რედაქტორისგან
ჯემალ ინაიშვილი
მსოფლიო ენერგეტიკულ ბიზნესში დიდი გადატრიალება ხდება. ბიოეთანოლმა სერიოზულად შეავიწროვა ბენზინი. უკვე აშშ-სა და ბრაზილიაში ბიოდიზელის, როგორც ალტერნატიული საწვავს, წარმოების მხრივ ევროპაში მოხმარებული საწვავის მესამედს მოიხმარენ. მართალია, ჯერ მინარევის სახით, მაგრამ ევროპაში სუფთა ბიოთანოლზე მომუშავე ძრავებიც შევიდა ექსპლოატაციაში. ამასთან “British Petroleum”-მა (BP) და მისმა კომპანიონებმა შექმნეს ბიოეთანოლის მეორე თაობის საწვავი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩნების, ბალახებისა და ცელულოზისაგან იწარმოება.
შეიძლება ითქვას, რომ ამ სანავთობო დაძაბულობის დროს ეს მიღწევა კაცობრიობას უნდა ამშვიდებდეს, მაგრამ შეიქმნა მეორე უდიდესი პრობლემა – გაიზარდა საკვები პროდუქტების მოხმარება, რასაც მოყვა მათი ფასების გაორმაგება მსოფლიო ბაზარზე. ეს უშუალოდ საქართველოსაც ეხება, თანაც ორივე მხრივ – ახალი საწვავის პერსპექტივების და სურსათზე ფასების ზრდა. ამიტომ ამ ნომრის ერთ-ერთი მთავარი თემაა სწორედ ბიოეთანოლი და ჩვენი ქვეყნის პერსექტივები (გვ.10).
საქართველოს სერიოზულ პრობლემად ინტერნეტ-ომი მოევლინა და განსაკუთრებით მოსახლეობაა აღშფოთებული ამ კომუნიკაციის მომსახურების ფასების ზრდით. რა ხდება საქართველოში საკომუნიკაციო ბაზარზე და როგორი იქნება კონკურენცია, როცა მონოპოლისტი ბაზარზე შესვლისათვის შეზღუდვებს აწესებს. მეორეს მხრივ უნდა დამთავრდეს ის ეპოქა, როცა სახელმწიფო საკუთრებაში ადრე არსებული ტელეკომის ხარჯზე მდიდრდებოდნენ კერძო ინტერნეტ-პროვაიდერები და ინვესტორს უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება. ეკონომიკისათვის კომუნიკაციები საარსებო მნიშვნელობისაა, მსოფლიოში ყველა ქვეყანა, მისი რეიტინგი ახლა ინტერნეტის ხარისხით ფასდება. ამიტომ გთავაზობთ დისკუსიას ინტერნეტ-პროვაიდერების ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც იმავდროულად ჩვენი ეკონომიკური პრობლემაცაა (გვ.30). მეტად აქტუალური ხდება ტურიზმის თემა და საერთოდ დასვენების ინდუსტრია საქართველოში. შთამბეჭდავია განახლებული ბათუმი თავის სერვის-ცენტრებით და სასტუმროებით. ტურიზმი, როგორც ეკონომიკური ფენომენი, ბევრ პრობლემას მოიცავს, რომელზეც გვინდა თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ (გვ.40).
ბიზნეს-ადმინისტრირების და მაგისტატურის პრობლემა წამყვანია ეკონომიკურ განათლებაში. მსოფლიოს ამ სფეროში უდიდესი გამოცდილება აქვს და საქართველო, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. ივლისში ახალი სამაგისტრო პროგრამები მიიღეს და უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა. ის დღეს საჯაროდ ვებგვერდზეა განთავსებული www.tsu.geზოგადად ამ 14 პროგრამის გადათვალიერებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რექტორი ბატონი გია ხუბუა და მისი გუნდი რთულ, მაგრამ საჭირო ნაბიჯებს დგამენ, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში ეკონომიკური განათლების მიღების პრობლემებზე მსჯელობას (გვ.19). ამასთან გთავაზობთ პროფესორ რეზო გველესიანის სტატიას ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. თეორიული მსჯელობა – დისკუსია ამ კუთხით დაეხმარება ბევრ პოლიტიკოსს თუ ეკონომისტს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში, მით უმეტეს ბატონ რეზოს ნაშრომში სრულადაა ასახული დასავლური გამოცდილება ამ კუთხით, ჩვენ კი იმ მიჯნაზე ვდგავართ, როცა ოპტიმალური ეკონომიკური პიოლიტიკის შექმნა და განხორციელება ჩვენი ქვეყნის წარმატების უპირველესი ამოცანა ხდება (გვ.86).
თქვენი ყურადღება, ძვირფასო მკითხველო, მინდა მივაქციო პროფესორ სოსო არჩვაძის სტატიას საშუალო კლასზე. ამ საკითხზე დისკუსია მეტად აქტუალური ხდება დღეს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. დიდი ხანია მსჯელობენ კრიტერიუმებზე, რითაც უნდა განისაზღვროს ჩვენთან საშუალო კლასი და საერთოდ მის როლზე ეკონომიკაში. მიმაჩნია, რომ დისკუსიის დაწყება ამ თემაზე დროულია და ვფიქრობთ, დაინტერესების შემთხვევაში შეიძლება კონფერენციის მოწყობა აზრების შესაჯერებლად და ოპტიმალური კრიტერიუმების შესარჩევად (გვ.35).
ტრადიციულად გთავაზობთ მსოფლიო ბაზრის მიმოხილვას და საქართველოს ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლებს ბევრ სხვა საინტერესო მასალებთან ერთად. იმედია, საზაფხულო შვებულების ხასიათს არ გაგიფუჭებთ ჩვენი მსჯელობები ეკონომიკურ პრობლემებზე და თუ ეს მოხდა, უმორჩილესად გთხოვთ მოგვიტევეთ, რადგან პრობლემებს ჩვენ არ ვქმნით, მხოლოდ ვსწავლობთ და ვცდილობთ მათი გადაწყვეტის გზები ვიპოვოთ თქვენთან ერთად.