საოჯახო საინფორმაციო სისტემების განვითარების პერსპექტივები
შორენა კახიძე, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი
საზოგადოების ინფორმირებულობა სოციალურ-ეკონომიკური პროცესია და მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოებაში დაგროვილი ინფორმაციის მიწოდება მის თითოეულ წევრამდე. იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებას, ისეთი ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიც მომუშავეთა უმეტესობა დაკავებულია ინფორმაციის მიღებით, შენახვით, დამუშავებითა და რეალიზაციით, განსაკუთრებით, კი მისი უმაღლესი ფორმით ცოდნით.
საქართველოში უკვე გადაიდგა პირველი, საკმაოდ ხელშესახები და დამაიმედებელი ნაბიჯები ინფორმირებული საზოგადოების ფორმირების გზაზე. საქართველოს ამჟამინდელი ინფორმაციული გარემო დემოკრატიზაციის მიმართულებით გარდაქმნის სტადიაშია და გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საჭიროებს სერიოზულ რეფორმებს ინფორმაციის თავისუფალი მიღებისა და გავრცელების, ინფორმაციის სანდოობისა და მთელი ამ პროცესის თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაფუძნების თვალსაზრისით. გაეროს2 2002 წლის ოფიციალური მონაცემებით, ტელეკომუნიკაციების განვითარების ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით 15 პოსტსაბჭოურ ქვეყანას შორის საქართველო ყოველ 1000 მცხოვრებზე პერსონალური კომპიუტერების რაოდენობით მე-6 ადგილზეა, ინტერნეტმომხმარებლებით – მე-11-ზე და ინტერნეტში ჩართული მოსახლეობის რაოდენობით კი – მე-9 ადგილზე.
ასევე საგრძნობლად იზრდება საქართველოში პერსონალური კომპიუტერების ოჯახში გამოყენების რიცხოვნობა. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, 2003 წლისათვის ყოველ 1000-ს შინამეურნეობაზე მოდიოდა 12 ცალი პერსონალური კომპიუტერი, 2004 წელს – 17, ხოლო 2005 წლისათვის – 22.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოების წევრთათვის საჭირო ინფორმაცია საკმაოდ დიდი მოცულობითა და მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს კი გაპირობებულია საზოგადოების წევრთა პროფესიული განათლებით, მათი ადგილით საზოგადოებაში, ინტერესთა სფეროებით. ოჯახის წევრები მათი საქმიანობის მიხედვით შეიძლება რამდენიმე ჯგუფად იქნეს დაყოფილი: სხვადასხვა სახის წარმოება-დაწესებულებების ხელმძღვანელები; მეცნიერ-მუშაკები; საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლები; მოსწავლეები; სტუდენტები; ასპირანტები; პედაგოგები; დიასახლისები; საჯარო სამსახურის მუშაკები და სხვა დანარჩენი მუშა-მოსამსახურეები. ყოველ მათგანს სჭირდება მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ინფორმაცია, მაგრამ, გარდა კონკრეტული სპეციალიზებული ინფორმაციისა, არსებობს ისეთი სახის ინფორმაციაც, რომელიც ნებისმიერ ოჯახს სჭირდება.
დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს თავისი ყოველდღიური საზრუნავის უმრავლესობა ელექტრონული მოწყობილობების “რკინისებურ მხრებზე” გადაიტანოს. ავტომატიზაციის იდეამ დიდი ხანია მომხმარებელთა გონება და ფიქრი მოიცვა. თუ მანამდე მიზანშეწონილად ითვლებოდა ავტომატიზაციის სისტემების მხოლოდ საწარმოებში დაყენება, დღეს უკვე ამგვარი სისტემები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად შეიჭრა. დღეს კომპიუტერი ოჯახში ცხოვრების ისეთივე აუცილებელ სტანდარტად იქცა, როგორც ტელევიზორი, მაგნიტოფონი ან სარეცხი მანქანა. ის ოჯახში, როგორც წესი, გამოიყენება ოჯახის რამდენიმე წევრის მიერ: მშობლებისათვის – ეს არის დამხმარე გზათმკვლევი ბიზნესსა და კომუნიკაციებში, ბავშვებისათვის – ჭკვიანი პარტნიორი თამაშებში და სწავლაში. კომპიუტერი საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად ადამიანმა მუდმივი კავშირი იქონიოს მსოფლიოსთან, კერძოდ, შესაძლებელია: ელექტრონული პრესის გაცნობა, კომუნალური გადასახადების გადახდა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სასურველი ინფორმაციის მოძიება, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება, საბანკო ოპერაციების შესრულება, ელექტრონული კომერციით სარგებლობა, ოჯახის ფინანსების სწორად დაგეგმვა, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება, საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების შევსება და მრავალი სხვ.
