით 50 000 ადამიანი დასაქმდება. ჩაის მეურნეობაში მთელი ოჯახით ერთვებიან და ისინი რუხმიწა ნიადაგიდან მაღალ შემოსავალს მიიღებენ. ვთქვათ, ამოვთხარეთ ჩაი, რა შეგვიძლია მის ნაცვლად დავრგოთ? აუცილებელია ჩაის პლანტაციების აღორძინება. გათვლილი უნდა იქნეს ერთ ჰექტარ რუხმიწა ნიადაგზე რამდენი დოლარის მოტანა შეუძლია სხვადასხვა კულტურას. ფაქტია, რომ წლიურად ჩაის პლანტაციაში დასაქმებულს საქართველოს საარსებო მინიმუმზე ორჯერ მეტი ანაზღაურება ექნება, გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტი და განვითარდება რეგიონალური ეკონომიკა.
– რამდენად შრომატევადია ჩაის პლანტაციის მოვლა?
გ.ძ: – არსებობს ორი მიმართულება – ინდოეთის და იაპონიის. ინდოეთში მკრეფავი თვეში 20 დოლარად მუშაობს, იაპონიაში კი მაღალი ხელფასებია. მარტივად თუ ვიტყვით, იაპონიის მიმართულება სწორი მექანიზაციაა. ამ შემთხვევაში 3 ჰექტარ პლანტაციაზე ერთი ადამიანი იმუშავებს, ის იქნება კერძო კომპანიის თანამშრომელი და ბიუჯეტშიც შემოსავალი შევა.
ე.ჯ: – რეგიონები დაცარიელებულია, რადგან მოსახლეობას სტიმული არ აქვს. ჩაის პლანტაციებისთვის ფუნქციის აღდგენით ახალგაზრდობას რეგიონში დარჩენის მოტივი ექნება, ანუ სოციალური და დემოგრაფიული პრობლემაც გადაწყდება.
– რას ნიშნავს მეორადი ჩაი?
შ.ც: – ეს არის იაფფასიანი საკუპაჟე მასალა, მომხმარებლამდე მისული ჩაი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, კომპონენტებისგანაა შემდგარი. კუპაჟის პრინციპი შემდეგია: 30% ცეილონის ჩაი ირჩევა, როგორც განსაკუთრებით არომატული, 30% – ინდური ჩაი, როგორც კარგი სხეულის მქონე, 30% – ინდონეზიის ან კენიის დაბალფასიანი ჩაი, ამ სისტემაში ქართული ჩაი დაბალპრესტიჟულია და მას მხოლოდ დაბალფასიან ჩაიში იყენებენ. სინამდვილეში ქართულ ჩაის დიდი პოტენციალი აქვს, მისი ხარისხის გაზრდაც, ნიშის შეცვლაც და ფასის ამაღლებაც შეიძლება.
– თქვენი გათვლებით რა რაოდენობის ჩაის წარმოება შეგვიძლია 3-5 წელიწადში?
– 4-5 წელიწადში შეგვიძლია ერთ წელში 100 000 ტ ფოთლის მოკრეფა და პროდუქციის დამზადება, მაგრამ პრობლემა სწორ მარკეტინგშია, მნიშვნელოვანია რუსეთის სამომავლო გადაწყვეტილებაც. რთულია ქართული ბრენდის გარეშე მუშაობა. როცა ქართული ბრენდი დამკვიდრდება, მდგომარეობა შედარებით გაიოლდება. უნდა გადაიდგას სტანდარტული ნაბიჯები, სახელმწიფოც თუ დაგვეხმარება და საერთაშორისო ბაზარზე რეკლამას გაგვიკეთებს ეს მეტად დასაფასებელი იქნება. მოუთმენლად ველოდებით თურქეთის ევროკავშირში გაერთიანებას, ამის გამო დაირღვევა თურქეთის საბაჟო სივრცე, სადაც საბაჟო ტარიფი 154%-ია, განბაჟება კი 2 დოლარიდან ხდება. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთს ბაზარი დაკეტილი აქვს, მუშახელს 1 კგ ჩაის ფოთოლში 25 ცენტს უხდის, 250 000 ტ პროდუქციას თვითონ შიდა ბაზარზე მოიხმარენ, 1 ტ ჩაის ფოთოლს კრეფენ, ანუ გლეხობა 250 მლნ დოლარს იღებს. ამ სისტემის დარღვევის შემთხვევაში 200 000 ტონა ჩაი ბაზრიდან გამოვარდება, ყველაზე ახლოს კი საქართველოა. თურქებმა უკვე შეიძინეს აჭარაში 2 ჩაის ქარხანა. თურქეთისთვის ევროკავშირი ჩაის ბაზარზე მნიშვნელოვანი გახდება, რადგან მისი ეკონომიკა ძლიერ განვითარებულია.
