“ფინანსური ეკონომიკა”, სახელმძღვანელო, ავტორი – რევაზ კაკულია. 2007 წ.
პროფესორი ემზარ ჯგერენაია
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე რეფორმების წარმატება დიდად არის დამოკიდებული ქართულ ენაზე, თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი სახელმძღვანელოების გამოცემაზე. ამის გარეშე შეუძლებელია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.დღევანდელი საუნივერსიტეტო გარდაქმნების პროცესისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასოცირებული პროფესორის, რევაზ კაკულიას მიერ მომზადებული ახალი სასწავლო დისციპლინის – “ფინანსური ეკონომიკის” – გამოშვებას.
სახელმძღვანელო საინტერესოა იმით, რომ მასში, პირველად პოსტსაბჭოურ სივრცეში, დასაბუთებულია თანამედროვე ფინანსური ეკონომიკის ფორმირების ობიექტური აუცილებლობა. XXI საუკუნის გარიჟრაჟზე ფინანსების როლის განსაკუთრებით გაძლიერებამ თვისობრივი ცვლილებები გამოიწვია ფინანსურ ურთიერთობებში. წარმოიშვა ეკონომიკის ვირტუალური სტრუქტურირება: მატერიალურ ფასეულობათა შემქმნელი რეალური ეკონომიკიდან აღმოცენდა ეკონომიკა, რომელიც სულ უფრო იქვემდებარებს პირველს თავისი შემოსავლებით და ისე გაძლიერდა, რომ მას, მატერიალური წარმოების სფეროს ეკონომიკასთან შედარებით, დიდი როლი დაეკისრა, ე.ი. ჩამოყალიბდა პირობითი, სიმბოლური ეკონომიკა – ფინანსური ეკონომიკა.
ფინანსური ეკონომიკის ჩამოყალიბება მსოფლიო ეკონომიკაში გადატრიალების ტოლფასია, მისი სახით სრულიად ახალი ეკონომიკა წარმოიშვა.სწორედ თანამედროვე ეკონომიკური აზრის მიღწევებზე დაყრდნობით ავტორი რევაზ კაკულია ლაკონურად და გასაგებად გადმოსცემს ფინანსური ეკონომიკის კონცეფცუალურ საფუძველს და რეალიზაციის მექანიზმს, რეალური და ვირტუალური ფინანსური ნაკადების რეგულირების პრობლემებს, ფინანსური ეკონომიკის გენეზისს და სტრუქტურას, გლობალიზაციისა და ფინანსური, საკუთრების ეკონომიკის განვითარების დაილექტიკას, ეროვნული ეკონომიკის ადგილსა და როლს მსოფლიო ფინანსური ეკონომიკის ფარგლებში, ფულისა და ვირტუალური ეკონომიკის თავისებურებებს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი სტრუქტურა გათვლილია სტუდენტების 15-კვირიანი მეცადინეობისათვის. ვფიქრობთ, სარეცენზიო ნაშრომი კარგი შენაძენია. მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, არამედ თანამედროვე ეკონომიკით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისათვისაც.