რამ გამოიწვია საქართველოს საბანკო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მატება
მაკა ღანიაშვილი
საქართველოს კომერციულმა ბანკებმა ყველა სახის სესხზე საპროცენტო განაკვეთი 2-3%-ით გაზარდა (საბანკო ბაზრის ლიდერი კომპანიები ამ ინფორმაციას ადასტურებენ). მიზეზად კი მსოფლიო ბაზარზე არსებული პრობლემები – ფულადი რესურსის გლობალური მასშტაბით გაძვირება სახელდება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა – აშშ-ს ეკონომიკის რეცესია, ნავთობის გაძვირება, იპოთეკური კრიზისი და დოლარის გაუფასურება – საქართველოზე გაცილებით დიდი და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებზეც კი იქონია გავლენა.
საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდი სექტორია. 2008 წლის პირველი მაისის მონაცემებით, საქართველოში 22 კომერციული ბანკია და მათი საერთო აქტივების მოცულობა 8.3 მილიარდ ლარს აღწევს, აქედან “საქართველოს ბანკზე” მთლიანი საბანკო აქტივების 33.4% (2.76 მილიარდი ლარი) მოდის, “თი-ბი-სი ბანკს” მთლიანი საბანკო სისტემის აქტივების 25.2% უკავია (2.084 მილიარდი ლარი). მესამე ადგილზეა “ბანკი რესპუბლიკა” – 632 მილიონი ლარით, მეოთხე ადგილს “პროკრედიტ ბანკი” იკავებს – 593 მილიონი ლარით, ხოლო მეხუთეზეა “ვითიბი ბანკი ჯორჯიაა” – 459 მილიონი ლარით. 2008 წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 42.3 მილიონი ლარი შეადგინა. ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაფინანსება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 67%-ით გაიზარდა და 4.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მთლიან მოცულობაში 79.6% სამ დარგზე – ვაჭრობაზე, მრეწველობასა და მშენებლობაზე მოდის. ცხადია, რომ საკრედიტო რესურსების გაძვირება ამ დარგებზე და არა მხოლოდ მათზე, მყისიერად აისახება. პირველი მაისიდან უძრავი ქონების იპოთეკური სესხის წლიური განაკვეთი 14-დან 16%-20%-მდე გაიზარდა. სამშენებლო კომპანიები მშენებლობის დასაფინანსებლად ძირითადად ბანკის კრედიტს იყენებენ. საპროცენტო განაკვეთის ზრდა კი პირდაპირ აისახება მშენებლობის თვითღირებულების ზრდაზე. ძირითადი სიმძიმე მომხმარებელზე გადადის ფასის მატების სახით. ის კომპანიები, რომლებიც სწორად აკონტროლებენ თვითღირებულებასა და მოგების მარჟას, საბანკო პროცენტის გაზრდის პარალელურად, ყველა შემთხვევაში აწევენ ფასს.
საპროცენტო განაკვეთის ზრდა გარკვეულწილად საკრედიტო რესურსების სიმწირესა და სიძვირეზე მიანიშნებს. მისი მატება საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, გლობალურ ბაზარზე ლიკვიდობის ნაკლებობამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ აშშ-ის გაჭიანურებული იპოთეკური კრიზისის შედეგია. ქართულ ბანკებს გაუჭირდებათ უცხოეთიდან შედარებით იაფი საკრედიტო რესურსების მოზიდვა, რადგან მათ მსოფლიო ბაზარზე კრედიტი 1,5-2%-ით გაუძვირდათ. 2 წლის წინ საქართველოს ბანკები უცხოურ ბანკებში საკრედიტო რესურსებს 4-6% განაკვეთებით იღებდნენ, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციამ ამ განაკვეთებზეც იმოქმედა და ახლა ოპტიმალური განაკვეთი 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს. საკრედიტო რესურსების გაძვირების გამო, საქართველოს ბანკები სესხს იმაზე დაბალ პროცენტებში ვერ გასცემენ, ვიდრე თავად იღებენ საერთაშორისო საბანკო სტრუქტურებიდან. ქართული ბანკები უცხოეთიდან რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით შეზღუდულები არიან როგორც კრედიტის მოცულობის, ისე მისი ვადის მიხედვით. უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მიერ ქართული ბანკებისთვის გამოყოფილი რესურსები, არასაკმარისი გარანტიების გამო, როგორც წესი, მოკლევადიანია. ამ შემთხვევაში მიშვნელოვანია რისკის ფაქტორი. რისკს კი როგორც საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესები, ასევე ქვეყანაში არსებული ფაქტორები განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციები შემოდის, კომერციული ბანკების მიერ მოზიდული ფული საბოლოო ჯამში მაინც საკმაოდ ძვირია. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველო მაღალი რისკის ქვეყანაა, თუნდაც ეკონომიკური განვითარების დაბალი დონისა და პოლიტიკური მოვლენების (2007 წლის 7 ნოემბრიც მოვლენები, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, კონფლიქტური რეგიონები) გათვალისწინებით. შედარებისათვის ავიღოთ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც დოლარებში აღებულ საბანკო სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 7-8 პროცენტია. ეს ქვეყნები საქართველოსთან შედარებით უფრო დაბალი რისკის ქვეყნებად განიხილება და მათი ეკონომიკაც ჩვენთან შედარებით უფრო განვითარებულია.
თუ გლობალურ ბაზარზე ვითარება არ გამოსწორდა, საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია საქართველოში შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ამ რესურსების ხარჯზე ხდებოდა აქამდე გრძელვადიანი კრედიტების, განსაკუთრებით სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დაფინანსება. ამიტომ პროცენტის აწევაც, ძირითადად, სესხების ამ კატეგორიას შეეხო.
“საქართველოს ბანკზე”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება, მსოფლიო საკრედიტო ბაზარზე განვითარებული პროცესები პირდაპირ აისახება. საკრედიტო ბაზარზე ფული გაძვირდა, შესაბამისად, “საქართველოს ბანკშიც” საპროცენტო განაკვეთი ყველა ტიპის სესხზე გაიზარდა. ზოგიერთ შემთხვევაში განაკვეთის ზრდა უმნიშვნელოა, ზოგ შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთმა მნიშვნელოვნად მოიმატა. იპოთეკური სესხი 13-14%-დან 16-18 პროცენტამდე გაიზარდა რაც შეეხება სამომხმარებლო სესხს, საპროცენტო განაკვეთი 16-დან 36 პროცენტამდე მერყეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა შეიძლება 40%-საც მიაღწიოს, რადგან, როგორც “საქართველოს ბანკში” აცხადებენ, სამომხმარებლო სესხი სპეციფიური სესხია და საპროცენტო განაკვეთი ყოველი კლიენტისათვის მისი მონაცემების მიხედვით ინდივიდუალურად დგინდება.
სესხები გააძვირა “თიბისი ბანკმაც”. სამომხმარებლო სესხი 16%-დან იწყება. იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი კი – 13-14%-დან 16%-19%-მდე გაიზარდა. “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი” საქართველოს საბანკო სექტორის ლიდერი მოთამაშეები არიან, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ მათ მიერ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი იგივესკენ უბიძგებს სხვა ბანკებსაც. სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის მიზეზად “პროკრედიტ ბანკშიც”, სადაც განაკვეთები 1-2%-ით გაიზარდა და საშუალო წლიური განაკვეთი 17%-დან იწყება. ზრდა უმეტესად მცირე და საშუალო სესხებს შეეხო, რადგან ბანკი ამ კატეგორიის ბიზნესსესხების გაცემაზეა ორიენტირებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრედიტების გაძვირებას “პროკრედიტ ბანკში” ქვეყნის შიდა ბაზარზე შექმნილ სიტუაციასა და კონკურენტი ბანკების მიერ სასესხო განაკვეთების გაზრდას უკავშირებენ.
მსოფლიოს საკრედიტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ადგილობრივი პრობლემებიც ემატება. ამ პროცესების ხელშემწყობი გარკვეულწილად ეროვნული ბანკიც არის, რომელიც ინფლაციის შეჩერებას სადეპოზიტო სერთიფიკატებზე საბაზრო განაკვეთის აწევით ცდილობს. შესაბამისად, ადგილობრივი საკრედიტო რესურსი უფრო და უფრო ძვირდება. რასაც ისიც ემატება, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის რეგულირების მიზნით, მიმოქცევიდან გარკვეული ოდენობის ფულს მუდმივად იღებს.
გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთებზე გავლენას მოსახლეობის მიერ ბანკებში შეტანილი ანაბრებიც ახდენს. როგორც წესი, ბანკების ერთ-ერთი მთავარი ფინანსური კაპიტალი ვადიანი დეპოზიტებია. დეპოზიტების 90%ზე მეტი კი ფიზიკური პირების ანაბრებზე მოდის. მთლიან დეპოზიტებში ვადიანი ანაბრების წილი ბოლო პერიოდში 42%-დან 37%-მდე შემცირდა, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ჯერ ერთი, ანაბრებზე არსებული საპროცენტო განაკვეთი ინფლაციას მთლიანად “მიაქვს”, გარდა ამისა, პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოლოდინი საბანკო სექტორზე მყისიერად მოქმედებს, ამის ნათელი მაგალითი კვლავ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებია, რამაც საქართველოს საბანკო სისტემა მნიშვნელოვნად შეარყია. შესაბამისად, იკარგება საბანკო სექტორისადმი მოსახლეობის ნდობა, ისინი სულ უფრო ნაკლებად ანდობენ თავის ფულს ბანკებს. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ რამდენიმე კომერციულმა ბანკმა – “ვითიბიმ”, “ბაზისბანკმა”, “საქართველოს ბანკმა” და “თიბისიმ” ანაბრების მასშტაბური აქციები დაიწყო. “საქართველოს ბანკი” ერთწლიან ანაბარზე 500 ლარის შეტანის შემთხვევაში მილიონ დოლარს, ხოლო “თიბისი ბანკი” მილიონ ლარს ათამაშებს. ეს პრომო აქციები ბანკებს უფრო მეტი ფულადი რესურსის მოზიდვაში უნდა დაეხმაროს.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთის ზრდის შედეგებს, აღნიშნულ ტენდენციას ლოგიკურად შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის შენელება მოჰყვეს, რაც უპირველესად, ეკონომიკის დაუცველ და რისკიან სფეროებს შეეხება, მაგალითად აგროსფეროს. ფაქტია, რომ საბანკო კრედიტზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა მნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც აგრობიზნესის, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მაშინ, როცა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მთავარი საყრდენი ეკონომიკის მცირე და საშუალო ბიზნესია. ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის გატარების დროს მთავარი მიზანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაა, რაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, ამის საფუძველი კი საბაზრო ეკონომიკაა, ხოლო განმსაზღვრელი – მსხვილი ბიზნესის 30%-იანი, წვრილი და საშუალო ბიზნესის 70%-იანი წილია. ამის მისაღწევად ლიბერალურ საგადასახადო კოდექსთან ერთად (რომლის საშუალებითაც კლასიფიცირდება წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, განისაზღვრება პრიორიტეტები და საგადასახადო შეღავათები და სხვა), მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის როლიც, რაც შეღავათიანი კრედიტების გაცემაში გამოიხატება. საპირისპიროდ კი, მიუხედავად იმისა, რომ ბანკების აქტივები საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, დაკრედიტების მოცულობის დაახლოებით 80% მაინც მსხვილ ბიზნესზე მოდის. რა თქმა უნდა, რამდენიმე ათასიანი მცირე სესხების გაცემას, რომელიმე მსხვილი ბიზნესის რამდენიმე მილიონიანი სესხით დაფინანსება სჯობს, პრობლემებიც ნაკლებია, მაგრამ სანაცვლოდ წარმოება, რამაც ქვეყანაში დოვლათი უნდა შექმნას, არ არსებობს.
