კონკურენტუნარიანობის არსის შესახებ
ზვიად ბეშკენაძე,
სოციალურ მეცნიერებათა (ეკონომიკა) დოქტორი,
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
ეკონომიკურ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ტერმინები: „კონკურენტუნარიანობა“, „კონკურენტული უპირატესობა“, „შეფარდებითი უპირატესობა“. გარკვეული მათგანი განიხილება რამოდენიმე დონეზე (მაგალითად, კონკურენტუნარიანობა – საქონლის, წარმოების, დარგის, ქვეყნის დონეზე).ზოგს კი, არც თუ იშვიათად, იყენებენ, როგორც იდენტურ ცნებებს.უპირატესად ეს ეხება შეფარდებით უპირატესობას და კონკურენტულ უპირატესობას. ამასთან, ამ უკანასკნელს ხშირად აიგივებენ კონკურენტუნარიანობის ცნებასთან. არის განსხვავებული მიდგომებიც. მაგალითად, პორტერი კონკურენტულ უპირატესობას მიიჩნევს უფრო ფართო ცნებად შეფარდებით უპირატესობასთან შედარებით. „შეფარდებითი უპირატესობა შედარებით დაბალი ფაქტორული დანახარჯების წყალობით (მაგალითად, შრომა, ნედლეული, კაპიტალი ან ინფრასტრუქტურა) ან მოცულობით არსებობენ, თუმცა, უმეტეს დარგში ის არ იძლევა კონკურენტულ უპირატესობას … კონკურენტული უპირატესობა არ წარმოიშობა უშუალოდ წარმოების იაფი ფაქტორების ხელმისაწვდომობით ან მოცულობით. ეს შედეგია ამ რესურსების გამოყენებისას მაღალი მწარმოებლობის: წარმოების ძირითადი ფაქტორები ქმნიან კონკურენტულ სირთულეებს და არა უპირატესობას. … კონკურენტული უპირატესობა წარმოიშობა ინოვაციების და მწარმოებლობის ზრდის პროცესში“. [4:403]
მიგვაჩნია, რომ თუ კონკურენტული უპირატესობისა და შეფარდებითი უპირატესობის ცნებებს შორის იდენტურობის შესახებ მოსაზრებას წონადი, მართებული საფუძველი აქვს, რამდენადაც ეს კატეგორიები უფრო ნიშნავს ქვეყნის უნარს, შესაძლებლობას (მხოლოდ ზოგჯერ ფაქტობრივ მდგომარეობას) აწარმოოს გარკვეული საქონელი ნაკლები ალტერნატიული დანახარჯებით სხვა ქვეყნის ანალოგიურ საქონელთან შედარებით. ანუ ისინი უფრო ასახავენ პოტენციურ შესაძლებლობებს და ნაკლებად რეალურ, არსებულ მდგომარეობას. იგივეს ვერ ვიტყვით კონკურენტუნარიანობისა და კონკურენტული (შეფარდებითი) უპირატესობის ცნებებთან დაკავშირებით, რამდენადაც მათ შორის არის გარკვეული მიზეზ-შედეგობრივი განსხვავება. კონკურენტუნარიანობა გულისხმობს კონკურენტული (შეფარდებითი) უპირატესობის არსებობას, ხოლო კონკურენტული (შეფარდებითი) უპირატესობა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ კონკურენტუნარიანობა მიღწეულია. კონკურენტუნარიანობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც არსებული კონკურენტული (შეფარდებითი) უპირატესობა გამოყენებული და მიღწეულია გარკვეულ დონეზე.
ამგვარად, მიგვაჩნია: შეფარდებითი უპირატესობა და კონკურენტული უპირატესობა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც იდენტური ცნებები. ამასთან, ისინი უპირატესად გამოყენებულ უნდა იქნას პოტენციურ შესაძლებლობასთან, უნართან მიმართებაში;
კონკურენტული (შეფარდებითი) უპირატესობა და კონკურენტუნარიანობა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იქნან, როგორც იდენტური კატეგორიები. ამასთან, ეს უკანასკნელი გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც ფაქტობრივი მდგომარეობის, შედეგის ამსახველი კატეგორია.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვისაც არ არსებობს მკაფიო განსაზღვრა იმის, თუ რა მოიაზრება კონკურენტუნარიანობაში. პორტერი კონკურენტუნარიანობის ცნებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „არ არსებობს კონკურენტუნარიანობის ტერმინის საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრა ქვეყანასთან მიმართებაში და თუ ცნება – კომპანიის კონკურენტუნარიანობა – სავსებით ნათელია, ამას ვერ ვიტყვით ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ცნებაზე“[4:210]. კრუგმანი საერთოდ კითხვის ნიშანს სვამს ქვეყნის კონკურენტუნარიანობასთან, როგორც ტერმინის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც კი (1996). ზოგადი მოსაზრება აღნიშნულ ცნებასთან მიმართებაში შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს მასთან დაკავშირებით სხვადასხვა მეცნიერთა შეხედულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განმარტებებიდან გამომდინარე.
დავიწყოთ მეცნიერთა შეხედულებებით. მიუხედავად ზემოდ მოცემული მოსაზრებისა, პორტერი ქვეყნის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „ცნება, რომელსაც ჩვენ უნდა დავეყრდნოთ – ეს მწარმოებლობის მაჩვენებელია და მისი ზრდის დინამიკა. რომ მოვძებნოთ პასუხი, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ განსაზღვრულ დარგებზე და დარგების სეგმენტებზე და არა მთლიანად ეკონომიკაზე“. ხოლო მწარმოებლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ეს მთავარი მაჩვენებელია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ხანგრძლივვადიან ცხოვრების დონეს, რომელზეც დამოკიდებულია მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალი“[4:212-213].
„ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა, ეს, ქვეყნის, როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტის შესაძლებლობაა – დამოუკიდებლად უზრუნველყოს პოლიტიკური განვითარება და შეინარჩუნოს მდგრადი პოზიციები სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ მეტოქეობაში“[12].
