სუამი – ეკონომიკური ინტეგრაციის გამოცდილება: პრობლემები და პერსპექტივები
პროფესორი ბესიკ ალადაშვილი
სუამი – ისტორია, მიზნები და რეალური შედეგები პოსტსაბჭოთა სივრცეში რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი და საინტერესო მაგალითია სუამ-ის გაერთიანება. ამჟამად სუამ-ი წარმოადგენს ოთხი ქვეყნისგან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) შემდგარ პოლიტიკურ-საკონსულტაციო გაერთიანებას.
სუამ-ს საფუძველი ჩაეყარა 1997 წლის 10 ოქტომბერს, როდესაც ქ. სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში, ამ სახელმწიფოთა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს. დოკუმენტში იმთავითვე დაფიქსირდა გაერთიანებაში შემავალი ოთხი ქვეყნის პოლიტიკური სიახლოვისა და პრაქტიკული თანამშრომლობის დონე, მათი პოზიციების თანხვედრა პოსტსაბჭოთა სივრცის საკვანძო საერთაშორისო პრობლემებთან. ოთხივე ქვეყნის ლიდერი ერთიანი იყო იმ საფრთხეებისა და რისკების შეფასებაში, რაც სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს როგორც საერთოევროპული, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ინტეგრაციის მიზანშეწონილობას ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში.
მოგვიანებით ნატო-ს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტის დროს (1999 წლის 24 აპრილი) სუამ-ის ჯგუფს უზბეკეთი შეუერთდა. გაფართოებულმა გაერთიანებამ მიიღო სახელწოდება – სუუამ-ი. ვაშინგტონში სუუამ-ის პრეზიდენტებმა მიიღეს განცხადება, სადაც აღინიშნა ამ გაერთიანების პრინციპები და მიდგომები. სუუამ-ის ამ ახალი ალიანსის ფორმირების საკმაოდ სწრაფი ტემპები მნიშვნელოვნად განაპირობა გაერთიანების ხუთივე ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების თანხვედრამ მთელ რიგ საკითხებში. მათ შორისაა: კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების ძიება, “დიდი აბრეშუმის გზის” გლობალური პროექტის რეალიზაცია, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფორმირება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და ა.შ.
2000 წლის 6 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს “ათასწლეულის სამიტზე”, სუუამ-ის სახელმწიფოთა ლიდერებმა სერიოზული ნაბიჯი გადადგეს გაერთიანების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით. პოსტსაბჭოთა “ხუთეულმა” მიიღო დოკუმენტი – “ნიუ-იორკის მემორანდუმი”, რითიც, ფაქტიურად, საფუძველი ჩაეყარა სუუამ-ის, როგორც რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესის დაწყებას. გარდა ამისა, ნიუ-იორკის მემორანდუმში საგანგებო ყურადღება დაეთმო ისტორიული “აბრეშუმის გზის” აღდგენის აუცილებლობას, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შავი ზღვისპირეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა თანამშრომლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვან ფაქტორს. ამ თვალსაზრისით, სუუამ-ის ქვეყნების საერთო პრიორიტეტად აღიარებულ იქნა “ევროპა-კავკასია-აზიის” სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირება, მისი ინფრასტრუქტურის განვითარება.(2)
სუამ-ის შემდგომი სტრუქტურული ცვლილება მოხდა 2001 წლის 6-7 ივნისს იალტაში გამართულ სუუამ-ის სამიტზე. ორგანიზაციის უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა სუუამ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა ყოველწლიური შეხვედრა, აღმასრულებელ ორგანოდ – საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო, ხოლო მუშა ორგანოდ სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტი დასახელდა. მიღებულ იქნა დასკვნითი კომუნიკე(3), ასევე სუუამ-ის საწესდებო დოკუმენტი – იალტის ქარტია. სუუამ-ის იალტის ქარტიაში აისახა წევრი ქვეყნების მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მკაფიოდ განისაზღვრა ორგანიზაციის სტრუქტურა, მიზნები და პრინციპები, სახელმწიფოთა ლიდერების და სხვა ხელმძღვანელი პირების შეხვედრათა ფორმატი და პერიოდულობა(4). უნდა აღვნიშნოთ, რომ იალტის სამიტმა საფუძველი ჩაუყარა სუუამ-ის მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის ახალ, უფრო მორიდებულ სტრატეგიას. წევრი ქვეყნების მეთაურები ცდილობდნენ არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური, ანუ არ გამოეწვიათ რუსეთის მკვეთრი გაღიზიანება და იმავდროულად ნელი ტემპებით წასულიყვნენ ინტეგრაციისკენ.
2004 წლის 23 სექტემბერს კიევში გაიმართა სუუამ-ის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის დამფუძნებელი სხდომა, სადაც მიღებულ იქნა დეკლარაცია სუუამ-ის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის შექმნის შესახებ, ასევე სუუამ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეის საპროცედურო წესი (საპარლამენტთაშორისი ასამბლეის პირველი სხდომა გაიმართა ქ. იალტაში 2005 წლის 27-29 მაისს).
