საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფორმირების საკითხისათვის

თეონა ბაგრატიონი

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად ხშირად განიხილავდნენ საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის საკითხს, თუმცა აღნიშნულ იდეას სხვადასხვა მიზეზების გამო განხორციალება არ ეწერა. დღეისათვის კი ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა და, რაც მთავარია, ქვეყნის უმაღლესი პირების მიერ.

თავისუფალი ეკონომიკური ზონა წარმოადგენს შეზღუდულ ტერიტორიას, ქალაქს, ზღვის და საავიაცო პორტებს, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე იქმნება ხელსაყრელი პირობები სხვადასხვაგვარი საგარეო ეკონომიკური ოპერაციებისათვის.”
თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს თავისი ისტორია აქვს საქართველოში, რომელიც 1878 წლის ბერლინის კონგრესიდან იწყება, სადაც თურქეთის მიერ რუსეთისათვის ბათუმის საგარეო საქმეთა მინისტრის მარკიზ სოლსბერის მოთხოვნით, რუსეთმა ივალდებულა, ბათუმი “პორტო ფრანკოდ”, ანუ საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ტერიტორიად გამოეცხადებინა. ეს რეჟიმი 8 წელს გრძელდებოდა, ამ პერიოდში ქალაქში განვითარდა მრეწველობა, მოსახლეობა 35000 კაცამდე გაიზარდა და ბათუმი ამიერკავკასიაში სავაჭრო საქონელბრუნვით მესამე ადგილზე გავიდა თბილისისა და ბაქოს შემდეგ, ხოლო შავ ზღვაზე კი ტვირთბრუნვით (ოდესის შემდეგ) მეორე გახდა.2
ხშირად თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანას არ სურს მთელი თავისი ეკონომიკური სივრცე უცხოური კაპიტალის მძლავრი ნაკადის ქვეშ მოაქციოს, ამიტომ ასეთი ზონით ლოკალურ ანუ ნაწილობრივ თავისუფლებას იყენებს. თავისუფალი ზონის ტიპს მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონე. პრაქტიკაში გავრცელებულია ორი განსხვავებული მიდგომა თავისუფალი ეკონომიკური ზონების ორგანიზაციის მიმართ, ესენია: ტერიტორიული და ფუნქციონალური.
“არსებობს თავისუფალი ეკონომიკური ზონების ორგანიზაციული მართვის 3 ფორმა, ესენია: სახელმწიფო-ადმინისტრაციული, კორპორაციული და შერეული მართვა.”3
თავისუფალი ეკონომიკური ზონები ქვეყნის საბაჟოს ტერიტორიის გარეთ კანონიერად არსებობს, სადაც საბაჟოსგან არსებითად განსხვავებული ტარიფები და საგასახადო რეჟიმი მოქმედებს. თავისუფალი ეკონომიკური ზონები ქვეყნის საზღვრებშია განლაგებული და ეროვნული ეკონომიკის ნაწილია.
გაერო-ს ექსპერტთა განმარტებით, “თეზ-ი არის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, განსაკუთრებული ეკონომიკური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული და საგადასახადო რეჟიმით, რომელიც უზრუნველყოფს საგარეო პოლიტიკური კავშირების გაფართოებას, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებული თანამედროვე საწარმოების შექმნას”. სპეციფიკური სამეწარმეო, საბაჟო და სავაჭრო რეჟიმი თავისუფალ ზონაში კაპიტალის, საქონლისა და მუშახელის შეუზღუდავ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკური ზონების სხვადასხვა სახეობა არსებობს, ზონაში მოქმედი სუბიექტების საქმიანობის პროფილის, ან სამეურნეო სპეციალიზაციის ნიშნის მიხედვით:
თავისუფალი ვაჭრობის ზონები გამოყვანილია ეროვნული საბაჟო ტერიტორიის ფარგლებიდან. აქ ხორციელდება შემოტანილი საქონლის საწყობებში განთავსებისა და გასაღების ოპერაციები (შეფუთვა, მარკირება, ხარისხის შემოწმება და სხვ.). ამ ტიპის ზონების უპირატესობა ის არის, რომ ისინი უნიშვნელო სასტარტო კაპიტალდაბანდებებს საჭიროებს და სწრაფი უკუგებით ხასიათდება.
სამრეწველო საწარმოო ზონები სპეციალური საბაჟო რეჟიმის მქონე ტერიტორიებია, სადაც სამრეწველო კომპანიები საექსპორტო ან იმპორტშეცვლილი პროდუქციის წარმოებისას განსაზღვრული ფისკალური და ფინანსური შეღავათებით სარგებლობენ.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ქვეყნის ტერიტორიის ნაწილია განსაზღვრული საზღვრებით და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. იგი გამოიყოფა განსაზღვრული ვადით ეკონომიკური საქმიანობისთვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს. აღნიშნულ ზონაზე არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმართველობის იურისდიქცია. საბაჟო კანონმდებლობით დგინდება შესასვლელი და გამოსასვლელი პუნქტები. ზონა შეიძლება შეიქმნას ქვეყნის ნებისმიერ ადგილას, სადაც ტერიტორიის ფართობი წინასწარ განსაზღვრული იქნება.
სავაჭრო-საწარმოო ზონები თავისუფალი სავაჭრო და იმპორტ-შემცვლელი საწარმოო ზონების რეჟიმების კომბინაციის შედეგია.
ტექნიკურ-დანერგვითი ზონები – აქ კონცენტრირებულია ეროვნული და საზღვარგარეთული კვლევითი, საპროექტო და სამეცნიერო საწარმოო ფირმები, რომლებიც ფისკალური და ფინანსური შეღავათების ერთიანი სისტემით სარგებლობენ.
სერვისის ზონები – სამეწარმეო საქმიანობის შეღავათიანი რეჟიმის მქონე ტერიტორიები იმ ფირმებისა და ინსტიტუტებისათვის, რომლებიც გარკვეული ხასიათის საფინანსო და არასაფინანსო მომსახურეობას ეწევიან. ამ ზონებს განეკუთვნებიან აგრეთვე ოფშორული წარმონაქმნები, სადაც ფირმები არ მისდევენ სამეურნეო საქმიანობას აღნიშნულ ტერიტორიაზე და სარგებლობენ რეგისტრაციის გამარტივებული რეჟიმით, ასევე საგადასახადო შეღავათებით.
კომპლექსური ზონები ყალიბდებიან განსაკუთრებული შეღავათიანი სამეწარმეო საქმიანობის რეჟიმის შემოღებით ცალკეული ადმინისტრაციული წარმონაქმნების ტერიტორიაზე.”
თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დასაშვებია 4 ძირითადი შეღავათების ჯგუფი: საგარეო-ეკონომიკური, ფისკალური, ფინანსური და ადმინისტრაციული.
თავისუფალ ეკონომიკური ზონების ფორმირების პერსპექტივები განიხილება, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური დისციპლინის სტრუქტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და შევეცდებით აღნიშნული დისციპლინის შესწავლის საკითხებთან დაკავშირებით დავახასიათოთ თეზ-ების ფორმირების პერსპექტივები საქართველოში. საქართველოს საბაჟო კოდექსის თანახმად, “თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც განლაგებული შენობა-ნაგებობები გამოიყენება მხოლოდ თავისუფალი ზონის საქმიანობის მიზნებისათვის….”5.
თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფორმირების საკითხების კვლევა ამჟამად მით უფრო აქტუალურია, რამდენადაც დღეს რეალურად დგას ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბების საკითხი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევის საგანია, თუ რომელი თავისუფალი ეკონომიკური ზონა მიესადაგება საქართველოს.
ჩვენ მართებულად მიგვაჩნია საქართველოში, კერძოდ კი ფოთში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება ყველა სასიკეთო შედეგით.
ქ. ფოთი მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში და განთავსებულია შავ ზღვაზე. ეს უკანასკნელი კი მსოფლიო ოკეანეს უკავშირდება ბოსფორის, დარდანელის და გიბრალტარის სრუტეებით. ძირითადად იგი სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ევროპა-აზიის სატრანსპორტო კავშირში. ამ სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობას. ფოთის ნავსადგური ასევე უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობითაც გამოირჩევა. შავი ზღვის აუზის მდინარეებზე განლაგებულია ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: სოფია, სარაევო, ვენა, მინსკი, კიევი, ანკარა, ლუბლიანა, ბუდაპეშტი და სხვა. ევროპის ტერიტორიის 1/3 შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება, სადაც დაახლოებით 160 მლნ კაცი ცხოვრობს.6
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ 2006 წელს საუბრობდა ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევის შესახებ და თვლიდა, რომ ეს ზონა მოემსახურებოდა არა მარტო ფოთის პორტს, არამედ მთელს რეგიონს. აქვე ისიც აღნიშნა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ძლიერი მთავრობაა, თავისუფალი ეკონომიკური ზონების არსებობა ეფექტურია.7
თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე მსჯელობენ საქართველოს პარლამენტშიც. კონკრეტულად ფოთის პორტის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნა საქართველოში ინვესტორების შემოსვლას შეუწყობს ხელს, ეს ერთ-ერთი შანსი იქნება ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერებატევადი დარგების მოზიდვისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას.
თავისუფალი ეკონომიკური ზონების შემოღებას ურთულესი პროცესები უძღვება წინ. იგი ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკაში გარღვევას და ინტეგრაციას მსოფლიო ბაზარზე. მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
არსებული ინფორმაციები საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ დღევანდელი მდგომარეობა, ანუ გამოვიყენოთ ხარისხობრივი მეთოდი. ჰიპოთეზის დამტკიცება ხდება სხვადასხვა ლიტერატურის, თეორიის, წიგნების, თემის შესახებ გამოქვეყნებული სხვადასხვა ინტერნეტ-მასალებისა და კანონპროექტის საფუძველზე.
ნეოკლასიკური თეორიის მიმდევრებმა პირველებმა მიმართეს თეზ-ების შესწავლის სპეციალურ საშუალებებს და დაადგინეს, რომ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს განსაზღვრული ქვეყნისთვის რამდენიმე ტიპის სარგებლობა მოაქვთ, მაგალითად:
იზიდავს უცხოურ პირდაპირ ინვესტივიებს;
ხელს უწყობს დასაქმებას;
ზრდის ექსპორტის მოცულობას;
ტექნოლოგიისა და ადგილობრივი მასალების საშუალებით ახდენს შიდა ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბების სტიმულირებას.