კონკურენტუნარიანობის განმარტებას გვაძლევენ რუსი მეცნიერებიც, მათგან ყველაზე გავრცელებულია:
„კონკურენტუნარიანობა – ეს ობიექტის თვისებაა, რომელიც ხასიათდება მოცემულ ბაზარზე მის მიერ რეალური ან პოტენციური კონკრეტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხით, სხვა ანალოგიურ ობიექტებთან შედარებით“ (რ. ფატხუტდინოვი) [6:42].
„ნაციონალური კონკურენტუნარიანობა – ესაა ქვეყნის შესაძლებლობა, მიაღწიოს და შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, გამოხატული ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სისტემატიურ ზრდაში. საბოლოო ჯამში, მაღალ კონკურენტუნარიანობას მივყავართ მოსახლეობის ცხოვრების მაღალ დონესთან და ხარისხთან“. ის აგრეთვე გვთავაზობს კონკურენტუნარიანობის შეფასების სხვაგვარ ფორმას – „კონკურენტუნარიანობა – ესაა, თუ ნაციები როგორ ქმნიან გარემოს, რომლებიც უზრუნველყოფენ თავიანთი ეკონომიკური აგენტების კონკურენტუნარიანობას. …კომპანიის კონკურენტუნარიანობაში წარმატება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება სხვადასხვა ვექტორებით კორპორატიულ და სოციალურ გარემოში. სწორედ ამიტომ კონკურირებენ ნაციებიც (სახელმწიფოები) იმაში, რამდენად ეფექტურები არიან ისინი მსგავსი გარემოს შექმნაში“ (პოლუნეევი ი.) [5:78].
„კონკურენტუნარიანობა – ეს კონკრეტული საქონელმწარმოებლების ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო, ორგანიზაციულ-მმართველობითი, მარკეტინგული და სხვა კონცენტრირებული შესაძლებლობების გამოვლინებაა, რომელიც რეალიზდება საქონლისა და მომსახურების კონკურენტულ ანალოგებთან წარმატებულ მეტოქეობაში როგორცსაშინაო, ასევე საგარეო ბაზრებზე“ (ზავიალოვიპ.);
„კონკურენტუნარიანობა – მოცემულ დარგში ფირმის შეფარდებითი უპირატესობაა სხვა ფირმებთან მიმართებაში ეროვნული ეკონომიკის შიგნით და მის გარეთ“ (მლოტოკი ე.);
„კონკურენტუნარიანობა – ეს დროის კონკრეტულ მომენტში კონკურენტების წინაშე განსაზღვრული უპირატესობის შეფარდებითი მაჩვენებელია“ (სახანოვა გ.).
უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტუნარიანობის დინამიურობაზე პირველად გააკეთა აქცენტი მ. დანმა. მისი აზრით, კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს მისი ცვლილება დროში. კონკურენტუნარიანობაში ის მოიაზრებს მოქნილობას, რომელთანაც ეროვნულ ეკონომიკას შეუძლია გაითვალისწინოს სტრუქტურული ცვლილებები და ადაპტირება მოახდინოს მასთან [11].
ანალოგიურ მოსაზრებას ავითარებენ ასევე ამერიკელი მეცნიერები დ. დოლარი და ე. ვულფი, ადასტურებენ რა, რომ ქვეყანა წარმოადგენს კონკურენტუნარიანს, რომელიც ახამებს წარმატებას საერთაშორისო ვაჭრობაში მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებლობას მაღალ შემოსავლებთან და შრომის ანაზღაურებასთან. [8: 511–528]
აღსანიშნავია, რომ ზოგი მეცნიერი კონკურენტუნარიანობის ცნების სისტემური შესწავლისას გამოყოფს კონკურენტუნარიანობის ერარქიულ საფეხურებს. მაგალითად, გ.აზოევი და ა. ჩელენკოვი გამოყოფენ ერარქიულ სტრუქტურას, რომელიც თანმიმდევრობით მოიცავს საქონლის, საწარმოების, დარგის და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას [1:127].
მ. გელვანოვსკი გამოყოფს კონკურენტუნარიანობის სამ დონეს: მიკროდონეს (პროდუქციის კონკრეტული სახე, წარმოება), მეზოდონეს (მრეწველობის დარგები და მათი გაერთიანებები) და მაკროდონეს (ქვეყანა და მათი გაერთიანებები) [3:115].
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადსხვა სახელმწიფო სტრუქტურების განმარტებებს. მათ მიერ ეროვნული კონკურენტუნარიანობის თანამედროვე განმარტებები ერთი მხრივ, თავისი არსით, ძალიან ჰგავს პორტერისეულ მიდგომას, თუმცა, მეორე მხრივ, წაროადგენს კონკურენტული უპირატესობის ცნების ევოლუციურ ვარიანტს.
მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი (IMD), კონკურენტუნარიანობის შესწავლის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, ორიენტირდება ორ – მოკლე და აკადემიურ განსაზღვრაზე.
მოკლე განმარტებები შემდეგნაირად ჟღერს: კონკურენტუნარიანობა აანალიზებს – ქვეყნები და საწარმოები როგორ იყენებენ თავისი კომპეტენციის მთელ სპექტრს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და მოგების ზრდისთვის; ნაციის კონკურენტუნარიანობა, ეს, ეკონომიკური თეორიის სფეროა, რომელიც შეისწავლის ფაქტებსა და პოლიტიკას, რომელიც აყალიბებს ნაციის შესაძლებლობებს კვლავ აწარმოოს და შეინარჩუნოს ისეთი გარემო, რომელიც ემსახურება საწარმოების მიერ ფასეულობების უფრო ინტესიურ შექმნასა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას.
