კლასტერიზაციის თეორიული საფუძვლები და მათი დანერგვის წინაპირობები საქართველოში
ევგენი ბარათაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, საქ. ტექნ. უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ნოდარ ძიძიკაშვილი, ნანა ნადარეიშვილი, გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი, საქ. ტექნ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ჯანდრი ზარანდია, ეკონომიკის დოქტორი,სოხუმის სახელმწიფო უნივერს
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი #GNSF/ST06/2-067). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლებელია არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.
გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკის სტრუქტურა რთულდება. ცოტა ხნის წინ ბევრი ეკონომისტი მას განიხილავდა, როგორც ქვეყნის მეურნეობის ორი რგოლისგან შემდგარ სტრუქტურას [1, 2]. როგორც ცნობილია, მიკროეკონომიკა იკვლევს ფირმებსა და კერძო მეურნეობებს, მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედების მექანიზმს, რომელიც განსაზღვრავს საბაზრო წონასწორობას და ამ სამეურნეო სუბიექტების ქცევას. მაკროეკოენომიკა კი აანალიზებს ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებას მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდის სტრუქტურას, ფინანსურ სისტემას, შრომის ბაზარს, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების ურთიერთობებს. მაგრამ ეს დაყოფა ბევრ შემთხვევაში პირობითია, რადგან მაკროეკონომიკური ანალიზი შეუძლებელია უპირატესობათა კვლევისა და კომპანიათა ქცევის მოტივაციის გარეშე. ეს ქცევა კი ვერ აიხსნება ინფლაციისა და საინვესტიციო აქტივობის მაკროეკონომიკური პროცესების გარეშე [3], ამიტომ ბევრი ეკონომისტი ასეთ დაყოფას მოძველებულად თვლის.
დღევანდელ პირობებში ტრადიციული დარგების მოშლის გამო, მთავარი ეკონომიკური სუბიექტები ხდებიან მეზოეკონომიკური სტრუქტურები – დარგთაშორისი სამეურნეო გაერთიანებები, რომლებიც ახორციელებენ სტრატეგიულ მართვას ტექნოლოგიური ჯაჭვით – ნედლეულის მოპოვებიდან ან ახალი პროდუქციის შემუშავებიდან დაწყებული, მისი წარმოებითა და რეალიზაციით დამთავრებული. ამ სტრუქტურების მთავარი თავისებურებაა მონაწილეთა ურთიერთობების ტრანსფორმაცია გეგმიურ-ორგანიზაციული და არა სტიქიურ-საბაზრო საფუძველზე.
ჩვენი აზრით, სწორედ კლასტერული კონცეფცია ანვითარებს მრავალდონიანი ეკონომიკის თეორიას, ასაბუთებს რა ხარისხიანი რესურსების მოზიდვის მექანიზმს დარგთაშორისი ურთიერთობების საფუძველზე.
კლასტერი, როგორც დარგთაშორისი საწარმოო კომპლექსი, ეკონომიკისთვის შუალედური რგოლია, ის ეკონომისტებს შორის მძაფრი დისკუსიების საგანია.
რადიკალურად განწყობილი ლიბერალი ეკონომისტები ითხოვენ ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის მაქსიმალურ შეზღუდვას, უარყოფენ დარგებისადმი მხარდაჭერას, რადგან სახელმწიფოს არც ძალუძს სწორად შეაფასოს რომელი დარგი განსაზღვრავს ეკონომიკის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ფინეთისა და სხვა სკანდინავიური სახელმწიფოების მაგალითები კი ამტკიცებენ სხვა კონცეფციის მნიშვნელობას: სახელმწიფო და მისი რეგიონული ორგანოები ყოველთვის უნდა იყვნენ მოწოდებულნი მხარი დაუჭირონ კლასტერების შერჩევას, ფორმირებას და განვითარებას.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ბაზრის მოთხოვნაზე. რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებულმა სავაჭრო ემბარგომ ღვინოზე, მინერალურ წყლებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე. რუსეთი ტრადიციულად ქართული პროდუქციის მსხვილი იმპორტიორი იყო და ჩვენი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 17,8 პროცენტი მასზე მოდიოდა. ემბარგოს დაწესებამ რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 7,6 პროცენტამდე შეამცირა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთლიანი ექსპორტი უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებთან, 2005 წელთან შედარებით, 14,7 პროცენტით გაიზარდა. გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა და ამ რთული სიტუაციიდანაც ნაკლებ დაზარალებულნი გამოვიდოდით, ჩვენთან მ. პორტერის კონკურენტული უპირატესობის პრინციპები რომ დანერგილიყო და ყურადღება მიქცეოდა ქვეყნის კლასტერიზაციას.
დარწმუნებული ვართ, რომ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ასამაღლებელი ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი ქვეყნის ეკონომიკის კლასტერული განვითარების სტრატეგია აღმოჩნდება.
ამიტომ, წინამდებარე სტატიაში ჩვენ შევეხებით კლასტერების თეორიულ საფუძვლებსა და მის ჩამოყალიბება-განვითარების პერსპექტივებს საქართველოს პირობებში.
კლასტერში იგულისხმება დამოუკიდებელი საწარმოო და/ან სერვისული ფირმების (მიმწოდებლების ჩათვლით), ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს (უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ინჟინერინგული კომპანიები), საშუამავლო საბაზრო ინსტიტუტების (ბროკერები, კონსულტანტები) და მომხმარებლების ქსელი, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთთან ღირებულების შემქნელი ერთიანი ჯაჭვის ფარგლებში.
მაიკლ პორტერის თეორიის თანახმად, კლასტერი არის გარკვეულ სფეროში მოღვაწე, გეოგრაფიულად მეზობელი, ურთიერთშემავსებელი და ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ჯგუფი (მიმწოდებლები, მწარმოებლები და სხვა), მათთან საქმიან ურთიერთობებში მყოფ ორგანიზაციებთან (საგანმანათლებო დაწესებულებებთან, სახელმწიფო მართვის ორგანოებთან, ინფრასტრუქტურის კომპანიებთან) ერთად.
საერთოდ ასხვავებენ კლასტერების 3 ფართო განმარტებას, რომელთაგან თითოეული ხაზს უსვამს მათი ფუნქციონირების ძირითად ხასიათს:
ეს რეგიონულად შეზღუდული ეკონომიკური აქტიურობის ფორმებია მონათესავე სექტორებს შიგნით, რომლებიც ჩვეულებრივ მიბმულნი არიან ამა თუ იმ სამეცნიერო დაწესებულებასთან (სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, უნივერსიტეტთან და ა.შ.);
ეს ვერტიკალური საწარმოო ჯაჭვებია, ანუ საკმაოდ ვიწროდ განსაზღვრული სექტორებია, რომლებშიც საწარმოო პროცესების მომიჯნავე ეტაპები წარმოქმნიან კლასტერის ბირთვს (მაგალითად, ჯაჭვი მიმწოდებელი – მწარმოებელი – გამსაღებელი – მომხმარებელი). ამავე კატეგორიაში ხვდება სათავო ფირმების ირგვლივ ფორმირებადი ქსელები;
ეს აგრეგაციის მაღალ დონეზე განსაზღვრული მრეწველობის დარგებია (მაგალითად, ქიმიური კლასტერი) ან სექტორების ერთობაა აგრეგაციის კიდევ უფრო მაღალ დონეზე (მაგალითად, აგროსამრეწველო კლასტერი).
მაიკლ პორტერი [4] თვლის, რომ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის პრიზმაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა საჭიროა განიხილებოდეს არა ცალკეული მისი კომპანიებით, არამედ კლასტერებით – სხვადასხვა დარგობრივი ფირმების გაერთიანებებით, ამასთან პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ კლასტერების უნარს – ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი შიდა რესურსები. კლასტერმა შეიძლება მოიცვას რაიონი, ოლქი, მხარე, შტატი ან მთლიანად ქალაქი, მის მახლობლად მყოფი დასახლებებისა და ქვეყნების ჩართვით.
პორტერის თეორიის თანახმად, კლასტერებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ კონკურენტუნარიანობაზე 3 მიმართულებით:
1. კლასტერები ამაღლებენ ფირმებისა და დარგების მწარმოებლურობას;
2. კლასტერები ქმნიან შესაძლებლობებს ინოვაციური და საწარმოო ზრდისათვის;
3. კლასტერები სტიმულს აძლევენ და აადვილებენ ახალი ბიზნესის ფორმირებას, რაც თავის მხრივ მხარს უჭერს ინოვაციებს და კლასტერის გაფართოებას.
