ანტიმონოპოლიური პოლიტიკა და კონკურენცია
ირაკლი დოღონაძე
თსუ-ს დოქტორანტი
კონკურენციის არსებობა, საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. თავის მხრივ, კონკურენციის პროცესში მონაწილე თითოეული სუბიექტი ცდილობს მოგების გაზრდის მიზნით, ”საბაზრო ძალაუფლების” მოპოვებას, რაც ფასების კონტროლში გამოიხატება.ზოგადად, ბაზარზე არსებული მიმწოდებლების რაოდენობის, ფასებზე კონტროლის შესაძლებლობებით და მიწოდებული საქონლის/მომსახურების იდენტურობის მიხედვით, შეიძლება გამოვყოთ ბაზრის შემდეგი მდგომარეობები: თავისუფალი კონკურენცია, მონოპოლისტური კონკურენცია, ოლიგოპოლია და მონოპოლია.
თავისუფალი კონკურენციის დროს ბაზარზე შესვლა ძალიან იოლია, საქმიანობს მრავალი წვრილი ფირმა, მათ მიერ მიწოდებული პროდუქცია იდენტურია და, ამასთანავე, არც ერთს არ აქვს ფასებზე კონტროლის შესაძლებლობა. მონოპოლისტური კონკურენციის დროს ბაზარზე შესვლა შედარებით იოლია, საქმიანობას ეწევა მრავალი ფირმა, მათ მიერ მიწოდებული პროდუქცია კი არაიდენტური, მაგრამ მსგავსია, ხოლო ფასების კონტროლი შეზღუდულია საქონლის/მომსახურების ჩანაცვლების შესაძლებლობიდან გამომდინარე. ოლიგოპოლიის დროს ბაზარზე ფუნქციონირებს რამდენიმე მსხვილი ფირმა, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ, როგორც იდენტურ, ისე განსხვავებულ პროდუქციას, ბაზარზე შეღწევა შედარებით გართულებულია და აგრეთვე, გამორჩეულია ფასისმიერი ლიდერის პრიორიტეტები.
რაც შეეხება მონოპოლიას, იგი წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, როდესაც საქონლის/მომსახურების ბაზარზე მხოლოდ ერთი მიმწოდებელია ფასწარმოქმნის მექანიზმის სრული კონტროლის უნარით. ამასთან, აღნიშნულ ბაზარზე შეღწევა საკმაოდ რთულია.
კონკურენცია, ზოგადად, მეტად დინამიური პროცესია, რომელსაც ყოველთვის თან სდევს ხან ერთი ფირმის აღზევება და საბაზრო მდგომარეობის გაუმჯობესება და ხან _ მეორის. თუმცა, საბაზრო ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ბაზრის დომინანტი ფირმის მოქმედებები უკვე მომხმარებელთა ინტერესების საპირისპიროა.
მოგების გაზრდის მიზნით, მონოპოლისტი თავად აწესებს მოთხოვნის მრუდიდან ისეთ ფასს, რომლის პირობებშიც მისი შემოსავლები მაქსიმალური იქნება. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის ფასისმიერი ელასტიურობის ფაქტორს. კერძოდ, არაელასტიურ პროდუქციაზე ფასების ზრდა განსაკუთრებით საზიანოა მომხმარებლებისათვის, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში ამ პროდუქციის შემცვლელების არ არსებობის გამო, მკვეთრად იკლებს სამომხმარებლო დანაზოგების დონე.
მონოპოლიებზე საუბრის დროს ყურადღება უნდა დაეთმოს, ”ბუნებრივი მონოპოლიების” საკითხსაც. ამ დროს ბაზარზე ერთი ფირმის ფუნქციონირება ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე რამდენიმესი. იმის გამო, რომ ბუნებრივი მონოპოლიები ”საზოგადოებრივი საქონლის” ბაზარზე ჩნდებიან, ამიტომ ისინი სახელმწიფოს მფლობელობაში და მის კონტროლქვეშ იმყოფებიან.
ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ იურიდიული შეზღუდვების ფორმებს მიეკუთვნება: ლიცენზიები, საავტორო უფლებები, პატენტები, სასაქონლო ნიშნები.
ლიცენზია კონკრეტული საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს, რომელსაც ფირმა სახელმწიფოსგან იღებს. საავტორო უფლება ავტორის მიერ ორიგინალური ნაწარმოების გავრცელებისა და გაყიდვის უფლებას წარმოადგენს. სასაქონლო ნიშანი ფირმის ან პროდუქციის მაიდენტიფიცირებადი სპეციალური სიმბოლოა, რომლის რეგისტრაციის შემდეგაც კონკურენტებს ეკრძალებათ მისი გამოყენება მომხმარებელთა მიზიდვის მიზნით. რაც შეეხება პატენტს, იგი წარმოადგენს ექსკლუზიურ უფლებას რაიმე პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიით სარგებლობაზე.
თუკი თავისუფალი კონკურენციის დროს დაბალი ფასების გამო მომხმარებელთა კეთილდღეობა იმატებს. მონოპოლიების არსებობის შემთხვევაში, იმავე მომხმარებელთა კეთილდღეობა მკვეთრად უარესდება. ამის გამო ეკონომიკაში ფერხდება რესურსების ოპტიმალური განაწილების პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში, უთანასწორო შემოსავლებში და ეკონომიკის განვითარების შეფერხებაში გამოიხატება.
აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ მიზანმიმართული ანტიმონოპოლიური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრებზე კონკურენციის განვითარებას. ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, ამ მხრივ, შეიძლება მოიცავდეს, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ მეთოდებს. პირდაპირ მეთოდებს მიეკუთვნება ანტიმონოპოლიური სამსახურების მიერ კონკრეტულ ფირმებში ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა და მონოპოლიური მდგომარეობის ან/და კარტელური შეთანხმებების გამოვლენის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფირმების დაჯარიმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პირდაპირ მეთოდებს მიეკუთვნება აგრეთვე ისეთი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მიღება, რომლებიც დაარეგულირებს ფირმათა შერწყმა-გაერთიანების პროცესებს, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური მიმართულებით. აქვე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ჰორიზონტალური გაერთიანება გულისხმობს ერთი და იმავე ბაზრის მონაწილე სუბიექტების გაერთიანებას, რაც, შესაბამისად, მონოპოლიური მდგომარეობის შექმნის საფრთხეს წარმოშობს. ვერტიკალური გაერთიანება კი, გულისხმობს იმ ფირმების გაერთიანებას, რომლებიც კონკრეტული საქონლის სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე ცალკეულ დარგებში საქმიანობენ. მაგალითად, ვერტიკალურ გაერთიანებას მიეკუთვნება ნავთობმომპოვებელი კომპანიების, გადამზიდავი-სატრანსპორტო კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი კომპანიებისა და საბითუმო/საცალო დისტრიბუციის სფეროში მომუშავე კომპანიების გაერთიანება. აღნიშნული პროცესიც, ბუნებრივია, ქმნის მათთვის სასურველი ფასის ფორმირების შესაძლებლობებს.
ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელების ირიბ მეთოდებს მიეკუთვნება სახელმწიფოს მიერ მცირე და საშუალო ფირმებისათვის ხელსაყრელი და უპირატესი საკანონმდებლო გარემოს შექმნას, რაც გულისხმობს მათთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმების, საბაჟო ტარიფებისა და ქვოტების, ლიცენზირების გამარტივებული პროცედურების დაწესებას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების ხელშემწყობი ასოციაციებისა და კოოპერატივების დაფუძნებას და სხვ.
ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მნიშვნელოვან ფუნდამენტს მოქნილი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნა წარმოადგენს. ამ მხრივ, აუცილებელია აღვნიშნოთ ამერიკული და ევროპული მოდელები, რომელთაც განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.
