უმუშევრობა ევროპაში და დასაქმება… საქართველოში
ლია პიტიურიშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ამბროსი გრიშიკაშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი
ევროკავშირის მასშტაბით უმუშევრობა თანდათან იკლებს და დასაქმების მაჩვენებლებიც მატულობს, მაგრამ როგორც ევროკომისიის ექსპერტების მიერ მომზადებულ მოხსენებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაა. მართალია, ამ მხრივ მთავარი ლეიტმოტივი ოპტიმისტურია, მაგრამ მასში მაინც ხაზგასმულია, რომ აუცილებელია რადიკალური რეფორმები ამ პრობლემის საბოლოოდ დასარეგულირებლად.
საქართველოში კი უკანასკნელ წლებში ამ მხრივ რადიკალურად ბევრი არაფერი შეცვლილა, თანაც ჯერაც არ ჩანს რაიმე სერიოზული დოკუმენტი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენდა ამ სერიოზული პრობლემის გადაჭრაზე.
ევროპელი ექსპერტები განსაკუთებით ამახვილებენ ყურადღებას შრომის ბაზრის ელასტიურობასა და დასაქმების იმედის ქონას (ინგ. flexicurity) შორის წონასწორობის დამყარებაზე. შრომის ბაზრის ელასტიურობას განსაკუთრებით მთელ მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ტექნიკური პროგრესი და მეტად მკაცრი გლობალური კონკურენცია განაპირობებს.
ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასაქმების, საზოგადოებრივ საქმეთა და ცხოვრებისეული შანსების გამოთანაბრების კომისარმა ვლადიმერ სპიდლამ განაცხადა: მართალია, შრომის ბაზარზე მიმდინარე რეფორმებს შედეგები მოაქვს, მაგრამ თუ ევროპას სურს ეფექტური და სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს მთელ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესებს და ასევე პროფესიულად აქტიური შრომითი რესურსების სწრაფად შემცირებისათვის, გარკვეული კომპენსირება მოახდინოს მაშინ flexicurity პრიორიტეტული ხასიათი უნდა მიანიჭოს. მისივე დაკვირვებით, ევროპასა და საერთოდ მსოფლიოში ამჟამად არსებული შედარებით კარგი კონიუნქტურა ამგვარი რეფორმის განსახორციელებლად შესაფერის პირობებს ჰქმნის.
ამასთან დაკავშირებით, კომისია აცხადებს, რომ იგი ფინანსურად დაუჭერს მხარს ცალკეულ ქვეყნებში შრომის ბაზრის რეფორმის სათანადოდ განხორციელებას.
ცნობისათვის: ევროკავშირის მასშტაბით უმუშევრობა 2004 წლის 9,1 პროცენტიდან 2005 წლისათვის 8,8 პროცენტამდე შემცირდა. რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, იგი 2005 წლის განმავლობაში 0,8 პროცენტით გაიზარდა. ევროპაში ასეთი კარგი ტენდენცია 2001 წლის შემდეგ არ ყოფილა. ამასთან, 2010 წლისათვის ამ სფეროში დასახული მაჩვენებელის მისაღწევად აქ ყოველწლიურად დამატებით 22 მილიონი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.
დასაქმების გაზრდისათვის ევროკავშირში მიმდინარე ღონისძიებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მუშაკთა განათლების და პროფესიული დაოსტატების მიზნით გაწეული კაპიტალური დაბანდებების გადიდება. ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკური დარგების ახალი სამუშაო ძალით უზრუნველყოფის საქმეს. მომავალში დიდი ყურადღება მიექცევა ასევე სამუშაო ძალის დაქირავების დროს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების გაადვილებასა და სისწრაფეს. კავშირში აღნიშნული სფეროს შემდგომ დარეგულირების საქმეში ხელშემშლელია ასევე არალეგალური შრომაც, რომელსაც ევროპაში უკვე საგრძნობი მასშტაბები აქვს.
მოხსენებაში დიდი ყურადღება დაეთმო შრომითი რესურსების დასაქმების სიცოცხლის ციკლების მიხედვით განხილვას. როგორც მოხსენებიდან ირკვევა, თუ 2004 წელს მთლიან შრომით რესურსებში უფროსი ასაკის სამუშაო ძალის ხვედრითი წილი 41 პროცენტს შეადგენდა, 2005 წელს მისი ხვედრითი წილი 42,5 პროცენტამდე გაიზარდა. თუმცა, მოხსენების ავტორთა აზრით, ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია 2010 წლამდე ამ მაჩვენებლის 50 პროცენტამდე გაზრდა. ეს კი ძირითადად მუშაკთა საპენსიო ასაკის მომატებით გახდება შესაძლებელი.
მოხსენებაში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გამოიყო ახალგაზრდა თაობის, ემიგრირებულთა და შრომისუნარდაქვეითებულთა დასაქმების საკითხი. ამ კატეგორიის ხალხი ჯერ-ჯერობით შრომის ბაზარზე უგულებელყოფილია. ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობა ახალგაზრდათა შორის ორჯერ და მეტჯერ აღემატება უმუშევრობის საერთო მაჩვენებელს. აქ ყოველი მეხუთე ბავშვი სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობს, ხოლო უმუშევრობა ახალგაზრდულ ასაკში 18 პროცენტს აღემატება, ანუ ორჯერ და მეტად დიდია უმუშევრობის საერთო დონესთან შედარებით. 18-დან 24 წლამდე მოსწავლეების 15 პროცენტი უპერსპექტივობის გამო სწავლას ადრე ანებებს თავს, რაც მკვეთრად ზრდის მათი საზოგადოებიდან გარიყვის პროცესს.
ევროპაში უმუშევრობა მაღალია ასევე ხანდაზმულ ადამიანთა შორისაც, კერძოდ, 55-64 წლის ასაკის ადამიანებში აღნიშნული მაჩვენებელი 2001 წლის 38 პროცენტიდან, 2005 წელს 43 პროცენტამდე გაიზარდა.
საფიქრებელია, რომ შრომის ბაზრის მოწესრიგება და დასაქმების პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის ქვეყნებში ცხოვრების დონის ამაღლებას. ამჟამად, ევროპელთა 16 პროცენტი სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობს, ხოლო ოჯახურ მეურნეობათა 10 პროცენტი შემოსავლის ყოველგვარ წყაროს მოკლებულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მკვიდრთა შორის სიცოცხლის ხანგრძლიობა 13 წლით განსხვავდება, ანუ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობის უმცირესი მაჩვენებელი სწორედ ამდენით ჩამორჩება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობის უდიდეს მაჩვენებელს. მაგალითად, ლიტვაში მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა 64,5 წელია, ხოლო შვედეთში � 78,4 წელი. რაც შეეხება ქალებს, ამ მხრივ განსხვავება თუმცა ასეთი მკვეთრი არაა, მაგრამ მაინც საგრძნობია. კერძოდ, რუმინეთში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა 75,4 წელია, ესპანეთში კი – 83,9 წელი.
განსხვავებაა ასევე მშპ-ს იმ პროცენტებს შორის, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა ქვეყნებში ჯანმრთელობის დაცვისათვის. ეს მაჩვენებელი 5-დან 11 პროცენტამდე მერყეობს.
საქართველოში დასაქმება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება
უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გლობალური პრობლემაა, რომელიც მეტნაკლებად, ყველა სამეურნეო სისტემას ახასიათებს. ცხადია, იგი საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა, თუმცა არა ისეთი ფორმით, როგორიც დღესაა. სოციალისტური სისტემის დაშლამ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში უმუშევრობის ფარული და აშკარა სახეები წარმოშვა. მათ მესამე სამყაროს ქვეყნებშიც მოიკიდეს ფეხი. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, აქ ძირითადად უმუშევრობის ღია ფორმა დამკვიდრდა. უმუშევრობის გამომწვევი მიზეზები რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ: პირველი, შეიძლება იყოს უმუშევართა მხრიდან სამსახურის ნაკლები ენთუზიაზმით ძებნა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის რიცხვი ფერტილურ ასაკში შესული ახალგაზრდობის რაოდენობის ზრდისა ხარჯზე მატულობს, ხელისუფლებას არ ძალუძს გაზარდოს წარმოების მასშტაბები და აქედან გამომდინარე შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. გავრცელებულია შეხედულებაც, თითქოს უმუშევართა დონეზე სერიოზულ გავლენას ახდენს შრომის ბაზრის და განსაკუთრებით შრომის დანახარჯების მექანიზმის ფორმირების ხასიათი. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის დონე ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 2003 წელს უმუშევრობამ 11,5% შეადგინა, 2004 წელს – 12,6%, 2005 წელს – 13,8%. კლებულობს დასაქმების დონეც – 2005 წელს ამ მაჩვენებელმა 55,2%-ს მიაღწია, ხოლო 2006 წელს 52%-მდე დაეცა.