ცნება კლასტერი დარგებთან და კომპანიებთან მიმართებაში სამეცნიერო წრეებში შემოიღო მ. პორტერმა 1990 წელს, ნაციონალური კონკურენტული უპირატესობის რომბის კონცეფციასთან ერთად, რომელიც ყველაზე უფრო პოპულარული ნაშრომია ნაციონალური და რეგიონული კონკურენტუნარიანობისადმი მიძღვნილ გამოკვლევებს შორის [5].
საერთოდ, ტერმინი კლასტერი (რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც 1. მტევანი; 2. თავმოყრა, დაჯგუფება, კონცენტრაცია; 3. ჯგუფი) ეკონომიკამდე წარმატებულად გამოიყენებოდა მრავალ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. სავარაუდოდ, ტერმინი კლასტერი პირველად მათემატიკაში იქნა შემოღებული, როდესაც 1930-იან წლებში მრავალგანზომილებიანი მონაცემების კლასტერული ანალიზის აპარატი ჩამოყალიბდა. არაორგანულ ქიმიაში კლასტერებს უწოდებენ ქიმიური შენაერთების კლასს, რომელთა შემადგენლობაში გარდამავალი ლითონების სხვადასხვა რიცხვია. კლასტერების ფიზიკა თანამედროვე ფიზიკური მეცნიერების ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებადი მიმართულებაა. ერთნაირი ტიპის კომპიუტერების გამომთვლელი კლასტერები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან სადისპეჩერო სისტემებში, აქტიურად გამოიყენება განათლებაში და სამეცნიერო კვლევებში შრომატევადი გამოთვლითი ამოცანების გადასაჭრელად. ასე რომ, ტერმინი კლასტერი ეკონომიკის პრეროგატივა არ არის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი კლასტერი 1970-იან წლებში გამოიყენებოდა საბჭოთა ეკონომ-გეოგრაფების ა. პ. გორკინისა და ლ. ვ. სმირნიაგინის, ასევე შვედი ეკონომისტების კ. ფრედრიქსონისა და ლ. ლინდმარკის მიერ საწარმოთა თავმოყრის აღსანიშნავად [6].
ამგვარად, პორტერი არ იყო ის, ვინც პირველად იყენებდა ამ ტერმინს, რასაც სხვათა შორის, არც თვითონ უარყოფს, როცა იმოწმებს 1890-1950-იან წლებში საწარმოების კონცენტრაციის პროცესების კვლევებით განთქმული ისეთი ეკონომისტებისა და რეგიონალისტების შრომებს, როგორებიცაა: ა. მარშალი, ა. ლიოში, უ. აიზარდი და სხვები [4].
როგორც უკვე აღვნიშნეთ, “კლასტერს, როგორც ტერმინს, იყენებენ იმ სხვადასხვა კომპანიების თავმოყრის შემთხვევაში, რომლებიც არ ახორციელებენ ინფორმაციულ გაცვლას ერთმანეთთან და არ გააჩნიათ ინოვაციური საქმიანობის ხელოვნური ფორმები, მაგალითად ტექნოპარკები.
ტერმინების ამგვარი აღრევა პროცესების აღნიშვნისას, რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული მახასიათებლები, ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის კონკურენტუნარინობის ამაღლების პოლიტიკაზე. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია კლასტერების ტერმინოლოგიის განსხვავება მათში სივრცული შემადგენლის მიხედვით. კერძოდ, იგულისხმება არასივრცული (სამრეწველო და ნაციონალური) და სივრცული (რეგიონული, ლოკალური და ტრანსმოსაზღვრე) კლასტერები. ასე მაგალითად, სამრეწველო (ნაციონალურ) კლასტერში უნდა იგულისხმებოდეს მონათესავე დარგების ჯგუფი, მაგალითად, აგროსამრეწველო კომპლექსი და მომსახურების სფერო, რომლებიც წარმატებით სპეციალიზდებიან შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. რეგიონულ (ან ლოკალურ) კლასტერში უნდა იგულისხმებოდეს მონათესავე დარგების კომპანიათა ჯგუფი, რომელიც კონცენტრირებულია გარკვეულ რეგიონში, აწარმოებს მსგავს პროდუქციას და ურთიერთშორის ინფორმაციის გაცვლას ახდენს.