ინფორმირებული საზოგადოების, ინფორმატიზაციის, საინფორმაციო სისტემების სტრუქტურისა და გამოყენების სფეროების, საოჯახო ფინანსების დაგეგმვის, კონტროლის შესახებ ადგილობრივი და საზღვარგარეთის ქვეყნების მეცნიერთა თეორიული და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევების გაცნობამ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის, ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, თანამდებობის პირთა საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების საინფორმაციო ბიუროს, გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემების და ანალიზური მასალების, ასევე საქართველოში მოქმედი საკანონდებლო ბაზის შესწავლამ, ქართული საინფორმაციო სისტემების ბაზრის ანალიზმა დღის წესრიგში მწვავედ დააყენა საოჯახო საინფორმაციო სისტემის შექმნის საკითხი. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა Access-ისა და მასში განთავსებული პროგრამირების Visual Basic for Application-ის ბაზაზე შეიქმნა საოჯახო საინფორმაციო სისტემა. სისტემა მუშაობს დიალოგურ რეჟიმში. შექმნილია მომხმარებლისათვის საკმაოდ მოქნილი ინტერფეისი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სისტემით ისარგებლოს პროგრამული უზრუნველყოფის არმცოდნე, არაპროფესიონალმა მომხმარებელმაც. სისტემა სამი ქვესისტემისაგან შედგება:
– ოჯახის ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების საინფორმაციო ქვესისტემა;
– საფინანსო დეკლარაციების შედგენის საინფორმაციო ქვესისტემა;
– ქონებრივი დეკლარაციების შედგენის საინფორმაციო ქვესისტემა.
ოჯახის ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების საინფორმაციო ქვესისტემის შექმნის აუცილებლობა ოჯახში საოჯახო მეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებით დაგროვილმა პრობლემებმა განაპირობა. ნებისმიერი ოჯახისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა საოჯახო მეურნეობის წარმოების თეორია და პრაქტიკა� როგორ დავგეგმოთ საოჯახო ბიუჯეტი, როგორ ვაწარმოოთ საოჯახო ბუღალტერია?! დასასვენებლად, ბინის სარემონტოდ, ბავშვის დაბადების დღისა თუ სხვა რიგი ღონისძიებების განსახორციელებლად გარკვეული თანხის გადადებაა საჭირო, თანაც განსაზღვრული დროისა და თარიღისათვის. ზოგჯერ იქმნება იმის შეგრძნება, რომ რამდენი ფულიც არ უნდა გვქონდეს, ის მაინც არ არის საკმარისი. ბევრმა უბრალოდ არ იცის, როგორ გაანაწილოს სწორად ფული და კონტროლი გაუწიოს მის ხარჯვას.
ოჯახის ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების საინფორმაციო სისტემა გამოადგება ყოველ ოჯახს. სისტემის პრაქტიკული რეალიზაცია ყოველ ოჯახში საგრძნობლად გააუმჯობესებს საოჯახო მეურნეობის გაძღოლის პროცესს, დღის წესრიგიდან მოხსნის ფინანსური საშუალებების განაწილების, ხარჯვის პროცესის ქაღალდზე ხელით კონტროლის საკითხებს. ოჯახს შესაძლებლობას მისცემს, რომ ეფექტურად დაგეგმოს ბიუჯეტი, გაანაწილოს იგი ხარჯვის ცალკეული მუხლების მიხედვით, აკონტროლოს ფულადი სახსრების ხარჯვის პროცესი, რაციონალურად გამოიყენოს ფინანსური რესურსები, აკონტროლოს დებიტორული თუ კრედიტორული დავალიანებების გადახდის გრაფიკი, ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია ოჯახის შემოსავლების, ხარჯების და არსებული რესურსის თუ დავალიანების შესახებ.
საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების შედგენის საინფორმაციო ქვესისტემების შექმნის საჭიროება საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეთა რიცხოვნობის ზრდამ განაპირობა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის 2005 წლის მონაცემებით3, დაქირავებით დასაქმებულებიდან 65.7% დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში (ქალაქში � 62.8%, სოფლად � 72.6%), მათ შორის: 49.7% საბიუჯეტო ორგანიზაციაში ან დაწესებულებაშია დასაქმებული (ქალაქში � 44.8%, სოფლად � 61.3%), სახელმწიფო საკუთრების საწარმოებში კი – 16.0% (ქალაქში � 18.0%, სოფლად � 11.3%).