სუამ-ის სამომავლო განვითარების კონტექსტში გადამწყვეტი იყო საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი “ხავერდოვანი რევოლუციები”, ასევე მოლდოვას რესპუბლიკაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები. ხაზი უნდა გაესვას, რომ “ვარდებისა” და “ნარინჯისფერი” რევოლუციების შემდგომ მოლდოვის პრეზიდენტმა ვორონინმა კვლავ შეცვალა რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულება და ცალსახად პროდასავლური პოლიტიკის გატარება დაიწყო.
ამ მოვლენების შედეგად გამოიკვეთა სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალიები, რამაც, თავის მხრივ, შექმნა ახალი შესაძლებლობები სუუამ-ის ფარგლებში ინტეგრაციული პროცესების გასააქტიურებლად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ფაქტორების გარდა, წინა პლანზე წამოიწია სუამ-ის პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოების თემა, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
2005 წლის მარტის დასაწყისში ქ. კიშინოვში შედგა სუამ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა. განიხილეს რეგიონის ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე ტერორიზმის, კონტრაბანდის, ტრეფიკინგის და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების გეგმები.
იმავე წლის 15-16 აპრილს ქ. კიევში გაიმართა სუუამ-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნებისა და ექსპერტების შეხვედრა, ხოლო ზუსტად ერთი კვირის შემდეგ (2005 წლის 22 აპრილს), ქ. კიშინოვში გაიმართა სუამ-ის სახელმწიფო მეთაურების სამიტი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა. სტუმრის სტატუსით შეხვედრას ესწრებოდნენ რუმინეთისა და ლიტვის პრეზიდენტები, ასევე აშშ-ის და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
სამიტზე მიღებულ და ხელმოწერილ იქნა: სუუამ-ის სამიტის კომუნიკე(5); აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, მოლდოვას, რუმინეთისა და უკრაინის სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი განცხადება; სუუამ-ის სახელმწიფო მეთაურების კიშინოვის დეკლარაცია “დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის”, სადაც დაფიქსირდა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
თავისუფალი სავაჭრო ზონის ფორმირება; წევრი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება – უპირველესად ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხო და ეფექტიანი მუშაობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დასავლეთ-აღმოსავლეთ რეგიონების ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციას, სატრანსპორტო-კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
მიუხედავად იმ პერიოდში სუუამ-ის განვითარებაში მიღწეული აშკარა პროგრესისა და ახალი პერსპექტივების აშკარად წარმოჩენისა, 2005 წლის მაისში უზბეკეთმა ოფიციალურად განაცხადა აღნიშნულ გაერთიანებაში უზბეკეთის მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ (სუუამ-ის სახელწოდება კვლავ გადაკეთდა და გახდა სუამ-ი). ხსენებული გადაწყვეტილება უზბეკეთის პრეზიდენტმა კრიმოვმა იმით ახსნა, რომ ბოლო დროს სუამ-ი გადაიქცა პოლიტიკურ-იდეოლოგიურ გაერთიანებად, ხოლო ეკონომიკურმა განზომილებამ უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში უზბეკეთი მეტად პასიურად მონაწილეობდა სუამ-ის ღონისძიებებში და მისი ამ გაერთიანებაში წევრობაც მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებდა.
2005 წლის 12 ივლისს ქ. კიშინოვში ჩატარდა სუამ-ის ეროვნულ-კოორდინატორთა კომიტეტის სხდომა, სადაც უკრაინის მხარემ წარმოადგინა ახალი ორგანიზაციის წესდების პროექტი.
2005 წლის 30-31 აგვისტოს ქ. კიევში გაიმართა სუამ-ის ქვეყნების ექსპერტთა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ახალი სუამ-ის საწესდებო დოკუმენტების პროექტები: წესდება, პროცედურული წესები, ფინანსური წესები და ორგანიზაციის სამდივნოს დებულება. 2005 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარდა სუამ-ის ეკონომიკური ფორუმი, სადაც განსახილველ საკითხთა ტრადიციული ჩამონათვალი არ შეცვლილა.
2006 წლის მაისში უკრაინის მხარე გამოვიდა ინიციატივით, რაც ითვალისწინებდა სუამ-ის გაერთიანებისათვის ახალი სახელწოდების დარქმევას – “თანამეგობრობა დემოკრატიისა და განვითარებისათვის”. ეს საკითხი აქტიური განხილვების შემდეგ მიღებულ იქნა. შეიქმნა სამდივნო (ამოქმედდა 2007 წლის 1 იანვრიდან) და საქმიანი საბჭო.
სუამ-ის საქმიანმა საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის რეალიზაციის, წევრი ქვეყნების საწარმოებს შორის კოოპერირებული კავშირების და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რეალურ ამოქმედებას, საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების, ეკონომიკური თანამშრომლობის და ინვესტიციების სფერობში ინფორმაციის გაცვლისთვის ხელშეწყობას.
2007 წლის 19 ივნისს ჩატარდა სუამ-ის წევრი ქვეყნების მეთაურთა შეხვედრა ბაქოში.
მიზნები
დამფუძნებელი დოკუმენტებით სუამ-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებად განისაზღვრა:
– მრავალმხრივი თანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების ფარგლებში;
– ურთიერთკავშირების გაფართოება ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს მეშვეობით და მონაწილეობა ნატო-ს პროგრამაში – “პარტნიორობა მშვიდობისათვის”;
– ურთიერთქმედება კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების მშვიდობიანი დარეგულირების სფეროში სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე;
– პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება სამშვიდობო პოტენციალის გამყარების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ბაზის საფუძველზე;
– ბრძოლა ეთნიკური შეუწყნარებლობის, სეპარატიზმის, რელიგიური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ; კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდების აღკვეთა;
– თანამშრომლობა “ევროპა-კავკასია-აზიის” სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რაც “დიდი აბრეშუმის გზის” აღორძინებას ისახავს მიზნად (ისტორიული “აბრეშუმის გზის” აღდგენის საკითხი მანამდე განხილულ იქნა 1998 წლის 7-8 სექტემბერს ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე);
– საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე რეგულარული კონსულტაციების გამართვა.
– თანამშრომლობა სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ვაჭრობის სფეროებში;
რეალური შედეგები
სუამ-მა სერიოზული ტრანსფორმაციის რთული ევოლუციური გზა განვლო, რაც ძირითადად განპირობებული იყო მისი ინსტიტუციონალიზაციის მცდელობის საკმაოდ აქტიური პროცესით (ინსტიტუციონალიზაციის მიმდინარე პროცესი მიზნად ისახავს სუამ-ის ჩამოყალიბებას ეფექტურ საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციად, თავისი მუდმივმოქმედი სამდივნოთი და ეკონომიკური ინტეგრაციის მძლავრი პერსპექტივებით).
მიუხედავად იმისა, რომ ხუთივე ქვეყნის ლიდერმა იალტის სამიტი აღიარა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი სუუამ-ის სისტემაში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ექსპერტთა და ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ამ მოსაზრებას სერიოზულად ეჭვსქვეშ აყენებს. ეს სკეპტიციზმი რამდენიმე ობიექტურ არგუმენტს ემყარება. კერძოდ, ყველა წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, იალტის ქარტიაში საერთოდ არ იყო საუბარი ერთობლივ სამშვიდობო საქმიანობაზე, ურთიერთდახმარების აუცილებლობაზე რეგიონული კონფლიქტების დარეგულირებისას, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გააქტიურებაზე. იალტის სამიტის მსვლელობისას, ხუთივე ქვეყნის ლიდერმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სუამ-ი ცალსახად ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
სუამ-ის იალტის სამიტმა გამოავლინა შემდეგი ტენდენციები:
1. შემცირდა თანამშრომლობის სფეროების ჩამონათვალი – მკაფიოდ გამოიკვეთა ეკონომიკური მიმართულების პრიორიტეტულობა (მხარეები კატეგორიულად შორს იყვნენ სუუამ-ის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურაში გარდაქმნის პერსპექტივისაგან). იმთავითვე გამოირიცხა რუსეთის ფედერაციასთან ან დსთ-თან რაიმე სახის დაპირისპირება;
2. სუუამ-ის ქვეყნებს შორის გამოვლინდა აზრთა არსებითი სხვადასხვაობა ძირითად ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით: თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფორმირება, სუუამ-ის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის დონე, სუუამ-ის შესაძლო გაფართოების პერსპექტივები.
სუამი და რუსეთი
ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ეჭვით შეხვდა ახალ კონსტრუქციას და მისი დაშლის გეგმების შედგენას შეუდგა.
1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში შექმნილ გაერთიანებას, რომელსაც თავიდან ძალზე მოკრძალებული (რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინა) პოლიტიკურ-საკონსულტაციო მიზნები ჰქონდა. იმ ეტაპზე საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობის ფართო ასპექტებს აერთიანებდა. ნათელი იყო, რომ ეს ახალი რეგიონული საერთაშორისო გაერთიანება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ მისი წევრი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვას ისახავდა მიზნად.
რუსეთის ხელისუფლება კი, როგორც ყოველთვის, სხვაგვარად ფიქრობდა, მაგრამ იმ პერიოდში აქტიური მოქმედებებისაგან უამრავი საშინაო პრობლემის გამო ვერ იცლიდა,
თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მკაფიოდ აფიქსირებდა. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც 1997 წლის 17 დეკემბერსაა დამტკიცებული, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენის შესუსტება ეროვნული ინტერესების რეალიზაციის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედაა დასახელებული.
რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეტად ხისტი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარება დაიწყო. მას აღიზიანებდა ნატო – სუამ-ის თვით ჩანასახოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციაც კი.
