ტოპ-მენეჯერი ციფრებში
როგორც წესი, მსხვილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების ხელფასები და ბონუსები კომპანიის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო ფინანსურ გათვლებზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველა კომპანიას და მათ ბოსებს არ ეხება.
როგორც The Wall Street Journal-ის 2013 წლის შდეგების კვლევამ აჩვენა, ბოლო წლებში აღმასრულებელი დირექტორებისათვის კოლოსალური ბონუსების გადახდის შესახებ დისკუსიებმა ფუჭად ჩაიარა და კვლავ არსებობს აშშ-ში „ერთი მუჭა“ ხელმძღვანელებისა, რომლებიც კოლოსალურ შემოსავალს იღებენ, თანაც ისე, რომ მათი ხელფასები და ბონუსები სულაც არ არის პირდაპირ კავშირში კომპანიის ზომასა და საქმიანობის ფინანსურ მაჩვენებლებთან.
ჟურნალის 2013 წლის კვლევა 300-მდე მსხვილი კომპანიის მაჩვენებლებს მოიცავს. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კომპანიების მიერ გაცემული ანაზღაურების 23% მხოლოდ ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ხელმძღვანელების 10%-ზე მოდის, ყველაზე დაბალანაზღაურებადების 30%-ის შემოსავალი კი მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 13%-ს შეადგენს.
სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი არის Oracle Corp-ის ხელმძღვანელი ლარი ელისონი, CBS Corp-ის ხელმძღვანელი ლესლი მუნვესი და Liberty Global PLC-ის თავკაცი მაიკლ ფრისი. გასულ წელს მათ ჯამში 188 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს, რაც მეტია იმავე სიის ბოლოში მყოფი 50 აღმასრულებელი დირექტორის ერთად აღებული შემოსავალი.
ტოპ-მენეჯერების შემოსავალი საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში 5.5%-ით გაიზრდა და 11.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ბევრი კომპანიის მენეჯერთა ხელფასები პირდაპირ კავშირშია კომპანიის მაჩვენებლებთან, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ყველას არ ეხება. გასული წლის განმავლობაში ამ კომპანიების მოგება საშუალოდ 8%-ით გაიზრდა, მათი აქციონერების შემოსავალი კი 34%-ით, რაც ასევე მოიცავს შემოსავლებს აქციებიდან და დივიდენდებიდან. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიების ეს მაჩვენებლები უმეტესწილად ტოპ-მენეჯერებისა და აქციონერების შემოსავლებზე აისახება, აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ წელს კერძო სექტორში დასაქმებულ ამერიკელთა შემოსავალი საშუალოდ მხოლოდ 1.8%-ით გაიზრდა.
გარდა ამისა, 2013 წელს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მენეჯერების სიაში მოხვდნენ ძირითადად ისინი, ვინ წინა წლებშიც იყვნენ იმავე სიის სათავეში.
ლერი ელისონი, რომელმაც 2013 წელს 76.9 მილიონი გამოიმუშავა, 2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერების სიის პირველ ათეულშია. იგივე ითქმის ლესლი მუნვესზე (შემოსავალი 2013 წელს – 65.4 მილიონი), Viacom-ის აღმასრულებელ დირექტორზე ფილიპ დაიმონდზე (შემოსავალი 36.8 მილიონი) და Walt Disney-ის ხელმძღვანელზე რობერტ იგერზე (33.4 მილიონი). მათი ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ბონუსებს და ასევე შემოსავლებს აქციებიდან და ობლიგაციებიდან.
გასაკვირია, რომ ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, არც ერთი ის კომპანია არ მოხვდა სიის პირველ 10%-ში, რომელთა ტოპ-მენეჯერებიც საკუთარი კომპანიებისგან განსხვავებით შემოსავლის მიხედვით სიის პირველ 10%-ში არიან. CBS და Viacom შემოსავლიანობის მიხედვით 267 კომპანიას შორის შესაბამისად 29-ე და 53-ე ადგილზე არიან, Oracle 152-ე ადგილს იკავებს, Disney კი 165-ეს.
Liberty Global-ის წლიური შემოსავლიანობის საპროცენტო განაკვეთმა 35.1% შეადგინა, თავის ხელმძღვანელს ფრაის კომპანიამ 35.1 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა, Estee Lauder-ის წლიური შემოსავლიანობა 35% იყო, მისმა ხელმძღვანელმა, ფაბრიციო ფრედამ კი შემოსავლის სახით 30.9 მილიონი დოლარი მიიღო გასულ წელს.
Oracle-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათი აღმასრულებელი დირექტორის ელისონის ხელფასი პირდაპირაა დაკავშირებული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებთან. გასულ წელს მისი შემოსავალი 19%-ით შემცირდა. თუმცა კომპანიის აქციონერებმა უკვე გამოთქვეს უკმაყოფილება ელისონისათვის კოლოსალური ხელფასისა და ბონუსების გადახდის გამო. მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობის განცახდებით, ანაზღაურების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
Liberty Global-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ტოპ-მენეჯერების ხელფასებიც ასევე მკაცრადაა მიბმული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე.
