გრინსპენის “რბილი დაფრენა” არ მოხდა

ოთარ ქირია
გასული წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკამ სერიოზული ცვლილებები განიცადა. აშშ-ს საფონდო კრახმა მსოფლიოს ფინანსური ბაზარი, ერთი მხრივ, რისკის წინაშე დააყენა და, მეორე მხრივ, ევრო-აზიული ბაზრისადმი ინტერესი გაზარდა, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ერთიანი ვალუტის გაძლიერებას. აშშ-ს ეკონომიკის დაღმასვლით გამოწვეულმა ნავთობის ფასების მატებამ რუსეთს ხელი საკმაოდ მოუთბო. თუმცა, დღეს წარმატება უკუღმა უბრუნდება – ბუში მას ფინანსურ დახმარებებს შეუწყვეტს.

1. მიწისძვრა აშშ-ს საფონდო ბაზარზე შშ-ს საფონდო ბაზრის დინამიკა, გასულ
წელს, ძალიან წააგავდა ამერიკის მთიან ლანდშაფტებს. ინვესტორები შოკში ჩააგდო ფაქტმა, რომ 1999 წლის აგვისტოდან 2000 წლის მარტამდე ორჯერ გაძვირებული აქციები ნოემბრის ბოლოსათვის თითქმის 2,5-ჯერ გაუფასურდა. ურწმუნო ცნობაც კი იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ კომპანიის შემოსავლები შემცირდა, ბირჟებზე მათი აქციების მოზღვავების საფუძველი ხდებოდა, რაც პერმანენტულად აგდებდა მათ ფასს. აქციათა გაუფასურების პროცესი შეიძლება ორ ეტაპად დავყოთ: პირველი, რომელიც დაიწყო 2000 წლის 29 მარტს და დასრულდა მაისის შუა რიცხვებში; და მეორე, რომელიც დაიწყო 4 სექტემბერს და დღესაც გრძელდება. დოუ ჯონსის ინდექსის მიხედვით, პირველი დარტყმით, 500-ზე მეტმა კომპანიამ 10,5% დაკარგა, მეორეთი კი – 36,18%. მარტში ნაზდაკი 36%-ით დაეცა, წლის ბოლოს კი მან 38% დაკარგა.

1

რა ელის საფონდო ბაზარსა და, საერთოდ, ბაზარს აშშ-ში მიმდინარე წელს? მეტწილად, ეს დამოკიდებულია სწორედ იმ აჩრდილზე, რომელიც ინვესტორების უკან იმალება ამერიკის ეკონომიკის დაღმასვლის დაწყების დღიდან. თუ აპოკალიფსის წინასწარმეტყველნი ცდებიან და აშშ-ს ეკონომიკას 21-ე საუკუნის პირველ წელიწადში 2,5-3%-იანი ზრდა ელის, ხოლო ფედერალური სარეზერვო სისტემა, თავის მხრივ, საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, მაშინ დაკარგული თანხები ბაზარზე აუცილებლად დაბრუნდება და მოხმარდება ინვესტიციებს მაღალი ტექნოლოგიების დარგს, რომელიც ყველაზე მეტად საფონდო გრიგალმა აზარალა.

2. აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება
მეორე რაუნდის უკანასკნელი დარტყმა აშშ-ს ეკონომიკას 19 დეკემბრის სამთავრობო სხდომამ მიაყენა. მოლოდინი საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, არ გამართლდა. იგი 6,0% დარჩა დისკონტურისათვის და 6,5% -ფედერალური ფონდებისათვის. ეკონომიკური უკუსვლის მიზეზთა შორის ყველაზე მნიშვნელოვნად მოიაზრება წარმოების შემცირება ბოლო ორი თვის მანძილზე, მოხმარების შემცირება როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარზე და მარაგების მოზღვავება, რომელიც წარმოების დაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა.

