მილსადენების ახალი სისტემა – რუსეთის და ევროპის დაპირისპირება პიკს აღწევს

თათა თორია
ენერგორესურსების ტრანსპორტირების ბაზარზე მთავარი მოთამაშე რუსეთი ხდება. მან ნამდვილი სენსაცია მოახდინა სტამბულის ბისეკის სამიტზე – ის აპირებს ახალი მილსადენების მშენბლობას – “ცისფერი ნაკადი 2” – რუსეთი- შავი ზღვა-იტალია და რუსეთი-შავი ზღვა-საბერძნეთი-ევროპა, უნგრეთისა და სამხრეთ ევროპისაკენ, საქართველოს, უკრაინის და თურქეთის გვერდის ავლით.
რუსეთი ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტის მიხედვით. იგი მდიდარი რესურსების გარდა, ძირითადი სატრანსპორტო საშუალებების მონოპოლიური მფლობელიცაა, რასაც მოხერხებულად იყენებს ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებზე პოლიტიკური ზეწოლის შესანარჩუნებლად. ის კარგა ხანია მჭიდროდ თანამშრომლობს ნავთობის საერთაშორისო კომპანიებთან, მასთან ურთიერთობას ამყარებენ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა მათთვის პრობლემად რჩება ამ ქვეყნის გეოპოლიტიკის თავსებადობა მსოფლიო ნავთობის ინდუსტრიის ინტერესებთან.
რუსეთი ასევე ეფექტურად აკონტროლებს ცენტრალური აზიის ქვეყნების ნავთობისა და გაზის ექსპორტს ევროპაში, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ კასპიის საბადოების მომავალი სატრანსპორტო მაგისტრალები რა მარშრუტით მოხვდებიან ევროპაში. იმ შემთხვევაში თუ მათი გატარება მთლიანად რუსეთის ტერიტორიაზე გავლით მოხდება, ეს საერთაშორისო ბაზრის მონოპოლიზების საუკეთესო საშუალებად იქცევა. სავარაუდოა, ტრადიციულად საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად მას რუსეთი ეფექტურად გამოიყენებს. საკმაოდ დიდ პრობლემას შეუქმნის ევროპას მზარდად განვითარებული ჩინეთიც, თუ მოახერხებს და ცენტრალური აზიის ენერგორესურსებს აღმოსავლეთისკენ გადაქაჩავს.
პოზიციების გასამყარებლად და რუსეთის მიერ ენერგორესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობების მინიმუმამდე შესამცირებლად მსოფლიო საზოგადოებრიობა, განსაკუთრებით კი ევროპა, ალტერნატიული მიწოდების საშუალებების და ფართო მარშრუტების დაგეგმვაზე აქტიურად ფიქრობს. დღესდღეობით საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ოდესა-ბროდი-ბლოცკის ნავთობსადენის მომავალი პერსპექტივების შესახებ, რაც შეიძლება იქცეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გზად. მაგრამ აქაც მთელი რიგი პრობლემებია. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი ბატონი გია ხუხაშვილი ამბობს, როდესაც გლობალურ პოლიტიკაში განხილვის უპირველეს თემად ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი იქცა, გამძაფრდა ბრძოლა ინფრასტრუქტურული პროექტების, მარშრუტებისთვის. სხვადასხვა ქვეყნებს, რომელთაც იმაზე მეტი ამბიციები აქვთ, ვიდრე ისინი იმსახურებენ, დღევანდელ გლობალურ წესრიგში, თავიანთი ენერგორესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დიდი სურვილი აქვთ. ამას მოწმობს, მაგალითად, ე.წ გაზის ომი უკრაინასთან, ეს იარაღი საქართველოსთან მიმართებაშიც საკმაოდ მოხერხებულად იქნა გამოყენებული, ასევე პოლონეთში, დიდ ბრიტანეთშიც და კიდევ ბევრ ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ იარაღის გამოყენების სურვილი აქვს არა მარტო რუსეთს, ასევე ირანს და შეიძლება ითქვას, ამ რესურსებით მდიდარ სხვა ქვეყნებს. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, როგორც ჩანს, მას ამ ბრძოლაში საკმაოდ სერიოზული ადგილი უკავია. ცენტრალური აზია, რომელიც მარაგების დიდ რაოდენობას ფლობს, დაახლოებით 5-10 წლის შემდეგ, იქაური საბადოების სრულ წარმადობაზე გასვლის შემდეგ, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელი გახდება. ამიტომ რუსეთს სურს, თავის ინფრასტრუქტურაზე მთლიანად მიიბას ცენტრალური აზიიდან გამოტანილი ენერგომატარებლები. ამაზე სერიოზულად ფიქრობენ როგორც ევროპაში, ისე ცენტრალურ აზიაშიც და სურთ მოახდინონ ექსპორტის დივერსიფიცირება, ევროპაში შესაბამისად. აშშ-ში კი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად რუსეთის გვერდის ავლით მოხერხდეს ენერგომატარებლების გადაადგილება. სხვა შემთხვევაში, თუ ცენტრალური აზიის მარაგები მთლიანად იქნა კონტროლირებადი რუსეთის მიერ, ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე დღითიდღე გაიზრდება და რამდენიმე წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 60-70% მიაღწევს. რუსეთს აქვს სერიოზული პოლიტიკური ამბიციები, რაც მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს. სამხრეთ კავკასიას კი ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რადგან თითქმის ერთადერთ გზას წარმოადგენს, საიდანაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით შეიძლება დაუკავშირდეს ევროპას. საბედნიეროდ ორი პროექტი – ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზსადენი შაჰდენისიდან ერზრუმის მიმართულებით უკვე განხორციელებულია. ეს არხი გაჭრილია, უკვე ფორმირებულია ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, ახალი გეოპოლიტიკური ღერძი, რომელშიც მონაწილეობს საქართველო და აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად. ეს ღერძი, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამომავლოდ ერთიანი ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში. ამიტომაცაა, რომ რუსეთი ყველა თავის ხელთარსებულ ბერკეტს იყენებს, რომ სიტუაცია აკონტროლოს, რათა არ დაუშვას ამ დერეფნის შემდგომი განვითარება. არცერთი პროექტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის გვერდის ავლას ითვალისწინებს, არ შედის რუსეთის ინტერესებში. ის ყველანაირად შეეცდება, ასეთი პროექტები ჩაშალოს ან ეკონომიკურად წამგებიანი გახადოს. არავის ეგონოს, რომ ჯეიჰანის და შაჰდენისის პროექტების განხორციელება მარტივი იყო. რუსეთი მაშინაც წინააღმდეგი იყო, რადგან ეს მისთვის ხელსაყრელი არ იყო. საკმაოდ კარგად გააზრებული, ბრძნული, მრავალწლიანი პოლიტიკის გატარება დასჭირდა ალიევს და შევარდნაძეს, რომ ეს ყველაფერი რეალობად ქცეულიყო, დასძენს ბატონი გია ხუხაშვილი.
ამ ცოტა ხნის წინ, როდესაც კრაკოვში გაიმართა სამიტი, პარალელურად მიმდინარეობდა რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან, რამაც ფაქტობრივად კრაკოვის სამიტის შედეგები საგრძნობლად შეამცირა, რუსეთმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. კრაკოვის სამიტზე იყო ყველა, მიმწოდებლის და მომხმარებლის გარდა. ამას შეიძლება ვუწოდოთ შუამავლების სამიტი. იქ იყვნენ ქვეყნები, რომლებიც საუბრობდნენ, თუ სხვისი პროდუქტი ვისთვის მიეყიდათ და შესაბამისად, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა ეს არ ეხება აზერბაიჯანს, რადგან მას საკუთარ რესურსებთან ერთად, მათი ტრანსპორტირების ბევრი საშუალება აქვს, მათ შორის, როგორც რუსეთის, ისე ირანის და საქართველოს გავლით. ასე რომ, აზერბაიჯანი ამ შეხვედრით არაფერს კარგავდა. სრულიად გაუგებარი იყო ლატვიის მონაწილეობა სამიტში. დასავლეთს რაც შეეხება, მან ძალიან ფრთხილი პოზიცია დაიჭირა. მას არ სურს რუსეთის გაღიზიანება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლობირებენ ნავთობსადენის მარშრუტს ოდესა-ბროდის მიმართულებით. საქართველო კი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მასში მონაწილეობით თურქეთის გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია. გეოპოლიტიკურ ღერძში თურქეთი საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს. აგრეთვე, მას აქვს ამბიციები, გახდეს ე.წ გამანაწილებელი ენერგეტიკული კვანძი ევროპაში მიწოდებისთვის და ოდესა-ბროდი ესაა კონკურენტული მიმართულება თურქეთისთვის და რათქმაუნდა, კრაკოვის სამიტი მათ ინტერესებში არ ჯდებოდა. ისინი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა გასაგებია, რომ ამ ფაქტმა მათი გაღიზიანება გამოიწვია. ის, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, ამას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფრთხილი მიდგომა და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა ჭირდება. ბატონი გია ხუხაშვილი ვფიქრობს, რომ ცოტა ზომიერება მართებს ხელისუფლებას, როდესაც თავის პარტნიორებს ამ გეოპოლიტიკურ ღერძში და მომავალ სტრატეგიაში ასეთ ორჭოფულ მდგომარეობაში აყენებს. არაა გამორიცხული, რომ იმ პროექტის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც თურქეთიდან საქართველოში 800 მ3 გაზის მოწოდებას ითვალისწინებდა ისიც იყო, რომ საქართველომ დიდი აქტიურობა გამოხატა ოდესა-ბროდის მილსადენის მიმართულებასთან დაკავშირებით. ამან თურქეთის გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. ჩემი აზრით, ამ დროს არ არის მგონი ასეთი აქტიურობა საჭირო. რა თქმა უნდა, საქართველომ თავისი კუთვნლი ადგილი უნდა დაიკავოს გლობალურ წესრიგში, მაგრამ არ უნდა ქონდეს ამბიცია, რომ ამ ყველაფრის თავში ის იყოს, მაშინ როცა ამისთვის შესაბამისი აქტივები არ უწყობს ხელს. ჩვენი აქტივი ამ მიმართულებით ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად ძალინ ხელსაყრელია.
მარშრუტი ოდესა-ბროდის მიმართულებით ჯერ-ჯერობით იხილება და თეორიულ დონეზეა, რადგან, როგორც ბატონი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, აზერბაიჯანის რესურსების გამოსატანად შაჰდენისისა და ჯეიჰანის მილები აბსოლუტურად საკმარისია. აზერბაიჯანში როგორც ნავთობის, ისე გაზის რესურსები შეზღუდული რაოდენობითაა და ახალი პროექტები მისი რესურსების ასათვისებლად ჯერ-ჯერობით საჭირო არ არის. თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სტამბულში სრულიად საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა გაცილებით მეტ მარაგებს ფლობს და ის საკმარისი იქნება ყველა ზემოთგანხილული მილსადენის დასატვირთად. ამასთან, თუ არ იქნა გარანტია, რომ ცენტრალური აზია ჩაერთვება ამ ყველაფერში, მაშინ ამ პროექტზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. ცენტრალური აზიის განწყობა, რომ ისინი მზად არიან ასეთ პროექტებში ჩაერთონ თეორიულად განიხილება, მაგრამ პრაქტიკულად ჯერ ამაზე საუბარი არ არის. ამიტომ მე მგონია, ცოტა მოვლენებს ვასწრებთ, კრაკოვის სამიტიც მოვლენებს წინ უსწრებდა. მაშინ, როდესაც ყაზახეთის პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომ ისინი არ განიხილავენ ამ საკითხს და უბრალოდ შეისწავლიან და როცა თურქმენეთის პრეზიდენტი დაახლოებით იგივეს ამბობს, არ შეიძლება ასე აქტიურად განვიხილავდეთ ჩვენ ამ საკითხს. პროექტი ჯერ მხოლოდ პოლიტიკური განაცხადების დონეზეა. რა თქმა უნდა, სასურველია ჩვენთვის, რომ ასეთი ტიპის პროექტები შედგეს, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გეოპოლიტიკურ, გლობალურ წესრიგში კიდევ უფრო გაზრდის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი არარეალურია. თუმცა კარგადაა ცნობილი ე.წ. აღმოსავლური სიბრძნე – ისინი სულ თამაშობენ და აბალანსებენ და შეპირება პუტინზე შეიძლება დასავლეთის ზეწოლით ფარატინა სიტყვებად იქცეს. ყაზახეთიც ახორციელებს ენერგომატარებლების ტრანსპორტირების დივერსიფიცერებას, დამოუკიდებლად აწვდის გაზს ჩინეთს და რუსეთანაც განიხილავს თანამშრომლობის საკითხს, მაგრამ სამხრეთ-აზერბაიჯანი ვერ უარყოფს საქართველოს მიმართულებას, რადგან ეს ევროპის და აშშ-ის ინტერესებში შედის, მათ კი ყაზახეთი არც ერთ შემთხვევაში არ დაუპირისპირდება – ს.ე.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპას, როგორც მომხმარებელი, სერიოზული კონკურენტი ყავს ჩინეთის სახით. ამ მიმართულებით ცენტრალური აზიის ქვეყნები უკვე სერიოზულად მუშაობენ. ჩინეთის ეკონომიკა დღეს ყველაზე მზარდია და ეს მხოლოდ ენერგეტიკულ პოლიტიკას არ უკავშირდება. ჩინეთი, რასაკვირველია, ეცდება, აქცენტი გააკეთოს იქით ბაზრებზე. ესაა უზარმაზარი ეკონომიკა, რომელიც დიდი რაოდენობით ენერგომატარებლებს შეიწოვს. იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთზე, რომელიც საკმაოდ დინამიურად ვითარდება. საერთოდ, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სახით ძალიან მზარდი ეკონომიკებია. ჩვენ ვიცით, რომ ყველა პროგნოზით, ენერგორესურსების მოძიების დინამიკა ბევრად ჩამორჩება მოხმარების ზრდის ტემპებს, შესაბამისად, რაღაც პერიოდის შემდეგ ენერგომატარებლები კიდევ უფრო დეფიციტური გახდება. დღეს უკვე შეიმჩნევა დაძაბულობა. ეს დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება და XXI საუკუნის პირველი ნახევარი აღბეჭდილი იქნება ე.წ ენერგეტიკული ომებით. თუ XX საუკუნე იყო ტერიტორიული ომების პერიოდი, XXI საუკუნე არის ენერგეტიკული ომების პერიოდი, მაგრამ რაც ყველაზე შესამჩნევია, ამ ომს გარდა წმინდა ენერგეტიკული ხასიათისა გეოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე, გარკვეული მსოფლმხედველური კონტექსტიც გაზდევს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ნავთობის მარაგებით მდიდარი ქვეყნები ძირითადად მუსულმანურია. მათ პოლიტიკაში ფანატიკური, ფუნდამენტალისტური ელემენტები შეიმჩნევა. ეს ომი აღბეჭდილია რელიგიური ნიშნით, რაც მას განსაკუთრებულ სისასტიკეს სძენს. ჩვენ ვხედავთ ირანში რა პროცესები ვითარდება, თუ როგორ ცდილობს მოახდინოს მანიპულირება თავისი ენერგომატარებლებით. მას აქვს ამბიცია, იგივე საქართველოსთან მიმართებაშიც, რომ საქართველოს ალტერნატივა შესთავაზოს რუსეთს ენერგომატარებლებით და ამ ენერგეტიკის საშუალებით საქართველო აკონტროლოს. ასევე სურს, აქ მსხვილი ინვესტიციების განახორციელება, ანუ შემოდიან ახალი მოთამაშეები, რომლებთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე ცეცხლთან თამაშის ტოლფასია.
რუსეთი ამ ბაზარზე ხდება წამყვანი მოთამაშე, მათ ძალიან კარგად აითვისეს ტექნოლოგიები, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური მიზნების მიღწევა და საკმაოდ ჭკვიანურად ოპერირებენ ყოველივე ამით. რუსეთის პრობლემა იყო ერთადერთი – მას არ ჰქონდა ფული, თუმცა ყოველთვის ქონდა რესურსები. დღეს უკვე რუსეთს ფულიც აქვს, მეტნაკლებად სტაბილური ქვეყანაა და ძალიან დიდი ტრადიციების მატარებელი სპეცსამსახურები ჰყავს, რომლებიც გეგმაზომიერად ავითარებენ თავიანთ ქვეყანას. ისინი არც მალავენ თავიანთ ამბიციებს და ამ ბრძოლაში გარკვეულ შედეგებს აღწევენ. ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, სამწუხაროდ, ვინაა ჩვენი რეალური ოპონენტი და თუ არ ვისწავლით მტრის შეფასებას, მაშინ თამაში წინასწარაა წაგებული. ის რომ ჩვენ რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს, ძალიან არასერიოზული განცხადებაა. უმჯობესია, საკუთარ ნაციონალურ ინტერესებზე ვიფიქროთ, ვაწარმოოთ დიალოგი ყველა მიმართულებით, მათ შორის მტერსაც ველაპარაკოთ, დასძენს ბატონი გია.
თუმცა, რუსეთის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე შეიძლება საგრძნობლად შეასუსტოს ახალმა პროექტმა. მსოფლიოს ენერგეტიკული მილსადენების რუკაზე გაჩნდა გაზის ტრანსპორტირების პერსპექტიული მარშრუტი – “GUEU” (საქართველო-უკრაინა-ევროკავშირი), რომლის განხორციელებაშიც როგორც ჩანს, დიდადაა დაინტერესებული აშშ. წინასწარი გათვლებით, ამ პროექტის პირველი ეტაპის რეალიზებისთვის, კასპიის ენერგომატარებლების ევროპაში გადასასროლად 2 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. თუმცა ექსპერტები უკვე აღარ ეჭვობენ, რომ ახალი მილის მშენებლობა განხორცილელდება, რამდენადაც მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფრთხე იმ ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც სერიოზულად არიან შეწუხებული რუსული “გაზპრომი”-ს მონოპოლიით.
პროექტის რეალიზებაში განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან დაინტერესებულნი, რომლებიც მხოლოდ რუსეთის გაზის იმპორტიორები არიან. ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელია მონოპოლია და ისინი დიდი ხანია მუშაობენ გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის პრობლემებზე. “GUEU”-ს განხორციელების შემთხვევაში შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობები, მონოპოლიურად აკონტროლოს კასპიის რეგიონიდან გაზის ტრანსპორტირება და “გაზპრომს” ექნება ნაკლები შანსი, პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს ევროპის ამა თუ იმ სახელმწიფოზე. ხედავს რა ამის რეალურ საფრთხეს, ცდილობს გაზის მიწოდების მონოპოლიის შენარჩუნებას ახალი პროექტების – “ჩრდილოეთ ევროპის გაზსადენი”-ს, “სამხრეთ ნაკადი”-ს, “ცისფერი ნაკადი 2”-ის გამოყენებით.
პროექტ “GUEU”-ის ერთ-ერთი დირექტორის, ბატონ გიორგი ვაშაყმაძის თქმით, ეს მარშრუტი, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს გაზის მოპოვების გაზრდას აზერბაიჯანში და შუა აზიიდან ტრანსკასპიური გაზსადენის ამოქმედებას დააჩქარებს. რაც უფრო მცირე იქნება ევროპის ბაზრებამდე გაზის ტრანსპორტირების რისკები, მით უფრო მეტი ინტერესი ექნებათ ინვესტორებს გაზარდონ გაზის მოპოვება კასპიის რეგიონში და შესაბამისად საქართველოს გავლით გაზის უფრო დიდი რაოდენობის ტრანსპორტიება მოხდება. შავი ზღვისა და უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირების მარშრუტის დამკვიდრება სწორედ გაზის ევროპისთვის მიწოდების რისკებს შეამცირებს. ჩვენი ქვეყნისთვის, რასაკვირველია, უკეთესი იქნება თუ საქართველოზე უფრო მეტი რაოდენობის გაზი გაივლის, აზერბაიჯანში გაზის მოპოვების ზრდას აღმოსავლეთ კასპიის გაზიც დაემატება.
“GUEU” უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ევროკავშირისთვისაც, რადგან, ფაქტობრივად, ამ მარშრუტის ამოქმედებით გაზის ნაკადების დივერსიფიცირება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით საქართველოდან დაიწყება და გაზის ბაზრებამდე მიწოდების რისკები კიდევ უფრო შემცირდება. “GUEU”-ს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული ნაკადების ამ ახალი განშტოების გარეშე დივერსიფიცირება მხოლოდ თურქეთის შემდეგ იწყება (ნაბუკო, თურქეთი-საბერძნეთი-იტალია, დასავლეთ ბალკანეთის მილსადენი). იმ ქვეყნებთან, რომლებზეც ამ მარშრუტებმა უნდა გაიარონ, “გაზპრომი” მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა “დარწმუნებით სამუშაოებს” და ცდილობდა, ამ მარშრუტების გაკონტროლების წინაპირობები შეექმნა. “GUEU”-უმ უნდა შეამციროს ამ მცდელობების შედეგად გაზრდილი ტრანსპორტირების რისკები და მისცეს სტიმული დასავლეთ ინვესტორებს გაზარდონ ინვესტიციები გაზის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაში. საქართველოსთვის “GUEU” მომგებიანია იმ თვალსაზრისითაც, რომ შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, ანუ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გარდა იქნება კიდევ ახალი მარშრუტი, მისი განშტოება, რომელიც საქართველოს სანაპიროდან 650 კმ-ს შავი ზღვის ფსკერზე გაივლის სანამ ყირიმის სანაპირომდე მიაღწევს. ასეთ დიდ მანძილზე გაზის გადასატუმბად ძალიან ძლიერი კომპრესორია საჭიროა. თითოეულ მილს, რომელიც შავ ზღვას გადაკვეთს, 300, 350 მილიონი დოლარის ღირებულების კომპრესორები დასჭირდება, რომლებიც საქართველოს სანაპიროზე უნდა განლაგდეს.
ზღვის ფსკერზე 2000 მეტრის სიღრმეზე გამავალი მილსადენის გამტარუნარიანობა ლიმიტირებულია ტექნოლოგიურად. პირველი ამგვარი პროექტი დიდ სიღრმეზე შავ ზღვასა და საერთოდ მთელს მსოფლიოში იყო “ცისფერი ნაკადი”, რომელიც რუსეთიდან პირდაპირ თურქეთში გაზის გასატანად აშენდა. თავის დროზე ამ პროექტს ძალიან სკეპტიკურად უყურებდა დასავლეთი, ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ცისფერი ოცნება და ვერასდროს იქცეოდა რეალობად. მიიჩნევდნენ, რომ მისი დაფინანსება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან არ არსებობდა შესაბამისად დამუშავებული ტექნოლოგია. დამუშავებული და აპრობირებული ტექნოლოგიის არარსებობის შემთხვევაში კი რისკი იმდენად დიდია, რომ, როგორც წესი, პროექტის დაფინანსებაზე ნებისმიერი ინვესტორი თავს იკავებს. რასაკვირველია, რუსეთს ჰქონდა რეალურად მეორე, ბევრად იაფი ალტერნატიული გზა – შეიძლებოდა, გაზი საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩასულიყო თურქეთში, მაგრამ მას უნდოდა ჰქონოდა პირდაპირი გასასვლელი თურქეთში და არანაირად არ ყოფილიყო დამოკიდებული საქართველოზე. ამავდროულად, ის ბერკეტებიც რაც საქართველოზე ჰქონდა, შეენარჩუნებინა, რადგან ამ შემთხვევაში, საქართველოზე გამავალი გაზი არა მარტო სომხეთს, არამედ თურქეთსაც დასჭირდებოდა და რუსეთს გაზით მანიპულირების შესაძლებლობა აღარ ექნებოდა. შესაბამისად, “გაზპრომმა” განუსაზღვრელი დაფინანსება გაუხსნა უდიდეს იტალიურ კომპანიას, რომელსაც შეეძლო სათანადო ტექნოლოგიების დამუშავება. მისთვის იმ ეტაპზე არა თუ პროექტის ღირებულება, არამედ მისი განხორციელება იყო უფრო მნიშვნელოვანი და რადგან რუსეთს ეს აინტერესებდა პოლიტიკურად, მართლაც, შეიქმნა საჭირო ტექნოლოგიები, დაიხვეწა პროექტი და აშენდა “ცისფერი ნაკადის” ორი მილსადენი ნოვორასისკიდან თურქეთის მიმართულებით, თითოეული 8 მილიარდი კბმ სიმძლავრის წელიწადში. ორი მილსადენი იმიტომ გაკეთდა, რომ ერთი მილით ამ სიმძლავრის მიღწევა ტექნოლოგიურად შეუძლებელი აღმოჩნდა. პროექტის განხორციელებით კი რუსეთმა თავის დროზე დიდი ზეგავლენა მოიპოვა თურქეთის ბაზარზე და სერიოზული პრობლემები შეუქმნა ტრანსკასპიური გაზსადენის განხორციელებას. დღესდღეობით გეგმავს წელიწადში 30 მილიარდი კბმ. ჯამური სიმძლავრის რამდენიმე მილსადენის მშენებლობას შავი ზღვის გავლით ბულგარეთის სანაპირომდე და ფიქრობს კიდევ ორი მილსადენი ჩადოს, რომელიც ცნობილია “ცისფერი ნაკადი 2”-ის სახელწოდებით. მაშინ უკვე 4 მილსადენი იქნება ამ მარშრუტზე, ჯამური 35 მილიარდი კვმ-ს გამტარობით. რუსეთის სურვილია, გაზი ამ მილსადენებით წავიდეს იგივე მიმართულებით, როგორც ევროკავშირისკენ დაგეგმილი “Nabucco”-ა (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ავსტრია), ფაქტობრივად, ჩაენაცვლოს “Nabucco”-ს, უკრაინის გვერდის ავლით შევიდეს ევროპის ქვეყნებში და ასევე შეიტანოს კასპიის გაზი. იგივე ლოგიკით უდგებიან ჩრდილოეთ ევროპის მილსადენს, ე.წ “ჩრდილოეთის ნაკადს”, რათა გაზმა არ გაიაროს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში და პირდაპირ შევიდეს გერმანიაში, რაც აღნიშნული ქვეყნების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პროექტები, “Nაბუცცო” და “GUEU” კი გულისხმობს იმას, რომ განვითარდეს პირდაპირი კავშირი კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, მის ტერიტორიაზე გავლით მოხდეს ევროპისთვის აღმოსავლეთ კასპიის გაზის მიწოდება.ამ შემთხვევაში რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ამ გაზის გაკონტროლება და ჯერ-ჯერობით აკონტროლებს კიდეც მას.
ბატონი გიორგი ვაშაყმაძის თქმით, შაჰდენისის მეორე ფაზა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენჯერმე უკვე გადაიდო. “GUEU”-მ ბიძგი უნდა მისცეს ამ პროცესის დაჩქარებას და ასევე Aზერბაიჯანის სხვა საბადოების დროულად ათვისებას. მის განხორციელებას დაახლოებით 5 წელი სჭირდება. შესაბამისად, შემცირდება ტრანსპორტირების რისკები, ევროკავშირისკენ გაზის ტრანსპორტირება იქნება უფრო საიმედო და საკმარისად დივერსიფიცირებული. ამ ცოტა ხნის წინ საბერძნეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს “ტრანსნეპტთან” ბურგას-ალექსანდროპოლისის ნავთობის ტრანსპორტირების პროექტს, რაც რუსეთს რეალურად ამ ნავთობსადენში 51%-ის ფლობის საშუალებას აძლევს. ექსპერტების აზრით, ამან ევროპის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიას სერიოზული დარტყმა მიაყენა, რადგან ევროკავშირის ამ ქვეყნებში გამავალი ყაზახეთიდან წამოსული ნავთობის ნაკადები რუსეთის სახელმწიფო მონოპოლიების კონტროლს დაექვემდებარება. რაც მეტად მნიშვნელოვანია, ამბობდნენ, რომ ეს ნავთობსადენის პროექტი გაზის თაობაზე შეთანხმებასაც შეიცავდა. აღნიშნული ქვეყნები რუსეთის