CBS-ის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მუნვესის ხელმძღვანელობამ დიდწილად განაპირობა კომპანიის წარმატება, შედეგად მისი შემოსავალი აქციონერთა შემოსავლის 69.1%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მედია კომპანიებს შორის და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი S&P 500 კომპანიებში.
დეიმონის წლიური შემოსავალი აქციონერთა მთლიანი შემოსავლის 60%-ია, Viacom-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მისი ანაზღაურების 90% უშუალო კავირშია კომპანიის აქციების შემოსავლიანობასთან.
Estee Lauder-ის ხელმძღვანელობამ ასევე განაცხადა, რომ მათი ხელმძღვანელის ფრედას შემოსავლის 90%-ს განაპირობებს კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი და აქციების შემოსავლიანობა.
მედია კომპანიების ტოპ-მენეჯერების ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელ დირექტორთა სიაში გამოჩენის ტენდენცია 2007 წლიდან დაიწყო. სპეციალისტთა შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ კრიზისის შემდეგ ბანკებმა განსაკუთრებით ფართოდ გაუღეს კარი მედია კომპანიებს და მათ ზრდას შეუწყეს ხელი.
ორი „ახალი“ მინილიონერი, ვინც ჟურნალის რეიტინგში 2010 წლის მერე ისევ გამოჩნდა, არიან: Time Warner-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ბიუკსი 32.4 მილიონი აშშ დოლარითა და Freeport-Mcmoran Cooper & Gold-ის ხელმძღვანელი რიჩარდ ედკერსონი 38.9 მილიონი აშშ დოლარით. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელთა განცხადებით, ედკერსონის კომპანიაში მოსვლის დღიდან მისმა გადაწყვეტილებებმა კომპანიის წარმატება განაპირობა, რამაც მისი შემოსავალიც გაზარდა.
Time Warner-ის წარმომადგენელმა კი განაცხადეს, რომ ჯეფრი ბიუკსის დამსახურება კომპანიაში განსაკუთრებით დიდია, 2013 წელს კომპანიის შემოსავალი 26%-ით გაიზრდა, საიდანაც 49% აქციონერების შემოსავალი იყო და რომ ბიუკსის შემოსავლის 93% კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზეა მიბმული.
საკითხის გარშემო ატეხილი დისკუსიის მიუხედავათ, თითქმის ყველა მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი ერთ საკითხზე თანხმდება – კომპანიების წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული მათი ხელმძღვანელების მოტივაციაზე, როცა მათი ხელფასი და ბონუსები კომპანიის საქმიანობაზეა მიბმული ეს კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახება.
შედეგად, ჟურნალის მიერ გამოკვლეული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო 10%-ში მყოფი კომპანიების ტოპ-მენეჯერების შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა და ისინი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერების სიის ბოლოში აღმოჩნდნენ.
თუმცა სპეციალისტები კვლავ აღნიშნავენ, რომ ეს ზოდაგი მიდგომა ტოპ-მენეჯერების კოლოსალური ხელფასების ზუსტი გაანგარიშების საშუალებას არ იძლევა. ფაქტია, რომ ერთეულ მენეჯერთა კეთილდღეობა იმაზე მეტად უმჯობესდება, ვიდრე კომპანიებისა ზოგადად და იქ დასაქმებული ტოპ-მენეჯერებისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების შემოსავალი.
ბევრი კომპანია საკუთარი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას კონკურენტებს უყურებს, ამიტომ ამ მხრივ უფრო მეტად გასაგებია, თუ როგორ ცდილობენ კომპანიები ტოპ-მენეჯერებისათვის კოლოსალური ხელფასების მიცემით საკუთარი რეპუტაციის განმტკიცებას. სპეციალისტთა შეფასებით, უფრო ამით შეიძლება აიხსნას ამხელა ხელფასები და ბონუსები, ვიდრე კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებით.
საუკეთესო მაჩვენებლის კომპანიების 10%-ის ტოპ-მენეჯერების შემოსავალი, მთლიანად 267 კომპანიის მენეჯერების შემოსავლის 10%-ია. კომპანიების პირველი 50%-ის ტოპ-მენეჯერთა შემოსავალი კი მთლიანი შემოსავლის 54%-ია.
ამასთანავე, პირველ 10%-ში მყოფი კომპანიებიდან მხოლოდ 2 კომპანია იმ სიის 10%-ში რომლებიც ასევე გამოირჩევიან აქციონერთა შემოსავლიანობის მაღალი მაჩვენებლით. Ameriprise Financial Inc-ის ხელმძღვანელი ჯიმ კრაჩიოლო სიაში მე-11 20.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით, Bristol-Myers Wquibb-ის ხელმძღვანელი ლემბერტო ენდრიოტი კი 27-ე 20.1 მილიონი აშშ დოლარით. მათი კომპანიების აქციონერებიც ასევე მოხვდენენ ყველაზე მაღალშემოსავლიონი აქციონერების სიის 10%-ში.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტოპ-მენეჯერების შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაიზრდა, რაც სამჯერ მაღალი მაჩვენებელია 267 კომპანიის მთლიანი შემოსავლის ზრდის საშუალო მაჩვენებელზე.
მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, კომპანიების აქციონერთა უმეტესობა მხარს უჭერს ტოპ-მენეჯერების ბონუსების არსებულ სისტემას, რადგან მიიჩნევენ, რომ მათი შემოსავლები უფრო მეტად იზრდება, როცა მენეჯრებს კორპორატიულის გარდა, პირადი ინტერესიც ამოძრავებთ.
Wall Street Journal-ის ღნიშნული კვლევა 2013 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 30 აპრილამდე პერიოდს მოიცავს. გამოკველული 267 კომპანიის საერთო შემოსავალმა კი, საანგარიშო პერიოდში, 8.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ტოპ-მენეჯერთა ყოველთვიურ ანაზღაურებასა და უბრალო თანამშრომლებს შორის კიდევ უფრო კატასტროფული სხვაობაა. ამიტომ დასაქმებულებში მუდმივად უკმაყოფილებაა. სახელფასო დისბალანსი, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში საკმაოდ დიდია.
საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, ამერიკასა და ევროპაში ტოპმენეჯერისა და მუშა-მოსამსახურის ხელფასებს შორის სხვაობა არის არაუმეტეს 1/15-თან. ეს ნიშნავს, რომ თუ მუშის ხელფასი არის 100 დოლარი, ტოპმენეჯერის – 1500 დოლარია. საქართველოში კი ეს დისბალანსი არის 1/150-თან, 1/120-თან და 1/100-თან, ნაკლები პრაქტიკულად, არსად არ არის. ასეთი დამოკიდებულება, ბუნებრივია, იწვევს უსამართლობის განცდას. ზოგადად ყველაზე მაღალი რანგისა და ყველაზე დაბალი რანგის პირების ხელფასებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს 8-10-ჯერ მეტი.
განვითარებულ ქვეყნებში სახელფასო ბალანსი სრულად არის დაცული. ასეთი რამ ხდება მხოლოდ საქართველოში და საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც იმის ამბიცია, რომ გარკვეული ნორმები დაწესდეს, სახელმწიფოს არ გააჩნია.
იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და დასაქმებულებში უსამართლობის გრძნობა შემცირდეს, პროფკავშირები გამოსავალს სპეციალური კომისიის შექმნაში ხედავს, რომელიც სახელფასო პოლიტიკაზე იმუშავებს.
საბაზრო ეკონომიკისა და კერძო საკუთრების წარმოებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს სტიმულირების ფუნქცია და ხელფასს აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თითქმის გადამწყვეტი როლი.
დღეს საქართველოში საშუალო ხელფასის თანაფარდობა, მშპ-სა და მოსახლეობის ერთ სულზე 160%-ის ფარგლებშია, მაშინ როცა ამერიკაში წლების განმავლობაში ეს თანაფარდობა 90%-ის ფარგლებში მერყეობს.
გარდა ამისა, საქართველოში კოლოსალური განსხვავებაა ხელფასებსა და პენსიას შორის. დაქირავებით დასაქმებულის საშუალო შრომითი ანაზღაურება პენსიას 430%-ით აღემატება. განსაკუთრებით მაღალია თანაფარდობა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასებსა და პენსიას შორის, აქ სხვაობა დაახლოებით 695%-ია.
პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის ასეთი მაღალი თანაფარდობა, პრაქტიკულად, არც ერთ ქვეყანაში არ არის. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნორმალურ ქვეყანაში ეს სხვაობა, საშუალოდ, 40%-ია.
სახელფასო დანამატები და პრემიები განსაკუთრებით მაღალია სახელმწიფო უწყებებში.
რამდენიმე კვირის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა რამდენიმე საჯარო დაწესებულებებიდან მიღებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ამა თუ იმ საჯარო დაწესებულების თანამდებობრივი სარგოები, საჯარო მოხელეების პრემიები, სახელფასო დანამატები, სამივლინებო და როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯებია ასახული.
2013 წელს 14 სამინისტროს მიერ თანამდებობის პირებზე პრემიის სახით საერთო ჯამში 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი გაიცა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს მინისტრებზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი მათმა მოადგილეებმა მიიღეს.
2013 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მინისტრებს შორის ყველაზე მეტი ანაზღაურება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. ალასანიას მიერ გასულ წელს მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობა 83 076 ლარს შეადგენს.
ალასანიას შემდეგ პრემიებისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 50 885 ლარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს აქვს მიღებული, მესამე ადგილზე კი 50 045 ლარით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია გავიდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა 49 267, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ 47 935, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა დავით ნარმანიამ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა 47 685 – 47 685, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 43 350, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ 42 525, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი 25 035 ლარი მიიღეს
მაშინ როცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 795,5 ლარი იყო.