“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, პირი არ შეიძლება გამწესდეს თანამდებობაზე პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის გარეშე.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველი წლის 1 აპრილიდან 30 აპრილამდე შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში პირველიდან 30 აპრილამდე შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე არსებული მონაცემები.
იგივე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები შეივსება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით (2004 წლის 1 ივლისიდან 13.02.2004 წ. #3314).
საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების შედგენის საინფორმაციო ქვესისტემები მომხმარებელს, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამსახურში, საშუალებას აძლევს, პკ-ის გამოყენებით შეავსოს დეკლარაციის ელექტრონული ფორმები და მიიღოს ისინი მანქანოგრამის სახით. მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომის დაშვების ალბათობა, რადგან ფორმებში შეტანილი მონაცემების კორექტირებისას მომხმარებელს არ უწევს საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების ანალოგიური ფორმების განმეორებით შევსება – ამას სისტემა უზრუნველყოფს.
შემუშავებული საოჯახო საინფორმაციო სისტემის საშუალებით შესაძლებელია ოჯახის ბიუჯეტის შედგენა, მისი შესრულების მიმდინარეობის კონტროლი. შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა წარმოების სახეების მიხედვით. საინფორმაციო სისტემის დახმარებით დიალოგურ რეჟიმში ხორციელდება დაგეგმილი და ფაქტიური შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა და სახეების მიხედვით გადახრების გაანგარიშება. ოჯახს შესაძლებლობა ეძლევა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოცემული მომენტისათვის გადაანაწილოს ბიუჯეტის თანხები მის მიერ მიჩნეული პრიორიტეტების მიხედვით.
როგორც აღვნიშნეთ, შემუშავებული საოჯახო საინფორმაციო სისტემა შესაძლებლობას იძლევა კომპიუტერის დახმარებით ოჯახმა მართოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების გადახდის პროცესი. სისტემა ოჯახის წევრს ახსენებს დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაფარვის ვადის დადგომას, ასევე გამოაქვს ინფორმაცია კრედიტორული და დებიტორული თანხების გადახდის გრაფიკის შესახებ.
შემუშავებული საინფორმაციო სისტემა ოჯახის წევრ საჯარო მოსამსახურეს ეხმარება საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების შედგენაში. საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ასახულია დეკლარაციების შესავსებად საჭირო ყველა ინფორმაცია. დეკლარანტს შეუძლია დეკლარაციის გადაგზავნა ელექტრონული ფოსტით როგორც შესაბამის საგადასახადო ორგანოებში, ასევე საფინანსო-ქონებრივი დეკლარაციების ბიუროში. შემოთავაზებული სისტემის უპირატესობაა ის, რომ დიდია დეკლარაციის შევსების სიზუსტე, მარტივია მასში ცვლილებების შეტანა. ვინაიდან მიმდინარე წლისათვის შევსებული დეკლარაციის დოკუმენტების ფორმები განთავსებულია მონაცემთა ბაზაში, დეკლარანტს მომავალი წლის დეკლარაციაში შეაქვს მხოლოდ მისი ოჯახის წევრების ფინანსურ-ქონებრივ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები. დეკლარაციის შესავსებად საჭირო დანარჩენ ოპერაციებს კომპიუტერი ავტომატურად ასრულებს.
შექმნილი საოჯახო საინფორმაციო სისტემა წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული პერსონალური კომპიუტერის მქონე ნებისმიერ ოჯახში, მის მიერ შემუშავებული სისტემა ღიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მისი გაფართოება ოჯახში გადასაწყვეტ ამოცანათა წრის გაფართოების კვალდაკვალ.
საოჯახო საინფორმაციო სისტემაში შესაძლებელია გაერთიანდეს ოჯახის თითოეული წევრის ავტომატიზებული სამუშაო ადგილი. ოჯახში ერთი პერსონალური კომპიუტერის ფუნქციონირების შემთხვევაში, ავტომატიზებული სამუშაო ადგილი ჯგუფური დანიშნულების იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პკ-თან რიგრიგობით იმუშავებს ოჯახის თითოეული წევრი და შესძლებს საკუთარი ამოცანების გადაწყვეტას. ამასთანავე, შესაძლებელია თითოეულისათვის დადგინდეს შეღწევის უფლებები კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობამ ნათელი გახადა, რომ საოჯახო საინფორმაციო სისტემების გამოყენება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ინფორმირებული საზოგადოების შენების გზაზე ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო უჯრედიდან, როგორიც ოჯახია. ინფორმაციული ტექნოლოგიები თანდათანობით ერწყმის თანამედროვე ოჯახის მოთხოვნებს და მისი განუყოფელი ნაწილი ხდება.