ეკონომიკური აქტივობის შენელების პარალელურად საპროცენტო განაკვეთების ზრდას დადებითი მომენტიც შეიძლება ახლდეს თან – ინფლაციის მოთოკვა. ეროვნული ბანკი ინფლაციას ფაქტობრივად მაღალი საპროცენტო განაკვეთით ებრძვის. ცნობილია, რომ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი რეალური საპროცენტო განაკვეთისა და მოსალოდნელი ინფლაციის ჯამია. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები იქნება ინფლაცია, მით უფრო ნაკლები იქნება ნომინალური საპროცენტო განაკვეთები როგორც სესხზე, ასევე დეპოზიტებზე. მაგრამ არის მეორე საკითხი – კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა აისახება მსესხებელი მეწარმის მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ინფლაცია კი სწორედაც რომ ფასების მატებას ნიშნავს. ასე, რომ რამდენად შეუწყობს ხელს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ინფლაციის მოთოკვას, მომავალი გვიჩვენებს.
უცხოელ ექსპერტთა შეფასებით კი, საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი არანაირ რეალურ გათვლას არ ეფუძნება და არც ინფლაციას უკავშირდება, რადგან ინფლაციის მაჩვენებლის წინასწარი გათვლა მით უმეტეს საქართველოში, ძალიან რთულია. მათივე შეფასებით, მაღალი და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი განვითარებადი ქვეყნის კომერციული ბანკებისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბანკებმა სესხები ინფლაციის რისკისაგან გაათავისუფლეს და საპროცენტო განაკვეთის ცვალებადი სისტემა დააწესეს, როცა განაკვეთის განსაზღვრა ყოველდღიური გაანგარიშების საფუძველზე ხდება. განვითარებადი ქვეყნების კომერციული ბანკები კი სესხს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით იძლევიან, რაც არასწორი ტენდენციაა. ქართული ბანკები ფიქსირებულ გადასახადს ადგენენ და ის დიდი ხნის მანძილზე არ იცვლება. მაგალითად, თუ რომელიმე ქართული ბანკიდან 10-წლიან სესხს გამოიტანთ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს ბანკი ამ ვადის განმავლობაში ვეღარ გაზრდის, მაგრამ, თუ ბანკს ფინანსური რესურსი გაუძვირდა ეს მთლიანად ახალ მსესხებელზე აისახება და, შესაბამისად, მას კრედიტიც უფრო გაუძვირდება. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს დსთ-ს სივრცეში განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს შორისაც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვს. მაგალითად, როგორც აღვნიშნეთ, იპოთეკურ სესხებზე განაკვეთი 16-20%-ს აღწევს, როცა ბაქოში, რიგასა და ვილნიუსში ამ ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 5-6%-ია.
გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით ექსპერტები სხვა გათვლებსაც აკეთებენ – მსოფლიო ბაზარზე არსებული ფინანსური პრობლემების გამო ყველაზე მეტად საშუალო და შედარებით მცირე ზომის ბანკებს გაუჭირდებათ და თუ კაპიტალის დეფიციტს ვერც მოსახლეობიდან მოზიდული ანაბრებით შეივსებენ, იძულებული გახდებიან საკრედიტო პორტფელი შეამცირონ. ამის გამო შესაძლოა საქართველოს საბანკო სისტემაში ბანკების გამსხვილების პროცესი დაიწყოს. მეორე მხრივ, კი მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო საქართველოში სულ უფრო მეტი უცხოური ბანკი და საფინანსო ინსტიტუტი შემოდის და გაზრდილმა კონკურენციამ სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის ლოგიკურად შემცირება უნდა გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ბანკები საქართველოში ინტენსიურად შემოდიან, ფინანსური რესრსის საკმარისი რაოდენობით მოზიდვა მაინც ვერ ხერხდება, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთებზე ფასი ჯერჯერობით კი არ იკლებს, არამედ იმატებს.