საბანკო საქმიანობის შედეგები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
რეზო რობაქიძე
2007 წლის I ნახევრის მანძილზე სამეგრელოს რეგიონში- ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, წალენჯიხის, მარტვილის, ხობის და ჩხოროწყუს რაიონებში მოქმედი კომერციული ბანკების ( “საქართველოს ბანკი, “პროკრედიტბანკი”, “სახალხო ბანკი და ბანკი რესპუბლიკა) ფილიალების მიერ ადგილობრივი ეკონომიკის დაკრედიტება ზრდის მაღალი ტემპით აღინიშნა. მიმდინარე წლის 6 თვეში ეკონომიკის სექტორში გაცემულმა სესხებმა 18,8 მლნ ლარი შეადგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საბანკო საქმიანობის ანალიზი პირველად განხორციელდა, ამიტომ მიმდინარე მაჩვენებელს ვერ ვადარებთ წინა წლის შესაბამის პერიოდს, მაგრამ ვფლობთ, ზოგიერთი ბანკის მაჩვენებელს 2007 წლის პირველი კვარტლის მიხედვით და ამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკვე წელს ზრდა წინა კვარტალთან შედარებით ისეთი ძირითადი საბანკო მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა მთლიანი სესხები, დეპოზიტები, ბანკომატებიდან განაღდებული თანხები და ფულადი გზავნილობები სულ მცირე 30%-ით გაიზარდა, რაც რეგიონში საბანკო სექტორის წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. სესხების ზრდის ფონზე გრძელდება დაკრედიტების პირობების გაუმჯობესება და ახალი საკრედიტო პროგრამებისა და საბანკო პროდუქტების დანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ეკონომიკური აქტივობა ძირითადად ზუგდიდზე მოდის და ბანკები სწორედ აქ ცდილობენ დამკვიდრებას, მნიშვნელოვანია საბანკო საქმიანობის დადებითი მომენტები სენაკისა და ხობის რაიონებში, სადაც “სახალხო ბანკის ფილიალების პარალელურად დაკრედიტებას აქტიურად ახორციელებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: ფინკა და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი.
რეგიონში საკრედიტო რესურსების ძირითადი ნაკადები მიმართულია ვაჭრობა-მომსახურეობისა და ფიზიკური პირების დასაკრედიტებლად, რამაც შესაბამისად მთლიანი სესხების 32% (6,02 მლნ. ლარი) და 67% (12.67 მლნ. ლარი) შეადგინა (იხ.გრაფიკი #1).
რეგიონში გაზრდილია სესხის მომსახურების კულტურა, შემცირდა ვადაგადაცილებები, რაც ასევე დასტურდება ჩვენს მიერ მომზადებული საბანკო სტატისტიკის მასალებით. კერძოდ, მთლიან სესხებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 0.34%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია დაკრედიტების მასშტაბების დიდი რეზერვები სოფლის მეურნეობაში, სადაც, სამწუხაროდ, ბანკები ნაკლებად აბანდებენ თანხებს. განსაკუთრებით ეს ეხება მეთხილეობას, მით უფრო, რომ ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო ამოქმედდა და სულ უფრო მეტი მეწარმე ფიქრობს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში ჩაბმას და აქ ბანკებს მეტი აქტივობა მართებთ. ასევე პერსპექტიულია დაფნის, ციტრუსისა და უნიკალური ვაზის – ოჯალეშის მოყვანა – წარმოების დაკრედიტება.
სამეგრელოს რეგიონში ეკონომიკის, სამეწარმეო აქტივობის გამოცოცხლების ხელშემწყობი ფაქტორია გრძელვადიანი კრედიტების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა. გრძელვადიანი სესხების (6,1 მლნ ლარი) წილი მთლიან სესხებში 32,4%-ს შეადგენს.
საბანკო საქმიანობის მდგრადი განვითარების მაჩვენებელია რეგიონში მოქმედი კომერციული ბანკების ფილიალებში მთლიანი დეპოზიტების რაოდენობის ზრდა. მათი მოცულობა მარტო მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 50%-ით გაიზარდა და 16 მლნ ლარი შეადგინა. დოლარიზაციის კოეფიციენტი მთლიან დეპოზიტებში ამჟამად 21%-ს შეადგენს, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებში დოლარიზაციის მაჩვენებელმა 53%-ს შეადგინა, რაც ლარისადმი მზარდი ნდობის უდაო დადასტურებაა.
მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ფარგლებს გარედან რეგიონში ჩამორიცხული ვალუტის სტრუქტურა (იხ. გრაფიკი #2).
პირველი, ჩამორიცხული ვალუტის მოცულობამ 32,3 მლნ. ლარი შეადგინა.
მეორე, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჩარიცხვების მოცულობა თითქმის მესამედით გაიზარდა, ანუ შარშანდელი უცხოური ტრანსფერების უარყოფითი ტრენდი, რაც განპირობებული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეზღუდვებით, დაძლეულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მეწარმეებმა აითვისეს პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები.
მესამე, გაიშიფრა ჩამორიცხვების გეოგრაფია რამაც გვიჩვენა, რომ გზავნილობების 2/3-ზე მეტი კვლავაც რუსეთზე მოდის.
ყურადღება გავამახვილეთ მიგრაციისა და ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთ დადებით შედეგზე, კერძოდ, მათ სარგებელი მოაქვთ როგორც ოჯახებისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის. როგორც საბანკო სტატისტიკის, ასევე ეკონომიკური მონიტორინგის მიხედვით თვალსაჩინოა, თუ როგორ აქტიურად დაბანდდა ეს თანხები უძრავ ქონებასა და კერძო მშენებლობებში.
საბანკო სტატისტიკის შედგენისას გადავწყვიტეთ შეგვესწავლა, თუ როგორ ინერგება სამეგრელოს რეგიონში საბანკო მომსახურების ისეთი სერვისი, როგორიცაა ბანკომატები და პლასტიკური ბარათები. აღმოჩნდა, რომ რეგიონის ბანკებში დადგმულია 8 ბანკომატი. პლასტიკური ბარათების მფლობელთა რაოდენობა რეგიონში ერთ წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა და 15200 კაცს მიაღწია. 2007 წლის I ნახევარში ბანკომატებიდან განაღდებულია 12 მილიონი ლარი. ჩვენი მონაცემებით, ამ ახალი სერვისით ძირითადად სარგებლობენ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური და მეწარმე-კლიენტები. ჩვენი მონაცემებით, იმ რაიონებში, სადაც არ ფუნქციონირებს ბანკომატი (აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მესტიის რაიონები), “სახალხო ბანკს გადაწყვეტილი აქვს მოხდინოს ამ რაიონების მოსახლეობის გაბარათიანება და თავისი ფილიალების ბანკომატებით აღჭურვა. ვფიქრობთ, რეგიონში, მართლაც, დიდი რეზერვებია ამ თვალსაზრისით, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ მოქმედ ბანკებზე ქვეყანაში არსებული პლასტიკური ბარათების მხოლოდ 1% და ბანკომატებიდან საქართველოში განაღდებული თანხების 1,2% მოდის.
რეგიონის ბანკების საქმიანობის დადებითი მაჩვენებელია ის, რომ ბანკები აქტიურად მუშაობენ კლიენტებთან უცხოური ვალუტის კონვერტაციაზე და ამ მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 6 თვეში 35 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მხრივ აღსანიშნავია “პროკრედიტბანკისა და “ბანკი რესპუბლიკის ზუგდიდის ფილიალების საქმიანობა.
რეგიონში ეკონომიკის მონიტორინგისა და საბანკო სექტორის საქმიანობის შესწავლის საფუძველზე შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:
1. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორი რეგიონში დინამიურად ვითარდება და იგი ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი სეგმენტი ხდება, ბანკებს საქმიანობის მზარდი ტემპების შესანარჩუნებლად მოუწევთ ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვა და კლიენტთა მომსახურების სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მეტიც, ჩვენი აზრით რეგიონის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის დასავლურ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით აუცილებელია ახალი ბანკების ფილიალებისა და ახალი სერვის-ცენტრების გახსნა. ამიტომ დადებით მოვლენად მიგვაჩნია ზუგდიდში “პროკრედიტბანკის ფილალის ახალი, სოლიდური ოფისის მშენებლობა, რომლის გახსნა 23 ნოემბერს არის დაგეგმილი და “სახალხო ბანკის ზუგდიდის ფილიალის ასევე მასშტაბური ოფისის მშენებლობა. ბუნებრივია, ახალ ოფისებში ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვა და საქმიანობის მნიშვნელოვანი გაფართოება იგეგმება. ასე რომ, უახლოეს მომავალში ზუგდიდის ცენტრში საბანკო კვარტალის შექმნის მომსწრენი გავხდებით, რაც მინი საბანკო სიტის ანალოგი იქნება. ჩვენი ანალიზით სამეგრელოში ამჟამად არის მოთხოვნილება, რომ ფუნქციონირებდეს მინიმუმ 20-25 სერვის-ცენტრი და ბანკის ფილიალი, ამჟამად მათი რიცხვი 12-ს არ აღემატება.
2. ჩვენ დავრწმუნდით ასევე ეკონომიკური პროექტების მასშტაბებში და ვფიქრობთ ამ პროექტებს ბანკები თავიდანვე მომზადებულნი უნდა დახვდნენ. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ ყულევის ტერმინალი მშენებლობის დასრულების შემდეგ რეგიონის ეკონომიკის განვითარების სერიოზული ფაქტორი გახდება. თუმცა უკვე, როცა ტერმინალი მხოლოდ შენდება იგი ხობის ბიუჯეტს სერიოზულ შემოსავლებს აძლევს. ვფიქრობთ, ბანკებმა დროულად უნდა დაგეგმონ ამ ტერიტორიაზე სერვის-ცენტრების გახსნა.
3) ზუგდიდში, სენაკში და ხობში აშკარაა უძრავ ქონებაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია, აშკარაა სამეწარმეო აქტივობის ზრდა, განსაკუთრებით ვაჭრობა-მომსახურების სექტორში, ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი აქტიურად ზრუნავს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და რაიონების იერსახის გაუმჯობესებაზე. ბუნებრივია, ეს ფაქტორები ხელს უწყობს ბიზნეს-სექტორის მოთხოვნის ზრდას ფინანსურ რესურსებზე. როგორც აღვნიშნეთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამ რაიონებში ძალიან მოქნილად მუშაობს და დაკრედიტების მასშტაბების მხრივ საბანკო სექტორს სერიოზულ კონკურენციას უწევს.
4) საბანკო მენეჯმენტის კიდევ ერთი რეზერვია კლიენტთა დიდი რიგები ბანკების სალაროებთან და საოპერაციო დარბაზებში, ასევე ბანკომატებთან. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა კომერციული ბანკების ზუგდიდის თითქმის ყველა ფილიალში. ვფიქრობთ, ახალი საბანკო ოფისების გახსნა ამ პრობლემას გარკვეულად მოხსნის.
5) ამასთან რეგიონის ეკონომიკის მონიტორინგის ჩატარება საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ ბანკისადმი ნდობა იზრდება, სულ უფრო მეტ მეწარმესა და ფიზიკურ პირს აქვს სურვილი იყოს ბანკის კლიენტი. ისინი ბანკში ელოდებიან თანამედროვე სერვისს, სწრაფ მომსახურებასა და შესაფერის გარემოს. აქედან გამომდინარე ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ კომერციულ ბანკებს იზრუნონ საქმიანობის გაფართოებაზე სამეგრელოს რეგიონში, სადაც ამ მხრივ მართლაც სერიოზული პერსპექტივებია.