ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის მიხედვით საქართველოს ადგილი მსოფლიოში
იოსებ არჩვაძე
მსოფლიოს ყოველი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე და ადგილი მრავალი ინდიკატორით ხასიათდება. ზოგი ინდიკატორი თითქმის მუდმივი, “სტრატეგიული” დატვირთვისაა და ძნელად ექვემდებარება ცვლილებას (მაგალითად, სახელმწიფოს ტერიტორიის სიდიდე…), ინდიკატორთა უმრავლესობა კი ევოლუციურად იცვლება. ცვლად ინდიკატორთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა ისინი, რომლებიც მეტ-ნაკლებად სრულად ახასიათებენ ქვეყანაში არსებულ სამეწარმეო გარემოსა და საწარმოო ძალთა თანხვედრის ეფექტურობას.
ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ვექტორს განსაზღვრავს ისეთი ინდიკატორების კუმულატიური ეფექტის ზრდა, როგორებიცაა მოსახლეობის რიცხოვნობა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. სახელმწიფოებრიობის ფორმირების პროცესში მყოფი ქვეყნისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დე-ფაქტო და დე-იურე ტერიტორიების თანხვედრის ხარისხსაც1.
ჩვენი ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, მრავალ ცნობილ მიზეზთა გამო, უაღრესად მძიმედ, დრამატულად წარიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ვარდნა საქართველოში 1980-1990-იანი წლების მიჯნაზე დსთ-ის საშუალო დონესთან შედარებით ორჯერ მეტი, ხოლო ეკონომიკური უკუსვლის პერიოდი – დაახლოებით 3 წლით უფრო ხანგრძლივი იყო. 1989-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკის დონემ დაახლოებით სამი ათწლეულით დაიხია უკან და შესაბამისად, ეკონომიკური აღმასვლის თითოეული პროცენტი 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე გაცილებით “შემსუბუქებულია”, ვიდრე, მაგალითად, ჩვენს უშუალო მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი). დღეისათვის საქართველო ეკონომიკური განვითარებით (ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით) 1990 წლის 70%-ის დონეზეა (ფაქტობრივად, 1979 წლის დონეზე…), მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების აბსოლუტური სიდიდით კი – 56%-ის (შესაბამისად, 1973 წლის) დონეზე2. ეს იმას ნიშნავს, რომ 1990 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დონეს საქართველო, ბოლო 10 წელიწადში ჩამოყალიბებული ტემპებით, მიაღწევს 2015 წლისათვის, ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის წარმოების მიხედვით – 2012 წლისათვის, ხოლო იმ თანაფარდობის მიღწევას, რაც ჰქონდა საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან და მოწინავე საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან 1990-იანი წლების დასაწყისში – მხოლოდ 2035-2040 წლებისათვის…
დღეისათვის საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო შესაბამისი დონის მხოლოდ 17,5 პროცენტია – ოფიციალური კურსით და 32,2 პროცენტი – ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით3. აღნიშნული პარამეტრით საქართველო მიეკუთვნება მსოფლიოს საშუალოდ განვითარებული ქვეყნების ქვედა ჯგუფს. ამასთან, ეკონომიკური განვითარების დონით დსთ-ის წევრ 12 ქვეყანაში საქართველოს მხოლოდ მერვე ადგილი უკავია რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შემდეგ. ქვემოთ მოტანილ ცხრილში (იხ. ცხრილი #2), ნათლად ჩანს დსთ-ის წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებისა და საქართველოსთან თანაფარდობის მაჩვენებლები.
საქართველოსათვის განსაკუთრებით საგულისხმო უნდა იყოს პროცესები დსთ-ის წევრ ჩვენს უშუალო მეზობლებში – სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაში. მიუხედავად ბოლო პერიოდში განვითარებული ცნობილი მოვლენებისა, რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად, მთლიანად კი ამ სამ ქვეყანაზე დღეისათვის მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 28 პროცენტი.