– ხარისხიანი ჩაის დამზადების შემთხვევაში, შეგვეძლება რა რაოდენობის ჩაის გატანა საქართველოდან?
შ.ც: – 3-5 ტონისა და დინამიკის მიხედვით წლიურად 30%-იანი ზრდა იქნება, ანუ 5 წელიწადში ჩაის წარმოება 20 000 ტონამდე უნდა ავიდეს, რაც დაახლოებით 50 მლნ დოლარია. სოფლის მეურნეობის ერთი დარგის 50 მლნ დოლარიანი საექსპორტო შემოსავალი კი ცოტა არ არის.
– გარდა თხილისა და ღვინისა, სხვა რომელი დარგია, რომლითაც შევძლებთ მსოფლიო ბაზარზე სწრაფად გასვლას?
შ.ც: – ამ შემთხვევაში კვლავ ბუნებრივ რესურსებზე უნდა ვიფიქროთ, კერძოდ, ტყის რესურსებზე, სამკურნალო ბალახებზე, ფარმაკოლოგიურ ნედლეულსა და ა.შ. ჩაის წარმოებაში მხოლოდ სტანდარტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. გრძელვადიანი ვალდებულებების რეჟიმის შემთხვევაში ამ ბიზნესს წარმატება ექნება და მასში უცხოელებიც ჩაერთვებიან.
– რა მოცულობის ინვესტიციაა საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
შ.ც – გათვლები გაკეთებულია, ციფრი შეიძლება სასაცილო იყოს, საუბარია 25-30 მლნ დოლარზე, 40 მლნ დოლარი კი მაქსიმუმია, იგი ტექნიკის ბოლო მიღწევებსა და პლანტაციების აღდგენას ითვალისწინებს.
– რა არის ჩაის სტანდარტი?
ლ.გ – ჩაის სტანდარტები ლიბერალური ხდება, მთავარი და პრინციპული მოთხოვნა უსაფრთხოების სტანდარტებია.

ჩაის შიგა სამომხმარებლო ბაზარი
ერთ სულ მოსახლეზე ჩაის მოხმარების მრავალწლიანი საშუალო სტატისტიკური, მიმდინარე პერიოდის საბაჟო მონაცემთა და სხვადასხვა ხასიათის (სოციალური, მარკეტინგული) გამოკითხვების გათვალისწინებით საქართველოში ჩაის საშუალო წლიური მოხმარება 2800-3200 ტონას შეადგენს. მათ შორის ოფიციალურად იმპორტული დაფასოებული ჩაის რაოდენობა საბაჟოს მონაცემებით ბოლო სამ წელიწადში 1600-2400 ტონამდე მერყეობს.
გარდა ამისა, საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან 200-400 ტონა აღურიცხავი ჩაი შემოდის, როგორც დაფასოებული ასევე ბალკის სახით. აღსანიშნავია, რომ ამ მოსახლეობის რაოდენობა 500,0 ათასს აჭარბებს და ტრადიციულად ყველაზე ინტენსიურ ნაყენიან ჩაის პროდუქციას მოიხმარენ – დაახლოებით 1000 ტონაზე მეტს.
დანარჩენი მოთხოვნილება 500-800 ტონის ოდენობით დაკმაყოფილებულია ადგილზე როგორც პირველად ფაბრიკებში, ასევე ფერმერულ საწარმოებში და ოჯახურ პირობებში დამზადებული პროდუქციით.
ყველაზე უფრო მოწესრიგებული და კარგი აღრიცხვით გამოირჩენა თბილისის სამომხმარებლო ბაზარი, სადაც ჩაის მოხმარება წელწადში 1500 ტონამდე აღწევს. 80%-ზე მეტს ბაზარს პროფესიული სადისტრიბუციო ცენტრები აწვდის, ხოლო დანარჩენი საცალო სახით იყიდება.
საშუალო და დაბალი ხარისხის იმპორტირებული ჩაის ასორტიმენტში ძირითადად სჭარბობს დაბალხარისხიანი ჩაი (გამონაცერი და ფხვნილი) ერთჯერად პაკეტებში. ხშირად ასეთი ჩაი სპეციფიური მღებავი და არომატული ნივთიერებით არის დამუშავებული, რათა ხელოვნურად იქნას გაზრდილი წყალში სწრაფი ხსნადობა და კომპენსირებულ იქნას სუსტი გემოვნებითი ეფექტები.