კლასტერების კონცეფცია და ტერიტორიულ-სამრეწველო კომპლექსის (ტსკ) თეორია ხშირად წარმოუდგენიათ როგორც ანალოგიები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული კლასტერები და ტსკ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.
მიგვაჩნია, რომ წარმოების ტერიტორიული ორგანიზაციის ფორმების კლასიფიკაცია მართებულია დავუქვემდებაროთ ძირითადად ორ პარამეტრს: პირველ ჯგუფში შედიან წარმოების ორგანიზაციის ფორმები, რომელთა ჩამოყალიბება ხდება საბაზრო ძალების სივრცული ორიენტაციით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება რეგიონული და ლოკალური კლასტერები, ხოლო მეორე ჯგუფში გაერთიანებული არიან ტსკ-ბი, ტექნოპარკები, სამეცნიერო პარკები, ბიზნეს-ინკუბატორები და სხვა, ანუ ხელისუფლების ორგანოების მიერ შექმნილი სივრცული ორგანიზაციები.
ამ ბოლო წლებში რეგიონული კლასტერების თეორიას მიეძღვნა მრავალი უცხოური მონოგრაფია და პუბლიკაცია. ამგვარი ლიტერატურა საკმაოდ კარგადაა მიმოხილული [7,8] ნაშრომებში, საიდანაც ჩანს, თუ რა მეცნიერულ საფუძველს ემყარებოდა თანამედროვე კლასტერული თეორია.
პირველად კლასტერების ფენომენს ყურადღება მიაქცია ინგლისელმა ეკონომისტმა ალფრედ მარშალმა. მან შეამჩნია მცირე და საშუალო ფირმების კონცენტრაციის თავისებურება სამრეწველო რაიონებში: შეფილდში (სამზარეულოს მოწყობილობების წარმოება), ბირმინჰემში (ლითონის ნაწარმის გამოშვება) და ა.შ. მარშალმა შენიშნა, რომ ამ საწარმოებს ჰქონდათ მაღალი კონკურენტუნარიანობა სხვა რაიონებთან შედარებით. ამასთან, მან გამოყო სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც განსაზღვრავდნენ ამ ფირმების კონკურენტულ უპირატესობებს. ეს იყო:
1. კვალიფიციური სამუშაო ძალის საერთო ბაზარი;
2. ფირმებს შორის ლოკალური ვაჭრობა;
2. ფირმებს შორის შრომის დანაწილების ლოკალურობა.
ეს ფირმები სამრეწველო რაიონში ქმნიდნენ განსაკუთრებულ ლოკალურ სამრეწველო ატმოსფეროს, რომელიც სტიმულს აძლევდა წარმოების განვითარებას. ინდუსტრიულ ეპოქაში ფორდის მიერ შემოღებულმა მასიური კონვეიერული წარმოების ეფექტურმა სისტემამ, რომელსაც ფორდიზმი ეწოდა, უკანა პლანზე გადასწია მარშალის სამრეწველო რაიონების თეორია 1970-ან წლებამდე. ეს დრო ხასიათდებოდა, როგორც პოსტფორდიზმიდან (1970-1980 წწ.), მოქნილი წარმოების ორგანიზაციის სისტემაზე გადასვლის პერიოდი. ა. მარშალის სამრეწველო რაიონების კონცეფციისადმი ინტერესი კვლავ განაახლა XX საუკუნის 90-იან წლებში ჯ. ბეკატინის ხელმძღვანელობით მომუშავე იტალიელ ეკონომისტთა ჯგუფმა, რომლებიც იკვლევდნენ იტალიური სამრეწველო ოლქების განვითარებას. მათ შენიშნეს, რომ კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემები პირდაპირ იყო დამოკიდებული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფასთან.
