რედაქტორისგან

ჯემალ ინაიშვილი

საკმაოდ მცხუნვარე და საქმეებით დახუნძული ზაფხული გვიდგას. ივნისი სავსე იყო ეკონომიკისათვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენებით და ბუნებრივია, როცა ამ ნომერს ვაკომპლექტებდით, ძალიან გაგვიჭირდა აშკარა პრიორიტეტების გამოყოფა. უპირველესად, კიდევ ერთხელ დავუბრუნდით მცირე და საშუალო ბიზნესის თემას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დაწყებული დასაქმების და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა თვისობრივად ახალი ნაბიჯია ეკონომიკის განვითარებისა და ხალხის დასაქმებისათვის.

უპირველესად იმიტომ, რომ ფინანსდება ტურიზმის სფერო, ხდება სტარტაპ ბიზნესის მხარდაჭერა, რასაც ბანკები თითქმის არ აკეთებდნენ და თუ აკეთებდნენ, საკმაოდ დაბალი პროცენტით და პირობებით. ამას ემატება ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება. მაგალითად, მესტიაში თანამედროვე აეროპორტის მშენებლობის დამთვარება, გზების შეკეთება ტურისტულ ზონებში და ელექტრო-კავშირმომარაგების გაძლიერება. სვანეთში, ივნისში სამთო-სათხილამურო სპორტში საზაფხულო შეჯიბრება ჩატარდა, სადაც უამრავმა ტურისტმა მოიყარა თავი. ვფიქრობ, შესაბამისი მხარდაჭერის შემდგომ მსგავსი ღონისძიებები უფრო მასშტაბური გახდება და რაც მთავარია, ამ პროგრამის საშუალებით ჩვენ მეწარმეობისა და ხალხის დასაქმების უნარ-ჩვევებს ვიძენთ. ამ კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან სპეციალური მენეჯმენტური ჩვევები და ცოდნა გვჭირდება. ამიტომ, გთავაზობთ სპეციალურ მასალას ამ საკითხზე (გვ.8)
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების, კერძოდ, ეკონომიკური განათლების სფერო – უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ამთავრებს სკოლას და აბარებს ერთიან სახელმწიფო გამოცდებს. ასევე ბევრი ასრულებს უმაღლეს საწავლებელში სწავლას. მიგვაჩნია, რომ საინტერესოა იმ პროცესების ანალიზი, რაც ეკონომიკის სწავლების ყველა დონეზე მიმდინარეობს. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და “მოდური ბიზნესი მაგისტრატურის სკოლებია. რა ხდება ამ სფეროში, როგორ იცვლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორ მოხდება სადოქტორო დისერტაციების დაცვა და როგორია სამეცნიერო პუბლიკაციების პრობლემა მთელს მსოფლიოში. გთავაზობთ ამ საკითხზე მასალების მთელ ბლოკს, რადგანაც ამ საკითხებს ჩვენი მომავალი განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვთ და ეს ესკლუზიური მასალები ბევრ თგვენგანს დააინტერესებს (გვ.22).
საერთაშორისო სამიტები გაიმართა ბაქოში და სტამბულში. გთავაზობთ იმ ეკონომიკურ-ენერგეტიკული ბატალიებს, რაც იყო ამ თვეში მიმდინარეობდა: მილსადენების ბუმი და საერთაშორისო ენერგეტიკული საკითხების სერიოზული გამწვავება, რუსეთის არაერთგვაროვანი როლი ამ სფეროში (გვ.16). როგორია მსოფლიო ეკონომიკის დღის წესრიგი. გთავაზობთ სტატიას მსოფლიო ეკონომიკის ბოლო სიახლეების შესახებ, რამეთუ ეს უშუალოდ ჩვენი ეკონომიკის სასიცოცხლო პრობლემებს უკავშირდება (გვ.43).
ივნისში აქტუალური იყო საკუთრების თემა – პარლამენტმა მეტად საინტერესო კანონპროექტი მიიღო. ჩვენს ექსპერტებს – იურისტებს მისი ანალიზი ვთხოვეთ, რამეთუ ეს ყველა თქვენგანს აინტერესებს და მკითხველს ფართო დისკუსიას აღნიშნულ თემაზე ვთავაზობთ (გვ.73). ბევრ ქართველ ბიზნესმენს, რომელიც ინვესტიციების მისაღებად ემზადება, ვთავაზობთ საწარმოთა, მისი აქტივების შეფასების, მსოფლიოში აღიარებულ მეთოდიკას, რადგან ინვესტიციური პროცესების მომზადებისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანია და ამ სფეროში სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ჩვენი ბიზნესმენები ინვესტორებს მომზადებულნი შეხვდნენ.
გასულ თვეში, თბილისში, თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სავაჭრო პალატების შეკრება გაიმართა. ბევრ ისეთ პრობლემაზე იყო მსჯელობა, რაც ჩვენს ეკონომიკას აწუხებს, განსაკუთრებით კი რუსეთთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ პროცესი მძიმედ, მაგრამ მაინც დაიძრა, ყინულის გალღობა განსაკუთრებით ჩვენი პრეზიდენტის პუტინთან შეხვედრის შემდგომ იგრძნობა. ბატონმა პრიმაკოვმა რომელიც ამ შეხვედრაზე რუსეთის მხარეს წარმოადგენდა, პირობა მოგვცა ბევრ კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით (გვ.36).
ინტერსმოკლებული არც საგადასახადო საბუღალტრო მაცნე და ევროპის მენეჯმენტის სკოლის მასალები იქნება. რუბრიკებში იმ სიახლეებს ვიხილავთ, რომელიც ამ სფეროში მოხდა და აუცილებელია საფიანსო მენეჯმენტისათვის. მაგალითად, მივლინების გაანაგარიშების და აღრიცხვის საკითხი და ა.შ. გთავაზობთ მსოფლიო ეკონომიკაში და ბირჟებზე მიმდინარე პროცესების ანალზს და პროგნოზებს. ტრადიციულად გთავაზობთ სამეცნიერო ნაშრომებს.
ეს ნომერი მეტად ტევადი და საქმიანი გამოგვივიდა, თუ ძალიან გადაგღალეთ ეკონომიკურ პრობლემზე მსჯელობით, უმორჩილესად გთხოვთ მოგვიტევოთ.