საქართველოს ბაზარი ძირითადად წარმოდგენილია უმაღლესი (პრემიუმ), საშუალო და დაბალი ხარისხის პროდუქციით. პრემიუმ ხარისხის პროდუქცია ძირითადად მაღალი დონის სასტუმროებში და რესტორნებში იყიდება. იგი მთლიანი პროდუქციის 5%-ს შეაგენს. საშუალო ხარისხის პროდუქცია წარმოდგენილია რესტორნებში, სუპერმარკეტებში, მაღაზიებში და იგი მთლიანი მოცულობის 40%-ს შეადგენს. დაბალი ხარისხის პროდუქცია ძირითადად იყიდება ბაზრობებზე და ბაზრის 55% შეადგენს. (იხ. ცხრილი – საქართველოს ბაზარზე არსებული ჩაის სტრუქტურა)
საშუალო და დაბალი ხარისხის იმპორტირებული ჩაის ასორტიმენტში ძირითადად სჭარბობს დაბალხარისხიანი ჩაი (გამონაცერი და ფხვნილი) ერთჯერად პაკეტებში. ხშირად ასეთი ჩაი სპეციფიური მღებავი და არომატული ნივთიერებით არის დამუშავებული, რათა ხელოვნურად იქნას გაზრდილი წყალში სწრაფი ხსნადობა და კომპენსირებულ იქნას სუსტი გემოვნებითი ეფექტები.
საქართველოში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების მიხედვით გამოყვანილია, აგრეთვე უცხოეთიდან შემოტანილია ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული უნიკალური ტექნოლოგიური პოტენციალის და მდიდარი ქიმიური შემადგენლობის ნედლეულის მომცემი ჩაის ჯიშები – ინდურ-ჩინური, კიმინი, ბახტაძე, კლონი. გეოპლანტის საკუთრებაში არსებული პლანტაციების ჯიშობრივი განაწილება შემდეგნაირია: ინდო-ჩინური – 66%, კიმინი – 2%, ბახტაძე – 30%, კლონი – 2%.
ჩაის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში პლანტაციების ღირებულება ყოველწლიურად იზრდება და 2006 წლისათვის შემდეგ ზღვრებს მიაღწია:
1. ინდოეთი – 4000$-7000$
2. შრი ლანკა – 4500$-8000$
3. ინდონეზია – 3500$-4000$

კვების პროდუქციის სამომხმარებლო ტესტირების შედეგები
არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი “21-ე საუკუნის” საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია ახორციელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს, ასევე იძენს სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციას და აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიების საშუალებით ადგენს პროდუქციის უვნებლობასა და ხარისხს. სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგისა და პროდუქციის ლაბორატორიული ტესტირების შედეგები მომხმარებლებს მიეწოდება პრესის საშუალებებით. ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც არსებობს ამა თუ იმ პროდუქციის უვნებლობის რეგლამენტები და ნორმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს როგორც ადგილობრივმა მწარმოებელმა, ასევე იმპორტიორმა. საქართველოში ამ ნორმებს პროდუქციის სახეობების მიხედვით ადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები. შესაბამისად სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ რეგლამენტებისა და ნორმების მოთხოვნებს. უვნებლობის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო და საქართველოში კვების პროდუქტებზე ზედამხედველობის ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელკმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, მაგრამ ამ სამსახურის მუშაობა ჯერჯერობით არაეფექტურია.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მომხმარებელმა რომ უფრო ადვილად შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია, ის ყურადღებას აქცევს როგორც ეტიკეტზე მოცემულ მონაცემებს, ასევე ითხოვს პროდუქციაზე სერტიფიკატის ან შესაბამისობის დეკლარაციას. პროდუქციაზე გაცემული შესაბამისობის სერთიფიკატი ან დეკლარაცია შესაბამისობაზე ადასტურებს, რომ იგი უსაფრთხოა მოხმარებისათვის და შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს. საქართველოში ნებაყოფლობით სტანდარტიზაციაზე გადასვლის შემდგომ ფაქტიურად გაუქმებულია სერტიფიკაციის ინსტიტუტი და აღმასრულებელი ხელისუფლების ინერტულობისა და მოსახლეობის გაუთვითცნობიერების გამო შესაბამისობის დეკლარაციის ინსტიტუტი არ მუშაობს.
პროდუქციის სხვა მონაცემების გარკვევა შესაძლებელია პროდუქციის ხარისხის შემოწმების შედეგად. ამ მიზნით ტარდება პროდუქციის სამომხმარებლო ტესტირება.
სამომხმარებლო ტესტირება გულისხმობს ერთი სახეობის გარკვეული რაოდენობის პროდუქციის კონკრეტული მახასიათებლების დადგენას ლაბორატორიული გამოცდის საშუალებით და მომხმარებლისათვის მისი შედეგების მიწოდებას. სამომხმარებლო ტესტირების მიზანია მომხმარებელს დაეხმაროს ერთი სახეობის რამდენიმე პროდუქციიდან არჩევნის გაკეთებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ტესტირების შედეგების რეკლამირება არ ხდება, მას ხშირად ითვალისწინებს მეწარმე, რომლის ბიზნესის წარმატებაც მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული.
საქართველოში სამომხმარებლო ტესტირება ფაქტიურად არ ჩატარებულა. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, განვავითაროთ ამგვარი აქტივობა საქართველოში. აქვე გვინდა აღვნოშნოთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული სამომხმარებლო ტესტირების შედეგები მიუკერძოებულია, ვინაიდან სამომხმარებლო ტესტირების ჩატარებისას ჩვენ არ ვღებულობთ დახმარებას კომერციული ორგანიზაციებიდან.
სამომხმარებლო ტესტირების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებულობისა და ობიექტურობისათვის მომხმარებელთა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამომხმარებლო ტესტირების ჩატარების შემდეგი ძირითადი წესები:
1. ტესტირებისათვის საჭირო პროდუქცია შეძენილ უნდა იყოს სავაჭრო წერტილებში, ე.ი. ისეთ მაღაზიებში, რომლებშიც ჩვეულებრივ იძენს პროდუქციას მომხმარებელი; 2. მიმდინარე გამოცდების შესახებ ინფორმაცია არ გადაეცემა არც მწარმოებელს და არც აღნიშნული პროდუქციის რეალიზატორებს;
3. გამოცდის შედეგი, მიუხედავად იმისა დადებითია თუ უარყოფითი, ვრცელდება მედიის საშუალებით. არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი “21-ე საუკუნე” ახორციელებს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილი საკვები პროდუქტების უსაფრთხოების საკითხების შესწავლას მიმდინარე რეგიონალური პროექტის “საზოგადოებრივი სამომხმარებლო ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გაზრდისათვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი “ევრაზიის” სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ აქ გამოთქმული მოსაზრებები ერთპიროვნულად ავტორების საკუთრებაა და ყოველთვის არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ფონდ “ევრაზიის” მოსაზრებებს.
ორგანიზაციამ 2007 წლის თებერვლის თვეში პროექტის ფარგლებში ქ. თბილისის სუპერმარკეტებში ჩაის 3 დასახელების პროდუქცია შეიძინა და მოხდა მათი ლაბორატორიული გამოცდა. კერძოდ შემოწმებულ იქნა შემდეგი პროდუქციები:
ჩაი შავი, ინგლისური საუზმისათვის AHMAD TEA- დამზადებულია AHMAD TEA LTD-ს მიერ, შრილანკა
ჩაი შავი Riston – შრილანკა
ჩაი Final – დამამზადებელი Sun tea International, დუბაი
პროდუქციის ლაბორატორიული გამოცდა ჩატარდა საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ:
– პროდუქციის ნიშანდება – საქართველოს კანონის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მუხლი 6.
– პროდუქციის ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები განისაზღვრა: ძეხვისათვის გოსტ 23670-79-ით, შოკოლადებისათვის გოსტ 6534-89-ით, ჩაისათვის გოსტ 1938-90-ით.
– უსაფრთხოების მაჩვენებლები (მიკრობიოლოგია და ტოქსიკური ელემენტები) და ენერგეტიკული ღირებულება – სანიტარიული წესებისა და ნორმების სანწდან 2.3.2.000-00 “ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი” მოთხოვნების შესაბამისობაზე.

ცხრილის ახსნა:
პუნქტი 1. პროდუქციის ნიშანდება (ეტიკეტირება)
“აჰმად ჩაის” გააჩნია ქართულენოვანი ეტიკეტი, ფინალს კი – არასრული ქართულენოვანი ეტიკეტი, ხოლო რისტონს საერთოდ არ გააჩნია ქართულენოვანი ეტიკეტი.
პუნქტი 2. პროდუქციის გამოშვების თარიღი, ვარგისობის ვადა
სამივე პროდუქციის ეტიკეტზე მითითებულია გამოშვების თარიღი და ვარგისობის ვადა, რომლის თანახმადაც პროდუქცია ვარგისია მოხმარებისათვის.
პუნქტი 3. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები.
სამივე პროდუქციის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები შეესაბამება ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს..
პუნქტი 4. ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები
ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებიდან დარღვევა დაფიქსირდა მხოლოდ ნაცრის მასური წილის შემცველობაში, კერძოდ, აჰმად ჩაისა და ფინალში ის აღემატება დასაშვებ ნორმებს. ასევე ჩაი ფინალში ტენიანობის მასური წილი აღემატება დასაშვებ ნორმას.
სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს.
პუნქტი 5. უსაფრთხოების მაჩვენებლები
უსაფრთხოების მაჩვენებლებში განსაზღვრულ იქნა პროდუქციის მიკრობიოლოგიური და ტოქსიკური ელემენტების მაჩვენებლები. მოხარულნი ვართ, რომ ამ პარამეტრებში ათივე პროდუქციამ დააკმაყოფილა სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნები.
კავშირი 21-ე საუკუნის ექსპერტი ქეთევან მელქაძე