ბიუროკრატი მოხელე
რ. მაისურაძე თ. შუდრა
განვითარებული ქვეყნების გამოცდილებისა და მენეჯმენტის უახლესი კონცეპციის მიხედვით, ვიდრე საზოგადოება ყურადღებას არ გაამახვილებს მართვის, მუშაობის კულტურის საკითხებზე (ყველა დონეზე), პროგრესული ცვლილებები და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები განწირულია. განათლებული, მაღალპროფესიული, კულტურული კადრების გარეშე ვერც ერთი სოციალური სახელმწიფოს მძიმეწონიანი ბიუროკრატიის&ლოწასტ; მქონე ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე ვერ გადავა.
ცნობილია, რომ მომხმარებელთან უკუკავშირის ყველაზე ნაკლები სიჩქარით და რისკით ადმინისტრაციული დაწესებულებები გამოირჩევა (მშენებლობის, მრეწველობის, ვაჭრობის, ჯარის, რეკლამის და სხვა სფეროებისაგან განსხვავებით). აქ გავრცელებულია თანამშრომელთა პედანტიზმი, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო, იერარქიული ურთიერთობანი. წინა პლანზეა ფორმა და არა შედეგი. აქედან იწყება ბიუროკრატიული რიტუალები – ყველაფრის წერილობითი ფიქსაცია (თავის გასამართლებლად), უაზრო დავალებათა შესრულება, კონტაქტის დარღვევა გარე სამყაროსთან და სხვ.
ზოგადი სახით, ბიუროკრატიული მუშაობის სტილი შეინიშნება მაშინ, როდესაც ორგანიზაცია, დაწესებულება, მართვის ორგანო, საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა საკუთარი უწყების ინტერესებს აყენებს და წყდება ცხოვრებას, ხალხს. ბიუროკრატიას პერსონალური და კოლექტიური სიმპტომები ახასიათებს.
პერსონალური სიმპტომებიდან აღსანიშნავია თავის დაზღვევა. ერიდება რა კრიტიკას (ყოველი მხრიდან), ბიუროკრატი მტკიცე არგუმენტაციის ნაცვლად თავს არიდებს გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარეობს �ზემდგომთან� შეთანხმებისკენ მიდრეკილება და ხშირი უარი კონკრეტულ, საქმიან წინადადებაზე, საქმის გაჭიანურება, რასაც, როგორც წესი, მოჰყვება მუშაკთა შემოქმედებითი პოტენციალის, სოციალური აქტივობის ჩახშობა.
მეორე უკიდურესობაა ვოლუნტარიზმი – ზემოდან მხარდაჭერის იმედით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოუფიქრებლად, ერთპიროვნულად მიღება და დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე – უპასუხისმგებლობა.
ასეთი თანამშრომელი იოლად იძლევა დაპირებებს, არასწორ ინფორმაციას და ვერ გრძნობს უხერხულობას დაპირების შეუსრულებლობის გამო. გამოუვალი მდგომარეობისთვის მას წინასწარ აქვს შემუშავებული თავის მართლების მეთოდები (მაშინაც კი, როდესაც პოპულარული ტელეგადაცემის ღია ეთერშია და იქვე ნაჩვენები მისი უწყების უარყოფითი რეიტინგი 90 პროცენტს აღემატება!).
ბიუროკრატის იარაღია დემაგოგიაც, ის ხშირად ახსენებს ავტორიტეტულ სახელებს (ან პირიქით – ხალხის მოთხოვნით…), მოდურ და უსაფუძვლო ოპტიმისტურ ლოზუნგებს, კლიშეებს.
ბიუროკრატის პერსონალურ სიმპტომებს საფუძვლად უდევს პირადი გამორჩენის, ბიუროკრატიული რენტის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევით.
ბიუროკრატიულ ჭაობში ჩაფლული დაწესებულება ადვილი გამოსაცნობია შემდეგი კოლექტიური სიმპტომებით: არაპროდუქციული (უშედეგო) და არაეკონომიური (ზარალიანი) მუშაობა, ინფორმაციის დამახინჯება (რაც აწყობს ყველას), მუშაობის ავტორიტარული სტილი, რომელიც თანამშრომელთა ინიციატივას ახშობს.
ბიუროკრატიის ნიშანია, აგრეთვე, მისწრაფება ინფორმაციის მონოპოლური ფლობისკენ, მისი გაჟონვის შიში, რადგან სხვა ინფორმაციასთან შედარებისას შეიძლება გამოჩნდეს მიწერები და სიყალბე.
კოლექტიურ სიმპტომებს მიეკუთვნება ფორმალურ მაჩვენებლებზე ორიენტაციაც, რომლებიც, მართალია იცვლება მუშაობის ხარისხის პროპორციულად, მაგრამ მაინც ხელოვნურად გამოყვანილი ციფრებია. შეფასების ასეთი ფორმალური კრიტერიუმი უკუ ეფექტს იძლევა, თუ ის საფუძვლად დაედება წახალისება-დასჯის სისტემას.
ხელმძღვანელის არაკომპენტურობის შედეგია კადრების ტენდენციური შერჩევაც: ნიჭიერი ძლიერ მუშაკთა ჩამოცილება, მაშინაც კი როცა ისინი უჩუმრად აკეთებენ თავის (და ერთდროულად სხვის!) საქმეს.
და ბოლოს, კიდევ ერთი სიმპტომი – ორმაგი მორალი, როდესაც ჩინოვნიკი ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს (ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე). ამასთან, ის ზეგამტარია ზევიდან მითითებისას და შეუღწევადია ხელქვეითისათვის.
ბიუროკრატიულ კოლექტივებში, სადაც თანამშრომლები ვერ ახდენენ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციას, უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ პიროვნებათაშორის ურთიერთობათა გარკვევას, ჭორებს, ინტრიგებს და კონფლიქტებს.
საინტერესოა, რომ შეუძლებელია ადამიანთა ზუსტი გამიჯვნა ბიუროკრატებად და კარგ მუშაკებად. ბიუროკრატიის ვირუსი თავს იჩენს მხოლოდ არახელსაყრელ პირობებში. ამდენად ჩვენ ყველანი გარემოების მსხვერპლი ვართ. ამ ბრძოლაში ყველაფერს წყვეტს ადამიანის (დაწესებულების, კოლექტივის) ორიენტაცია: რომელი აჯობებს – მოვალეობის გრძნობა, სუფთა სინდისის შეგრძნება თუ პირადი გამორჩენა.
საქმიანობის ზოგიერთ სფეროში ბიუროკრატიის ელემენტები, გარკვეული დოზით, სასარგებლო და აუცილებელია. ჩვენ ვებრძვით მხოლოდ ზედმეტ პედანტიზმს, რომელსაც შეუძლია ცოცხალი საქმე ჩაშალოს (ახლო წარსულში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გაფიცვის ნიშნად რკინიგზელები განრიგის მიხედვით პუნქტუალურ მოძრაობაზე გადადიოდნენ).
ჩვენი საუკუნე პოსტინდუსტრიული ინფორმაციული საზოგადოების ეპოქაა, სადაც ვერტიკალური ინტეგრაცია უკვე საშიში ხდება. იცვლება თანამშრომელთა ეთიკური ორიენტაცია – ურთიერთვალდებულების გრძნობა, კეთილი ნება პრობლემის გადაჭრისას, გარეშე ცვლილებებისადმი ადაპტაციის გაზრდილი ხარისხი. ყალიბდება კვალიფიკაციაზე დაფუძნებული ახალი ელიტა. ფასეულობების სწრაფი ცვლილებების გამო პროფესიული სიმწიფის მაჩვენებელი უკვე პიროვნული მახასიათებლები გახდა – კერძოდ ზნეობა.
ბიუროკრატიის პროფილაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგ ოჯახურ აღზრდას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობას და ინტელიგენტურობას.
გლობალიზაციის პირობებში, ზოგადი, სოციალური და სამართლებრივი კულტურის ზრდასთან ერთად, ბიუროკრატიულ ურთიერთობებს იმედია, ბოლო მოეღება.