სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძვლები -“ფორს-მაჟორი”
ალეკო კვერნაძე
საქართველო საერთაშორისო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების სტადიაშია და, ამდენად, ქართველი ბიზნესმენებისათვის ინტერესს მოკლებული არ იქნება, თუ როგორ აყალიბებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განვითარებული ქვეყნების სასამართლო დოქტრინა და პრაქტიკა სახელშეკრულებო ურთიერთობებში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების პირობებს.
თანამედროვე სახელშეკრულებო ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.
1. დიდი ბრიტანეთი და აშშ
დიდი ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკაში თითქმის მე-19 საუკუნის ბოლომდე გამეფებული იყო “აბსოლუტური” ხელშეკრულების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მონაწილე პირი პასუხისმგებელი იყო ხელშეკრულების პირობებზე, მიუხედავად იმისა, რამ შეუშალა ხელი ხელშეკრულების შესრულებას. მხოლოდ 1863 წელს იქნა გამოტანილი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება, რომელმაც საფუძველი დაუდო მთელ რიგ პრეცედენტებს სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის რეგულირების სფეროში.
ახალი მიდგომა, რომელიც პირველად ჩამოყალიბდა 1863 წელს, მოსამართლის მიერ შემდეგნაირად იქნა ფორმულირებული – ხელშეკრულებიდან აშკარად ნათელია, რომ მხარეებს თავიდანვე უნდა სცოდნოდათ ფაქტი, რომ ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია რომელიმე პირის ან საგნის არსებობის გაგრძელებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეების მიერ დადებული ხელშეკრულებით იგულისხმება აღნიშნული პირობა და მხარეები თავისუფალნი იქნებიან სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების დარღვევამდე მისი შესრულება ნივთის დაღუპვის გამო შეუძლებელი ხდება, რასაც ადგილი ჰქონდა მოვალის მხრიდან სამართალდარღვევის გარეშე.
ეს პრინციპი, რომელმაც შემდგომში “უნაყოფო” (ფრუსტრატიონ) ხელშეკრულების დოქტრინის სახელწოდება მიიღო, შეტანილ იქნა ინგლისის კანონში საქონლის გაყიდვის შესახებ (1893). დღევანდელ კანონში (1979) ასევე შემონახულია პრეცენდენტული სამართლის ეს ნორმა. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლში: “ინდივიდუალური მახასიათებლებით განსაზღვრული საქონლის გაყიდვის ხელშეკრულება ძალას კარგავს, თუ ეს საქონელი განადგურდა გამყიდველის ან მყიდველის ბრალეულობის გარეშე მანამ, სანამ შემთხვევითი განადგურების ან დაზიანების რისკი მყიდველზე გადავა”.
დღევანდელ პრაქტიკაში “უნაყოფო” ხელშეკრულების პრინციპი, რომელსაც საფუძვლად დაედო ნივთის ფიზიკური განადგურების შემთხვევა, გამოიყენება, საერთოდ, სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისას პასუხისმგებლობის საზღვრების განსაზღვრისათვის. ამ პრინციპის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს ცნება “გარემოებების რადიკალური ცვლილება”, რომლის შინაარსი ლორდთა პალატის მიერ ფორმულირებულ დოქტრინაზე დაიყვანება.
ხელშეკრულება “უნაყოფო” ხდება მაშინ, როდესაც სამართალი ადგენს, რომ ორივე კონტრაგენტის მხრიდან დარღვევის გარეშე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია იმ მიზეზის გამო, რომ გარემოებები, რომელთა დროსაც იგი უნდა შესრულებულიყო, ასეთ შესრულებას გარდაქმნის რადიკალურად განსხვავებულად იმისგან, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
“საერთო სამართლის” დოქტრინის შემდგომი განვითარების საფუძველზე განისაზღვრა ის გარემოებები, რომლებიც სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულ იქნა ხელშეკრულების “ამაოების” დამადასტურებელ ფაქტორებად. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს გარემოებები დაკავშირებულია შემთხვევებთან, რაც სუბიექტის უფლების ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას იწვევს. ასეთ სიტუაციათა რიცხვს მიეკუთვნება სახელმწიფოს მიერ ლიცენზირების, კვოტირების, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვის ან აკრძალვის შემოღება.
აშშ-ის სამართლის დოქტრინაში “უნაყოფო” ხელშეკრულების დოქტრინა მთლიანად არის გაზიარებული, იმ განსხვავებით, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები უფრო მკაცრ პირობებში არიან ჩაყენებულნი.
ამერიკულ სამართალში იმისათვის, რომ გარკვეული მოვლენა ან გარემოება განხილულ იქნას როგორც სახეკშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პირობა, უნდა აკმაყოფილებდეს ოთხ კრიტერიუმს: მოვლენა უნდა ქმნიდეს პირობებს, როდესაც “განუხორციელებელია შეთანხმებულის შესრულება”; ამ მოვლენის არდადგომა უნდა ყოფილიყო “ხელშეკრულების დადების ძირითადი წინაპირობა” ვალდებულების არშესრულების მიზეზი არ უნდა იყოს პირი, რომელიც ითხოვს ვალდებულებისაგან გათავისუფლებას; ამ მხარეს არ უნდა ეკისრა უფრო დიდი ვალდებულება, ვიდრე ეს კანონიდან გამომდინარეობს.
სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პირობები, ამერიკული “საერთო სამართლის” მიხედვით, შემდეგი ძირითადი დებულებების სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს:
გაზრდილი დანახარჯები შესრულებისაგან არ ათავისუფლებს, თუ ხარჯების ზრდა არ იქნა გამოწვეული რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოებებით. ბაზარზე ფასების აწევა ან დაწევა არ არის გამართლება, რადგან ეს სწორედ ის სამეწარმეო რისკია, რომლის თავიდან აცილებასაც მხარეები ცდილობენ ფიქსირებული ფასებით ხელშეკრულების დადების დროს. ნედლეულის ან მასალების მწვავე დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მოვლენებით, როგორიცაა: ომი, ემბარგო, ადგილობრივი მოუსავლიანობა, მომარაგების ძირითადი წყაროების მოულოდნელი დახურვა და სხვა. ეს ყოველივე იწვევს აღნიშნული ხარჯების ზრდას, ან ასე თუ ისე ხელს უშლის გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო მომარაგების მიღებას. ასეთი პირობების დროს “განუხორციელებელია შეთანხმებულის შესრულება”.
სასამართლო პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში, მოყვანილია განსხვავება “სუბიექტურ” და “ობიექტურ” გარემოებებს შორის. მხოლოდ “ობიექტური” გარემოება ათავისუფლებს პირს ვალდებულებებისაგან მაშინ, როდესაც “სუბიექტური” გარემოება, ისეთი, როგორიც არის ფინანსური რესურსების სიმწირე, ვალდებულებებისაგან გათავისუფლების გარემოებად არ შეიძლება ჩაითვალოს.
2. კონტინენტური ევროპა
ძირითადი იდეა, რომელზეც აგებულია სახელშეკრულებო ვალდებულება, კონტინენტური ევროპის ქვეყნების სამართალში ეყრდნობა ცნებას, რომ ვალდებულება არის იურიდიულად უსაფუძვლო, თუ იგი შეიცავს შეუძლებელს. ეს დოქტრინა ითვალისწინებს რომის სამართლის ფორმულირებას: შეუძლებელი არ შეიძლება იყოს ვალდებულება (იმპოსსიბილიუმ ნულლა ესტ ობლიგატიო).
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი მოვალის ვალდებულებისაგან გათავისუფლების პირობებს განსაზღვრავს, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ მისი შესრულება შეუძლებელია. კერძოდ, “მოვალე თავისუფლდება ზარალის ანაზღაურებისაგან, თუ იგი ვერ შეასრულებს იმას, რაც უნდა შეესრულებინა გადაულახავი ძალის ან შემთხვევითი გარემოებების გამო”.
ამავე დროს მოვალე მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეულია გარეშე მიზეზით, რომელიც მისი ბრალი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია, ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.
უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის სამართალში სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან გათავისუფლება (“ფორს-მაჟორი”) გულისხმობს არა მარტო გადაულახავი ძალის გარემოებებს (ისე როგორც ანგლო-ამერიკული სამართალი), არამედ შემთხვევით მოვლენებსაც.
მართალია “ფორს-მაჟორში” იგულისხმება შესრულების შეუძლებლობა, როგორც მოვლენის ძირითადი დამახასიათებელი, მაგრამ ასევე აუცილებელია ამ გარემოების გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს შეუძლებელი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ფრანგული სამართლის მიხედვით, ისეთი მოვლენები, როგორიცაა: ქარიშხალი, ყინვა, წყალდიდობა და ა.შ. გარკვეულ პირობებში შეიძლება მიჩნეულ იქნას გასათვალისწინებელ მოვლენებად.
გერმანიის სამართალი, ისევე როგორც ფრანგული სამართალი, ცნობს: “შესრულების შეუძლებლობის” პრინციპს, რომელიც არსებობს ხელშეკრულების დადების მომენტში და ხელშეკრულებას ბათილად გადააქცევს. ეს პრინციპი ჩადებულია გერმანიის კანონმდებლობაში და მისი ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება.
მოვალე ვალდებულების შესრულებისაგან თავისუფლდება, თუ მათი შესრულება შეუძლებელი გახდა იმ გარემოებების გამო, რომლებიც მოვალის ბრალეულობის გარეშე წარმოიქმნა, ვალდებულების წარმოქმნის შემდეგ. შესრულების შეუძლებლობა შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ასევე იურიდიული გარემოებების მიზეზი.