საპირისპირო მოსაზრების მქონენი, (ფრობელი, ჰეინრიხი, კრაი, ვარი) თეზ-ის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან. ისინი ეყრდნობიან არასასურველ გარემოებებს, როგორებიცაა:
ადგილობრივი იაფი მუშახელის გამოყენება;
მძიმე პირობები წარმოებისათვის;
გარდამავალი ტექნოლოგიების დეფიციტი;
დაბალი შიდა დამატებული ღირებულება.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს და მათ შორის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებსაც გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები.
თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს მრავალი მეცნიერი განიხილავს, მაგალითად: კ. ჰამილტონი, ლ. სვენსონი, ჰ. იოჰანსონი და სხვები, ქართველებიდან: გ. ჯოლია, ზ. არჩვაძე, რ. ლორთქიფანიძე, ლ. მამულაშვილი. გ. ტუღუში და სხვ.

ქართული ხედვა თავისუფალი ინდუსტრიული ზონისადმი
ა/წ 20 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ”.
ეს კანონპროექტი შედგება 18 მუხლისგან, ეს უკანასკნელი კი დასკვნითი დებულებაა, სადაც წერია, რომ:
1. ეს კანონი გარდა მე-17 მუხლისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ კანონის მე-17 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
“მუხლი 17. გარდამავალი დებულებებია:
სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ერთი თვის ვადაში უნდა მოამზადოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესები. ამასთან ერთად ცვლილებები მოამზადოს “საქართველოს საბაჟო კოდექსში”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში”, და სხვა კანონებში ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.9
ამ კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ მან ხელი უნდა შეეწყოს საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბებას და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. სწორედ ეკონომიკური განვითარების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მიზანშეწონილია საქართველოში შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონები.
კანონპროექტის მიზანია, დაადგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისა და ლიკვიდაციის წესი. განსაზღვროს მართვისა და ზონების ფარგლებში მმართველი და საზედამხედველო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი. ასევე დაადგინოს ამ ზონაში საქონლის ექსპორტ-იმპორტის რეჟიმი, საგადასახადო შეღავათები და ამ ზონის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. შექმნას მიმზიდველი გარემო ეკონომიკური საქმიანობისათვის, დამატებითი ხელშემწყობი სამართლებრივი რეჟიმი ხელს შეუწყობს კაპიტალისა და ტექნოლოგიების შემოსვლას, სამეწარმეო საქმიანობისათვის.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება დაარსდეს:
ა) საქართველოს მთავრობის ინიციატივით;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნით;
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისთვის ორგანიზატორმა უნდა წარმოადგინოს გარანტია, რომლის ოდენობა და პირობები განისაზღვრება შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია აღნიშნულ ზონაში. საქმიანობას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახორციალებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები, ხოლო ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც ქართული, ისე უცხოური) საქმიანობას ახორციალებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, ხოლო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს, როგორც უცხოურ საწარმოს მუდმივი დაწესებულებების წარმომადგენლებით.

საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მუშაობის ძირითადი პრინციპებია:
ამ ზონაში განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. აქ ასევე იქნება ქონების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი. რაც შეეხება ანგარიშსწორებას ზონაში, იგი ნებისმიერ ვალუტაში განხორციალდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლოა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციალებულ კონკრეტულ საქმიანობაზე გაუქმდეს ლიცენზიის/ ნებართვის აღების ვალდებულება ან მათი გამარტივებული წესი დაინერგოს. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაუშვებელია შენობის საცხოვრებლად გამოყენება.
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი იმოქმედებს იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობები არ აქვთ საქართველოსთან საგადასახადო კოდექსში განსაზღვრული წესით, ამ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, ასევე არ იბეგრება ამ ზონაში განხორციელებული ოპერაციებიც. აგრეთვე მისაღები იქნება ქონების გადასახადის ნულოვანი რეჟიმი.
უცხოური საქონლის შეტანა გათავისუფლებული იქნება საბაჟო გადასახადისგან, ხოლო ზონიდან საქონლის შემოტანა (იმპორტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასევე გათავისუფლებული იქნება საბაჟო გადასახადისაგან.
საქართველოს საქონლის შეტანა თავისუფალ ზონაში განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი. ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა კი – როგორც საქონლის ექსპორტი.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის შეტანის დროს საქონლის მიმართ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია. ამასთან საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას, საქონელი, მიუხედავად მისი ოდენობისა, იბეგრება მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე საბაჟო კანონმდებლობით განისაზღვრება თიზ-ში საქონლის შეტანა/გატანის საბაჟო დეკლარირებისა და საბაჟო კონტროლის წესები.
აღნიშნულ ზონაში ნებადართულია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა.
