გავაუქმოთ ინფლაცია, გააწყალა გული, ძალიან ცანცარებს და ხტუნაობს

ემზარ ჯგერენაია

გაჭირდა ცხოვრება, ყველამ ჩვენთვის მოიცალა. დოლარი გაიაფდაო და ყველამ ნავთობის ყიდვა დაიწყო, ჩვენ კი ბენზინი გაგვიძვირდა. უკვე მეტრიკული ტონა 900 დოლარი გახდა. მალე ბენზინი 2 ლარი გახდება. ხორბალს მაინც რა დაემართა – მისი ფასი გაიზარდა და ტონა 320-340 დოლარი ღირს, ე.ი 20%-ით მოიმატა. ასევეა შაქარიც და ცხიმებიც. ფასებმა ყველაფერზე იმატა, ინფლაცია კი დგას ჯიუტად ერთიდაიგივე ადგილას. ეკონომისტები ჩიხში არიან. აირია თეორიული პოსტულატები, ფორმულები გაზარმაცდა და არ მუშაობს, ახალი ერა იწყება ეკონომიკურ თეორიაში. დღითიდღე ძნელი ხდება ამ სიტყვის ატანა. გაგიჟდა ხალხი, მაინც რამდენია ეს ინფლაცია – 8, 5 თუ 13 პროცენტი?

ისე 13 თარსი ციფრია და ალბათ, 8 ჯობია, მაგრამ 5 ყველაზე ლამაზი და იღბლიანი ციფრია. ვცუღლუტობ? როგორ მე დავიწყე? არა ბატონებო, ვერ გავიგეთ რამდენია ინფლაციის მაჩვენებელი და საერთოდ რა არის ეს ინფლაცია და ვინ არის ის ჯადოქრი, ვინც ამას ანგარიშობს? ბოლოსდაბოლოს არის თუ არა ეს ინფლაცია? ამაზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა: ექიმს ავადმყოფი ეუბნება – წნევა მაქვსო, ექიმმა უთხრა – გიხაროდეს, თუ წნევა გაქვს, ესე იგი ცოცხალი ხარო.
ასე, რომ გიხაროდეთ, თუ ინფლაცია არის, ე.ი. ეკონომიკაც არის, რადგან ეს მისი თანმდევი პროცესია, მაგრამ რამდენია? ეს არის მთავარი და აქ ყველა კვალი იკარგება, ანუ პასუხი შემდეგია – ისეთია როგორიც გვინდა! გააჩნია რომელი კუთხით შევხედავთ და რომელ ჭრილში განვიხილავთ. წავედი, რომ მეკითხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებისათვის, არ მიპასუხეს – მივდივართო საქართველოდან და პროგრამას ვხურავთო. მივაკითხე მსოფლიო ბანკის ოფისს – იქაც იგივე პასუხი მივიღე – მივდივართ, ვადა დაგვიმთავრდაო. თვითონ დავიწყეთ ბაზრის შესწავლა – 2007 წელს ბენზინის ფასი 25%-ით გაიზარდა, პურის – 30%-ით, შაქრის – 23%-ით, ბინის ფასი – 30%-ით, წამლის – 40%-ით, განათლების – 20%-ით, ზეთის – 30%-ით, ხილის – 20%-ით, ე.ი. ყოველივე ეკონომიკური ცოდნის გარეშე საშუალოც რომ გამოვიყვანოთ, ეს მაჩვენებელი 18%-ია.
მაგრამ არის ეს ჩამონათვალი სრული? არა, საოცარია! მაინც რამდენია ეს ინფლაცია. მე ახლა არ ვაანალიზებ 2007 წელს, არამედ 2008-წელს რა იქნება ის მაინტერესებს და ეს ძირითადად მსოფლიო ბაზარზე არსებული პრობლემებია. რატომ ვიბრალებთ იმას, რაც მსოფლიოს ბრალია. თუ ინფლაციის მოვლა ჩვენი ვალია? არა, ძალიან რთულია! მე მაქვს გამოსავალი, რატომ ვიჭყლიტოთ თავი, ყველაზე კარგი გამოსავალია არ ვიფიქროთ ამ ეკონომიკურ კატეგორიაზე. მორჩა, დღეიდან აღარ ვახსენოთ ინფლაცია, დავარქვათ მას უხსენებელი და საერთოდ არ ვილაპარაკოთ მასზე და მორჩება ეს პრობლემა.
ოჰ! არ დავისვენეთ კაცო! ინფლაცია, ინფლაცია, მორჩა! გავაუქმეთ და აღარ არის. საერთოდ ეს ეკონომისტები არ არიან საჭირო, ტვინი გახვრიტეს თავისი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. ვალუტა მივაბათ სხვა მყარ ვალუტას, ინფლაცია და დეფიციტი გავაუქმოთ, ჯი-დი-პი გავითვალოთ ხუთ წელიწადში ერთხელ და ფასების ინდექსი დავაფიქსიროთ ერთხელ და სამუდამოდ და მორჩა.
დროა დავისვენოთ ამ ეკონომისტებისგან და მათი თეორიებისგან. აი ახლა მივხვდით, თუ რატომ დარჩა სავალუტო ფონდი საქართველოში უმუშევრად და რატომ დახურა ეს პროგრამა. მგონი გვეშველა…