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პროგრამა ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას ზოგადად იძლევა, ამოცანის გასაღებად კი სახელმწიფო რეგულირების როლის შემცირებას ასახელებს. სხვა სიტყვებით, აშშ-ს საბიუჯეტო შემოსავლები მოხმარდება ვალის დაფარვას და არა ფუფუნებას.თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა რეალიზებულ იქნა, ეს შედეგს სწრაფად არ გამოიღებს – ასეთი პოლიტიკის ნაყოფი მხოლოდ წლების შემდეგ მწიფდება.

2

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2001 წელს, აშშ-ში მოხმარების ტემპების ზრდა კიდევ უფრო შემცირდება, რაც, შესაბამისად, ნავთობის შემდგომი ფასების ვარდნას განაპირობებს.

3. ნავთობის ფასების მკვეთრი ცვალებადობა
1997 წლის ბოლოს ფასებმა ენერგომატარებლებზე საგრძნობლად იკლო, ტენდენცია 1998 წელსაც გაგრძელდა და პიკს 1999 წლის პირველ ნახევარში მიაღწია, ამ პერიოდისათვის ვარდნამ უკვე 31% შეადგინა. ეს გახლდათ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. იმავე წლის თებერვლიდან ფასებმა მატება დაიწყო, რისი მთავარი მიზეზი ნავთობის მარაგის ნაკლებობა გახლდათ. აღნიშნული მატებით, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა და აზიის რამდენიმე ქვეყანამაც, ხელი საკმაოდ მოითბო. თუმცა, გასული წლის მეორე ნახევრის ბოლოს, ფასებმა კვლავ კლება დაიწყო და 35/37 დოლარიდან 25/27 დოლარზე ჩამოვიდა ბარელზე. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, მას შემდეგ, რაც ოპეკმა ქვოტები შეამცირა, ფასები ისევ საგრძნობლად გაიზარდა.

3

როგორც საფონდო, ისე ნავთობის ბაზარზე გათვლილმა თუ გაუთვლელმა პროგნოზებმა და შეფასებებმა საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონიეს მოვლენათა განვითარებაზე. საკმარისია გავიხსენოთ ნავთობის ფასების კატასტროფული ვარდნა. ამასთან, ალბათობა იმისა, რომ ვარდნის ტენდენცია 2001 წელს არ შეიცვლება, მინიმალურია. პირველი იმიტომ, რომ ინვესტორებმა ამერიკის მთავრობის პოლიტიკისადმი ნდობა დაკარგეს და მეორე – საპროცენტო განაკვეთის შეცვლის შემდეგ, დოლარის გაუფასურებამ მოლოდინს იმდენად გადააჭარბა, რომ ისინი შიშმა და უნდობლობამ მოიცვა. (აღსანიშნავია ისიც, რომ განაკვეთის შეცვლა საკმაოდ გვიან იქნა გადაწყვეტილი.)

4. ევროს გამყარება
თავდაპირველად აშშ-ს მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი გრინსპენის გეგმით მიდიოდა, თუმცა, “რბილი დაფრენა” არ მოხდა, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები არ შეამცირა და, შესაბამისად, ინვესტორების ნდობაც საბოლოოდ დაკარგა.დეკემბრის ფასთა ვარდნამ კორექტირების ნაცვლად კრახის სტატუსი მიიღო. შედეგად, აშშ-ს კაპიტალის დიდმა ნაწილმა ევროპისაკენ გადაინაცვლა და ევროს კურსის გამყარებას დაედო საფუძვლად.

4

ის, რაც ევროს დაემართა უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ. თავდაპირველად მისი კურსი საგრძნობლად დაეცა და გაუთანაბრდა მინიმალურ დონეს – 0,83 დოლარს, რაც 30%-ით ნაკლებია მის პარიტეტზე. აღნიშნული სკანდალის მთავარი გმირი ევროპის ცენტრალური ბანკი გახლდათ, რომლის ინტერვენციები არაერთხელ მოვლენია ევროპის ბაზარს სიურპრიზად. მეორე ეტაპზე ევრო მოძლიერდა და 0,5-0,7 პუნქტით გამყარდა. საბოლოოდ კი, მან თავისუფალი ვარდნის აბსოლუტური რეკორდი მოხსნა.

როგორც კი ამერიკის საფონდო კრიზისი ძალაში შევიდა და დოლარიც, შესაბამისად, შესუსტდა, ევრო მომენტალურად მომაგრდა და თვის განმავლობაში 10%-ით მოიმატა. 2000 წლის 18 დეკემბრისათვის, მისმა კურსმა 0.90 დოლარს გადააჭარბა.

გრძელვადიან პერსპექტივაში ევროს გაძლიერებას ხელს პოზიტიური ფუნდამენტალური მაჩვენებლები შეუწყობს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, გაცილებით ეფექტურია ვიდრე ცენტრალური ბანკის ინტერვენცია. აშშ-ს ეკონომიკური ვარდნა, ყოველმიზეზგარეშე, უკუპროპორციულად იმოქმედებს ევროს შემდგომ გაძლიერებაზეც.

5

5. ევროპისა და აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობები
გასული წლის დასაწყისში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება არსებულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ათასობით ამერიკული კომპანიისთვის დამატებითი სუბსიდიების გამოყოფის შესახებ. თუმცა, სავაჭრო ორგანიზაციის თანამშრომლებს დაუყოვნებლივ გამოუცხადეს, რომ აღნიშნული სუბსიდიების გამოყოფა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ აშშ-ს კონგრესი ამის შესახებ ახალ კანონს მიიღებდა. წლის ბოლოს აშშ-ს კონგრესმა, ექსპორტიორი კომპანიების ზეგავლენით, კანონი ახალი საბაჟო ზედდებულების შესახებ მიიღო და შეცვალა მისი წინამორბედი “კანონი კორპორაციების საექსპორტო საქმიანობის შესახებ”, რომელიც 1980 წელს იქნა მიღებული და არაერთხელ ყოფილა ევროსაბჭოს მუქარის სამიზნე. სპეციალური ოფშორული სტრუქტურების, ანუ, საერთაშორისო კომერციული კორპორაციების “Fორეიგნ შალეს ჩორპორატიონს” – მეშვეობით აშშ-ს ხელისუფლებამ ექსპორტიორებს საშუალება მისცა, დასაბეგრი შემოსავალი შეემცირებინათ 15%-მდე. საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, აღნიშნული პროგრამა აშშ-ს ბიუჯეტს ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარით ავსებს. გარდა შესაძლებობებისა თავი აარიდონ გადასახადებს სამშობლოში, აღნიშნულ კომპანიებს იმის საშუალებაც მიეცათ, რომ ნაწილობრივ საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლებიც დამალონ, რაც მათ უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებიც გაცილებით უფრო მაღალი საგადასახადო ტვირთის ქვეშ მუშაობენ – მაგალითად ევროსაბჭოს ქვეყნებში.

6. მსოფლიო საკრედიტო რიზისის მზარდი რისკი
დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ აღნიშნული კრიზისი აზიის ფინასურ ბაზარზე დაიწყოს. საფონდო ინდექსების არსებულმა ვარდნამ იაპონიის ბანკები სისტემური საფინანსო რისკის წინაშე დააყენა. იაპონელი ბანკირები თანხებს მაღალფასიანი აქციების საპორტფელო ინვესტიციებში აბანდებდნენ. დღეს კი კოლოსალური შემოსავლები ამ ინვესტიციებიდან ანალოგიური სისწრაფით იკარგება. ასე მაგალითად, 2000 წლის სექტემბრისათვის იაპონიის 16 წამყვანი ბანკის ზარალი უკვე 17,2 ტრილიონ იენს შეადგენდა მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ ნახევარში 1,66 ტრილიონი ჩამოწერეს იგივე მიზეზის გამო.

6

ერთი სიტყვით, აშშ-ს სანაქებო “ახალი ეკონომიკა” და გრინსპენის “რბილი დაფრენა” კრახის პირასაა. ამის ერთ-ერთ მიზეზად, მსოფლიოს საზოგადოება იმ ახალი ტექნოლოგიების ასპარეზზე გამოჩენასა და განვითარებას ასახელებს, რომლებიც საშუალებას იძლევა შრომის ნაყოფიერება გაიზარდოს “არატრადიციული” ამერიკული ხერხებით.

7. რეალობა – აშშ რუსეთს აღარ წყალობს
უკანასკნელ პერიოდში ბერვჯერ დასმულა კითხვა იმის შესახებ, შეიცვლება თუ არა რუსულ-ამერიკული პოლიტიკა 43-ე პრეზიდენტის მოსვლით შტატების სათავეში. დავა, ძირითადად, რუსეთის მხრიდან ინიცირდებოდა, რადგან შტატებს მეტად შიდა პრობლემები ადარდებდა. ამიტომაც, არც ტელედებატებზე და არც არჩევნების შემდეგ თეთრ სახლში რუსეთზე ბევრი არ თქმულა. თუმცა, რაღა უნდა ითქვას, როცა ბუში მინისტრებად რუსეთზე და რუსეთში კვალიფიცირებულ კარდებს ნიშნავს.

აშშ-ს პოზიცია ახლა უკვე გარკვეულია. “ნიუ-იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ბუშმა ნათლად გამოკვეთა ის ფაქტი, რომ რუსეთთან მიმართებაში კლინტონის თბილ და შემწყნარებლურ პოლიტიკას ბოლო მოეღება.

ბუშის თქმით, რუსეთის უზარაზარი ფინანსური მხარდაჭერით, კლინტონმა სერიოზული შეცდომები დაუშვა. ამასთან, იგი ასახელებს ციფრებს, რომლის მიხედვითაც 1992-1998 წლებში ვაშინგტონმა რუსეთს 2,3 მილიარდი დოლარი გამოუყო, სსფ-მ კი, რომელსაც პრაქტიკულად ამერიკა განაგებს, 30 მილიარდი.

ბუშმა მკაცრად დასვა საკითხი იმის შესახებ, რომ რუსეთს მანამ არ გაუწევს ფინანსურ დახმარებას, სანამ ეს უკანასკნელი ქვეყანაში სერიოზულ რეფორმებს არ გაატარებს. ერთადერთი, რითაც რუსეთს აშშ ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ბირთვული არსენალის შემცირებისათვის გადარიცხვები იქნება.

ბუშის ამ განცხადებებით, აშკარაა, რომ რუსეთი ფინანსურ დახმარებებს აშშ-ს, სსფ-სა და მსოფლიო ბანკისაგან კარგა ხანს ვერ მიიღებს. ბუში არც იმას ამტკიცებს, რომ რუსეთის გამოჯანსაღების აკვიატებული იდეა აწუხებს: “ეს, უბრალოდ, ბიზნესია და არა პირადი ინტერესი”. – ამბობს აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი.

თუმცა, თუ ბუში რეალურად გაამკაცრებს რუსეთისადმი დამოკიდებულებას, რუსეთის ეკონომიკის წარმართვაში მას სერიოზული ბერკეტების ხელში ჩაგდების საშუალება მიეცემა. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი, საექსპორტო ბაზრის ბლოკადა, ანუ ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროს ბლოკირება იქნება, რასაც, პროტექციონისტული პოლიტიკის წარმართვით მიაღწევს. მაგალითისთვის, ამერიკა-რუსეთის “ფოლადის ომების” მოყვანა შეიძლება. როგორც ცნობილია, აშშ-მ რუსეთის მეტალის ექსპორტზე მკაცრი ქვოტირება შემოიღო. იანვრის შუა რიცხვებში კი რუსი მეტალურგები მთავრობის წინაშე, ლამის, აშშ-რუსეთის მეტალოპროდუქტების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის მოთხოვნით წარსდგნენ. ექსპერტები, რუსეთში მსგავს პრეცედენტებს, წელსაც მოელიან.

“აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა, ახალი მსოფლიოს აშენებისთვის, პირველ რიგში, უნდა მოიხსნას ილუზია იმის შესახებ, რომ XXI საუკუნე “ამერიკული საუკუნე” უნდა გახდეს. გლობალიზაცია ფაქტია, მაგრამ გლობალიზაცია ამერიკულად – ნონსენსი და, რაც მთავარია, საშიში შეცდომა”. – მიხეილ გორბაჩოვი. .