ჯ. შუმპეტერს თავის შრომებში, მეწარმეებისა და კრეატიული დამანგრეველი ძალების როლის შესახებ ეკონომიკაში, მოყავდა მაგალითები კლასტერების ინოვაციური საქმიანობის ფაქტებზე. ეყრდნობოდნენ რა, ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-ან წლებში გამოქვეყნებული ა. ვებერისა და ჯ. შუმპეტერის შრომებს, ეკონომისტები ხშირად იხილავენ რეგიონულ და რეგიონთაშორის კლასტერებს, როგორც დარგთაშორის კომპლექსებს, რომლებიც წარმოიშვებიან პოსტინდუსტრიულ ინფორმაციულ ეკონომიკაზე გადასვლის შედეგად. კლასტერების ფორმირებას ს. როზელფერდი იხილავს, როგორც თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისა და დეპრესიული რაიონების განვითარების საფუძველს. ი. სამპლერი რეგიონულ კლასტერებს მოიხსენიებს, როგორც ინფორმაციული საუკუნის ინდუსტრიულ სტრუქტურას. სხვა ავტორები კი რეგიონულ კლასტერებს პირდაპირ აკავშირებენ ეკონომიკის გლობალიზაციასთან.
რეგიონული კლასტერების ფორმირებას და განვითარებას აფასებენ, როგორც მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე ეკონომიკაში, რომლებიც მას უზრუნველყოფენ რეალური სინერგეტიკული ეფექტით, როგორც რეგიონალიზმის საფუძველს გლობალურ ეკონომიკაში.
პორტერის კონკურენტული უპირატესობის თეორიის თანახმად, კლასტერები ასახავენ ინტეგრაციისა და ეკონომიკის განსაზოგადოების (საზოგადოების საკუთრებად ქცევის) ტენდენციებს. ამაზეა აწყობილი ეკონომიკური გარდაქმნის თანამედროვე ევოლუციური თეორია. ის ინდუსტრიული საზოგადოების ფორდიზმის მოდელიდან, ცოდნის გლობალურ ეკონომიკაზე გადასვლასთან და რეგიონული განვითარების ინოვაციური სისტემების ძიებასთანაა დაკავშირებული.
სპეციალური პუბლიკაციები მიეძღვნა კლასტერების საშუალებით ნაციონალური ინოვაციური სისტემების ფორმირებას, მათ უპირატესობებსა და განვითარების პრობლემებს, რეგიონულ და რეგიონთაშორისო კლასტერების ფორმირების გამოცდილებას გერმანიაში [9], შოტლანდიაში [10], აშშ-ში [11], ფინეთში [12,13], კლასტერების საერთაშორისო შედარებებს (რანჟირებებზე) [14].
კლასტერების ანალიზისა და კლასტერული პოლიტიკის თეორია გახდა მნიშვნელოვანი მიმართულება რეგიონალისტიკაში [15,16]. რეგიონთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციები კლასტერული ანალიზის მეთოდების ბაზაზე მოცემულია 2003 წელს ევროპული კომისიის დავალებით გამოცემულ ნაშრომში [17]. სამრეწველო კლასტერებისადმია მიძღვნილი ნაშრომი [18], სადაც სამრეწველო კლასტერი განხილულია, როგორც კონკურენტუნარიანობის მდგრადი განვითარების ასპექტი.
ვინ არიან კლასტერის მონაწილენი?
კლასტერის ძირითადი მონაწილეები არიან კლასტერში შემავალი კომპანიები. მხოლოდ მეწარმეების აქტიური მონაწილეობით შეუძლია კლასტერს განვითარება და განმტკიცება. კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიზნეს-ლიდერები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ პროცესის არა ერთადერთ მონაწილეებს. უნივერსიტეტებს, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, ხელემწიფებათ უზრუნველყონ კლასტერის მონაწილეები ინოვაციებითა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური დანერგვებით. კლასტერის სხვა მონაწილეებს მიეკუთვნება ფინანსური ორგანიზაციები, ისეთები, როგორიცაა ვენჩურული კომპანიები და სხვადასხვა ბიზნეს-მომსახურების გამწევი ორგანიზაციები (კონსალტინგური კომპანიები და ასოციაციები). არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი უკავიათ კლასტერების ჩამოყალიბებაში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, განვითარებაზე მიმართულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს.
რაში გამოიხატება კლასტერის მონაწილეთა საერთო ინტერესი? პირველ რიგში ბაზარზე კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოებაში, რაც მიიღწევა სპეციალიზაციაზე და კლასტერის მონაწილეთა ურთიერთშემავსებელ პოლიტიკაზე დაფუძნებული მაღალი მწარმოებლურობით. #1 ნახაზზე ზოგადად მოცემულია კლასტერის მონაწილეები.
არსებობს სხვა კონცეფციებიც, რომლებიც მიეკუთვნებიან კლასტერებს.
ამიტომ, კლასტერებზე საუბრისას საჭიროა განვასხვაოთ შემდეგი ცნებები:
საწარმოო კლასტერი – ეს რამდენიმე საწარმოა, რომელთა ურთიერთობა მოიცავს მყიდველ-გამყიდველს და მიმწოდებელ-მყიდველს, ან საერთო ტექნოლოგიებს, საერთო მყიდველებს, ან განაწილების არხებს, ან საერთო ადამიანურ რესურსებს.
საწარმოო რაიონი (მაგალითად, იტალიაში) – ეს არის ფირმების კონცენტრაცია, რომლებიც ჩართულნი არიან ურთიერთდამოკიდებულ საწარმოო პროცესებში, ხშირად იმავე დარგებში ან საწარმოო სეგმენტებში, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებაშია აპრობირებული და შემოფარგლულნი არიან სამუშაოზე ყოველდღიური სასიარულო მანძილით.
რეგიონული კლასტერი – ეს არის საწარმოო კლასტერი, რომელშიც წევრი-ფირმები იმყოფებიან ერთმანეთთან უშუალო სიახლოვეში. რეგიონულ კლასტერებს შეუძლიათ მოიცვან მცირე და საშუალო ფირმების სამრეწველო რაიონები, მაღალი ტექნოლოგიების კომპანიათა კონცენტრაციები, რომლებშიც დაკავებულნი არიან საერთო ტექნოლოგიებისა და საწარმოო სისტემების განვითარებით. ასეთი კომპანიები თავის მხრივ მოიცავენ მძლავრ, დედაკომპანიებს და მათ ადგილობრივ მიმწოდებლებს, რომლებიც გამოყოფილნი არიან დედაკომპანიისგან. უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოო რაიონები წარმოადგენენ რეგიონული კლასტერების ქვესისტემას. როდესაც საწარმოო რაიონის ცენტრალურ ელემენტს ხშირად წარმოადგენს ერთადერთი დარგი, ან ერთადერთი საწარმოო სეგმენტი, რეგიონული კლასტერი მთლიანად მოიცავს რიგ მომიჯნავე დარგებს.
ნახ. #1
წყარო:IKED-2004 -www.iked.org
ბიზნეს-ქსელი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფირმების ჯგუფი, რომლებიც განვითარების საერთო პროექტებში სათანამშრომლოდ ერთობლივად იყენებენ ნიჭიერ ხალხს და რესურსებს. სპეციალიზაციის განსაზღვრისას ავსებენ ერთმანეთს საერთო პრობლემების გადასაწყვეტად და ქსელის მონაწილეებს შეუძლიათ მიაღწიონ კოლექტიურ შედეგიანობას, ცალკეული ფირმის ინდივიდუალური არეალის გარეთაც დაიპყრონ ბაზრები. ქსელი ჩვეულებრივ შედგება რამდენიმე ფირმისგან, რომლებიც თანამშრომლობენ ერთმანეთთან და შეუძლიათ იქონიონ განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულების დონე, მაგრამ ისინი ვერ მუშაობენ მომიჯნავე დარგებთან ან არ მდებარეობენ მათ უშუალო სიახლოვეს.
კლასტერებს ზოგჯერ აიგივებვენ საწარმოო სექტორებთან, რაც არასწორია. კლასტერი საწარმოო სექტორისგან განსხვავდება თავისი გეოგრაფიული საზღვრებით, რესურსების არსებობით, მომარაგებით, რიგი ჩვევებით და რაც მთავარია, მდგრადი კავშირებით. კლასტერები ყველაზე წარმატებით გამოიყენება რეგიონული სისტემების სახით. სექტორები, რომლებსაც სახელმწიფო ტრადიციულად იყენებდა დაგეგმვისათვის და ეკონომიკური შესაძლებლობის განსაზღვრისათვის, ძირითადად წარმოადგენენ კონცენტრაციებს. კლასტერებს შეუძლიათ მოიცვან ერთი ან მეტი სამრეწველო სექტორი. ნახ. #2ზე მოცემულია რეგიონული კლასტერის სტრუქტურა.
