რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი
მსოფლიო ეკონომიკას მეტად კრიტიკული დღეები დაუდგა. ნავთობის ფასების რეკორდულმა ზრდამ და დოლარის კურსის კატასტროფულმა დაცემამ, იპოთეკური ბაზრის კრიზისთან ერთად, მეტად რთული სიტუაცია შეუქმნა საფონდო ბირჟებს. სასაქონლო ბირჟებზე იზრდება თითქმის ყველა საკვები პროდუქტის ფასი, ხორბლიდან დაწყებული შაქრით და ზეთებით დამთავრებული.
ბუნებრივია, საქართველო, რომელიც ყველა ამ პროდუქტის იმპორტიორია, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ის უშუალოდ შეეხო ჩვენს ბაზარს და ყოფას. ამ ნომერში მთავარია დისკუსია ამ მოვლენების მიზეზებზე და მოგაწოდოთ პროგნოზები. ამიტომ უპირველესად გთავაზობთ იპოთეკური ბაზრის კრიზისის მსოფლიო მიმოხილვას და ექსპერტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, დიმიტრი ჯაფარიძის ანალიზს (გვ.20), ასევე მსოფლიო ნავთობის ბაზრის მიმოხილვას და საქართველოში საწვავის ფასების პროგნოზებს დოქტორ სოსო ფხაკაძესთან ერთად (გვ.8). აქვე გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ხორბლის ბაზარზე და შემოგთავაზოთ იმ მიზეზებზე მსჯელობა, რაც მისი ფასების ფორმირებაზე მოქმედებს (გვ.13) და საერთოდ ვრცელი მიმოხილვა საერთაშორისო ეკონომიკის, მისი ტენდენციების და მოსალოდნელი სირთულების შესახებ. უბრუნდებით თავისუფალი ეკონომიკური ზონების თემას, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჰონგ-კონგის განვითარების გზას და თავისებურებას (გვ.62) და საქართველოში მიმდინარე ტენდერს ამ საკითხზე, ვინ მონაწილეობენ მასში და საერთოდ რა ბედი შეიძლება ამას ჩვენთან ეწიოს (გვ.45).
მეტად მტკივნეულია ექსპორტის თემა საქართველოში. წელს სერიოზული ზრდის ტენდენციით ხასიათდება საგარეო ვაჭრობის ბრუნვა და ამასთან მისი უარყოფითი ბალანსის მაჩვენებელი. ალბათ, მნიშვნელოვანია ბოლო ტენდენციების განხილვა როგორც დინამიკის, ისე ექსპორტის გეოგრაფიის კუთხით, ასევე გვერდს ვერ აუვლით 2008 წლის ბიუჯეტის პროექტს, რადგან მას ახასიათებს რიგი თავისებურებანი როგორც შემოსავლების, განსაკუთრებით, საგადასახადო შემოსავლების, ისე ხარჯების თვალსაზრისით. დიდია ინფლაციური მოლოდინი საქართველოში და ამიტომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10% დონეზე, ალბათ სპეციალისტებისაგან უფრო სრულყოფილ ანალიზს მოითხოვს.
გთავაზობთ მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნების რეიტინგს და ნობელიანტების ოჯახის ახალი წევრების შესახებ მასალას (გვ.23), ტრადიციულად სამეცნიერო ნაშრომებს ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე და შიდა და საერთაშორისო ბაზრის სტატისტიკას.
განსაკუთრებით მინდა შევახსენო კოლეგა ეკონომისტებს, რომ 30 დეკემბერს ვატარებთ უნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სადაც საქართველოს მოწინავე ეკონომიკური უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას და იქნება მსჯელობა ეკონომიკის იმ ცვლილებებზე და თავისებურებეზე, რაც ჩვენთან და მსოფლიოში მიმდინარეობს. მივიღოთ აქტიური მონაწილეობა ამ კონფერენციაში, ვფიქრობ, ის სერიოზული ასპარეზია საქართველოს ეკონომიკაში მოღვაწე ინტელექტუალებისათვის.
ალბათ, სჯობს დროს კი არ მივყვეთ, არამედ მას წინ მომზადებულნი დავხვდეთ.