აკრძალულია :
ა) იარაღის, საბრძოლო მასალების წარმოება, ვაჭრობა;
ბ) ბირთვული, რადიაქტიული ნივთიერებების წარმოება, ვაჭრობა;
გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანა, წარმოება, შენახვა, რეალიზება;
დ) აქციზური საქონლის შემოტანა, დასაწყობება, წარმოება და რეალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აქციზური საქონლის შეტანა ხდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოხმარებისათვის და ასეთი შემთხვევა არ განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
ზედამხედველობას თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირებაზე ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მართვას ახორციალებს ადმინისტრატორი. იგი შეიძლება იყოს ორგანიზატორი ან მის მიერ დანიშნული პირი (იურიდიული ან ფიზიკური), ადმინისტრაცია კი უზრუნველყოფს ზონაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
ამ ზონაში კერძო პირებს შორის წარმოშობილ დავებს განიხილავს და გადაწყვეტს ზონაში მოქმედი საერთაშორისო არბიტრაჟი. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციით საწარმო აღიარებს ზონის წესებით (წესდებით) დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.
ზონის ლიკვიდაციის საფუძვლებია:
ა) ვადის ამოწურვა;
ბ) ზონის ორგანიზატორის განცხადება ზონის ლიკვიდაციის თაობაზე;
გ) მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება.
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში.

კანონპროექტისადმი ექსპერტთა შენიშვნები და საკუთარი მოსაზრებები
კანონპროექტთან დაკავშირებით ექსპერტთა შენიშვნა ეხება შემდეგს:
“საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაბამისად გადასახადების და მოსაკრებლის სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი და გადასახადებისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით, ხოლო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება გარკვეული ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კონკრეტულ ტერიტორიაზე სპეციალური ფისკალური რეჟიმის მოქმედება კანონით იქნას მოწესრიგებული.”
ვეთანხმებით აღნიშნულ აზრს, ვინაიდან თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება გარკვეული დროით, ხოლო ფისკალურ პოლიტიკას აწესრიგებს კანონი, ამდენად უნდა მომზადდეს შესაბამის კანონებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც დაარეგულირებენ აღნიშნულ შეუთავსებლობას. ამაში პარლამენტის კეთილი ნებაა საჭირო, რათა დროულად იქნას მიღებული სათანადო გადაწყვეტილებები.
ექსპერტთა შენიშვნა ეხება კანონპროექტის მე-16 მუხლს, რომელიც განიხილავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციას და მოითხოვენ აღნიშნული მუხლის ფორმულირებების შეცვლას.
ჩვენი აზრით, უნდა დაკონკრეტდეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ მეწარმეებს გარკვეული ვადით ადრე უნდა ეცნობოთ ორგანიზატორის მიერ ზონის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ცალკეულ შემთხვევებში მათი საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების ამოწურვამდე დარჩეთ გარკვეული შეღავათიანი პირობები.
ექსპერტთა შენიშვნა ეხება თავისუფალ ინდუსტრიალი ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ტერიტორიულ ზღვრებს.
ჩვენი აზრით, საქართველოს სინამდვილეში უმჯობესი იქნებოდა დაკონკრეტდეს ტერიტორიის ქვედა და ზედა ზღვარი, რაც კონკრეტულ ფართობზე მიუთითებს.
ექსპერტთა შენიშვნა ასევე ეხება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დავების გადაწყვეტის წესს და ითხოვენ დამატებით განმარტებას.
ჩვენი აზრით, კანონპროექტის შესაბამისი მუხლი სწორადაა ფორმულირებული, ვინაიდან სამოქალაქო დავები გრძელდება სასამართლოში წლების მანძილზე, ხოლო საერთაშორისო არბიტრაჟი ამას წყვეტს მომენტალურად და მისი მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად შესასრულებელია.
ექსპერტთა შენიშვნა ეხება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შენობის საცხოვრებლად გამოყენების საკითხს.
ჩვენი მოსაზრებით, უნდა დაიხვეწოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შენობის საცხოვრებლად გამოყენების საკითხი, რადგან ასეთ შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა აუცილებელია დაარსდეს ან მხოლოდ დაუსახლებელ ადგილას ან უნდა განისაზღვროს წინასწარ მოსახლეობის უფლებები, რომელიც კანონით უნდა დარეგულირდეს, რაც პარლამენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ზოგიერთი ქვეყნის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პრაქტიკა
ქვეყნების უმრავლესობაში თავისუფალი ზონის დაარსების გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. რუსეთის ფედერაციაში10 მის შესაქმნელად მთავრობის დადგენილებაა საჭირო. პალესტინაში11 შექმნილია ინდუსტრიული ქონებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების სპეციალური საბჭო (ინდუსტრიის სამინისტროს დაქვემდებარებაში), რომელიც მთავრობას განსახილველად გადასცემს თავისუფალი ზონის შექმნის წინადადებებს. ირანსა12 და თურქეთში13 ზონის შექმნის გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტი იღებს. მაკედონიაში14 შექმნილია სპეციალური სამსახური (სათავო ოფისი), რომელიც მთავრობას წარუდგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის წინადადებას.