პირველად სერიოზული ზეწოლა უკრაინის პრეზიდენტზე განხორციელდა – რეალური თუ მოგონილი კომპრომატების გამოყენების შემდეგ. შედეგმაც არ დააყოვნა. 2001 წლის 6-7 ივნისს, იალტაში გამართულ სუუამ-ის სამიტზე ძალზე შეშინებულმა და დამფრთხალმა უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა: ნუ გავხდით ამ გაერთიანებას სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად, მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე ვიმსჯელოთო. უკანდახევის პოლიტიკაში ქართველი კოლეგაც დაეთანხმა – სუამ-ი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართულიო. მოკლედ ერთმანეთს ასწრებდნენ, რათა რუსეთისთვის ერთგულება დაედასტურებინათ. ამის გამო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იალტის სამიტი იყო სერიოზული უკან დახევა სუუამ-ის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხებში. იქ მიღებულ იალტის ქარტიაში საერთოდ აღარაა ნახსენები ერთობლივი სამშვიდობო საქმიანობა, ურთიერთდახმარების აუცილებლობა რეგიონული კონფლიქტების დარეგულირებისას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გააქტიურება. უფრო მეტიც, გაჩნდა წინააღმდეგობა მანამდე უკვე შეთანხმებული საკითხების, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფორმირების ირგვლივ. 2003 წლის მაისში რუსეთმა სუუამ-ის საპირწონედ დსთ-ს ექვსი ქვეყნის (რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყნების ორგანიზაცია შექმნა, თან სამხედრო კომპონენტი – სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალებიც იურიდიულად გააფორმა.
რუსეთის საგარეო-პოლიტიკურმა და სპეციალურმა სტრუქტურებმა მომავალ წლებში ღია და ფარული ზეწოლის მეთოდების გამოყენებით შეძლეს 2005 წელს სუუამ-ის სტრუქტურებიდან უზბეკეთის გამოკლება.
უეჭველია – ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუციები, ასევე მოლდოვას კარდინალური შემობრუნება დასავლეთისკენ რომ არა, სუამ-ი აქამდე არ იარსებებდა.
რუსეთს ყოველგვარი კონკურენტი თუ უბრალოდ ალტერნატიული საერთაშორისო გაერთიანებებისადმი (რომლებიც მასში შემავალი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ოდნავ თუ მაინც ითვალისწინებს) ალერგია საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით ერგო. რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენა-შენარჩუნებას უკავია. ისინი საკმაოდ სრულ ინფორმაციას ფლობენ ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური, ეკოლოგიური და ა.შ. პრობლემების შესახებ, აანალიზებენ მას და შემდეგ კონკრეტულ გეგმებს ადგენენ.
მათი მთავარი სამიზნე ის ყოფილი რესპუბლიკებია, რომლებიც ცდილობენ სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის იმპერიული მზრუნველობისგან დისტანცირებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებას.
მიუხედავად სუამ-ის სახელმწიფოთა პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა, რუსეთის ფაქტორი მაინც რჩება, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ორგანიზაციის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. ეს თეზისი კიდევ უფრო სარწმუნო ხდება, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სამხედრო ყოფნას გაერთიანების სამ წევრ ქვეყანაში, კერძოდ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში (ყირიმის ნახევარკუნძულის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში დღემდე რუსეთის სამხედრო ფლოტია ბაზირებული). მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ რუსეთი უშუალოდ მონაწილეობს სუამ-ის სივრცეში არსებული კონფლიქტების (დნეპრისპირეთი, მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) დარეგულირების პროცესში.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში რუსეთმა განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სუამ-ის წევრი ქვეყნების სტრატეგიულ დარგებში.
ფაქტია, რომ, რუსეთი დღემდე ინარჩუნებს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სერიოზულ ბერკეტებს სუამ-ის თითოეულ წევრ ქვეყანაში.
ზოგიერთი რუსი ექსპერტის აზრით, სუამ-ის გაერთიანება წარმოადგენს ერთგვარ ალტერნატივას, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის ინტერესების საპირისპიროდ, რადგან რუსეთი ცდილობს ითამაშოს ცენტრალური როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში. ფაქტია, რომ დსთ-ის ტერიტორიაზე არსებულ პრაქტიკულად ყველა “ცხელ წერტილში” რუსეთი კვლავაც რჩება ტრადიციული იმპერიული ინტერესების ერთგული. იხანგრძლივებს რა თავის სამხედრო-პოლიტიკურ ყოფნას კონფლიქტის ზონებში, რუსეთის ფედერაცია ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი პოლიტიკური გავლენა და მონოპოლიური მდგომარეობა ამ ქვეყნების ენერგორესურსების ბაზარზე. ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის იდეის რეალიზაცია და კასპიის ნავთობის საქართველოსა და უკრაინის გავლით ტრანზიტი მნიშვნელოვნად შეამცირებდა რუსეთის ნავთობისა და გაზის კორპორაციების პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე. ვინაიდან ტრანსკავკასიური პროექტების განხორციელებას შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას რეგიონის არასტაბილურობამ, რუსეთი არ არის დაინტერესებული გაყინული კონფლიქტების მოგვარებით დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მოსკოვი ასევე დაინტერესებულია არასტაბილურობის მუდმივი ზონის არსებობით ყირიმში.