გერმანული სამართალი ასევე ცნობს შესრულების შეუძლებლობის ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებებს. მოვალე ვალდებულებისაგან შესრულების შეუძლებლობის დადგომის დროს თავისუფლდება, თუ ამას ობიექტური ხასიათი აქვს.
3. საერთაშორისო სამართალი
სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძვლები და საზღვრები ჩამოყალიბებულია “საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვების შესახებ” გაეროს 1980 წლის საერთაშორისო კონვენციაში. კერძოდ, კონვენციის 79-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ მხარე არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ თავის ვალდებულებაზე, თუ დაამტკიცებს, რომ წინააღმდეგობა, რომელმაც ხელი შეუშალა ვალდებულების შესრულებას, გამოწვეული იყო მისი კონტროლის გარეშე და რომ მას არ შეეძლო გაეთვალისწინებინა ეს გარემოება ხელშეკრულების დადების დროს.
ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან გათავისუფლების მოცულობა იმავე მუხლის მე-5 პუნქტშია გახსნილი, სადაც ნათქვამია, რომ ვალდებულებისაგან გათავისუფლება ეხება მხოლოდ ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. იგი არ ეხება კონტრაგენტების რაიმე უფლებებს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.
ამგვარად, ბრალეული კონტრაგენტი შეიძლება გათავისუფლებულ იქნას მხოლოდ ზარალის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რაც მას უფლებას არ აძლევს, ჩათვალოს თავი სხვა ვალდებულებისაგან გათავისუფლებულად. კერძოდ, მას არ შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
წინააღმდეგობა, რომელიც ხელს უშლის ხელშეკრულების შესრულებას, ჩვეულებრივ, დროებით ხასიათს ატარებს. ეს გათვალისწინებულია კონვენციაში და 79-ე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ ვალდებულებისაგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ დროის იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ხელს უშლის ვალდებულების შესრულებას.
4. კომერციული პრაქტიკა
პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის სამართალი კონტრაგენტების მიერ ისეთი გარემოებების შეთანხმებას უშვებს, რომლებსაც შეუძლია, კონკრეტულ შემთხვევაში, გააფართოოს ან შეზღუდოს ვალდებულებისგან გათავისუფლების კონცეფცია. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია ვალდებულებისაგან გათავისუფლების მაგალითები, განსაზღვრულია “ფორს-მაჟორული” სიტუაციის განსაზღვრის წესი.
იმდენად, რამდენადაც “ფორს-მაჟორულ” დათქმას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა და ფართოდ გამოიყენება კომერციულ ხელშეკრულებებში, ის ხშირად იქცევა ფირმების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შემადგენელ ნაწილად. ამავე დროს მეწარმეების ნაციონალური და საერთაშორისო ასოციაციების მიერ შემუშავებულია სტანდარტული ფორმები ხელშეკრულებაში “ფორს-მაჟორული” დათქმების განსაზღვრისათვის.
ამ მიმართულებით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ შემოთავაზებული “ფორს-მაჟორული” დათქმის ფორმულირება, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
1. მხარე თავისუფლდება ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისაგან, თუ ის დაამტკიცებს:
– რომ შეუსრულებლობა გამოწვეულ იქნა წინააღმდეგობის შედეგად, რომელიც მისი კონტროლის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა;
– რომ ამ მხარისაგან არ შეიძლებოდა იმის მოლოდინი, რომ ხელშეკრულების დადებისას მხედველობაში იქნებოდა მიღებული ვალდებულების შესრულება წინააღმდეგობის და მისი შედეგების არსებობის დროს;
– რომ მხარეს არ შეეძლო ხელი შეეშალა ან გადაელახა ეს წინააღმდეგობა ან მისი შედეგი.
2. წინააღმდეგობა, რომელიც აღნიშნულია I პუნქტში, შეიძლება გახდეს შემდეგი მოვლენების მიზეზი, რომელთა ჩამონათვალი ამომწურავია:
ა) ომის გამოცხადება ან არგამოცხადება, მათ შორის – სამოქალაქო, არეულობები, რევოლუციები, მეკობრეობა, საბოტაჟი;
ბ) სტიქიური უბედურებები, ისეთები, როგორიცაა: ქარიშხალი, ციკლონი, მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობა, რღვევა გამოწვეული ჭექა-ქუხილისაგან;
ც) აფეთქებები, ხანძრები, მანქანა-დანადგარების, ქარხნების ან სხვა დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა (განადგურება);
დ) ნებისმიერი სახის ბოიკოტი, გაფიცვები და ლოკაუტი, სამუშაოების შენელება, ფაბრიკისა და შენობების ოკუპაცია და მუშაობის შეწყვეტა;
ე) ხელისუფლების კანონიერი ან არაკანონიერი მოქმედება, იმათ გარდა, რომელთა შესახებ მხარემ, რომელიც ვალდებულებისგან გათავისუფლების პრეტენზიას აცხადებს, აიღო საკუთარ თავზე რისკი ხელშეკრულების პირობების ძალით, და იმათ გარდა, რომლებზეც საუბარია მე-3 პუნქტში.
3. პირველი პუნქტის მიზნებისათვის, რადგან სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში, წინააღმდეგობა არ მოიცავს ნებართვის, ლიცენზიის, შესასვლელი ვიზების ან ყოფნის ნებართვის არქონას, რომლებიც საჭიროა ხელშეკრულების შესასრულებლად, და რომლებიც გაიცემა სახელმწიფო ორგანოების მიერ კონტრაგენტის ქვეყანაში, რომელიც ვალდებულებისგან გათავისუფლების პრეტენზიას აცხადებს.
4. მხარემ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ვალდებულებისგან გათავისუფლებისათვის, დაუყოვნებლივ, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობა და მისი შესაძლო შედეგები მისთვის გახდება ცნობილი, უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს ასეთი წინააღმდეგობის არსებობის და მისი გავლენის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. შეტყობინება გაგზავნილი უნდა იქნას, თუ აღარ იარსებებს ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძვლები.
5. ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძვლებს წინააღმდეგობის წარმოქმნის მომენტიდან აქვს ძალა ან, თუ შეტყობინება არ იქნა გაგზავნილი დროულად, შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. შეტყობინების არარსებობა ავალდებულებს დამრღვევ მხარეს იმ ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც, სხვა შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული.
6. ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძველი, წინამდებარე დათქმის შესაბამისად, ათავისუფლებს დამრღვევ მხარეს ზარალის ანაზღაურებისაგან, ჯარიმებისაგან და სხვა სახელშეკრულებო სანქციებისაგან, გარდა ვალდებულებისა, გადაიხადოს წლიური პროცენტები ფულად სესხებზე, იმ პერიოდში და იმ მოცულობით, სანამ არსებობს ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძველი.
7. ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძველი გადაწევს შესრულებას იმ ვადით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად, და გამორიცხავს მეორე მხარის უფლებას, თუ ასეთი არსებობს, შეწყვიტოს ან დაარღვიოს ხელშეკრულება. იმის დასადგენად, თუ რა ვადაა საკმარისი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დამრღვევი მხარის შესაძლებლობა, გააგრძელოს შესრულება, იგულისხმება მეორე მხარის ინტერესიც. დამრღვევი მხარის მიერ ვალდებულების შესრულების დაწყების მოლოდინში მეორე მხარეს შეუძლია, შეაჩეროს თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.
8. თუ ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საფუძველი არსებობს იმ ვადაზე მეტ ხანს, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული (აქ უნდა მიეთითოს დროის პერიოდი), ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მართებულ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულების შესრულება დამატებითი შეტყობინების გარეშე.
9. თითოეულ მხარეს შეუძლია, შეინახოს ხელშეკრულების შესრულების დროს მიღებული სიკეთე მის შეწყვეტამდე. თითოეული მხარე ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს მეორე მხარეს ნებისმიერი უსაფუძვლო გამდიდრებისათვის, რაც გახდა ასეთი შესრულების შედეგი. ანგარიშსწორება საბოლოო ფინანსურ დარეგულირებამდე დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.
ICC-ს მიერ შემოთავაზებული მოცემული “ფორს-მაჟორული” დათქმა ფორმულირებულია ისეთნაირად, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სამართლებრივი სისტემისათვის. იგი წარმოადგენს უნივერსალურს, რადგან ეყრდნობა საერთაშორისო კომერციული პრაქტიკის მრავალწლიან გამოცდილებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საერთაშორისო კონტრაქტებში, ასევე ადგილობრივ კონტრაგენტებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ქართველ ბიზნესმენებს და ყველა დაინტერესებულ პირს შეთავაზა ახალი სახის მომსახურება – “ფორს-მაჟორული” გარემოებების დადასტურება შესაბამისი საბუთის “სერტიფიკატის” გაცემით. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა “ფორს-მაჟორული” გარემოებების დადასტურებას ახორციელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების, საერთაშორისო კონვენციების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების თანახმად. პალატის მიერ გაცემული “ფორს-მაჟორული” გარემოებების დამადასტურებელი სერტიფიკატი არ შეიძლება ჩაითვალოს სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების გადაწყვეტილებად. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მოხდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, სასამართლოს ან არბიტრაჟის ძალით. მიუხედავად ამისა, სადავო საკითხებში ასეთი სერტიფიკატის არსებობა მხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.