რედაქტორისგან
ჯემალ ინაიშვილი
მსოფლიო ეკონომიკაში დროსა და სივრცეში დღეს მოვლენები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ოდესმე და ინდუსტრიული საზოგადოების განვითარებაც უფრო წინააღმდეგობრივი და მძაფრი ხდება. კონკურენცია არის გადამწყვეტი არა მარტო საერთაშორისო ბაზარზე, არამედ პოლიტიკაში და პრიმატის როლი ამ შემთხვევაში უცილებლად ეკონომიკას ეკუთვნის. ის არის მიზანი და პოლიტიკა კი – საშუალება.
მიუხედავად ამისა, იზრდება ქვეყნების განვითარების უთანაბრობის დონე და ეს მსოფლიო საზოგადოებას და მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, იგივე მსოფლიო ბანკს მეტად აწუხებს. მსოფლიოს 6 ქვეყანაზე, რომელთა მოსახლეობაც მსოფლიო მოსახლეობის 9% წარმოადგენს, მოდის მსოფლიოს შემოსავლების 42% (აშშ, იაპონია, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია). თუ ამას დაუმატებთ აზიის ახალგანვითარებულ ქვეყნებს (სამხრეთ კორეას, ტაივანს, სინგაპურს და ინდონეზიას), მაშინ მდგომარეობის რელიეფური სურათი უფრო განსხვავებული იქნება. ამ დროს ყოველ 4 წამში მსოფლიოში შიმშილით ერთი და ყოველ დღე – 24 000 ადამიანი კვდება. სწრაფგანვითარებად მსოფლიოში, სადაც კაპიტალის ზრდა მეტად უსწრებს წარმოების ზრდას და მაღალი ტექნოლოგიები ეკონომიკის ზრდის გადამწყვეტი ფაქტორია, მთავარი ადგილი განათლებას და ადამიანურ რესურსებს ეთმობა. მსოფლიოში ექსპერტული გათვლებით, მილიარდ ადამიანს არ შეუძლია წერა-კითხვა. ბუნებრივია, ივნისში დიდი რვიანის შეხვედრაზე მსოფლიოს განვითარების უსაფრთხოების და უთანაბრობის საკითხი ერთ-ერთი წამყვანი იქნება, მაგრამ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთან საზაფხული გრედვეიტების შემდგომ უმუშევარი ახალგაზრდების ახალი ნაკადის მართვის და უმაღლესი განათლების მიღების სრულყოფის თემა. ამიტომ ამ ნომერში ამ საკითხს რამდენიმე ასპექტით გავაშუქებთ (გვ.8). მაისში სტუმრად გვყავდა ევროპაში საბანკო და სავაჭრო დაფინანსების დარგში ერთ-ერთი აღიარებული პროფესორი, ირლანდიელი ვინსენტ ობრაიანი, რომელიც იმავდროულად საერთაშორისო სავაჭრო პალატის და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ექსპერტია. ჩემმა მეგობრებმა ემზარ ჯგერენაიმ და გიორგი რუსიაშვილმა სერიოზული კონფერენცია მოაწყვეს, სადაც ძირითადად ეკონომიკური განათლების პრობლემებზე იმსჯელეს სტუმართან ერთად, რომელმაც ევროპული გამოცდილება გაგვიზიარა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სერიოზული გარდაქმნები სჭირდება პროფესურასაც, სტუდენტებსაც, სახელმწიფო განათლების პროგრამასაც და თანაც რაც შეიძლება სწრაფად. მისასალმებელია თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მუშაობის გააქტიურება, მაგრამ 50 მაგისტრი ქვეყნის საკითხს მთლიანად ვერ გადაწყვეტს და ამიტომ კიდევ ერთხელ გთავაზობთ დისკუსიას ეკონომიკური განათლების საკითხზე.
გასულ თვეში პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში იხილებოდა. მერწმუნეთ, ეს ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამიტომაც ბევრი კითხვა დაისვა. სავალუტო ფონდის ბოლო მისიის მიერ ეროვნული ბანკის მუშაობის შეფასება დადებითი იყო და ამიტომაც სიღარიბის პროგრამით ბოლო ტრანშიც გამოგვეყოფა, მაგრამ სერიოზულ პრობლემად რჩება ინფლაციისა და ლარის კურსის საკითხი, ამიტომაც შემოგთავაზეთ ეროვნული ბანკის მუშაობის ცალკეული დეტალები და საბანკო სექტორში არსებული სიტუაციის ანალიზი (გვ.17).
საქართველოში მშენებლობის ბუმია. ის დღითიდღე ხდება ეკონომიკის წამყვანი დარგი და ყველაზე მისასალმებელია ის, რომ სულ უფრო მეტად ინერგება ახალი ტექნოლოგიები და მასალები ამ სფეროში. ამის ნათელი გამოვლინებაა ის, რომ სერიოზული საერთაშორისო დონის გამოფენები ეწყობა თბილისში. მაისში ჩატარებულმა გამოფენამ აჩვენა, რომ ინტერესი ქართული ბაზრის მიმართ დღითიდღე იზრდება და ივნისში ისევ ახალი საერთაშორისო გამოფენა მოეწყობა. ჩვენ გთავაზობთ მშენებლობისა და საშენ მასალათა ბიზნესის პრობლებზე დისკუსიას (გვ.22). ბუნებრივია, ეს არც ისე ახალი თემაა, მაგრამ ტექნოლოგიური სიახლეებით კიდევ ბევრჯერ გაგვაკვირვებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ვფიქრობთ, სადისკუსიოც ბევრი იქნება.
ავტომოყვარულებს დააინტერესებთ ბოლო საკანომდებლო ცვლილება საგადასახადო კოდექსში და გთავაზობთ ცვლილების ტექსტს კომენტარებით, ასევე ჩვენი პარტნიორი იურიდიული კომპანიების უფასო იურიდულ ბიზნეს-კონსულტაციებს და მენეჯმენტის საკითხებზე ჩვენი ექსპერტების საინტერესო მოსაზრებებს.
ტრადიციულად ვიხილავთ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან მოვლენებს და გთავაზობთ სტატისტიკურ კოლაჟს.
მადლობა ჩვენს ერთგულ მკითხველს მოთმინებისათვის, მძიმე თემებზე ვმსჯელობთ, მაგრამ, ალბათ, ყველაზე აქტუალურზე ამ ეტაპზე.