სუამ-ი პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე
სუამ-ის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს გარეშე ფაქტორები. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შავი ზღვა-კასპიისპირეთის რეგიონი წარმოადგენს მსოფლიოს გავლენიანი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ევროკავშირი) გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების გზაჯვარედინს. 2001 წლის მაისში გამოქვეყნდა აშშ-ის ნაციონალური ენერგეტიკული პოლიტიკის საფუძვლები, საიდანაც ნათლად ჩანს აშშ-ის მისწრაფება გააძლიეროს თავისი ეკონომიკური მონაწილეობა კასპიის რეგიონში საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად და დსთ-ის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის მონოპოლისტური პოზიციის შესაზღუდავად. აშშ აქტიურად ლობირებდა ენერგეტიკულ პროექტებს: “ბაქო-სუფსას”, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს” და “ბაქო-თბილისი-ერზრუმს”, ინარჩუნებდა რა ემბარგოს ირანის წინააღმდეგ. მსგავსი პოლიტიკა მიზნად ისახავს რუსეთისათვის კონკურენციის გაწევას კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებაში, ასევე თურქეთის, როგორც რეგიონში აშშ-ის მოკავშირის მხარდაჭერას. ამერიკის ფაქტორს უდაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს სუამ-ის ინტერესთა ზონაში უსაფრთხოების გასამყარებლად, რადგან ვაშინგტონი სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონის სიტუაციაზე როგორც უშუალოდ, ისე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.
შექმნილ ვითარებაში სუამ-ის ქვეყნებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ხელი შეუწყონ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მათთვის მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა საუბარი სუამ-ის წევრი ქვეყნების საერთო პოზიციების ეფექტურ ტრანსფორმაციაზე რაიმე სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ შედეგებში ჯერ ნაადრევია. სუამ-ის ინიციატივების რეალიზაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ში, ხშირად ფერხდება იმის გამო, რომ გაერთიანების არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია გავლენის რეალური ბერკეტი ამ ორგანიზაციათა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
სუამ-ის ინსტიტუციური პრობლემები
მიუხედავად საკმაოდ მდიდარი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზისა ორმხრივი ურთიერთობის დონეზე (რაც პრაქტიკულად მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს და ასეულობით დოკუმენტს ითვლის), სუამ-ის მრავალმხრივი თანამშრომლობის ამსახველი ნორმატიული ბაზა ჯერ კიდევ საკმაოდ მწირია და ძირითადად “ჩარჩო” დოკუმენტებით შემოიფარგლება, რაც, თავის მხრივ, შემდგომ უნდა დაკონკრეტდეს.
სწორედ ინსტიტუციური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა სუამ-ის საბაჟო და სასაზღვრო პროექტების რეალიზაციის დაწყება.
ტრასეკა-ს დერეფანში შემავალი ქვეყნების განსხვავებული საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა, არაკოორდინირებული სატარიფო პოლიტიკა, საზღვრებზე განლაგებული სამსახურების კოორდინაციის დაბალი დონე და არსებული ტექნიკური აღჭურვილობის უხარისხობა, ჯერ-ჯერობით ტრასეკა-ს სატრანსპორტო დერეფანს არაკონკურენტუნარიანს ხდის. 2007 წელს სუამ-ის ორგანიზაციის ბიუჯეტის დროული დამტკიცება შეფერხდა წევრი ქვეყნების ეროვნული ბიუჯეტების მიუღებლობის გამო. ამ გარემოებამ შეაფერხა საერთაშორისო სამდივნოს ამოქმედება.
მიუხედავად მთელი რიგი დადებითი მომენტებისა, სუამ-ს ჯერ კიდევ ბევრი ინსტიტუციური პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. მათ შორის ერთ-ერთია ამ გაერთიანების სამართალდამცავი სტრუქტურების და სპეცსამსახურების თანამშრომლობა საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად.
დღეისათვის სუამ-ი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია დე-იურე არ არსებობს. რადგანაც არაა რატიფიცირებული შესაბამისი დოკუმენტები. მხოლოდ საქართველომ და აზერბაიჯანმა დაასრულეს რატიფიკაციის პროცესი. 2007 წლის მაისის ბოლომდე უკრაინას და მოლდოვას უნდა მოეხდინა რატიფიკაცია. მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდებოდა ოფიციალურად კიევში საერთაშორისო სამდივნო და შეიქმნება სამართლებრივი ბაზა სუამ-ის გაფართოებისთვის. თუმცა უკრაინაში არსებული დაძაბული შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო ეს პროცესი შეფერხდა.
ეკონომიკური ინტეგრაციის პრობლემები
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის “დიდი აბრეშუმის გზის” რეგიონის უსაფრთხოებას, არის აგრესიული სეპარატიზმი და დაურეგულირებელი კონფლიქტები.
მიუხედავდ სუუამ-ის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის აუცილებლობის თაობაზე ქართული და უკარაინული მხარეების არაერთი განცხადებისა, უზბეკეთის პრეზიდენტი აღნიშნული საკითხის განხილვას ნაადრევად მიიჩნევდა. ურთიერთგამომრიცხავი იყო საქართველოსა და მოლდოვას პოზიციები სუუამ-ის შესაძლო გაფართოვებასთან დაკავშირებით. იალტის სამიტზე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა სუუამ-ის გაფართოვების ინიციატივით რუმინეთისა და ბულგარეთის ხარჯზე. ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტმა ვორონინმა სუუამ-ში რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა და კოლეგებს დსთ-თან და ევროაზიულ ეკონომიკურ თანამეგობრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. 2006 წლის ბოლოს კი მოლდავეთმა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ შესძლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის განახლება ამ ქვეყანაში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვორონინის აქტიურობა მკვეთრად დაეცა.
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2005 წელს დაწყებულმა ეკონომიკურმა ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი სუამ-ის ქვეყნებთან. 2006 წელს, 2004 წელთან შედარებით, უკრაინიდან იმპორტი 2-ჯერ და მეტად, ხოლო ამ ქვეყანაში ექსპორტი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. აზერბაიჯანთან მიმართებაში ეს მაჩვენებლები თითქმის ანალოგიურ დინამიკაშია, ხოლო მოლდოვასთან ორივე მაჩვენებელი ამავე პერიოდში 2-ჯერ გაიზარდა. სამწუხაროდ ექსპორტ-იმპორტის მოცულობის ზრდა სუამ-ის წევრ ქვეყნებთან მიღწეულია არა ამ გაერთიანების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებით და წლების მანძილზე მიღებული შეთანხმებების ამოქმედებით, არამედ უპირველესად რუსეთის, როგორც სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავარი სავაჭრო პარტნიორის მიერ ეკონომიკური სანქციების გამოყენებით.
მოცემულ ეტაპზე, სუამ-ის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური დიალოგი პრაქტიკულ შედეგებამდე მივიდეს, პირველ რიგში, ეკონომიკის სფეროში. სამწუხაროდ, ეკონომიკური ინტეგრაციის ამჟამინდელი დონე სუამ-ის სისტემაში არ არის საკმარისი. სუამ-ის საგარეო ეკონომიკური კავშირების უმნიშვნელო პოტენციალი განპირობებულია თითოეული წევრი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი დონით.
ამავე დროს უკრაინის პოლიტიკურ და სახელისუფლებო წრეებში არსებობს აზრი, რომ სუამ-ის სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის ზონის რეალური ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის სოფლის მეურნეობის დარგზე. მათი აზრით, ქართული და მოლდოვური შედარებით იაფი ანალოგიური პროდუქცია, დაიპყრობს უკრაინულ ბაზარს.
ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივები
1. ენერგეტიკული უსაფრთხოება
სუამ-ის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს ენერგეტიკის უსაფრთხოება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო დერეფნის ახალი მარშრუტების ამოქმედება.
ცნობილია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედია: 1. ენერგეტიკული რესურსების მწარმოებლების, სატრანზიტო ქვეყნების და მომხმარებლების ინტერესთა თანხვედრა, 2. ენერგო წყაროების და ენერგორესურსების ტრანსპორტირების არხების დივერსიფიცირება.
ეს უპირველესი მიზანი და პერსპექტივაა. მისი შესრულება სავსებით რეალურია, რადგან სუამ-ის ყველა წევრ ქვეყანას, ისევე, როგორც შავი ზღვა-კასპიისპირეთის რეგიონის სხვა სახელმწიფოებს, გააჩნიათ სერიოზული ინტერესები ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და ევროპაში ტრანსპორტირების თვალსაზრისით. თავისი გეოეკონომიკური მნიშვნელობით, ევრო-აზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფანი მიეკუთვნება სტრატეგიული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული პროექტების რიცხვს, რომლის ფარგლებშიც სუამ-ის თითოეული ქვეყანა შეძლებდა საკუთარი ინტერესების მეტ-ნაკლებად რეალიზაციას ენერგეტიკის სფეროში. ამ პროექტის განხორციელება საგრძნობლად შეამცირებს სუამ-ის ქვეყნების ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე და ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
უკრაინის “ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ გამოიკვეთა ახალი პერსპექტივები ევრო-აზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის უკრაინული ნაწილის რეალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა, შემდგომ წლებში ამ მიზნის სისრულეში მოსაყვანად უკრაინის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს. ამასთან, აღნიშნული სანავთობო დერეფნის ასამოქმედებლად აუცილებელია რეგიონის მესამე კონკურენტი ქვეყნების (უპირველესად რუსეთის) ინტერესების გათვალისწინებაც. გარდა ამისა, უკრაინა გეგმავს ელექტროენერგია მიაწოდოს ცენტრალური კავკასიის რეგიონს.
იმ შემთხვევაში, თუ სუამ-ის ქვეყნები წარმატებით გაართმევენ თავს ერთობლივი მსხვილი პროექტების რეალიზაციას ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში საერთო ინტერესების დაცვის საკითხიც (სამხედრო საფრთხის თავიდან ასაცილებლად). ასეთ შემთხვევაში, სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატსა და მასშტაბებს უშუალოდ სუამ-ის წევრებთან ერთად, ზემოაღნიშნული პროექტების დანარჩენი მონაწილეები და შავი ზღვა-კასპიისპირეთის რეგიონით დაინტერესებული სხვა სახელმწიფოებიც განსაზღვრავენ. რაც შეეხება მრავალმხრივ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში, ეს კომპონენტი თავის დროზე ვერ აისახა სუამ-ის იალტის ქარტიის (2001 წლის 6-7 ივნისი) ძირითად მიმართულებებში, მთელი რიგი შიდა და გარეშე ფაქტორების გამო. სუამ-ის წევრი ქვეყნების კონტაქტები სამხედრო-პოლიტიკურ დონეზე, ისევე, როგორც სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ამ ეტაპზე გასულია გაერთიანების ფარგლებიდან. მიუხედავად ამისა, წინაპირობები სამხედრო სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის არსებობს.
2. თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში: სუამი და ტრასეკა-ს პროექტი
“ევროპულ ფაქტორს” დიდი მნიშვნელობა აქვს სუამ-ის განვითარებაში – არსებითად, ევრო-აზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის რეალიზაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევროპული ტრასეკა-ს პროექტის შემადგენელი ნაწილი. თუმცა დღესდღეობით, ნაკლებად ინტენსიური ხასიათი აქვს ევროპული სტრუქტურების მხრიდან სუამ-ის მიმართ ეფექტურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, საინვესტიციო დახმარებას თუნდაც სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციაში. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. დღეს დასავლეთ ევროპის მთავარი ამოცანაა ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება, რის გამოც სუამ-ის რეგიონული გაერთიანების მხარდაჭერა, როგორც ჩანს, არ შედის ევროპის წამყვანი ქვეყნების პრიორიტეტებში. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირისა და რუსეთის დაახლოების პროცესი ენერგეტიკის სფეროში.
2005 წლის 21-22 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართა ტრასეკა-ს მინისტრთა მეოთხე კონფერენცია, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას მონაწილე ქვეყნების მიერ სამდივნოს სრულყოფილად დაფინანსების შესახებ. პრაქტიკულად აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით, ტრასეკა ხდება დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რაც პროექტის მონაწილე ქვეყნებს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.
3. ნაბუკო – მომავლის პროექტი
ეს პროექტი ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა და ითვალისწინებს კასპიის ზღვის აუზის ნავთობის და გაზის რესურსების ევროპაში ტრანსპორტირებას. პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე რეალურია სატრანსპორტო მაგისტრალმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს.
2007 წლის 7 თებერვალს საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს თბილისის დეკლარაციას, სადაც გამოთქმულია ყოველმხრივი მხარდაჭერის სურვილი ნაბუკოს ასამოქმედებლად.
ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამ პროექტს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ცენტრალური კავკასიის და შუა აზიის რეგიონებში.
სუამ-ი ახალი რეალიებისა და გამოწვევების წინაშე
სუამ-ისთვის სახელწოდების შეცვლასთან ერთად საჭიროა მოქმედებების ტემპების დაჩქარებაც. აუცილებელია სუამ-ის ინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული დასრულება და შესაბამისი საწესდებო დოკუმენტების მომზადება და რატიფიცირება, რათა აღნიშნული გაერთიანება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია, ეფექტურად მოქმედი მუდმივი სამდივნოთი. ახალი ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობა უნდა წარიმართოს სამი ძირითადი მიმართულებით: 1) ეკონომიკა; 2) უსაფრთხოება; 3) დემოკრატიის განვითარებისათვის ხელშეწყობა.
მნიშვნელოვანია სუამ-ის საქმიანობის გააქტიურება უსაფრთხოების სფეროში და მისი შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ჩამოყალიბება. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტების განვითარება და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქმე ეხება ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს, რომლებიც ამ რეგიონზე გადის და, ევროკავშირს აკავშირებენ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროექტების იმპლემენტაცია, რომლებიც უკავშირდება: ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკებისა და დანაშაულის სხვა სახიფათო სახეობებთან ბრძოლის სუამ-ის ვირტუალური ცენტრისა და სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის შექმნას, ასევე სუამ-აშშ-ის თანამშრომლობის პროექტის – “ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის ხელშეწყობა” – დროულ განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
დღევანდელ ეტაპზე, გაერთიანების ოთხივე ქვეყნის ლიდერი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა მიზნებს და ფუნქციებს უნდა ისახავდეს აღნიშნული რეგიონული ორგანიზაცია პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. რაც შეეხება თანამშრომლობის სამხედრო შემადგენელს, მოსაფიქრებელია, თუ კონკრეტულად რასთან იქნება ეს დაკავშირებული. წინა წლებში იყო მცდელობები, რომ სამხედრო შემადგენელი დაეკავშირებინათ ენერგომატარებელების ტრანზიტთან (სუუამ-ის ქვეყნების გავლით) ან სუამ-ის ფარგლებში ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნასთან. ამჟამად, მოსაფიქრებელია რამდენიმე ახალი ალტერნატიული ვარიანტი, რაც სერიოზული შესწავლისა და განხილვის საგანი უნდა გახდეს ორგანიზაციის აბსოლუტურად ყველა წევრის მხრიდან. რეგიონული უსაფრთხოების გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, სასურველი იქნება, თუ მომავალში სუამ-ის თანამეგობრობაში მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარიმართება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მჭიდრო ურთიერთობების კონტექსტში. ამ ამოცანის შესრულება, თავის მხრივ, დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი აშშ-ის აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს.