გაზს გაატარებენ, რომელიც “სამხრეთის ნაკადითა” და “ცისფერი ნაკადით” გავა ევროპაში. აღსანიშნავია ისიც, რომ უნგრეთმა, “Nabucco”-ს კიდევ ერთმა ქვეყანამ, ამას წინათ განაცხადა, რომ არა კავკასიის, არამედ რუსეთის გავლით მიმავალ გაზსადენს ემხრობა და “გაზპრომთან” განავითარებს პარტნიორობას. ყოველივე ეს იმ დასავლური კომპანიებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანში და კასპიის რეგიონში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ, არც ისე კარგი სტიმულია. რუსეთი ცდილობს გაიმაგროს პოზიციები ნაბუკოს ქვეყნების ენერგეტიკულ სექტორში. როგორც ვიცით, ბულგარეთსა და საბერძნეთში ენერგოსექტორის უდიდეს ნაწილს რუსეთის კომპანიები აკონტროლებენ და იქმნება იმის საშიშროება, რომ კასპიის რეგიონში ინვესტიციების ჩადების შემდეგ მოპოვებული გაზის ევროპის ბაზრებამდე მიტანა ვერ მოხერხდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი იყოს არა ერთი, არამედ ორი ან მეტი გზა და მათი დივერსიფიცირება უკვე საქართველოდან დაიწყოს. რასაკვირველია, არ განიხილება “Nabucco”-ს “GUEU”-ით ჩანაცვლების საკითხი, რადგან მხოლოდ “GUEU” ან მხოლოდ “Nabucco” არაა საკმარისი იმისთვის, რომ რეგიონის გაზის რესურსების ათვისება დაჩქარდეს. რისკების შემცირებას მაქსიმალური დივერსიფიკაცია სჭირდება, ამიტომ ორივე პროექტი იქნება საჭირო, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან გაზის ნაკადები კავკასიის მიმართულებით წამოვიდა. რისი მიღწევაც “გაზპრომი”-ს მცდელობის მიუხედავად ჯერ კიდევ სრულიად შესაძლებელია. “გაზპრომის” მიერ იტალიელებთან ერთად “სამხრეთის ნაკადი”-ს 900 კმ-იანი წყალქვეშა პროექტის განხორციელების დაწყებამ ყველა სკეპტიკოსი დაარწმუნა, რომ 650 კმ-იანი “GUEU”-ს განხორციელება სრულიად შესაძლებელია. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმოს პირველი მილის ამოქმედება, რომელიც “ცისფერი ნაკადის” მილების ანალოგიურად 8 მილიარდ კბმ-ს გაატარებს წელიწადში. შემდგომში, როდესაც რისკების შემცირება შესაძლებელს გახდის ინვესტორების მხრიდან უფრო მეტი ფული ჩაიდოს კასპიის რეგიონში გაზის მოპოვებაში და ტრანსკასპიური გაზსადენი ამოქმედდეს, არაფერი შეუშლის ხელს, რომ გაზის დამატებითი რაოდენობა გაიზარდოს.
რაც შეეხება ინვესტორებს, ბატონი გიორგის თქმით, მათი მხრიდან აქტივობა კასპიის რეგიონში ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 90-იანი წლების ბოლოს. რასაკვირველია, თავის დროზე ტრანსკასპიური მილსადენი რომ დაიბლოკა, ამას მოჰყვა ინვესტიციების შემოდინების შენელება. კარგია, რომ ამ ბოლო დროს უფრო სერიოზული აქტივობა შეინიშნება ევროპის და აშშ-ს მხრიდან, რადგან ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხი ახლა უკვე მწვავედ დადგა. 2 წლის წინ ამაზე საერთოდ არაფერს ამბობდნენ, ყველა ფიქრობდა, რომ ეს პრობლემა არ არსებობდა. თუმცა, დასავლეთ ევროპელებისგან განსხვავებით საქართველოში ჩვენ ყოველთვის ვხედავდით ამ საფრთხეს. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა. ხშირ შემთხვევაში, ქვეყნებს, სადაც ნახშირწყალბადების რესურსების მარაგები დიდია, ან მათი ნაკადების გაკონტროლება შეუძლიათ, უჩნდებათ ცდუნება, რომ ეს ფაქტორები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამიტომ ამ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს ყოველთვის ქონდა დიდი მნიშვნელობა, როგორც მსოფლიო ბაზრების მომარაგების დამოუკიდებელ, ალტერნატიულ გზას. ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ნამდვილად აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა გზით მოხდება კასპიის ნავთობისა და გაზის ბაზრებზე მიწოდება.
ამა წლის მაისში გამართულ ვენის გაზის ფორუმზე “GUEU” შევიდა იმ სიაში, რომელშიც “Nაბუცცო” (თურქეთი-საბერძნეთი-იტალია), ხორვატიის გაზის ტერმინალი და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სხვა პროექტებია. რასაკვირველია, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის გამოყენების გარდა “GUEU”-ს აქვს რუმინეთის ალტერნატივაც, მაგრამ კონსორციუმი თვლის, რომ მართალია ეს ალტერნარივა ეკონომიკურად ისევე პერსპექტიულია, როგორც თავდაპირველი მარშრუტი უკრაინის არსებული გაზის ტრანსპორტირების სისტემის გამოყენებით, მაგრამ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით მისი ღირებულება ნაკლებია, რადგან ამ შემთხვევაში პროექტი უახლოვდება “Nაბუცცო”-ს მარშრუტს.
“GUEU”-ს მილსადენს, დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვისაც. დღესდღეობით დაახლოებით გაზის 80% უკრაინის საშუალებით გადის ევროპაში. უკრაინა თავის მხრივ შეშფოთებულია იმით, რომ თუ რუსეთი “სამხრეთის ნაკადს” და “ჩრდილოეთის ნაკადს” აამუშავებს და ამ გზებით პირდაპირ გაიტანს გაზს ევროპაში, ეს შეამცირებს უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირების საჭიროებას. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას რა ბერკეტებიც აქვს, ის აღარ ექნება.
რასაკვირველია, რუსეთი თავის მხრივ კვლავ შეეცდება უკრაინის გაზსადენის გაკონტროლებას. 2007 წლის მარტში ადგილი ჰქონდა კიდეც რუსეთის მხრიდან ამის მცდელობას, როცა გერმანიაში პუტინმა გააჟღერა წინადადება უკრაინასთან გაზსადენების სისტემის გაერთიანების შესახებ, გაზის მოპოვების შესაძლებლობის მიღების სანაცვლოდ. ეს სერიოზული განხილვის საგნად იქცა უკრაინაში და პირველად მოხდა, რომ უკრაინის პარლამენტი ერთსულოვანი იყო ერთ საკითხში – პარლამენტის საგანგებო სესიაზე მიიღეს იურიდიულად კარგად შედგენილი საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემა არ შეიძლება არა თუ მიეყიდოს, არამედ რაიმე ფორმით გადაეცეს სხვა ქვეყანას. უკრაინის რადას 450 დეპუტატიდან 430-მა “გაზპრომის” აღნიშნული ინტერესების განხორციელების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. ფაქტობრივად, ეს იყო სერიოზული გზავნილი ევროპისადმი, რომ ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან გაზის სატრანსპორტო სისტემის შენარჩუნების საკითხს.
ბატონი გიორგი ვაშაყმაძის თქმით, საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტი იყო ევროპისთვის არა მარტო გაზის “OPEC”-ის შექმნის მცდელობა, რომლის მარეგულირებლად რუსეთი მოიაზრებოდა, არამედ ალჟირთან რუსეთის ხელშეკრულებამაც გაართულა მდგომარეობა. კონკურენცია თავისთავად კარგია, მაგრამ არაჯანსაღი – არა. არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში კი პრობლემატური ხდება დასავლეთის ინვესტორებისთვის კასპიის ზონაში თანხების განთავსება. ამის პრობლემა აქ არა აქვს რუსეთს, ამასთან არც ჩინეთს, რომელიც საკმაოდ აქტიურობს და არაა გამორიცხული, რომ გაზი რუსეთიდან არა თუ ევროპის, არამედ ჩინეთის მიმართულებით წავიდეს.
აღნიშნული პროცესები უარყოფითია იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთი “გაზპრომის” საშუალებით მსოფლიო ბაზარზე მონოპოლიის შექმნას ცდილობს. მითუმეტეს ახლა “გაზპრომის” სტრატეგიაა, შექმნას ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლიები, ანუ გამანაწილებელი ქსელებიც ჩაიგდოს ხელში, რასაც ევროკავშირი აქტიურად ეწინააღმდეგება. მას არ სურს, ვერტიკალური მონოპოლია იურიდიულად იყოს დაშვებული. ევროკავშირის ახალი მოთხოვნების დაკანონების შემდეგ, ერთი და იგივე კომპანიას არ ექნება შესაძლებლობა, ერთდროულად ჰქონდეს როგორც მიწოდების, ისე განაწილების საშუალებები. ამასთან ერთად დაკანონდება სერიოზული ჯარიმები აღნიშნული კანონის დარღვევისთვის. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში – ანდრის პიბალდსმა გააჟღერა ევროკავშირის საჭიროება, შეიზღუდოს ერთი მომწოდებლისგან გაზის შემოტანა იმპორტის 25%-ით. ეს ნაბიჯი მისი აზრით, აუცილებელია, რათა რუსეთზე დამოკიდებულება არ გახდეს სახიფათო. თავად რუსეთი კი ევროპის მხრიდან შემზღუდავი პოლიტიკური კურსის გატარებას საკმაოდ მობილიზებულად ხვდება. თურქმენეთთან და ყაზახეთთან მიღებული აღმოსავლეთ კასპიურ მილსადენთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწორედ ამის გამოძახილია.