რედაქტორისაგან
ჯემალ ინაიშვილი
2007 წელი ეკონომიკის ზრდისა და სისტემური ტრანსფორმაციის მიხედვით მეტად მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ ზუსტი პროგნოზისათვის შევეცადეთ თქვენთვის 2006 წლის ეკონომიკური შედეგების სრული ანალიზი მოგვეწოდებინა (გვ.8). მიმდინარე წელს 2006 წელს დაწყებული საინვესტიციო ბუმის დახლოებით 60%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
ბევრ დადებით მომენტთან ერთად, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის პირდაპირი შედეგია, მეტად საფრთხილოა – ინფლაციის მართვის პრობლემა. ამიტომ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება გამოვკვეთოთ წინა წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციები და დინამიკა, ასევე მიმდინარე წლის ძირითადი პრობლემები. შიდა ბაზრის პრობლემები უშუალო კავშირშია მსოფლიო ბაზარის პრობლემებთან. ამიტომ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ეკონომისტების ანალიზს სასაქონლო ბაზრის დინამიკის და უახლეოს მომავლის პროგნოზებს (კვების პროდუქტების, ლითონის და ნავთობის) შესახებ (გვ.18).
საქართველოში მეტად მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი. იგი ესტუმრა ყაზახეთს, შუა აზიას, უკრაინას, ბალტიისპირეთს და შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის მთავარი თემა, ჩვენი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცის გარდა ენერგოუსაფრთხოება და სატრანსპორტო დერეფანი იყო. გთავაზობთ პოლონელი ექსპერტების კომენტარს თანამედროვე ევროაზიური სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივის შესახებ. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ მასალას მსოფლიოში ახალი მილსადენების მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე დაპირისპირებასა და გაზის ბაზარზე არსებულ წინააღმდეგობებზე (გვ.33).
საინტერესო ძვრებია ქართულ საბანკო სფეროშიც, მიმდინარეობს შერწყმების და გაფართოების პროცესებია. ამ სფეროში უცხოური ინვესტიციების შემოდინება, ბოლო გარიგება უკრაინის პირველ კომერციულ ბანკსა და “ტაო-ბანკს” შორის დაიდო. რა ხდება საბანკო-საკრედიტო ბაზარზე, როგორი იქნება სამომხმარებლო კრედიტების ფასი და საბანკო სისტემის ხვალინდელი დღე – ამის შესახებ გთავაზობთ სტატიას “საბანკო სექტორის ინტრიგა” (გვ.14).
ამ ნომრიდან შემოვიღეთ ახალი რუბრიკა – “ახალგაზრდა სტუდენტთა სადისკუსიო კლუბი”, სადაც შემოგთავაზებთ ახალგაზრდების აზრს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეს ორმაგად საინტერესოა იმიტომ, რომ – პირველი, გავიგოთ როგორ აღიქვამენ ისინი სიახლეებს და მეორე, დავაინტერესოთ ისინი ეკონომიკის რთული პრობლემებით. გთავაზობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიჭიერი სტუდენტის ნიკა ვარდიშვილის მასალას (გვ.54).
სავაჭრო პალატის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სამ სტუდენტს დაენიშნა სტიპენდია თვეში ასი ლარის ოდენობით. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური რეფორმების პროცესში ქვაკუთხედი სტუდენტობაა, რადგან რეფორმირებული საქართველოს მართვა, მსოფლიო სტანდარტებით მხოლოდ მათ უნდა განახორციელონ. ამ პრობლემების გაგრძელებაა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა და გთავაზობთ უცხოელი ექსპერტების აზრებს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიდინარე რეფორმების თაობაზე. ცალკეულ დეტალებს – ეკონომიკური განათლების პროცესში ახალი კურიკულმების თუ სილაბუსების სისტემას და გეგმას, თუ როგორ მოვექცეთ ბოლონიის პროცესის ჩარჩოებში ეკონომიკის სწავლების კუთხით.
ასევე შემოვიღეთ ახალი რუბრიკა – ევროპული მენეჯმენტის სკოლა, სადაც გთავაზობთ ბიზნეს-ფსიქოლოგიის მსოფლიო შედევრებს, რათა ჩვენს მეწარმეებს გაუწიოთ დახმარება საქმის წამოწყებასა და მართვაში. იმედია, ამ რუბრიკაში შეგვიძლია ისეთი მასალები შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ და აზრთა ურთიერთგაცვლის მიზეზი გახდება. ასევე ველოდებით თქვენს წერილებს ჩვენო ერთგულო მკითხველო, თუ რა საკითხის უფრო დეტალური ანალიზი გსურთ მენეჯმენტში.
გვერდი ვერ ავუარეთ საგადასახადო განაკვეთების მოსალოდნელი ცვლილების საკითხს და გთავაზობთ დისკუსიას ამ მეტად საჭირბოროტო საკითხზე, თუ როგორ მოერგება პრეზიდენტის ინიციატივა ბიზნესის თითოეულ სფეროს და რა შედეგს მოგვცემს იგი, რათა ჩვენი ქვეყანა ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ.
ტრადიციულად გთავაზობთ ეკონომიკურ რეიტინგებს და სამეცნიერო ნაშრომებს ეკონომიკაში.