გვატემალაში15 ეს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს აკისრია, ხოლო მონღოლოთსა16 და უზბეკეთში17 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის ქვეყნის პარლამენტის თანხმობაა საჭირო (იხ. ცხრილი #1).
ზოგ ქვეყანაში დაწესებულია ინვესტიციების რაოდენობის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად. რუსეთში ეს თანხა 350 მლნ რუბლს შეადგენს, აქედან პირველი წლის კაპიტალდაბანდება 35 მლნ რუბლზე ნაკლები არ უნდა იყოს.
კოსტა-რიკაში18 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის უფლება ეძლევა მხოლოდ ისეთ ფირმებს, რომლებიც მინიმუმ 150000 აშშ დოლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ.
მსოფლიოს 26 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ხელისუფლების მიერ გაწეულმა დანახარჯებმა უცხოური ინვესტიციის ყოველ 1 დოლარზე საშუალოდ 4 დოლარი შეადგინა, კერძოდ, ჩინეთის 4 ზონაში ჩადებული უცხოური ინვესტიციების 4 მლრდ აშშ დოლარზე მოდის, ჩინეთის მხრიდან განხორციელებულმა ხარჯებმა 22 მლრდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.
ზოგი ქვეყნის კანონმდებლობა ზღუდავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიის მასშტაბებს. “მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია, რომ 1-2 კვადრატული კილომეტრი ზონის ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწყობა მოითხოვს 30-50 მლ. დოლარს.”
მონღოლეთში ზონის ტერიტორიის ფართობს (ისევე, როგორც მის ადგილ-მდებარეობასა და საზღვრებს) დიდი ხურალი განსაზღვრავს.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინფრასტრუქტურის განვითარება მრავალ ქვეყანაში თავად სახელმწიფოს ეკისრება. რუსეთში საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურების ნაწილობრივი დაფინანსება ხორციელდება ფედერალური, რეგიონალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. უზბეკეთში თავისუფალი ზონის ინფრასტრუქტურის განვითარებას სახელმწიფო საწყის ეტაპებზე აფინანსებს. კოსტა-რიკაში თავისუფალი ზონის ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნა მთლიანად ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ ფირმებს უსაფრთხოების ზომების დაცვასა და გარემოსადმი ზიანის მიყენების რისკის მინიმუმამდე დაყვანას ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ავალდებულებს.
ყველგან სავალდებულოა მუშებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, მათ ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე ზრუნვა – საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად. კოსტა-რიკის კანონმდებლობით, თავისუფალ ზონაში მოქმედი მეწარმე ვალდებულია მომუშავე პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ზონის ტერიტორიაზე გააშენოს პარკები, დასასვენებელი ადგილები და საბავშვო ბაღები.
ბრაზილიაში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა “მანაუსი” წარმოადგენს მსხვილ ტერიტორიულ წარმონაქმნს, სადაც 1967 წლიდან მოყოლებული ჩამოყალიბდა უნიკალური სამეურნეო კომპლექსი, რომელიც თავისუფალი ზონის რამდენიმე ტიპისგან შედგება (იხ. ცხრილი #2).21
ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში გადასახადების ოდენობა
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში იმპორტ-ექსპორტზე საბაჟო მოსაკრებელი მოხსნილია. მიუხედავად ამისა, მეწარმეები ვალდებული არიან აწარმოონ აღრიცხვა და ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია, სადაც ყველა პროდუქცია და ოპერაცია უნდა იყოს ასახული. მრავალ ქვეყანაში (მაკედონია, თურქეთი, განა22, გვატემალა, კოსტა-რიკა) მეწარმეები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგანაც. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში იმპორტ-ექსპორტზე საბაჟო მოსაკრებელი მოხსნილია. ამის მიუხედავად, მეწარმეები ვალდებულნი არიან აწარმოონ აღრიცხვა და ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია, სადაც ყველა პროდუქცია და ოპერაცია უნდა იყოს ასახული თუმცა კოსტა-რიკაში, გვატემალაში და განაში ეს შეღავათები მხოლოდ პირველი 10 წლის განმავლობაში მოქმედებს. დღგ-გან გათავისუფლებულნი არიან რუსეთის, გვატემალისა და განას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, აქციზის გადასახადისაგან – რუსეთის ფედერაციაში, უძრავ ქონებაზე გადასახადისაგან – გვატემალაში და ა.შ.

გარკვეული შთაბეჭდილებები ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების თაობაზე
თავისუფალი ინდუსტრიული ზონები შრომის ახალი საერთაშორისო განაწილების ერთ-ერთი ელემენტია. ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში თავისუფალი ზონები ეფექტური ინსტრუმენტია ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გასააქტიურებლად. მაგრამ თავისუფალი ზონების შექმნისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უარყოფითი ფაქტორებიც:
ჯერ ერთი, უცხოელი ინვესტორები, როგორც წესი, “ცარიელ ადგილზე” არ მოდიან. ისინი თავისუფალი ზონით ინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ უკვე არის სათანადო ინფრასტრუქტურა, ან მისი შექმნის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯები კი ზოგჯერ მთლიანი ინვესტიციის თითქმის 80%-ს შეადგენს. ასე, რომ მოსაზრება ყველა ხარჯის უცხოელი ინვესტორის მიერ დაფარვის თაობაზე ყოველთვის არ მართლდება.
მეორეც, ზოგიერთ ქვეყანაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა კორუფციის წყაროდ იქცა. გარკვეული გარიგების საფუძველზე მთავრობის მიერ უცხოური კომპანიებისათვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაწესებული შეღავათები ზოგჯერ ადგილობრივი მეწარმეობისა და მთლიანად ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.
გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობა, ხშირ შემთხვევაში, თვალს ხუჭავს თავისუფალ ზონაში გარემოს დაბინძურებაზე, მუშახელის აუტანელ სამუშაო პირობებზე, სხვა დარღვევებზე და ინვესტიციის მოზიდვის მიზნით უცხოელ მეწარმეებს მაინც ათავისუფლებს გადასახადებისაგან გარკვეული ვადით. თუმცა არ ითვალისწინებს, რომ განვითარებადი ქვეყნების სიმრავლე საერთაშორისო კორპორაციებს ფართო არჩევანს აძლევს. შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი ადვილად პოულობენ სხვა ქვეყანას, სადაც თავს ისევ აარიდებენ გადასახადებს და თავის საქმიანობას კვლავ “სასათბურე პირობებში” გააგრძელებენ.24
დასკვნა
ჩვენ სამეცნიერო სტატიაში ვეცადეთ დაგვემტკიცებინა საქართველოში, კერძოდ კი, ფოთში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის უპირატესობა სხვა სახის ზონებთან შედარებით.
უმუშევრობის შემცირების, სიღარიბის დაძლევის, მეწარმეობის განვითარების, სოციალური დონის ამაღლების, ინვესტიციების მოზიდვის, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ერთადერთ გამართლებულ პრიორიტეტად მიგვაჩნია ქვეყნის ინდუსტიალიზაცია, რისი დამადასტურებელიცაა მთავრობის გადაწყვეტილება მეწარმეობისადმი ხელშეწყობის შესახებ, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებში ლიბერალიზაციის კურსი და სხვა.
რაც შეეხება ქ. ფოთს, მის ტერიტორიაზე განსაზღვრულია ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნების თავმოყრა, გადაწყვეტილია საკვები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადასამუშავეებელი საწარმოების შექმნა, სატერმინალო მომსახურებისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარება, მშრალი და სველი ტვირთების საბაჟო მომსახურება. გადაზიდვების თვალსაზრისით კი სწორედ ქ. ფოთია სტრატეგიული რეგიონი მთელ ამიერკავკასიაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მთავარი მახასიათებელი ნიშანია ის, რომ მის ტერიტორიაზე არ მოქმედებს საბაჟო პირობები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონები იქმნება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ახალი ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად, ექსპორტის გაზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით, იმპორტის შემცვლელი წარმოებების განვითარებისათვის. იმის გამო, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ჩამოყალიბება დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრივ დიდ მხარდაჭერასთან, მნიშვნელოვან ფინანსურ სახსრებთან, ინსტიტუციონალურ ძალისხმევასთან (სპეციალური კანონების შექმნა) და რიგ სხვა ზომებთან, ჩვენი აზრით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზემოაღნიშნული ზონების მრავლად ჩამოყალიბება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.
მსოფლიო პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების დაბალ ეფექტიანობას. ეს გამოწვეულია ძირითადად საწყისი საინვესტიციო ბიძგის უკმარისობით, ეკონომიკური შეღავათების უსისტემო შემოღებით, შექმნილი საწარმოების დაბალი კონკურენტუნარიანობით, ჩრდილოვანი ეკონომიკის უკონტროლო განვითარებით.
რაც შეეხება საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბებას, იგი ამ თვალსაზრისით ქმნის ხელსაყრელ საგადასახადო, საბაჟო, ფინანსურ, სამართლებრივ და სხვა სახის შეღავათებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის ქვეყანაში შემოდინებას, ამ რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.
ჩვენი თვალსაზრისით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა არ მოახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და სახელმწიფო არ აიღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. იგი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მიუხედავად ბევრი დადებითისა, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აქვს სუსტი მხარეებიც, კერძოდ, ის, რომ ზონაში ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერ ვალუტაში, თუ საქართველოში ეს იქნება მხოლოდ ერთი ზონა, მაშინ იმის ალბათობა რომ მას ექნება რაიმე უარყოფითი ზეგავლენა დანარჩენ ტერიტორიაზე, თითქმის ნულის ტოლია. მაგრამ კანონი ზონების რაოდენობას არ ზღუდავს. ასეთი ზონების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, საფრთხე შეექმნება ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოყენებას.
დღეს ქვეყანაში მონეტარიზაციის დონე სამჯერ ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ დონეებს, ხოლო მულტისავალუტო რეჟიმის მქონე ზონების მომრავლების შემთხვევაში, მონეტარიზაციის ისედაც დაბალი დონე ჩვენში უფრო შემცირდება.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ასეთ ზონებში არ მოქმედებს ადგილობრივი იურისდიქცია. ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა (იმედი მაქვს, რომ ამას სულ მალე მოვახერხებთ), მაგრამ რამდენად ვართ მზად საქართველოში შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა კიდევ უფრო ნაკლებად შევძლებთ ტერიტორიების გაკონტროლებას, ამას დაფიქრება სჭირდება.
თუ გავითვალისწინებთ ჩვენ გეოპოლიტიკურ გარემოს და დავფიქრდებით, რამდენად არის ასეთი ზონის შექმნა გამართლებული, მაშინ მივხვდებით, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც, როგორიცაა: აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი დაიწყებს შემოდინებას რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრაჰმა (რადგან ასეთ ზონებში ნებისმიერ ვალუტაზე შეიძლება ვაჭრობა). ეს კი ერთიორად მეტ ინტერესს გაუჩენს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბიზნესმენებს, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს (ისევე როგორც აზიის ქვეყნებს) ევროპასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ექნებათ, თუ კი, რა თქმა უნდა, ეს ზონა ფოთის შემოგარენში დაარსდება.
საქართველო, როგორც დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო, თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩაერთო თანამედროვე მსოფლიოს გლობალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ახლებურად გააზრება-გადაწყვეტის რთულ პროცესში. ამ მიმართულებით ბევრი დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციურ გარემოს.
როგორც არაერთხელ აღინიშნა, საქართველოში ინვესტიცია, განსაკუთრებით უცხოური, ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში ეს პრობლემა უპირველესია, სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევითა და მხარდაჭერით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა უცხოური ინვესტორების მოსაზიდად. ეს ინვესტორები, თავის მხრივ, საკმაო ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, მათ იზიდავს დაბანდებული კაპიტალიდან მაღალი მოგების ამოღების შესაძლებლობა, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს შედარებით სტაბილურობა, დემოკრატიული ხასიათის დადებითი ცვლილებები.
საქართველოში საინვესტიციო კლიმატის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფად არანაკლებ დიდი როლი შეასრულა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ვმო), რაც განსაკუთრებით ნათლად აისახება ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე, სტანდარტიზაციის და სერთიფიკაციის წესებზე, საგარეო ვაჭრობის მიმდინარეობაზე და ა.შ. სულ უფრო მყარდება ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამ ზონის მოქმედების მთავარი მიმართულება უნდა იყოს: ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის, ასევე ტრანსპორტის/კავშირგაბმულობის და ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარება, რის შედეგად მიღწეული იქნება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის დიდი სეგმენტის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
ისტორიულად თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ჩამოყალიბებით ქვეყანა – შემქმნელი იზიდავდა უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციებს, ავითარებდა ბიზნესის ახალ სახეობებს, აუმჯობესებდა ეკონომიკურ ურთიერთობებს არსებულ და პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან. ეკონომისტების აზრით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია სხვადასხვა ერებსა თუ ქვეყნებს შორის, რაც ქმნის ქვეყანათაშორისი შიდასამთავრობო კავშირებს და წარმატების მომტანია არა მხოლოდ დიდი და ძლიერი ქვეყნებისათვის, არამედ განვითარებადი და მცირე ქვეყნებისთვისაც. საქართველოს უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის ე.წ. “ევროაზიური კორიდორის” ცენტრში ქმნის შესანიშნავ პირობებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად და განსავითარებლად. ფოთის ინფრასტრუქტურის განვითარების საკმაოდ მაღალი დონე პერსპექტივაში მრეწველობის ახალი დარგების ჩამოყალიბება გაზრდილი უცხოური კაპიტალდაბანდებებით, ფართო ინოვაციური საქმიანობით, უახლესი ტექნოლოგიებით და წარმატებული საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებით ამის საწინდარია.
ექსპერტების შეფასებით ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას დიდი პოტენციალი და განვითარების მაღალი შესაძლებლობები აქვს. ამ ტერიტორიაზე თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბებით მიიღწევა მთელი რეგიონის განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, რაც, საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე მხოლოდ დადებითად აისახება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარსულის მსგავსად თავისუფალი ინდუსტრიული ზონების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება, საქართველოს ახალი ხელისუფლება სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს ამ საკითხის მიმართ.
საკმარისია ორიოდე სიტყვა ვთქვათ საქართველოს ბოლო მიღწევებზე ამ მიმართულებით, მე ვგულისხმობ ე.წ. “გუამის (ქართ. სუამი) შეთანხმებებს”. როგორც ცნობილია 2006 წლის მაისში უკრაინის დედაქალაქ კიევში ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებმა (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) ხელი მოაწერეს მთელ რიგ ხელშეკრულებებს თავისუფალი ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ, იგეგმება უფრო ღრმა პოლიტიკურ-ტერიტორიული კონსოლიდაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ამ ქვეყნების ტერიტორიებზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა.
როგორც უკვე ითქვა, დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია ქვეყანაში უფრო მეტი უცხოური კაპიტალის მოზიდვა, რაც უფრო შედეგიანი და წარმატებული იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მეშვეობით.