დასაქმებულთა შორის კვლავ დიდი წილი უკავია სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობას. დაუსაქმებელ მოსახლეობას ხშირად უწევს მუშაობა მოკლევადიან, მცირედანაზღაურებად სამუშაოზე, რაც ხშირად ვერ უზრუნველყოფს მათ მინიმალურ მატერიალურ მოთხოვნებს. უმუშევართა შემწეობის მცირე განაკვეთის გამო კვლაც მაღალია არარეგისტრირებული უმუშევრობა. აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უმუშევარია, ან ნაკლებ კვალიფიციურ სამუშაოს ასრულებს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოუქნელი შრომის ბაზრის გამო ვერ რეგულირდება სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდება სამუშაო ბაზარზე. ამიტომ მცირეა ფრიქციული უმუშევრობის დონე, რაც იწვევს რეალურ მდგომარეობასთან შედარებით უმუშევრობის დონის სიმცირეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმების სტატისტიკური მაჩვენებლები, შესაძლებელია, ზუსტად ვერ ასახავდეს იმ რეალურად მძიმე სოციალურ სურათს, რაც შრომის ბაზარზე არსებობს, მაგრამ მაინც წარმოაჩენს არსებულ ტენდენციებს
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2005 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, დასაქმების დონე 3,4-პუნქტით, ხოლო საშუალო კვარტალური მონაცემებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2004 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით. შედეგად, მომუშავეთა რაოდენობამ 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 57% შეადგინა. შესაბამისად უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მკაცრი კრიტერიუმით 11,8-დან 13,1%-მდე, ხოლო შერბილებული კრიტერიუმით 14,4-დან 15,2%-მდე გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა და 2006 წლის დასაწყისიდან ამ მაჩვენებელმა 1,84-დან 1,81 მლნ კაცამდე იკლო. მიუხედავად თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდისა, მომუშავეთა რიცხვი საშუალოდ 4,1%-ით შემცირდა. 2004 წლის ტენდენციისაგან განსხვავებით, შემცირდა დაქირავებულთა რაოდენობა და გასული წლის მესამე კვარტალის ბოლოს მისი წილი დასაქმებულთა რაოდენობაში 31,7% იყო, რაც სახელმწიფო სექტორში გატარებული რეფორმების შედეგად სამუშაო ადგილების შემცირებამ გამოიწვია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა კი გაიზარდა და 1,24 მლნ კაცს გაუტოლდა.
2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით 48,5%-ით შემცირდა დასაქმების სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებული თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა. თუმცა, აღსანიშნავია კერძო სექტორში თავისუფალი სამუშაო ადგილების 60%-დან 68,9%-მდე მატება წინა წელთან შედარებით, რაც დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს ქვეყანაში კერძო საქმიანობის გაფართოების თვალსაზრისით. ამას აგრეთვე ადასტურებს არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 199,1-დან 2006,4 ათასამდე ზრდა. 2005 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა შორის არასახელმწიფო სექტორში მომუშავეების წილის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა და 34,8%-ს გაუტოლდა (იხ. ცხრილი #1).
ექსპერტთა შეფასებით, დასაქმების მიხედვით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა 40-60 წლის ადამიანებში. მათი უმეტესობა დაუსაქმებელია და არ ხდება მათი კვალიფიკაციის შეცვლა. საგულისხმოა ისიც, რომ საექსპორტო ბაზრის დაკარგვის ფონზე, უმუშევრობის პრობლემა სულ უფრო მწვავე ხდება, რადგან საწარმოებმა პროდუქციის შექმნის მასშტაბები შეამცირა და აქ დასაქმებულები დაითხოვეს.
წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა რიცხვი შემცირდა და მისმა წილმა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში 65,0% შეადგინა, რაც განაპირობა საბიუჯეტო ორგანიზაციებში გატარებულმა რეფორმებმა და სტრუქტურულმა ცვლილებებმა. თუმცა, აღნიშნული რეფორმებით შესაძლებელი გახდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას დარგების მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა სამთომომპოვებელ მრეწველობაში (76,2%-ით), თუმცა ეს რიცხვი მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 1997-2000 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ამ დარგში ყველაზე მნიშვნელოვნად იმატა ერთ დასაქმებულზე შექმნილმა მთლიანმა დამატებითმა ღირებულებამ ნომინალურ ფასებში. დასაქმებულთა რიცხოვნობა ფინანსური შუამავლობის სექტორში გაიზარდა 32,5%- ით, სასტუმროებსა და რესტორნებში – 21,8%- ით, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური მომსახურების დარგში – 9,3%-ით. ზრდის ტენდენციები შეინიშნება ერთეულ დასაქმებულზე შექმნილ მთლიანი დამატებით ღირებულებაში მშენებლობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, ვაჭრობაში. აღნიშნული ზრდის ტენდენციები აისახა სექტორების მიხედვით წილობრივ მაჩვენებლებზეც (ცხრილი #2). დასაქმება კვლავ მაღალია სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში (54,2%), რომლის შემდეგ მოდის ვაჭრობა (11,1%) და განათლების დარგი (7,4%). თუმცა სოფლის მეურნეობისა და განათლების დარგებში ეფექტიანობა ყველაზე ნაკლებად იზრდება.
2005 წელს დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი – 44,5% საშუალო განათლების მქონე იყო, უმაღლესი განათლება ჰქონდა მხოლოდ 26,7%. ეს ადასტურებს იმ ტენდენციებს, რომ მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, სრულად არ არის გამოყენებული არსებული შრომითი რეზერვები; საჭიროა უმუშევართა გადამზადება და შრომითი რესურსების ახალ მოთხოვნებთან კვალიფიკაციის შესაბამისობა. (შრომითი ურთიერთობების დასარეგულირებლად აუცილებელია შრომის კოდექსის შექმნა. დამოუკიდებელ საქართველოში შრომითი კოდექსი მხოლოდ 2006 წლის 25 მაისს იქნა მიღებული).
შრომის ბაზარზე მწვავე პრობლემები გამოწვეულია სტაბილური და სრული განაკვეთის სამუშაო ადგილების იშვიათობით. კვლავ ფართოდაა გავრცელებული ფარული და არასრული უმუშევრობა, როდესაც დასაქმებულთა ნაწილი მხოლოდ ფორმალურად ირიცხება სამსახურში და საარსებო მინიმუმზე მნიშვნელოვნად მცირე შემოსავალს იღებს.
ამ პრობლემის გადასაწყვეტად დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნების პროგრამა. იგი უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით:
– ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება უშუალოდ სახელმწიფოს მიერ;
– კერძო კომპანიებსა და ფირმებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება საგადასახადო, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკის მეშვეობით.
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს შრომითი მიგრაციის მასშტაბები, რადგან მიგრაციის ასეთი ფორმა მოსახლეობის დაბალი შემოსავლებისა და მასობრივი უმუშევრობის პირობებში ბევრ ოჯახს გადარჩენის ერთგვარ შანსს აძლევს და ამასთან ზრდის მოსახლეობის მოთხოვნას, მათ მსყიდველობითუნარიანობას. ამასთან, დაუშვებელია ამ პროცესის სტიქიური განვითარება და საჭიროა კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.
დასაქმების პოლიტიკა უნდა ხორციელდებოდეს ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, სადაც დასაქმება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მიკრო და მაკრო დონეებზე სამუშაო ძალის ბაზრის რეგულირების პოლიტიკის გატარების საფუძველზე.