რედაქტორისაგან
ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია
რა გვიხარია? – იმედი?!
დეკემბრის შუა რიცხვებიდან უცნაური, ჩვეული ფუსფუსი გვეწყება. ყოველდღიურ ყოფით საზრუნავს, ახალი, დამატებითი შტრიხი ემატება – ჩვენ საახალწლო სამზადისს ვიწყებთ. სული გვიფორიაქდება, რაღაცას გულის კანკალით ველოდებით, ვბუზღუნებთ, ვხრჭიალებთ და მაინც ნეტარებით ველით მის მობრძანებას. გვიხარია ახალი წელი რომ მოდის, თოვლიც კოკისპირულად ბარდნის და ყინვაც ცუგა ძაღლივით ერთგულად წკმუტუნებს ჩვენს კარებთან მოცლილობის ჟამს ბევრჯერ შეუწუხებივარ ფიქრს იმის შესახებ, თუ რა და რატომ გვიხარია.
თუმცა, პასუხი დღემდე ვერ მიპოვია. რამდენჯერ მინახავს, 31 დეკემბერს, საათის ისრები თორმეტისკენ აღმართს რომ შეუდგებიან, როგორი აჩქარებული ტემპით მიდიან ადამიანები სახლისკენ. გეგონება რაღაცას ან ვიღაცას გაურბიანო, თანაც უკან არ იხედებიან გეგონება განვლილი გზის დანახვა და გახსენება ზარავთ, სახლისკენ ნერვიული ნაბიჯებით მიეშურებიან ისე, თითქოს სამოთხეში შეაღებენ კარებს, სადაც ყველა ოცნება და მათი პრობლემები ერთიანად მოგვარდება და ასრულდება. და მაინც, რატომ გვიხარია ახალი წელი?
იმიტომ ხომ არა, რომ იმედი გვაქვს:
ახალი ათვლის წერტილი დაიწყება და გუშინდელი პრობლემები მოგვარდება, სამყარო შეიცვლება და გარეწარი, რომელიც ქურდობით და ყაჩაღობით ცხოვრობს, წესიერი გახდება;
იმედი გვაქვს, მკვლელი აღარ მოკლავს და კაცის გამტაცებელი ოჯახებს არ გააუბედურებს;
მამის მოღალატე შვილი, იგივეს აღარ ჩაიდენს და მონანიებით ღვთის გზას შეუდგება;
ინტრიგანი მეზობელი და შხამიანი სიდედრი ანგელოზები გახდებიან;
მთავრობა ტყუილების ფრქვევას თავს დაანებებს და ქვეყნისთვის რამე სასიკეთოს გააკეთებს;
“პაგონიანები” ტყუილ-უბრალოდ არ დაჩაგრავენ და გაძარცვავენ ადამიანებს. მოსამართლეები კი ფოჩიან კანფეტებზე არ გაყიდიან სამართალს;
დიდ ქვეყნებს პატარა ქვეყნები შეეცოდებათ, ტერიტორიებს დაუბრუნებენ და აღარ დაბომბავენ, ჯარს გაუძლიერებენ და ვალებს აპატიებენ;
არჩევნები, რომელიც ყოველთვის ფარსი იყო, ოდესმე სამართლიანად ჩატარდება;
დემაგოგებს შერცხვებათ, გამოსწორდებიან და სიმართლის ღაღადს დაიწყებენ;
უპატრონოებს პატრონი გამოუჩნდებათ და სამართალს იპოვნიან;
ნარკომანებს იმედი გაუჩნდებათ, რომ ახალი წლიდან აღარ “გაიკეთებენ”, პუტკუნები დიეტაზე დადგებიან, ბოზები არ იბოზებენ, ქურდები არ მოიპარავენ, ღარიბები კი გამდიდრდებიან;
შეყვარებული სიყვარულითვე გიპასუხებს, ვისაც უყვარს, არ დაკარგავს, ვისაც არ ჰყავს, ის იპოვის;
შუქი ახლა მაინც გვექნება და არც უგაზობა შეგვაწუხებს;
ეკონომიკა აყვავდება და ხელფასებსაც მოგვიმატებენ (თანაც ხუთჯერ);
და საერთოდ, სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე;
გამოდის, იმედი გვიხარია, მხოლოდ იმედი! არადა ეს ახალი წელი ისეთივე თვის პირველი რიცხვია როგორც სხვა დანარჩენი, ისეთივე მირაჟია როგორც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება, ან პოლიტიკოსის დემაგოგისგან და ხალხის დაბოლობისგან (?) განწმენდა და თვით ახალი წლის “ღამის ზღაპარი”.
მაშ, რა გვიხარია? იმედი, რომელსაც საპნის ბუშტივით, ერთი ღამით თვითონ რუდუნებით ვბერავთ და მეორე დილით ასევე რუდუნებუთ ვფუშავთ, რადგან ცხოვრების ბორბალი ისევ ისე ტრიალებს და წუთისოფელი ჩვეული რიხინით მიგვაგორებს სიმწრის შუკაზე.
თავს ვიტყუებთ ამ ჩვენი იმედებით, თორემ კარგად ვიცით, რომ ბოროტება სიკეთეზე უფრო ძლიერია, ამ დუნიაზე წესიერ, კეთილ კაცს ყოველთვის უჭირს, ქვეყანა ყაჩაღებს, ბანდიტებს, ბოროტებს, სასტიკებს, ბოზებს და პოლიტიკოსებს ეკუთვნის, დანარჩენები მხოლოდ დეკორაციისთვის და საჯიჯგნად სჭირდებათ, მაგრამ, ეტყობა, იმედი და თავის მოტყუება საახალწლო გოზინაყივით ტკბილია. ალბათ, ამიტომაც გვიხარია, თორემ, ამათ და ამ ცხოვრებას აბა რა გამოასწორებს? რახან ასეა, გილოცავთ ახალ წელს, გქონდეთ იმედი, ესღა შეგვრჩა უფასოდ. ეს მაინც ალალი და უსაყვედუროა, როგორც საშობაო უხვთოვლობა.
გილოცავ შობა ახალ წელს ჩემო მკითხველო და მე კი შენგან განსხვავებით ერთი იმედი მაქვს დამატებით, იმედი იმის, რომ მომავალ წელსაც წაიკითხავთ ამ ჟურნალს, გამოიწერთ მას და ერთად გავიხარებთ იმედით, რადგან მეც მიხარია, მეც მაქვს იმედი და ღმერთმა ქნას აგვისრულდეს თქვენც და ჩვენც. თუ არ აგვისრულდება, აგერ არ მოდის კიდევ შემდგომი ახალი წელი?! რაც მართალია, მართალია, “მაგინი” კი გვაქვს ფერებში და ულევად.