აკადემიური განმარტება წარმოადგენს უფრო სრულყოფილს და კონცენტრირდება სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობაზე. მასში სიტყვაში „ფაქტი“ მოიაზრება ყველა ის გარემოება, რომლებიც ზემოქმედებენ კონკურენტუნარიანობაზე, თუმცა არ ექვემდებარება კონტროლს (ბუნებრივი რესურსები, ომები, კატაკლიზმები და სხვ.). მოცემულ განმარტებაში ასევე ხაზი ესმება, რომ სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს დამატებული ღირებულების შექმნას, რამდენადაც ის უშუალოდ იქმნება წარმოების დონეზე. ამასთან, აქცენტი კეთდება გრძელვადიან პერიოდზე: სახელმწიფოს მიზანია არა მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შექმნა, არამედ მხარდაჭერა (IMD 2009).
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ (OECD) მიღებული, კონკურენტუნარიანობის საერთო განსაზღვრება ასეთია: კონკურენტუნარიანობა – ეს კომპანიის, დარგის, რეგიონის, ნაციის შესაძლებლობაა შექმნას შემოსავლების და შრომის ანაზღაურების შედარებით მაღალი დონე და, ამასთან, დარჩეს გახსნილი საერთაშორისო კონკურენციისათვის [9: 199–220].
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გვაძლევს ამგვარ განმარტებებს – ქვეყნის კონკურენტუნარიანობა: ეს მისი შესაძლებლობაა მიაღწიოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მდგრად, მაღალ ტემპებს (1996); ეს ქვეყნის ფაქტორების, პოლიტიკის და ინსტიტუტების ანაკრებია, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყანაში მწარმოებლობის დონეს (2006); ბოლო დროინდელი განმარტება კი ასეთია – „ნაციონალური კონკურენტუნარიანობა ეს ქვეყნის და მისი ინსტიტუციების შესაძლებლობაა, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტემპები, საშუალოვადიან პერსპექტივაში“. მისი მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეროვნული კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, უზრუნველყოფენ თავიანთი მოქალაქეების უფრო მაღალ კეთიდღეობას [13].
ვხდებით ფორუმის წამყვან მეცნიერთა ასეთ განმარტებასაც – კონკურენტუნარიანობა ეს ანაკრებია ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტების, სტრატეგიისა და ფაქტორების, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს. პროდუქტიულობის დონე, თავისთავად, ზემოქმედებს ეკონომიკის კეთილდღეობის მდგრად დონეზე. სხვა სიტყვებით, უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკები მიისწრაფვიან უზრუნველყონ თავიანთი მოქალაქეებისთვის მაღალი შემოსავლების მიიღების შესაძლებლობა. პროდუქტიულობის დონე ასევე განსაზღვრავს ეკონომიკაში ინვესტიციების შემოსავლიანობას. რამდენადაც შემოსავლიანობის დონე წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ტემპების ფუნდამენტურ დეტერმინანტს, უფრო კონკურენტუნარიანს წარმოადგენს ის ეკონომიკა, რომელშიც მოსალოდნელია უფრო მაღალი ზრდა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში [14].
პროდუქციისა და ბაზრის ევროპული მენეჯმენტი (EPMC) კონკურენტუნარიანობას განიხილავს, როგორც – მწარმოებლების მიმდინარე და მომავალ შესაძლებლობასა და უნარს, შექმნან საქონელი, რომლის საფასო და არასაფასო მახასიათებლები ქმნიან უფრო მიმზიდველ ანაკრებს, ვიდრე აქვს მის ადგილობრივ და უცხოელ კონკურენტებს;
კონკურენტუნარიანობის საკონსულტაციო ჯგუფი გვთავაზობს ასეთ განსაზღვრას – კონკურენტუნარიანობა გულისხმობს მწარმოებლობის, ეფექტურობისა და მომგებიანობის ელემენტებს. მაგრამ ეს თვითმიზანია, ეს ძლიერი საშუალებაა სასიცოცხლო დონისა და სოციალური კეთილდღეობის ზრდის მიღწევისთვის, ანუ ეს ინსტრუმენტია მიზნების მიღწევისთვის. მთლიანობაში, მწარმოებლობისა და მომგებიანობის ზრდა საერთაშორისო სპეციალიზაციის კონტექსტში, კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს მოსახლეობის შემოსავლების არაინფლაციური ზრდის საფუძველს (1995).
კონკურენტუნარიანობა – ეს ქვეყნის შესაძლებლობაა თავისუფალი და კეთილსინდისიერი ბაზრის პირობებში აწარმოოს საქონელი და მომსახურება, რომლებიც პასუხობენ მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებს, იმავდროულად, რეალური შემოსავლების შენარჩუნების ან ზრდის პირობებში (მრეწველობის კონკურენტუნარიანობის კომისია აშშ-ის პრეზიდენტთან).
კონკურენტუნარიანობა – ეს შესაძლებლობაა მიაღწეულ იქნას წარმატებული მდგომარეობა ბაზრებზე, რომელსაც მივყავართ ცხოვრების უკეთეს დონემდე ყველასთვის (კონკურენტუნარიანობის ეროვნული საბჭო, აშშ).
ზოგიერთი ავტორი განსაზღვრავს კონკურენტუნარიანობას საქონლის (მომსახურების) კონკურენტუნარიანობის საშუალებით. ისინი ამტკიცებენ, რომ კონკურენტუნარიანობა, ერთი მხრივ, განისაზღვრება საქონლისა და მომსახურების ხარისხით, ტექნიკური დონითა და სამომხმარებლო თვისებებით, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ფასით. არსებობს ასევე პირდაპირ განსხვავებული მოსაზრება, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხარისხობრივი ან საფასო მახასიათებლები საქონლის (მომსახურების) და კონკურენტუნარიანობა – სრულებით განსხვავებული საგნებია.
კონკურენტუნარიანობის ცნების ანალიზიდან გამომდინარე ერთ-ერთი მთავარი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოადგენს დინამიურ კატეგორიას, ამასთან, მისი დინამიურობა განპირობებულია, საგარეო ფაქტორებით. ფირმა უწყვეტლივ არის ალტერნატიული ტექნოლოგიების, მართვის სისტემების ძიებაში კონკურენტებთან მიმართებაში კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პირობებში. აქედან გამომდინარე კონკურენტუნარიანობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც დინამიური პროცესი მიმართული კონკურენტული უპირატესობის ფორმირებისკენ.