#2 ნახაზიდან ჩანს, რომ რეგიონული და რეგიონთაშორისო კლასტერი წარმოადგენს ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულ სექტორებს, მოიცავს საბაზო (რეგიონისთვის მაპროფილებელი) დარგს, მიმწოდებელ დარგებს და მათი პროდუქტების მომხმარებელ დარგებს, ასევე შესაბამისი მოწყობილობებისა და მომსახურების მწარმოებლებს, პირველ რიგში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და მაღალტექნოლოგიურს.
კლასტერის შიგნით ბაზური დარგის გამოყოფის კრიტერიუმია ამ დარგის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების უნარი. საერთოდ კი კლასტერს უნდა ჰქონდეს შემდეგი განმასხვავებელი ნიშნები:
მისი წილი შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე (ნაციონალურ, მსოფლიო) უნდა აღემატებოდეს რეგიონის ეკონომიკის საშუალო წილს (რშპ) ამ ბაზარზე;
კლასტერში გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპი უნდა აღემატებოდეს რეგიონის შიგა პროდუქტის (რშპ) მატების ტემპს;
კლასტერის კონკურენტუნარიანობა ხვედრითი დანახარჯებისა და პროდუქციის ხარისხის გათვალისწინებით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს სხვა ქვეყნებისა და რეგიონების შესაბამისი ეკონომიკის სექტორებს;
კლასტერის შემადგენელ დარგებს უნდა გააჩნდეთ მყარი კოოპერაცია ერთმანეთთან და ამის საფუძველზე უნდა ახდენდნენ აგლომერაციული პროცესების, შიდა საინფორმაციო არხებისა და ქსელური სახის ორგანიზაციების ფორმირებას;
კლასტერში საწარმოებს შორის განვითარებული უნდა იყოს საინფორმაციო და მარკეტინგული კავშირები თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე. ამასთან, რეგიონთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში განვითარებული უნდა იყოს საწარმოთა საერთო სტანდარტები, მომარაგება და მართვა, კლასტერული ბრენდები.
.ნახ.#2
კლასტერული ინიციატივის ანალიზმა დაამტკიცა იმ ქვეყნების კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, სადაც ასეთი მიდგომები დაინერგა. ამასთან, ეფექტურობა მიღწეული იყო:
ინვესტიციების ზრდისა და ახალი კომპანიების შექმნის ხარჯზე;
საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებით;
მოსახლეობის დასაქმების ამაღლებით;
ახალი ტექნოლოგიების განვითარებით;
კლასტერში შემავალი კორპორაციების მწარმოებლურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდით;
მეცნიერებისა და წარმოების მჭიდრო თანამშრომლობით;
ინფრასტრუქტურის განვითარებით;
კორპორაციის თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლებით.
ამის შედეგად ყალიბდება კლასტერი – მჭიდროდ დაკავშირებული დარგების კომპანიათა თანამეგობრობა, რაც ხელს უწყობს ერთმანეთში კონკურენტუნარიანობის ზრდას. ქვეყნის მთლიანი ეკონომიკისთვის კლასტერები ასრულებენ შიდა საბაზრო წერტილების როლს და საბაზისო ფუნქციას საერთაშორისო ექსპანსიისთვის. პირველის კვალზე ხშირად წარმოიშვება ახალი კლასტერი და ამით მთლიანობაში იზრდება ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა. ეს უკანასკნელი კი ეყრდნობა ცალკეული კლასტერების ძლიერ პოზიციებს, რომელთა გარეშეც თვით ყველაზე განვითარებული ეკონომიკა შეიძლება მხოლოდ საშუალო შედეგებს იძლეოდეს. ასე მაგალითად, იაპონიას გააჩნია მძლავრი საავტომობილო და ელექტროტექნიკური ფირმები, მაგრამ სუსტად აქვს განვითარებული ქიმიურ-ფარმაცევტული წარმოება, ხოლო სრულიად ჩამორჩენილია აერო-კოსმოსურ კომპლექსში.