განვითარებულ ქვეყნებში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირება მოწმობს, რომ მათი წარმოების საფუძველია საქმიანობის ოპტიმალური დაგეგმვა და უნარიანი მართვა. მსოფლიო მეურნეობაში მიმდინარე ცვლილებები (მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, ტრანსეროვნული კომპანიების კონკურენცია, სავალუტო კურსების მერყეობა და ა.შ.), ზონების განვითარებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს;
თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით განპირობებული სოციალურ-კონომიკური შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ ზონებმა შექმნეს დამატებითი სამუშაო ადილები, “გამოაცოცხლეს” საერთაშორისო ვაჭრობა, აამაღლეს საგარეო-სავაჭრო საქმიანობის შედეგიანობა და სამეცნიერო-საწარმოო პოტენციალის გამოყენება.
განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის დამახასიათებელია განვითარების რიგი საერთო თავისებურებები; მათი შექმნა განისაზღვრება რიგი ეკონომიკური მიზეზებით და უპირველეს ყოვლისა, ექსპორტზე სამრეწველო პროდუქციის წარმოებისა და განვითარების მოთხოვნილებით, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის, მეცნიერებისა და მოწინავე ტექნოლოგიების, თანამედროვე ტექნიკური ინფორმაციისა და სხვათა მოზიდვით;
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მეურნეობრიობის განსაკუთრებული რეჟიმი უცხოელი მეწარმეებისათვის უფრო ლიბერალური და შეღავათიანი ხდება, რაც თვით ამ ზონებს შორის საერთაშორისო კონკურენციის გაძლიერებითაა განპირობებული;
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების პროცესში ფირმების საქმიანობისა და კომპლექსური განვითარების სავაჭრო-სამრეწველო დივერსიფიკაცია წარმოებს. თანამედროვე მეცნიერულ – ტექნიკური პროგრესი პირველ პლანზე იმ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს აყენებს, რომლებშიც წარმოების მეცნიერებატევადი დარგებია თავმოყრილი და უახლესი და მაღალი ტექნოლოგიების დამუშავებასთან არის დაკავშირებული;
საქართველოსა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის თემა საყურედღებოა ბევრი გარემოების გამო. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობის განვითარება, ჩვენი ქვეყნის გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესებში უფრო აქტიური ჩართვა და აქედან გამომდინარე სხვა დადებითი ტენდენციები მეტად მნიშვნელოვანია და მეორე, ვთვლი, რომ ყველა აღნიშნული და მრავალი სხვა დადებითი შედეგების მიღწევა უფრო ეფექტური და წარმატებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისა და მათი განვითარების ხელშეწყობით.
საქართველოს კანონმდებლობა საგადასახადო კუთხით მრავალ პრეფერენციას ითვალისწინებს. კერძოდ, საბაჟო ტარიფისა და საბაჟო გადასახადის შესახებ საქართველოს კანონით, მთელი რიგი საქონლის, მათ შორის: საწარმოო დანადგარების, მოწყობილობების, ტექნოლოგიური ხაზების, სანედლეულო მასალების იმპორტი იბეგრება საბაჟო გადასახადის შეღავათიანი განაკვეთით, ხოლო საიმპორტო გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდება საექსპორტო პროდუქციის დამზადებისათვის განკუთვნილი ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და ტარაშესაფუთი მასალების იმპორტი.
პრაქტიკულად, ყველა სახის ექსპორტი, ჯართის გარდა, განთავისუფლებულია საექსპორტო გადასახადისაგან. გარდა ამისა, მთელი რიგი შეღავათებისაა დაწესებული საგადასახადო კოდექსით. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
დღგ-ს ნულოვანი განაკვეთი და აქციზის მოხსნა ექსპორტზე, ამასთან დღგ-გან განთავისუფლებულია საბანკო-საფინანსო ოპერაციები.
საგადასახადო შეღავეთების გარდა ქვეყანაში იმოქმედებს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მეტად ლიბერალური სისტემა, ანუ არ იარსებებს ექსპორტის ან იმპორტის კვოტირების წესი, საერთაშორისო ნორმებით დასაშვებ მინიმუმამდე შემცირდება საექსპორტოდ აკრძალული და ლიცენზირებადი პროდუქციის ნუსხა, გაუქმდება საგარეო ეკონომიკური კონტრაქტების რეგისტრაციის სავალდებულო წესი. “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც უცხოურ, ასევე სამამულო ინვესტიციებზე გავრცელდება აბსოლუტურად იდენტური გარანტიები, რომლებიც იცავენ ინვესტორებს ნაციონალიზაციისა და ექსპოპრიაციისაგან. მოიხსნება ყოველგვარი შეზღუდვები ეროვნული ვალუტის კონვერტაციაზე და უცხოური ვალუტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაზე.
მსოფლიოს გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პირობებში, წარმატებულია ის ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ამ პირობებს და აქედან გამომდინარე სხვა მოთხოვნებს და როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, დღეისათვის სულ უფრო აქტუალური ხდება ქვეყნების სწრაფვა თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისაკენ და ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნის განვითარების უახლოეს პერიოდში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საკითხი ძალიან პერსპექტიული და მნიშვნელოვანი გახდება …

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ზოგიერთი მახასიათებელი ქვეყნების მიხედვით (ცხრილი #1)

1