სუამ-ის წევრი ქვეყნებიდან, მეტ-ნაკლებად ყველას ემუქრება სეპარატიზმის, საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესის, ორგანიზებული დანაშაულის, ჰუმანიტარული თუ ტექნოგენური კატასტროფების საფრთხე. ამიტომაც, თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა უნდა იქცეს. მასშტაბური პროექტების რეალიზაცია უსაფრთხოების სუბრეგიონული სტრუქტურების ფორმირებას მოითხოვს, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს მოქმედებათა საერთო სტრატეგიის შემუშავებას და ამ სფეროში თანამშრომლობის საერთო პლატფორმის ჩამოყალიბებას, რეგიონის ყველა სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების საფუძველზე.
სუამ-ის ბაზაზე შექმნილ ახალ თანამეგობრობას იმის პოტენციალი გააჩნია, რომ ითამაშოს სერიოზული როლი შავი ზღვის-კასპიისპირეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. ამისათვის, ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა მოახერხონ შიდა რესურსების მაქსიმალური მობილიზება და რეგიონული თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, რაც დაარწმუნებს სხვა სახელმწიფოებს “ოთხეულის” სიცოცხლისუნარიანობაში. ახალმა სუამ-მა უნდა გააძლიეროს თავის პოზიციები საერთაშორისო არენაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად გააღრმავებს ინტეგრაციულ პროცესებს გაერთიანების სისტემაში.
სუამ-ის გაფართოების პერსპექტივები
ინსტუტიციური პრობლემების გადაჭრის შემდეგ შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნება სუამ-ის გაფართოება და მონაწილე ქვეყანათა რაოდენობის გაზრდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუმინეთი და ბულგარეთი დამკვირვებლის სტატუსით უკვე მონაწილეობდნენ გაერთიანების მუშაობაში. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული და კონკრეტული დაინტერესება ბალტიისპირეთის ქვეყნების და თურქეთის მხრიდან. სუამ-ის საქმიანობით დაინტერესდნენ აგრეთვე ყაზახეთი, იაპონია და ჩინეთი.
რა ბედი ელის სუამ-ს?
საუბარი სუამ-ის წევრი ქვეყნების საერთო პოზიციების ეფექტურ ტრანსფორმაციაზე რაიმე სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ შედეგებში ჯერ ნაადრევია. სუამ-ის ინიციატივების რეალიზაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ში, ფერხდება იმის გამო, რომ გაერთიანების არც ერთ ქვეყანას ჯერ-ჯერობით არ გააჩნია გავლენის რეალური ბერკეტი ამ ორგანიზაციათა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მეტად დიდ უარყოფით მუხტს ატარებს რუსეთის არაპარტნიორული განწყობა სუამ-ის მიმართ.
2006 წლის მაისის ბოლოს კიევის სამიტზე მიღებული პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილების უცილობელმა შესრულებამ, ახალი იმპულსი უნდა მისცეს წლების მანძილზე ღრმა სტაგნაციაში მყოფ ორგანიზაციას.
ამჟამად სუამ-ი თავისი არსებობის საკმაოდ საინტერესო ეტაპზეა. მისი შემდგომი განვითარება, ერთის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი წარმატებით დასრულება ოთხივე წევრ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და ეკონომიკური რეფორმები, ხოლო, მეორეს მხრივ, სუამ-ის საბაზო პროექტების რეალიზაცია (შიდა რესურსების შეზღუდულობის პირობებში) მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია დასავლეთის გავლენიანი სახელმწიფოების, განსაკუთრებით, აშშ-ის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
პირველ რიგში, აუცილებელია სუამ-ის ინსტიტუციონალიზაციის დროული დასრულება, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მომავალი ეკონომიკური პროექტებისათვის დაფინანსების წყაროების მოზიდვას. ასევე აუცილებელია, რომ ახალი სუამ-ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ეკონომიკურ მიმართულებაზე, რაც პერსპექტივაში შესაძლებლობას მოგვცემს უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ეკონომიკური პოტენციალი და მდიდარი ბუნებრივი რესურსები სუამ-ის ფარგლებში კონკრეტული პროექტების რეალიზაციაში.
ჩვენი თანამშრომლობა უნდა ემსახურებოდეს სუამ-ის ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, არსებული სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას. ამისათვის აუცილებელია შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკის გატარება, სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების გამარტივება.
ასევე პრიორიტეტული უნდა გახდეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა სუამ-ის უსაფრთხოების კოლეჯის შექმნა (ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად), ამასთან სუამ-ის ერთობლივი ბატალიონის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სუამ-ის ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, კადრების მომზადებას და საერთო უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციას. შეიძლება ბალტიის ქვეყნების გამოცდილების აქტიური გამოყენებაც. ეს კი სუამ-ის შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს.