საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ქართულ ნავთობსაბადოებში ინვესტიციების დაბანდება სურს
თათა თორია
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწაზე საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის ბუნებრივი რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას. საქართველოს ტერიტორიის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაა. საქართველოს თავის ხმელეთსა და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური, სუვერენული უფლება აქვს.
სახელმწიფოს შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მოპოვებულ ნავთობსა და გაზზე კანონის გათვალისწინებით დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე საკუთრების უფლება გადასცეს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციების სახელმწიფო ზედამხედველობას ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს. შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან კონსულტაციის შემდეგ მისი ფუნქციებია, ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე გამარჯვებული გამოვლინდება.
სააგენტოს ასევე ევალება ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით; სახელმწიფოს სახელით ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიის, მათ შორის საქმიანობის ლიცენზიის გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერთიფიკატის დამტკიცება და გაცემა; კანონის შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებათა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებისა და ლიცენზიის შესაბამისად მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ინვესტორების ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფა, საქართველოს გაზისა და ნავთობპროდუქტების შესახებ არსებული ინფორმაციული ბანკის შექმნა და მენეჯმენტი; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ოპერაციული და კომერციული მოვალეობების (მარეგულირებლის გარდა) გადაცემა ეროვნული ნავთობკომპანიისთვის, სანამ სახელმწიფო ამ კომპანიას ან მისი აქციების 75%-ს ფლობს. საქათველოს ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ახორციელებს საწარმო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ეროვნული კომპანიის სტატუსი. ნავთობის ეროვნული კომპანიის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს.
ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მინიჭების პროცედურა.
ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინვესტორს ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები ენიჭება, სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის იდება.
ინვესტორს, რომელსაც სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება სურს, სააგენტოს შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა წარუდგინოს:
ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და ექსპლოატაციის ფორმები და პარამეტრები;
განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან;
ინფორმაცია განმცხადებლი კომპანიის მფლობელებისა და მმართველი პერსონალის შესახებ;
განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და საექსპლოატაციო ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები;
განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ამასთან, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;
განმცხადებლის გამოცდილება და იმ ქვეყნების სია, სადაც განმცხადებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა;
განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან ექსპლოატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ;
გარანტია, რომ სააგენტო მიაწვდის სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ოპერაციების წარმოების შესახებ;
საჭიროების შემთხვევაში მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენების თაობაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრებისა და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების ხასიათის შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული კონტრაქტის დეტალები.
განსხვავებულია ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესები.
ტენდერის ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს წარადგენს. გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, ხელშკრულების დადების მიზნით იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის.
თუ ტენდერში წარდგენილი იქნება მხოლოდ ერთი განაცხადი, სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი, თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის ჩატარდება აუქციონი, ხოლო თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდო, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება.
აუქციონის ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აუქციონის პირობებს აკმაყოფილებს და სახელმწიფოს ყველაზე მეტ თანხას სთავაზობს. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების დადების მიზნით იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის.
თუ არ იქნება ფასთა შეთავაზება, სააგენტო აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.
ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი სააგენტოს მიერ დადგენილ შენატანს იხდის, რომელიც მას უკან აღარ უბრუნდება.
წიაღით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო ხელშეკრულება რამდენიმე სახისაა:
1. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება;
2. სარისკო მომსახურების ხელშეკრულება;
3. მომსახურების ხელშეკრულება;
სააგენტოსა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება კი უნდა მოიცავდეს:
ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდად;
წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევის, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობას და დასახარჯი თანხის ოდენობას;
ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს;
ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასის განსაზღვრის წესს;
მოპოვებული ნავთობისა და გაზის საკუთრების უფლებას;
ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციების შესასრულებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებს და მოვალეობებს;
ბონუსების განსაზღვრას, ბონუსისა და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს;
ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენისა და დაფინანსების ვადებს თუ წესებს;
ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს.
ფართობის შეკვეცის ვალდებულებას;
ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტებს და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიური პროგრამების შედგენისა და მათი დაფინანსების ვადებსა და წესებს;
ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილის ექსპლოატაციის დაწყების, ასევე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს;
თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებებს;
ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს;
საბადოთა ათვისების თავისებურებებს;
ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას;
წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას;
წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებსა და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს;
გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსართხოების დაცვის ვალდებულებებს;
საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს;
ხელშეკრულების პირობებისა და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის განხორციელების მექანიზმს;
სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს;
დაზღვევის პირობებს;
ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს;
დავათა განხილვის წესს;
გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს;
წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობისა და ხარისხის აღრიცხვის წესებს;
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს;
ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომელიც ითვალისწინებს ჩასატარებელი, კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თუ ამ ცვლილებებით არ ირღვევა ხელშეკრულებისა და შესაბამისი ლიცენზიის პირობები. თუ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები არღვევს ხელშეკრულების ან ლიცენზიის პირობებს, აუცილებელია სააგენტოს თანხმობა.
ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ მოპოვებული ნავთობი და გაზი არის სახელმწიფოსა და ინვესტორის საკუთრება.
რაც შეეხება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას, თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.
აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა ავტომატურად სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ნავთობისა და გაზის სამუშაოების წარმოების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისთვის გადაცემას. საჭიროების შემთხვევაში გენერალურ ლიცენზიასთან ერთად გაიცემა გეოლოგიური და სამთო მინაკუთვნი.
პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს:
ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯებისა და დანახარჯების განსაზღვრას, რომელიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის სახით;
სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას;
საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას;
ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების წესებსა და პროცედურას;
წიაღით სარგებლობის გადასახადის გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს წიაღით სარგებლობის გადასახადის სახელმწიფოსთვის გადახდის აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე;
ინვესტორის უფლებას – გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ინვესტორის ან მისი სახელით და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ გადასახდელ გადასახადებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემდეგ გადასახადებს:
1. მოგების გადასახადი იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე;
2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი;
3. მიწის გადასახადი;
4. სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი;
5. გადასახადები შესაბამის სახელმწიფო ფონდებში სოციალური და სამედიცინო დაზღვევის მიზნით;
6. სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლები და ბონუსები;
7. საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადი;
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება ყველა სხვა გადასახადისგან.
სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:
ინვესტორი ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თვითონ გაიღებს და წარუმატებლობის შემთხვევაში რისკს თავის თავზე იღებს.
ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და სხვა ოპერაციების წარმოების შესახებ სააგენტო იღებს.
ინვესტორს სახელმწიფო უნაზღაურებს მის მიერ დახარჯულ კაპიტალს სასესხო პროცენტით და დამატებით გადასახადს ნავთობისა და გაზის ძიების რისკის თავის თავზე აღებისთვის, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით. სააგენტოს გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.
მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ცალკეული სახის სამუშაოზე, ისე სხვადასხვა სახის სამუშაოების კომპლექსზე (ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება, საბადოების ექსპლოატაცია, ჭაბურღილების რემონტი, უმოქმედო ჭაბურღილების აღდგენა, ნავთობისა და გაზის საბადოების მოწყობა, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მიწოდება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა).
მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარე უნდა იყოს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე სუბიექტი.
მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე არ აბანდებს კაპიტალს და არ იღებს თავის თავზე რისკს წარუმატებლობის შემთხვევაში.
ხელშეკრულების შესაბამისად, გაწეული მომსახურების ანაზღაურება, როგორც წესი, წარმოებს ფულადი სახსრებით საიჯარო სამუშაოებისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით. ცალკეულ შემთხვევებში სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაწეული მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება მოპოვებული ნავთობითა და გაზით. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს შეიძლება მიეცეს მისი მომსახურებით მიღებული პროდუქციის ნაწილის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.
ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 25 წელი. ვადის გაგრძელება დაიშვება ინვესტორის ინიციატივით, იმ ვადით, რომელიც აუცილებელი და საკმარისია ნავთობისა და გაზის ეკონომიურად და რაციონალურად მოპოვების, გამოყენებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია 25-წლიანი ვადის გასვლამდე, იგი შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ხუთი წლისა.
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიას ნავთობისა და გაზის რუსურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში გასცემს. ლიცენზია ხელშეკრულების იდენტურ პირობებს უნდა შეიცავდეს.
ინვესტორი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, ხოლო ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის მონაწილეობის მოსაკრებელს არანაკლებ 10 დღით ადრე, რის შემდეგაც სააგენტო მას შესაბამის სერთიფიკატს გადასცემს. ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებული ინვესტორი ასევე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაკრებელსაც იხდის.
კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახადის განაკვეთები რესურსების მოპოვებაზე ასეთია:
გეოლოგიური რესურსები 20 მილიონამდე ტონა კვ/კმ-ზე – 85 000 ლ.
გეოლოგირი რესურსები 20-დან 60 მილიონ ტონამდე კვ/კმ-ზე – 130 000 ლ.
გეოლოგიური რესურსები 60 მილიონი ტონა კვ/კმ-ზე და ზევით – 220 000 ლ.
ნავთობის დამუშავება – 3 000 ლ.
გაზის დამუშავება – 2 500 ლ.
ნავთობის, გაზისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება – 2 000 ლ.
სააგენტოს მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით სააგენტო იმავდროულად ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს მიერ მომზადებულ მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს გადასცემს.
თუ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს) ეკუთვნის, ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინვესტორმა მიწის მესაკუთრესთან უნდა დადოს ხელშეკრულება მისთვის ამ მიწის გამოყენების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ, ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადით. ხელშეკრულება ინვესტორმა სააგენტოს უნდა წარუდგნოს.
რაც შეეხება საქმიანობის ლიცენზიას, მასაც სააგენტო გასცემს.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, მმართველი პერსონალის რეკვიზიტები, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, საჭიროების შემთხვევაში – იურიდილი პირის საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაციის ორგანო.
ყველა იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც აქციების ხუთ ან მეტ პროცენტს ფლობს.
განაცხადს უნდა ერთვოდეს:
განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა;
იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებებში გამოიყენებს;
იმ ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებებში გამოიყენებს;
ინფორმაცია განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობისა და იმ თანხის წყაროს შესახებ, რომელსაც ის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გამოიყენებს;
დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა;
განმცხადებლის გარანტია, რომ იგი სააგენტოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობს შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის;
თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას:
1) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
2) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზეც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით;
3) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა იმ მოვალეობების შესრულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან.
თუ განმცხადებელი აფილირებული კომპანიაა, მაშინ მშობელმა კომპანიამ ფინანსური და საქმიანობის შესრულების გარანტიები უნდა წარმოადგინოს.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტო წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შესაბამისი საქმიანობის უფლება მიეცემა, კერძოდ:
1) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებებს და ლიცენზიის შესაბამისად განახორციელოს საქმიაობა;
2) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლის ან მოდიფიცირებისთვის, წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს საქმიაობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ;
3) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა.
განმცხადებელი საქმიანობის ლიცენზიის მიღებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელს იხდის.
საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვადებულია, პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ ლაბორატორიას გასასინჯად წარუდგინოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე კი გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც სააგენტოს ეგზავნება.
ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენოს მონაცემებზე დაყრდნობით, ნავთობპროდუქტების სავარაუდო რესურსი საქათველოს მასშტაბით 2,500 მილიარდ ტონას შეადგენს.
2006 წლის 15 ივნისს ჩატარებული ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით შერჩეულ სამ კომპანიასთან ამა წლის 3 აპრილს 25 წლიანი ხელშერულება გაფორმდა.
ეს კომპანიებია:
1. “გლობალ ოილ ენდ ენერჯი” – ნავთობისა და გაზის ოპერაციებს მსოფლიოს 13 ქვეყანაში აწარმოებს (ალჟირი, იემენი, სირია, ეგვიპტე, ნიგერია, მალი). ის, კომპანია “გლობალ სტილის” შვილობილი კომპანიაა და თავის მხრივ 10 უმსხვილეს კონსორციულში შედის, ფლობს მსოფლიო მეტალურგიის 10%, აქვს ძლიერი ფინანსური ბაზა (48 მილიარდი დოლარი), ფლობს ინდოეთის ნავთობინდუსტრიის 90%.
2. “აქსაი ბი-ემ-სი” – ქართულ-ყაზახური კომპანიაა და 1992 წელს ყაზახეთშია დაარსებული. ის წილს ფლობს ისეთ ცნობილ კომპანიებში როგორიცაა, “მანგისტაუგეოლოგია”, “ალაოილი”, “კოკმაი”, “ტაბინაი”, “აბ ოილი”.
3. “სტრეიტ ოილ ენდ გას” – გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის აქციებს ორი ადგილობრივი სატრასტო კომპანია ფლობს. ის ასევე ფლობს აქციებს “ოილ ანდ გეზ მაინინგ ენდ ვენჩა კეპიტალის” აფილირებულ კომპანიებში; არის “3 ლეგზ ვენჩა კეპიტალის” მთავარი აქციონერი და “ვეინ მინერალზის” დამფუძნებელი კომპანია. ეს უკანასკნელი თავის საქმიაობას მექსიკასა და აშშ-ში ეწევა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ვალდებულნი არიან თავის სალიცენზიო ბლოკებზე (მონაკვეთებზე) ჩაატარონ გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები, აღადგინონ ძველი და გაბურღონ ახალი ჭაბურღილები.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტენდერის ფორმატით პირველადაა გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ოცდახუთპროცენტიანი ოფციის გამოყენების უფლება. პირველი ათი წელი სახელმწიფო მიიღებს საბაზისო ნავთობს, ასევე ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ბუნებრივი გაზის შესყიდვის უპირატესი უფლება. პირველი ოთხი წლის მანძილზე ინვესტიციის ჯამური რაოდენობა 150 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი
სახელმწიფო სააგენტო
საქართველო, 0177 თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N45
ტელ: +(995 32) 253399; +(995 32) 253311; +(995 32) 988173
ფაქსი: +(995 32) 253311
ელ.ფოსტა: სარგორ@აცცესს.სანეტ.გე