ცხრილი #3 წარმოაჩენს ბოლო წლებში ზემოხსენებული ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დინამიკის თანაფარდობას საქართველოს შესაბამის მაჩვენებლებთან.
ბოლო 6 წლის მანძილზე ერთ სულ მოსახლეზე სომხეთის წინსწრების მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით 2,6-ჯერ გაიზარდა (16,7%-დან 44.2%-მდე), ხოლო აზერბაიჯანისა, შესაბამისად 2,1-ჯერ (22,2%-დან 46,0%-მდე). ეს იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ კავკასიის ამ ორ სახელმწიფოში დემოგრაფიული მდგომარეობა, მოსახლეობის ცვლილების ტენდენცია საქართველოსთან შედარებით პოზიტიურია – 2005 წელს, 2000 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 5,2 პროცენტით, სომხეთისა – მხოლოდ 2,1 პროცენტით, აზერბაიჯანისა კი გაიზარდა 2,0 პროცენტით. სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ორ ქვეყანასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენის ზემოთმოტანილი მონაცემები აბსოლუტურ განზომილებაში კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგანაც დემოგრაფიული კუთხით საქართველო მიეკუთვნება მსოფლიოს იმ შვიდ სახელმწიფოს, სადაც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე (1975-2005წწ.) ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შემცირებას (უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია, სანტ კიტი და ნევისი, ბულგარეთი, უნგრეთი, საქართველო); გაეროს ექსპერტთა შეფასებით, საქართველო შედის იმ ოცი ქვეყნის შემადგენლობაში, სადაც უახლოესი ათი წლის განმავლობაში მოსახლეობა ზრდის ნაცვლად შემცირდება5, მსოფლიოს იმ სახელმწიფოთა ხუთეულში, სადაც ოთხი ათეული წლის განმავლობაში – 2015 წელს 1975 წელთან შედარებით – მოსახლეობა არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც.
დემოგრაფიული მდგომარეობის შეფარდებითი უპირატესობა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები ერთ სულ მოსახლეზე სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებში თანდათან ცვლის ეკონომიკური პოტენციალის აბსოლუტურ პარამეტრებს და პროპორციებს მათ სასარგებლოდ – თუ 1996 წელს საქართველოსთან შედარებით აზერბაიჯანში იწარმოებოდა 4,3 პროცენტით მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი, 2006 წლისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 2,9-ჯერ მეტი იყო; იმავე პერიოდში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 52,5 პროცენტიდან 70,9 პროცენტამდე. ამჟამად ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოს დონის 276,5 პროცენტია, სომხეთისა, შესაბამისად – 87,4 პროცენტი.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საქართველო ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას. მართალია, საქართველოს ასეთ ჩამორჩენაში თავად რუსეთის “დამსახურება” განუზომელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი უკვე მთლიანად გადავიდა სხვა წონით კატეგორიაში თავისი ეკონომიკური განვითარების დონით, მოსახლეობის კეთილდღეობით, ადამიანური განვითარების ინდექსით და მიზნად ისახავს უახლოეს წლებში მსოფლიოს სახელმწიფოთა პირველ ექვსეულში დამკვიდრებას.6. შესაბამისად, ამ ქვეყანასთან ურთიერთობებზე საუბრისას ეკონომიკურ სანქციებზე, ემბარგოზე, დეპორტაციასა და სეპარატიზმის ხელშეწყობასთან ერთად აუცილებლად უნდა შევეხოთ რუსეთის წინსვლის ეკონომიკურ ასპექტებსაც. დღეისათვის რუსეთი საქართველოს უსწრებს: ეკონომიკურად (ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მშპ-ით) 3,2-ჯერ, საშუალო ხელფასით � 3,3-ჯერ, დეპოზიტებით საბანკო სექტორში – 8,5-ჯერ, გაცემული კრედიტებით – 18,6-ჯერ, სავალუტო რეზერვებით – დაახლოებით 10-ჯერ… თუ მაგალითად, 1990 წელს საშუალო ხელფასი საქართველოში რუსეთის ანალოგიური მაჩვენებლის 72 პროცენტს შეადგენდა, 2006 წელს მან მხოლოდ 30 პროცენტი შეადგინა. თანაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქართველოში სამჯერ დაბალია რუსეთთან შედარებით, რის გამოც ერთი და იგივე რაოდენობის მოსახლეობის ხელფასის ფონდის მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში რუსეთთან შედარებით დაახლოებით 9-10-ჯერ დაბალია. ამიტომაც რჩება ასეთი მიმზიდველი (მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის ამ ქვეყანაში გამოვლენილი ქსენოფობიისა), ქართველი შრომითი მიგრანტებისთვის რუსეთი; ამიტომაც ეტანებიან ამ ქვეყანას ჩვენებურები – კირითხუროთი დაწყებული და “სეფას ბიჭებით” დამთავრებული… აღნიშნული “ლტოლვის” არსებითი შეცვლა, ვფიქრობ, შესაძლებელია საქართველოში დასაქმების პრობლემის გადაჭრით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, ბოლო 10-15 წლის მანძილზე საქართველოდან გასული შრომითი მიგრანტების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებით…
საქართველოს რამდენადმე უკეთესი მდგომარეობა აქვს ადამიანური განვითარების ინდექსით, რომლითაც იგი ამჟამად საშუალო მსოფლიო დონეს უახლოვდება (შესაბამისად, 0,743 და 0,741) და 1970-იანი წლების მეორე ნახევრის სინგაპურის, 1980-იანი წლების დასაწყისის ჩილეს და 1990-იანი წლების დასაწყისის პანამის დონეზეა. 177 ქვეყნიდან საქართველო ამ მაჩვენებლით ამჟამად მსოფლიოში 97-ე ადგილზეა და მთელი 23 პუნქტით უსწრებს ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებს (ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის წარმოება PPP-ის გათვალისწინებით). ამასთან, ამ მიმართულებითაც შეინიშნება გარკვეული პრობლემები. მაგალითად, დღეისათვის საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსით ჩამორჩება მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიას 23 პროცენტით, მაშინ როდესაც 1992 წელს ჩამორჩებოდა პირველ ადგილზე მყოფ კანადას მხოლოდ 19,8 პროცენტით. დღეისათვის ადამიანისეული განვითარების ინდექსით პირველ ადგილზე მყოფი ნორვეგიის მაჩვენებელი 1992 წლის პირველ ადგილზე მყოფი კანადის მაჩვენებელზე 3,5 პროცენტით მაღალია, მაშინ როდესაც საქართველოს ამჟამინდელი მაჩვენებელი მისსავე 1992 მაჩვენებელს 0,5 პროცენტით ჩამორჩება. ადამიანური განვითარების ინდექსით საქართველო ამჟამად დსთ-ის 12 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილზეა და ჩამორჩება რუსეთს, ბელორუსიას, უკრაინას, ყაზახეთს და სომხეთს. მაგალითად, ქვეყანათა რეიტინგულ სიაში საქართველო სომხეთს ჩამორჩება 17 პუნქტით, რაც საგრძნობლად აღემატება 1990-იანი წლების ჩამორჩენის დონეს (13 პუნქტი).
საქართველო ბოლო წლებში მსოფლიომ გაიცნო “ვარდების რევოლუციით” და დაწყებული რეფორმებით. ეხლა უკვე საჭიროა, რომ აღნიშნული ტენდენციები შესაბამისად აისახოს ეკონომიკურ მაჩვენებლებში, მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის ამაღლებაში, მაშინ მართლაც რეალურად გაიზრდება მსოფლიოს ინტერესი ჩვენი უძველესი კულტურისა და ამავე დროს ახალგაზრდა, ძიებისა და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმწიფოსადმი…