ვაშა! საქართველოში ეკონომიკაში პრობლემები აღარ გვქონია!
ზურაბ ბიგვავა
ემოკრატიის დამკვიდრებამ საქართველოში სიტყვის თავისუფლება მოგვიტანა. სიტყვა, ფართო გაგებით, ინფორმაცია-სტიმულია, რომელსაც რეაქცია უნდა მოჰყვეს. სიტყვის თავისუფლების ფუნქციის რაციონალურობა, საზოგადოების მომზადება, ნაციონალური რეაქციისათვის დესტრუქციული მოქმედებისაკენ მოწოდება, ქვეცნობიერად მათი სტიმულირება შინაგანი კულტურის ეთიკურობის პრინციპებით უნდა იყოს შეზღუდული და არა სახელმწიფო ავტორიტარული მეთოდებით. ძალზე მნიშვნელოვანია სოციალური არქმადობის ზღურბლების ნორმის ფარგლებში შენარჩუნება. თუ კრიტიკულ, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინფორმაციას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება, ეს სწორედ ზღურბლის მოშლას, მის პათოლოგიურ ტრანსფორმაციას ნიშნავს.
აღსანიშნავია, საზოგადოების დამოკიდებულება კრიტიკულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით, რომელიც მის განვითარებას ეხება და საშიშროებას უქმნის მის ნორმალურ განვითარებას. სწორედ ამგვარი სტიმულების და რეაქციების თავისებურებებით შეიძლება ვიმსჯელოთ თვით საზოგადოების ჯანმრთელობაზე, მის მზადყოფნაზე, თვითრეგულაცია მოახდინოს გარემოსთან ეფექტურად შეგუების თვალსაზრისით. საუბარი არ არის საკანონმდებლობო მექანიზმებზე, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე.
ამ მხრივ, ძალზე საყურადღებოა “60 წუთი”-ს გადაცემები. ფაქტები, რომელსაც “60 წუთი” გვთავაზობს, სენსაციურია და, თავისთავად, რეაგირებას მოითხოვს. “60 წუთი”-ს წამყვანისა და ავტორის მიმართ გამართულ სასამართლო პროცესებს, რეალურად შედეგი არ მოჰყოლია.
ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა რიცხვის ზრდამ, კრიმინალური გარჩევების მსხვერპლმა თბილისში და, მთლიანად საქართველოში, იმდენად დაწია სიკვდილის განცდადობის კოეფიციენტი, რომ საშუალო ასაკის ადამიანების მისამძიმრების ცერემონიალზე მიმსვლელთა რიცხვი განახევრდა.
ეკონომიკური, ფინანსური, საბიუჯეტო კრიზისების ფონზე, მათხოვარი თბილისის ქუჩებში ჩვეულებრივ ატრიბუტად იქცა. ყველაზე საბრალოMმოხუცი მამაკაცი მათხოვრისათვის შემოწირულობებმაც კი საგრძნობლად იკლო.
საზოგადოებამ დაწია სოციალური აღქმადობის ზღურბლი, გახდა უფრო გულქვა და ინდიფერენტული. Qქცევების ჩამონათვალში სულ უფრო იმატა უღირსმა და კრიმინალურმა კატეგორიამ, რომელიც, 10 წლის წინანდელი შეფასებებით, აბსოლუტურად მიუღებელ კატეგორიაში გადიოდა.
ძალზე საინტერესოა მასმედიის, ე.წ. “მელაკუდის”, ფენომენიც. გაზეთ “ალიას” ერთ-ერთ პუბლიკაციაში, ზურაბ ნოღაიდელის ოჯახი შპს-დ არის მოხსენიებული და საუბარია მის განკარგულებაში მყოფი მომსახურე მანქანების მიერ ბენზინის უპრეცენდენტო ხარჯვაზე. სტატიაში ხაზია გასმული მის პატიოსნებაზე, რაშიც საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება.
ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრია და მისი ადგილი შეიძლება ბევრისათვის იყოს სასურველი. მას შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ე.წ გარკვეული პოლიტიკური ძალაც, რომელსაც “რეფორმატორთა გუნდის” წარმომადგენლის ამ ადგილზე ყოფნა ხელს არ აძლევს. ალბათ, ამაში უნდა ვეძებოთ დაწყებული “შავი” P.ღ. კამპანიის მიზეზი. მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს ლოგიკა, ეთიკურობის ნასახი ან ცოტაოდენი პატრიოტიზმი, რომ ამგვარ პუბლიკაციას ხელი არ მოაწეროს ჟურნალისტმა, ან დამკვეთმა სანქცია არ გასცეს.
სხვათა შორის, განწყობებზე ზემოქმედების კანონებს ე.წ. “ბუმერანგის” ეფექტიც ახასიათებს, რომელიც განსაზღვრავს მიუღებელი ინფორმაციის გამავრცელებლის მიმართ უარყოფითი განწყობების ჩამოყალიბებას.
ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა რექტორთა საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის თანდასწრებით ფინანსთა მინისტრის შეურაცხყოფის დროს, სადაც ხაზი გაესვა ფინანსთა მინისტრის არაკომპეტენტურობას, რომ მას უნარი არ აქვს, პარიზის კლუბში მოლაპარაკებები აწარმოოს.
სქემა კლასიკურია. არ გამოვრიცხავ, რომ ინტუიციურად არის აგებული (რაც ავტორთა გარკვეულ უნარებზე მეტყველებს). “ნოღაიდელი პატიოსანია, მაგრამ მისი ოჯახი – სახელმწიფო მფლანგველი” (ნოღაიდელის ინიციატივით მკვეთრად შემცირდა სახელმწიფო ავტომანქანათა რაოდენობა, რომლის ხარჯები ბიუჯეტს აწვებოდა), “ნოღაიდელი არაკომპეტენტურია, უცოდინარი.” (როდესაც მოხდა ვალების რესტრუქტურიზაცია 20 წლით შეღავათიანი 2+1 გადასახდელი პროცენტის განახევრებით), “ნოღაიდელი უნდა წავიდეს მაჭავარიანთან და არსენიშვილთან ერთად, რომ ისედაც სეკვესტრირებულ ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი დააკლდეს”. სწორედ ნოღაიდელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს პირველად მოხერხდა ყოველთვიურად უმწეოთა დახმარების, პენსიების და ხელფასების გაცემა. ასე რომ, დავალიანების გადახდის პროცესი დაიწყო.
ნოღაიდელის მაგალითი ნათელი და აქტუალურია, თორემ ამგვარი კამპანიების დისკრედიტაციის მთელი წყება შეიძლება ჩამოითვალოს. დანაშაულის მხილება აუცილებელია, საჭიროა ქცევების, კონცეფციების, ქმედებების კრიტიკა. ეს არის დემოკრატია, ამაშია სიტყვის თავისუფლების არსი. მაგრამ მიზანმიმართული დისკრედიტაცია უსაფუძვლო, ულოგიკო ბრალდება, ისეთივე დანაშაულია, როგორც დასმენა, ცილისწამება.
ადამიანისთვის დიდი ღირსებაა, რომ ქვეყნის სიყვარულით, საქმისათვის თავდადებით არ შეუშინდე რეალურ საშიშროებას. დამნაშავის მხილებისათვის შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგექმნას.
დასაფასებელია, დაინახო სიმართლე და არ გახდე “მელაკუდა”, რომელსაც სხვის საქათმეში წინასწარი განზრახვით სვამენ.
ძნელია, დაინახო რეალური პრობლემა. ამისათვის, სპეციალისტია საჭირო. დღეს შეუძლებელია პატიოსანი იყო შენი თავის წინაშე, როცა ამდენი ცდუნება არსებობს. სოციალური აღქმის ზღურბლი საზოგადოებისათვის სულ ქვემოთ და ქვემოთ იწევს, რაც ყველა ჩვენგანის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის გარეშე უკეთესი მომავალი არავის გველის.