1890 წელს აშშ-ში მიიღეს შერმანის ანტიტრესტული კანონი, რომელიც მიმართული იყო ფასების ფიქსაციის, კარტელური შეთანხმებებისა და სხვა მსგავსი გარიგებების წინააღმდეგ. ძირითადი საკითხები ჩადებული იყო ამ კანონის პირველ ორ მუხლში.
1-ლი მუხლი: ”ნებისმიერი კონტრაქტი გაერთიანებული ტრესტის ან სხვა ფორმით, შეთანხმება, მიმართული რამდენიმე შტატსა ან უცხოურ სახელმწიფოს შორის ვაჭრობისა და კომერციის შეზღუდვისაკენ, გამოცხადდეს უკანონოდ. ყოველი პირი, რომელიც დადებს ნებისმიერ ასეთ კონტრაქტს ან გაერთიანდება ასეთივე ორგანიზაციასა თუ შეთანხმებაში, მიჩნეულ იქნეს დამნაშავედ და დაექვემდებაროს სასჯელს ჯარიმის სახით, არაუმეტეს 5 ათასი დოლარისა ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით, არაუმეტეს ერთი წლისა”.
მე-2 მუხლი: ”ყოველი პირი, რომელიც მონოპოლიზირებას მოახდენს ან შეეცდება მონოპოლიზირება მოახდინოს ან გაერთიანდება სხვა ნებისმიერ პირთან თუ პირთა ჯგუფთან, რამდენიმე შტატის ან უცხოური სახელმწიფოს შორის ვაჭრობისა და კომერციის ნებისმიერი ნაწილის მონოპოლიზირების მიზნით, მიჩნეულ იქნას დამნაშავედ”.
ამ კანონის შემდგომი მუხლები განსაზღვრავს სხვადასხვა პროცედურულ საკითხებს. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ოლქის პროკურორს უფლება აქვს, გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით აღძრას საქმე, ხოლო საოლქო სასამართლოებს უფლება აქვთ, განიხილონ ისინი სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სამართლის კანონდარღვევათა მიმართულებით.
ამ კანონის მოქმედების სივიწროვისა და შეზღუდულობის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, ვუდრო ვილსონმა 1914 წელს კონგრესისადმი თავის მიმართვაში აღნიშნა ანტიტრესტული კანონმდებლობის რეფორმირების აუცილებლობა. აღნიშნული წინადადების საფუძველზე, კონგრესმა 1914 წელს მიიღო ორი ახალი ანტიტრესტული კანონი: ”ფედერალური სავაჭრო კომისიის აქტი” და ”კლეიტონის აქტი”.
აშშ-ში ანტიტრესტული კანონმდებლბის დაცვას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო და ”ფედერალური სავაჭრო კომისიის აქტის” საფუძველზე შექმნილი ფედერალური სავაჭრო კომისია, რომლის ძირითადი მიზანია კონკურენციის დაცვა და ხელშეწყობა. აღნიშნული კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც აღჭურვილია სპეციალური უფლებებით ანტიტრესტული კანონმდებლობის გამოყენების, მონოპოლიების აღკვეთის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პრევენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. მას შეუძლია დაიწყოს კანონდარღვევათა ფაქტების გამოძიება, როგორც თავის ინიციატივით, ისე პრეზიდენტის, კონგრესის ან ოლქის პროკურორის ინიციატივითაც. კომისია უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და შედგება 5 უფლებამოსილი წევრისაგან, რომელთაც ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი კონგრესთან შეთანხმების შემდეგ.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ”შერმანის ანტიტრესტული კანონი”, ”კლეიტონის აქტი” და ”სავაჭრო კომისიის აქტი” მთლიანობაში ქმნიან აშშ-ის ანტიტრესტული პოლიტიკის ძირითად საკანონმდებლო ბაზას. დროთა განმავლობაში, ამ კანონმდებლობამ გარკვეული დამატებები განიცადა. მაგალითად, 1936 წელს მიღებულ იქნა ”რობინსონ-პატმანის აქტი”, ხოლო 1938 წელს ”უილერ-ლის აქტი”. პირველი აქტი მიღებულ იქნა წვრილი მეწარმეებისა და ვაჭრების ზეწოლის შედეგად, რომლებიც მოითხოვდნენ მსხვილი კომპანიების მიერ ფასების დისკრიმანაციის გამოყენების წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღებას.