თუ მოვახდენთ სხვადასხვა მოსაზრებათა სინთეზს, ჩვენი აზრით, ეროვნული კონკურენტუნარიანობა – ეს არის ეკონომიკის ისეთი მდგომარეობა, როდესაც: ქვეყნის საწარმოები, წამყვანი დარგები და მათი კომპლექსები ფლობენ მიმდინარე და მომავალ (პერსპექტიულ) შეფარდებით უპირატესობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ; მიღწეულია გრძელვადიანი პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის, საზოგადოების კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის მდგრადი, შეფარდებითი მაღალი დონე; ქვეყნის სახელმწიფო, საზოგადოებრივი, საგანმანათებლო და სხვა ინსტიტუტები მოქნილი და მაღალეფექტურია; მთლიანად ეკონომიკურ სისტემას აქვს შესაძლო ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი და მიდრეკილია ინოვაციებისა და განახლებისაკენ.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ეკონომიკურ ლიტერატურაში, არც თუ იშვიათად, კონკურენტუნარიანობას განიხილავენ ოთხ დონეზე:
1) მიკროდონეზე – სასაქონლო (კონკრეტული სახის პროდუქციის და მომსახურების) დონეზე;
2) მეზოდონეზე – ცალკეული ფირმის, მათი კორპორაციული გაერთიანებების, დარგებისა და დარგობრივი კომპლექსების (კლასტერების) დონეზე;
3) მაკროდონეზე – ეროვნული მეურნეობების, ცალკეული სახელმწიფოების (ასევე ეროვნულ, რეგიონული სამეურნეო კომპლექსების) დონეზე;
4) ჰიპერმაკროდონეზე – ინტეგრაციული გაერთიანებების დონეზე, ანუ ესაა მასში შემავალი ქვეყნების ერთობლივი კონკურენტული უპირატესობა მაკროდონეზე.
საქონლის (მიკრო დონეზე) კონკურენტუნარიანობა – საქონლის კომპლექსური მახასიათებლების ერთობლიობაა, რომლებიც განსაზღვრავენ ანალოგ-საქონელთან შედარებით მის უპირატესობას კონკრეტულ ბაზარზე მოცემული დროის მონაკვეთში.
საქონლის კონკურენტუნარიანობა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: საფასო კონკურენტუნარიანობა (ფასების თანაფარდობა კონკურენტების ფასებთან. მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობასთან დამოკიდებულებით ფასების დიფერენციაციის სისტემის ეფექტურობა; მომხმარებლისთვის ფასდათმობების სისტემა, გაყიდვების პარტიების, გადახდის ფორმის მიხედვით და სხვ.); პროდუქციის ხარისხი (პროდუქციის ტექნიკურ-ფუნქციონალური მახასიათებელი, როგორიცაა მაგალითად – საიმედოობა, ექსპლუატაციის მოხერხებულობა, პრესტიჟულობა და სხვ.); გასაღების, რეკლამის და მომსახურების კონკურენტუნარიანობა (მოხერხებული გასაღების სისტემა, ეფექტური რეკლამა, ტექნიკური, საგარანტიო და სხვა მსგავსი მომსახურება და სხვა).
საქონლის კონკურენტუნარიანობის ფაქტორებს მიაკუთვნებენ: ტექნიკურ (სიმძლავრე, დიზაინი, ვადიანობა და სხვა), ეკონომიკურ (ფასი, ექსპლუატაციის ღირებულება და სხვა), ეკოლოგიურ (ეკოლოგიური სისუფთავე და სხვა), ორგანიზაციულ (მიწოდების პირობები და ვადები, საგარანტიო მომსახურების პირობები, გაყიდვის შემდგომი მომსახურება და სხვა) ფაქტორებს.
განვიხილოთ კონკურენტუნარიანობა მეზოდონეზე – ფირმის (საწარმოს), დარგისა დაკლასტერების (დარგების კომპლექსების) დონეზე.
ფირმის (საწარმოს) კონკურენტუნარიანობას, არც თუ იშვიათად, განიხილავენ, როგორც წარმოების შესაძლებლობას – აწარმოოს კონკურენტუნარიანი საქონელი. თუმცა საწარმოს კონკურენტუნარიანობის შეფასებისთვის მხოლოდ საქონლის ფაქტორი არ არის საკმარისი, რამდენადაც, შეიძლება, საქონლის და საწარმოს კონკურენტუნარიანობა არ დაემთხვეს ერთმანეთს. აღნიშნულის დასტურად შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე გარემოება: 1) საწარმომ შეიძლება აწარმოოს სხვადასხვა სახის საქონელი და ის შეიძლება იმავდროულად მუშაობდეს რამდენიმე ბაზარზე დივერსიფიკაციის სტრატეგიიდან გამომდინარე და ერთი და იგივე პროდუქციას ჰქონდეს კონკურენტუნარიანობის განსხვავებული დონე ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ფუნქციონალური თვისებებიდან, ცალკეული ბაზრის გახსნილობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე; 2) პროდუქციის კონკურენტუნარიანობა შეიძლება მიღწეული, გაზრდილი იქნას ხელოვნურად (მათ შორის კონკურენტების მიერ), მაგალითად, სახელმწიფოს მიერ საწარმოს სუბსიდირების გზით (პროდუქციის საფასო მხარდაჭერა, საგადასახადო შეღავათები და დოტაციები, სავალუტო კურსის რეგულირება და სხვა) ან საშინაო ბაზარზე კონკურენტების მიმართ პროტექციონისტული ღონისძიებების გამოყენების საშუალებით, ანუ ისე, რომ წარმოების კონკურენტუნარიანობა რეალურად არ იქნეს უზრუნველყოფილი. ანუ როგორც კი მათზე სახელმწიფო მხარდაჭერა მოიხსნება, პროდუქცია იქნება კონკურენტუუნარო; 3) პროდუქციის კონკურენტუნარიანობა მოსალოდნელია უზრუნველყოფილი იქნას წარმოების მოგებისა და რენტაბელობის შემცირების (უარყოფით ნიშნულამდეც კი) ხარჯზე (ან შრომის ანაზღაურების შემცირების საშუალებით), რაც საფრთხეს უქმნის საქონელმწარმოებლის მდგრად განვითარებასა და საბოლოოდ კონკურენტუნარიანობას პერსპექტივაში.