1950 წელს მიღებულ იქნა ”სელერ-კეფოვერის აქტი”, რომელიც წარმოადგენდა შესწორებებს ”კლეიტონის აქტის” მე-7 ნაწილისა. საქმე იმაში იყო, რომ 1926 წელს სასამართლომ ერთ-ერთი საქმის განხილვისას განაცხადა: ”კონკურენტი ფირმების აქციების შეძენა არ წარმოადგენს ამ ორი ფირმის შერწყმა-გაერთიანებას”, რის გამოც ”კლეიტონის აქტით” განსაზღვრული პასუხისმგებლობები მათზე ვერ გავრცელდებოდა. ეს პრეცენდენტი დიდ გაურკვევლობას იწვევდა, როგორც იურისტებში, ისე მეწარმეებში. რის გამოც, ზემოაღნიშნულ აქტში პირდაპირ იყო მითითებული, რომ სავაჭრო კომისიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ არც ერთ კომპანიას არ აქვს უფლება შეისყიდოს, სრულად ან ნაწილობრივ, კონკურენტი ფირმის აქციები ან მისი აქტივები, თუკი ეს იწვევს ბაზარზე არსებული კონკურენციის დასუსტებას ან მონოპოლიზირებული მდგომარეობის შექმნას.
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამერიკული მოდელი ცალსახად მიმართულია იქითკენ, რომ კარტელური შეთანხმებების ან მონოპოლიური მდგომარეობის გამოვლენისას, მოახდინოს ამ კომპანიების პასუხისმგებლობის დაყენება კანონდარღვევათა სიმძიმის ადექვატურად. ამ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი იმის გარკვევა, იყენებდა თუ არა აღნიშნული კომპანია თავის მონოპოლიურ მდგომარეობას ფასების გაზრდის მიზნით.
ამ მხრივ, აშშ-ის კანონმდებლობისგან მკვეთრად განსხვავდება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ევროპული მოდელი. ევროკავშირის ანტიმონოპოლიური პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ არ დაუშვას ბაზრებზე კონკურენციის შესუსტება და ასევე, თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, შეამციროს სახელმწიფო პროტექციონიზმის შესაძლებლობები. ევროკავშირის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის პრინციპები და სამართლებრივი ასპექტები კონკურენციასთან მიმართებაში ჩადებულია მის სადამფუძნებლო შეთანხმებაში, მე-5 განყოფილება, მე-3 ნაწილი, ”კონკურენციის, დაბეგვრისა და კანონმდებლობის დაახლოების საერთო წესები”, თავი 1-ლი: ”კონკურენციის წესების” 85-ე, 86-ე, 91-ე და 92-ე მუხლები.
კერძოდ, 85-ე მუხლი კრძალავს ბაზრის შიგნით კონკურენციის შეზღუდვის ან გამოდევნის მიზნით, ნებისმიერი შეთანხმების დადებას. 86-ე მუხლი კრძალავს ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. 91-ე მუხლი განსაზღვრავს სამოქმედო ზომებს დემპინგური ქმედებების წინააღმდეგ. 92-ე მუხლი კრძალავს სახელწიფოს მხრიდან ნებისმიერი ტიპის დახმარებას კომპანიების ან დარგების მიმართ, თუკი ეს ცალკეულ პირთა უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების საშუალებით საფრთხეს უქმნის ბაზარზე კონკურენციის არსებობას.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას გაჩნია მძლავრი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომლითაც ბაზრებზე კონკურენციის განვითარებას უწყობენ ხელს, რაც, საბოლოო ჯამში, რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებასა და ეკონომიკის განვითარებაში ჰპოვებს ასახვას. აქვე აუცილებელია ვთქვათ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწილი ფორმით ჩამოყალიბებას. 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ”მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ”. ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გამტარებლის როლში კი გვევლინებოდა ”საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური”, რომელიც იმ დროინდელ მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებობდა, ხოლო 1997 წლიდან დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. 2005 წელს ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეკონომიკის სამინისტროსთნ არსებული ზემოაღნიშნული სამსახური გაუქმდა, მის ნაცვლად კი შეიქმნა ”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო”, რომელიც ინსტიტუციონალურად ბევრად უფრო სუსტ ორგანოს წარმოადგენდა. 2011 წლის დეკემბერში ”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო” და ”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო” გაერთიანდა და ეწოდა ”კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში, ამ მხრივ, ორი მთავარი რეკომენდაცია ჰქონდა, ყოფილიყო მკაფიო პოლიტიკა და მკაფიო კანონი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის შესახებ და მეორე, შექმნილიყო კონკურენციის სააგენტო, რომელიც კანონის დაცვაზე იქნებოდა პასუხისმგებელი. 2012 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, რომელიც წინა კანონისაგან განსხვავებით ძირითად აქცენტს ანტიმონოპოლიურ რეგულირებაზე აკეთებდა. თუ კომპანიას ბაზრის არანაკლებ 40% უკავია, ახალი კანონის მიხედვით, ის მონოპოლისტად ჩაითვლება. ასევე, კანონი კრძალავს ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, კონკურენტებს შორის შეთანმხებული ფასების დაწესებას და სახელმწიფოს მიერ რომელიმე ფირმის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას თუ იგი ზღუდავს კონკურენციას ან საფრთხეს უქმნის მას. აღნიშნული კანონის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებს საქართველოს მთავრობა ადგენს და პეროდულად გადახედავს მას. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც შეიძლება ბაზარზე დადგეს, თუკი აღნიშნულ საკითხებზე სააგენტოსადმი მიმართვა არ ყოფილა. ზემოთ აღნიშნული ბოლო ორი საკითხი ამ კანონის დიდ ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან, პირველ შემთხვევაში, მკაფიოდ იკვეთება ანტიმონოპოლიური პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს მთავრობაზე სააგენტოს დამოკიდებულების სიძლიერე, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქმე გვაქვს სააგენტოს მიერ პროცესებისადმი მონიტორინგის განხორციელების ინერტულობასთან, რადგანაც კანონში ცალსახად არ არის მითითებული სააგენტოს პასუხისმგებლობა ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შესუსტების შემთხვევაში.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ერთიან და კომპლექსურ შემუშავებას. აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც მოახდენენ მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის სტიმულირებას და მათ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას, რათა არ მოხდეს მსხვილი კომპანიების მიერ ბაზრის წილის კიდევ უფრო გამსხვილება და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. დღეისათვის საქართველოს მოქმედ კომპანიებს არა აქვთ ვალდებულება, რომ გამოაქვეყნონ თავიანთი ფინანსური უწყისები, რომელთა გამოქვეყნების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა გაგვეანალიზებინა, მათი პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია, ფასნამატი, მომგებიანობა, ბაზრის წილი და ა.შ. ამის შედეგად პასუხი გაეცემოდა ბევრ კითხვას, რომლებიც არსებობს საქართველოში მოღვაწე ნავთობკომპანიების, ფარმაცევტული კომპანიების, სარეკლამო კომპანიების თუ სხვათა მიმართ. მიუხევად ლიბერალი ეკონომისტების შეხედულებებისა და მათი არგუმენტებისა, ფაქტია, რომ მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს მძლავრი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურები. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა შეუქმნას ბაზრის მონაწილეებს თამაშის თანაბარი უფლებები და ”გარკვეულ პირთა” ვიწრო ინტერესების გამო, არ ჩააყენოს რომელიმე კომპანია უპირატეს მდგომარეობაში, რაც სავსებით ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს. ამ მხრივ კი, პირველ რიგში, ძლიერი პოლიტიკური ნებაა საჭირო.