ასევე უნდა გამოვყოთ შემდეგი გარემოება – საწარმოს აქვს საინვესტიციო ღირებულება კაპიტალის ბაზარზე, ღირებულება საფონდო ბირჟაზე, რაც განისაზღვრება მისი აქციების კურსით და უმთავრესად დამოკიდებულია ისეთ მაჩვენებელზე, როგორიცაა საწარმოს მომგებიანობა. ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობებს, რაც მისი დინამიური განვითარებისა და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისა და ამაღლების საფუძველია პერსპექტივაში. ჩვენი აზრით, მაღალი მოგება, რენტაბელობა და მათგან გამომდინარე – შემოსავლები, ყველა დონეზე, როგორც შედეგი, წარმოადგენს კონკურენტუნარიანობის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს.
ამგვარად, მხოლოდ საქონელი ვერ გამოდგება წარმოების კონკურენტუნარიანობის შეფასების ინდიკატორად და მასში, მოცემული ფაქტორისა და ზემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო, უნდა ჩაერთოს უშუალოდ წარმოებასთან, მის მომგებიანობასთან, რენტაბელობასთან, საბაზრო ღირებულებასთან და ა. შ. დაკავშირებული ფაქტორები და მონაცემები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საინტერესოა ევროპული ფორუმის ფირმის (საწარმოს) კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომლის არსი (შინაარსი) ასეთია: საწარმოს კონკურენტუნარიანობა ეს მისი რეალური ან პოტენციური შესაძლებლობაა – დააპროექტოს, აწარმოოს და გაასაღოს (ჩამოყალიბებული მოცემული დროის პირობებში) საქონელი და მომსახურება, რომელიც კომპლექსში თავისი საფასო და არასაფასო (ხარისხობრივი) თვისებებით მყიდველისთვის უფრო მიმზიდველია, კონკურენტების მიერ წარმოებულ საქონელთან ან მომსახურებასთან შედარებით და, ამასთან, უზრუნველყოს მაქსიმალური მოგების მიღება და მისი მდგრადი განვითარება.
რაც შეეხება დარგის კონკურენტუნარიანობის ცნებას, ის, ზოგადად, თავისი არსით, მსგავსია საწარმოს კონკურენტუნარიანობის ცნების – ის დარგის შესაძლებლობაა აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია ისეთი დანახარჯებით, რომელიც არ აღემატება სხვა ანალოგების წარმოებისთვის გაწეულ დანახარჯებს და რომელიც აკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნილებებსაც კი.
ამგვარად, როგორც საწარმოს, ასევე დარგის შემთხვევაშიც, კონკურენტუნარიანობის დასახასიათებლად საქონლის ფაქტორი არაა საკმარისი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მასში უშუალოდ დარგთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორის ჩართვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დარგის კონკურენტუნარიანობა გულისხმობს კონკურენტული უპირატესობის არსებობას სხვა ანალოგიურ დარგებთან შედარებით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომელიც შეიძლება გამოსახული იყოს – რაციონალური შიდადარგობრივი სტრუქტურით; ფლაგმანი მაღალკონკურენტული საწარმოების ჯგუფით, რომლებიც უბიძგებენ დარგში შემავალ სხვა საწარმოებს საკუთარი დონისაკენ; პროგრესული ტექნოლოგიური ბაზითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით; სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო, მატერიალურ-ტექნიკური, კომერციული და სხვა სახის მჭიდრო თანამშრომლობის ეფექტური სისტემებით, როგორც დარგის შიგნით, ასევე სხვა დარგებს შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; პროდუქციის დისტრიბუციის მოქნილი სისტემით და სხვა.
დარგის კონკურენტუნარიანობა ფორმირდება მასში შემავალი საწარმოების და სახელმწიფოს ურთიერთზემოქმედების შედეგად. თუ სახელმწიფო ქმნის ეფექტურ მიკრო და მაკროეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარემოს, უწევს მას პირდაპირ და ირიბ დახმარებას, ეს ქმნის მნიშვნელოვან წინაპირობებს დარგის კონკურენტუნარიანობისთვის. ამასთან, სახელმწიფოს მსხვილი დანახარჯების გაწევა მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის, მისი მხარდაჭერა უნაზღაურდება მას ბიუჯეტში მაღალი შემოსავლებით, რომელსაც ის ღებულობს საერთაშორისო დონეზე მაღალკონკურენტუნარიანი, მაღალრენტაბელური დარგების, იქ დასაქმებული მაღალანაზღაურებადი პერსონალის და ა. შ. დაბეგვრის გზით.
თუ დარგის კონკურენტუნარიანობას განვიხილავთ კლასტერების კუთხით, ის განისაზღვრება: შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას მაკროტექნოლოგიები მულტიპლიკაციური ეფექტის მისაღებად საქონლის წარმოების ვერტიკალური ინტეგრაციის ყველა დონეზე, რომელიც პასუხობს საშინაო და საგარეო ბაზრების ყველა მოთხოვნას და კონკურენტული უპირატესობის ზრდას ტექნოლოგიების ლიდერობის, გასაღების ორგანიზაციისა და მართვის სისტემების, როგორც კონკურენტუნარიანობის პოტენციური ზრდის საბაზისო პირობის, ოპტიმიზაციის ხარჯზე [2:67].
უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტუნარიანობა მაკრო (ეროვნული მეურნეობის) და ჰიპერმაკრო (რეგიონული გაერთიანებების) დონეზე განიხილება ძირითადად საერთაშორისო დონეზე, კონკურენტუნარიანობა მიკრო (საწარმოს, პროდუქციის) და მეზოდონეზე (დარგებისა და კლასტერების) კი, შეიძლება განხილულ იქნას, როგორც საგარეო – საერთაშორისო (და რეგიონთაშორისო), ასევე საშინაო დონეზეც. ამასთან, კონკურენტუნარიანობა თითოეულ დონეზე, ერთი მხრივ, გარკვეულწილად, „დამოუკიდებელია“ ერთმანეთისგან, ხოლო, მეორე მხრივ, იერარქიულ დონეზე პირდაპირი და უკუკავშირებით განსაზღვრავენ ერთმანეთს. ასევე, დაბალ იერარქიულ საფეხურზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა ქმნის წინაპირობებს (განაპირობებს) ყოველ შემდგომ, მაღალ დონეზე კონკურენტუნარიანობისთვის (ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ). ეს ეხება აგრეთვე ბაზრის იერარქიულ დონეებსაც – კონკურენტუნარიანობა ლოკალურ, საშინაო ბაზარზე, თავისუფალი ბაზრისა და გლობალიზაციის პირობებში, საფუძველია კონკურენტუნარიანობის ინტეგრირებულ, მსოფლიო ბაზრებზე.
რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას მაკროდონეზე, ჩვენ ამის განმარტება ზემოთ უკვე გავაკეთეთ. თუმცა, მოკლედ აქაც ავღნიშნავთ, რომ მაკროდონეზე ერთმანეთთან მეტოქეობენ სახელმწიფოები და მასში ინსტრუმენტარად გამოდიან, პირველ რიგში, ისეთი არამობილური წარმოების ფაქტორები, როგორიცაა: საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ-მმართველობითი სისტემა, სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სოციალური და რეალური ინფრასტრუქტურა და სხვა.
ისმება კითხვები: რომელი მთავარი კონკურენტუნარიანობის დონეებს შორის? როგორი კავშირია მათ შორის და რამდენად განსაზღვრავენ ისინი ერთმანეთს?
კონკურენტუნარიანობის დონეების პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხვდებით განსხვავებულ მოსაზრებებს. ზოგი მიიჩნევს, რომ კონკურენტუნარიანობის ცნების იერარქიაში საბაზისოს წარმოადგენს პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. რამდენადაც პროდუქციის მწარმოებელს წარმოადგენს საწარმოები, ამდენად, ფუნდამენტი კონკურენტუნარიანობისთვის სწორედ საწარმოებია. ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბების საფუძველი მისი საქონლისა და ფირმების კონკურენტუნარიანობა. მართლაც, ყველა ამ კონკურენტუნარიანობის დონეს შორის არსებობს საკმაოდ მჭიდრო საშინაო და საგარეო ურთიერთკავშირები. ქვეყნის და დარგის კონკურენტუნარიანობა, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია ცალკეული საქონელმწარმოებლის შესაძლებლობაზე – გამოუშვას კონკურენტუნარიანი საქონელი, რომლის სამომხმარებლო, საფასო და ხარისხობრივი მახასიათებლები (მის სასაქონლო-ანალოგებთან შედარებით) განსაზღვრავენ მის წარმატებებს საშინაო და საგარეო ბაზრებზე.
ფირმის კონკურენტუნარიანობა ბაზარზე ვლინდება საქონლის კონკურენტუნარიანობით. ფაქტობრივად, საქონლის კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს არა მხოლოდ ფირმის, არამედ კონკურენტუნარიანობის მთელი ჯაჭვის – „საქონელი-ფირმა-დარგი-ქვეყანა“ ინდიკატორს.
არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც – საქონლისა და ფირმების კონკურენტუნარიანობა ფორმირდება ეროვნულ სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურულ და ისტორიულ ბაზაზე. სწორედ ეს ფუნდამენტი ქმნის წინაპირობებს ეროვნული მეურნეობის სტრუქტურის ფორმირებისთვის, ქვეყნის ამა თუ იმ პროდუქციის წარმოების სპეციალიზაციისთვის. ანუ მიმდინარეობს ფაქტორების დაგროვება და კონკურენტუნარიანობის ფორმირება მაკროდონიდან მიკროდონეზე. პროდუქცია მხოლოდ აკავშირებს კონკურენტუნარიანობის ფორმირების რთულ პროცესს.
კონკურენტუნარიანობის მიღწევის მთავარი დონე წარმოადგენს მაკროდონე, რომელზეც განისაზღვრება მთლიანი სამეურნეო სისტემის ფუნქციონირების ძირითადი პირობები. მის შემდეგ მოდის მეზოდონე, რომელზეც ფორმირდება დარგის ან კორპორაციის განვითარების პერსპექტივები, რომლებიც მოიცავენ საწარმოების ჯგუფს. მიკროდონეზე კონკურენტუნარიანობა იმკვიდრებს თავის საბოლოო, დამამთავრებელ ფორმას საქონლის ხარისხისა და ფასის შეთანწყობის სახით [7:54].
რაც შეეხება ურთიერთკავშირს – კონკურენტუნარიანობა, როგორც თვისება, ვლინდება სხვადასხვა ეკონომიკურ სუბიექტებში, მეურნეობის სხვადასხვა დონეებზე. თითოეული საწარმოს წარმოებული საქონლის კონკურენტუნარიანობა ვლინდება ამ პროდუქციის ბაზარზე მსგავსი წარმოების მიერ შექმნილ იმავე საქონელთან მიმართებაში, ნაციონალური ეკონომიკის დარგის – უცხოური ქვეყნის ანალოგიურ დარგთან შედარებით, ცალკეული ქვეყნის ნაციონალური ეკონომიკის სხვა ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში.
კონკურენტუნარიანობის ამ დონეებს შორის შეინიშნება განსაზღვრული ურთიერთკავშირი: უფრო მაღალი დონის კონკურენტუნარიანობის საშინაო ფაქტორები, როგორც წესი, გამოდიან შედარებით დაბალი დონის კონკურენტუნარიანობის საგარეო ფაქტორებად. თავის მხრივ, შედარებით მართვის დაბალი დონის ობიექტის კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს კონკურენტუნარიანობის შედარებით მაღალი დონის შემადგენელს. რამდენადაც დარგის კონკურენტუნარიანობას უჭირავს შუალედური ადგილი ეროვნული კონკურენტუნარიანობასა და საწარმოს კონკურენტუნარიანობას შორის, ამდენად, ის დამოკიდებულია ამ დონეების კონკურენტუნარიანობაზე და, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ დონეებს. ამგვარად, კონკურენტუნარიანობის ყველა დონე ურთიერთკავშირშია და ერთმანეთის ურთიერთგანმაპირობებელია.
ჩვენი აზრით, კონკურენტუნარიანობის ყველა დონის საფუძველსა და მის სხვა საფეხურებთან დამაკავშირებელ ძირითად რგოლს წარმოადგენს მეზოდონე. ანუ, მთავარია – საწარმოებმა, დარგებმა (მათმა კომპლექსებმა) რომლებზედაც სპეციალიზდება ესა თუ ის ქვეყანა, დომინირებადმა მამიმართულებებმა, რომლებიც ცალკეული ქვეყნის დარგობრივი სტრუქტურის, მისი ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენენ, უნდა შეძლონ იმ რაოდენობის კონკურენტული პროდუქციის შექმნა და რეალიზაცია, რომლებიც ეკონომიკის ყველა სუბიექტს – დასაქმებულებს, რესურსების მიმწოდებლებს, თვით საწარმოსა (დარგებს) და სახელმწიფოს – მოუტანს საკმარის შემოსავლებს. მეზოდონეზე კონკურენტუნარიანობის შედეგი, მისი ერთ-ერთი მაჩვენებელი, საქონლის მიკროკონკურენტუნარიანობაა, ხოლო მაკროეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის ის წარმოადგენს საფუძველს და მის ერთ-ერთ ინდიკატორს. არ არსებობს კონკურენტუნარიანობა მაკროდონეზე თუ ის არაა მიღწეული მის დაბალერარქიულ საფეხურებზე. თუმცა, თავის მხრივ, კონკურენტუნარიანობა ვერ მიიღწევა მეზოდონეზე თუ სახელმწიფოს დონეზე არ არის შექმნილი მისი უზრუნველყოფისთვის გარკვეული წინაპირობები (ზოგადად, სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური გარემო), რომლებიც, თავის მხრივ, მაკროეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მდგენელებს, ელემენტებს წარმოადგენენ. ეროვნული კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება ცალკეული საწარმოების კონკურენტუნარიანობით. თავის მხრივ ქვეყნის კონკურენტუნარიანი ეკონომიკა ქმნის დამატებით უპირატესობას ცალკეული კომპანიებისთვის ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით, ეფექტიური სახელმწიფო პოლიტიკითა და საშინაო და საგარეო ბაზრის მუდმივი გაფართოებით. მართალია, ეროვნული კონკურენტუნარიანობა და კომპანიის კონკურენტუნარიანობა ვითარდება ურთიერთკავშირით, თუმცა, გარკვეულწილად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შეიძლება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს კიდეც.
ამგვარად, გვაქვას ერთგვარი ჩაკეტილი წრე, რომელშიც მთავარი რგოლი მაინც საწარმოს (მეზო) კონკურენტუნარიანობაა. მისი როლი განვითარებად ეკონომიკაში, სადაც კონკურენტუნარიანობა მის ყველა იერარქიულ საფეხურზე სუსტია, განსაკუთრებულია. სწორედ მან უნდა შექმნას საფუძველი სხვა დონეებისთვის. ამდენად, სახელმწიფომ ძირითად „სამიზნედ“ საწარმოს დონე უნდა აიღოს. ამ საფეხურზე თუ უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტუნარიანობის ზრდა, მან შეიძლება გარკვეული კუმულაციური ეფექტიც კი მოგვცეს კონკურენტუნარიანობის დანარჩენ დონეებზე ზრდის მიმართულებით. ანუ, თუ უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტუნარიანობის ზრდა წარმოების დონეზე, ეს განაპირობებს კონკურენტუნარიანობის სინქრონულ ზრდას ყველა საფეხურზე შიდა დონეებს შორის კუმულაციური ეფექტით.
ასხვავებენ კონკურენტუნარიანობის სხვადასხვა სახეს. მაგალითად, მ. პორტერს კონკურენტული უპირატესობის სახეები, რომელსაც ეყრდნობა მრეწველობის კონკურენტუნარიანობა, დაჰყავს ორ ძირითადზე, ესენია: რესურსული და ტექნოლოგიური. ეკონომიკურ ლიტარატურაში ვხვდებით დამატებით კიდევ კონკურენტუნარიანობის ორ სახეს – პროგრამულ-სტრუქტურულსა და სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებულს.
ზოგი ეკონომისტი რესურსული კონკურენტული უპირატესობის შემდგომ გამოყოფს კიდევ ერთ, საოპერაციო კონკურენტულ უპირატესობას, რომელსაც ზოგჯერ აკავშირებენ ტექნოლოგიურ კონკურენტულ უპირატესობასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის კონკურენტული უპირატესობის იერარქიაში შეიძლება განვიხილოთ ცალკე, რესურსული კონკურენტული უპირატესობის შემდეგ.
კონკურენტუნარიანობა იწყება რესურსული ფაქტორიდან და ის კავშირშია ბუნებრივი და შეძენილი რესურსების ფლობასთან – დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდგომარეობაზე, კლიმატურ პირობებზე, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების და კვალიფიციური შრომის ფლობაზე, კაპიტალის დაგროვებაზე. შენარჩუნებულ რომ იქნას წარმატებები კონკურენტულ ბრძოლაში, არაა საკმარისი მხოლოდ ამ ფაქტორების ფლობა. აქ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ რესურსების გამოყენების ეფექტურობასა და ხარისხს. წარმატებები ნებისმიერი დარგში მიიღწევა არა იმდენად მემკვიდრეობით მიღებული ფაქტორების ხარჯზე, რამდენადაც მათი გამოყენების ეფექტურობის მუდმივად ამაღლებადი ზემოქმედების მექანიზმის დახმარებით. სწორედ ეს შეიძლება მივაკუთვნოთ საოპერაციო უპირატესობას, ანუ რომელიც ახასიათებს არსებული რესურსების გამოყენების ეფექტურობასა და ხარისხს. ის ქმნის უპირატესობებს წარმოების დანახარჯებში და ზემოქმედებს ფასებზე.
აღნიშნული ორი უპირატესობა დაკავშირებულია ერთმანეთთან იმით, რომ რესურსების ფლობა ქმნის გარკვეულ პირობებს მის ეფექტურ გამოყენებასთვის, თუმცა, თავისთავად არ უზრუნველყოფს მას. საბაზისო ფაქტორები, რესურსების მარაგები საწარმოებს შესაძლებლობას აძლევთ ეფექტურად გამოიყენონ ისინი, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების ცვლილებისას არც თუ იშვიათად ასეთი რესურსული მახასიათებლები, უპირატესობა შეიძლება იყოს მძიმე ტვირთი, ანტისტიმული, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიების გამოყენება და კონკურენტული უპირატესობის მიღწევა. ამის მრავალი მაგალითი არსებობს თანამედროვე მსოფლიოში (საკმარისია მოვიყვანოთ რუსეთის მაგალითი).
შემდგომია ტექნოლოგიური უპირატესობა – ის მიიღწევა ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა: ცოდნა, ტექნოლოგიური, საინვესტიციო რესურსები და სხვა, ანუ, როდესაც უზრუნველყოფილია თანამედროვე კონკურენტული უპირატესობის მთელი სპექტრი ერთ ან რამდენიმე დარგში ტექნოლოგიური დაწინაურებიდან (ნაწილობრივი ტექნოლოგიური უპირატესობა) მთლიანად ქვეყნის ტექნოლოგიურ უპირატესობამდე. ანუ ის დაკავშირებულია მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური ეკონომიკის არსებობასთან.
თანამედროვე ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის საკვანძო ფაქტორებს მიეკუთვნება: ინოვაციები ახალ ტექნოლოგიებსა და ადამიანისეულ კაპიტალში; ეკონომიკური გარემო, სიახლეების დანერგვისა და ტექნოლოგიური განვითარების სინთეზი, საერთაშორისო ვაჭრობის გახსნილობა საკუთარი ინტერესების დაცვის პირობებში და სხვა.
ტექნოლოგიურ უპირატესობას ეფუძნება, ძირითადად, განვითარებული ქვეყნების კონკურენტუნარიანობა, ხოლო რესურსულ უპირატესობას – ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნები. სხვა სიტყვებით, მდიდარი და ღარიბი ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ბუნება განსხვავებულია. უფრო მეტი, ისტორიულად ქვეყნის კონკურენტუნარიანობა საკმაოდ ზუსტად ახასიათებს მის ეკონომიკურ განვითარებას, რამდენადაც ისტორიულად ეროვნული კონკურენტუნარიანობა ვითარდებოდა შემდეგი მიმართულებით: ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა; ბუნებრივი რესურსების ფლობა; ძირითად საწარმოო ფაქტორებზე ხელსაყრელი ფასები და მათი მაღალი მწარმოებლურობა; ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს არსებობა, უახლესი ტექნოლოგიებისა (ტექნოლოგიებში ლიდერობა) და გლობალური კონკურენტული სტრატეგიის ფლობა.
პროგრამულ-სტრუქტურული უპირატესობა დაკავშირებულია ეკონომიკის პროგრესულ სტრუქტურასთან, რომელიც შეესაბამება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მოთხოვნებს, ასევე სამეცნიერო-საწარმოო პროცესის რაციონალურ ორგანიზაციას ძირითადი და დაკავშირებული დარგების კომპლექსური განვითარების კუთხით, ეფექტურ ორგანიზაციულ სტრუქტურას ინტეგრაციისა და დივერსიფიკაციის საფუძველზე.
დაბოლოს, კონკურენტუნარიანობა და ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყანაში ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს და ადექვატური სოციალურ-პოლიტიკური კლიმატის არსებობაზე, რომელის შექმნაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. რაც წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების შექმნა-ათვისების, ეკონომიკის ინოვაციური განვითარების და საბოლოოდ კონკურენტუნარიანობის ყველა დონეზე უზრუნველყოფის მთავარ წინაპირობას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Азоев Г.А., Челенков А.Ч.. Конкурентоспособность фирмы. – М. 2001. С.127
2. Васильева З.А., Иерархия понятий конкурентоспособности субъектов рынка, ж. “Маркетинг в России и за рубежом” №2, 2006
3. ГельвановскийМ., Российский экономический журнал. 1999. № 7. С. 115
4. Полунеев Ю. Конкурентоспособность страны как национальная идея //http://www.zn.ua/2000/2020/49518/]
5. Фатхудинов Р.А. Стратегическая конкурентоспосовность , М.: 2005 С. 42.
6. Экономическая безопасность России, Под редакцией академика В. К. Сенчагова, Москва, Издательство “ДЕЛО”, 2005
7. Dunn M. The Economic of Modern Manufacturing: Technology, Strategy and Organization // American Economic Review. 1990. № 80. Р. 511–528.
8. Dollar D., Wolf E. The Global Competitive // Journal of International Economics. 2003. № 27(3–4). Oxford university press. Р. 199–220.
9. Scott B., Lodge G. US Competitiveness and the World Economy.Boston: HarvardBusinessSchool Press, 1985
10. The Global Competitiveness Index 2010-2011. www.weforum.org.
11. http:// www.innovbussiness.ru/content/document_r_D87436E3-CFA3-4156-B09A-8B0317DA08.html
12. http://gtmarket.ru/ratings/global-competitiveness-index/info
13. http://www.feg.org.ua/docs/3.pdf