მსოფლიოში ნავთობი ილევა
რედაქციისაგან
მსოფლიო ეკონომიკა უახლოეს მომავალში ნავთობის ნედლეულის წარმოებაში არასაკმარისი ინვესტიციების გამო შეიძლება ნავთობის დეფიციტის პრობლემის წინაშე დადგეს.
მოქმედი და ახლო მომავალში ასამოქმედებელი სიმძლავრეები უახლოესი წლების განმავლობაში საჭირო ნავთობის გადამუშავებას ვერ შეძლებენ. ასეთი არადამაიმედებელი პროგნოზი აქვს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელ ნობუო ტანაკას. მისი გამოთვლებით, ენერგეტიკულ ინდუსტრიას სჭირდება 5 ტრლნ დოლარის ინვესტიცია, ახალი სიმძლავრეების ამოქმედება, მაგრამ ნავთობის მწარმოებლებს არ სურთ თავიანთ სექტორში უცხოური ინვესტიციების შემოდინება.
საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოს ენერგეტიკულ სექტორში თავისი პროგნოზების გადახედვა მოუწევს. ერთი წლის წინ ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ ნავთობის ფასი 100 დოლარამდე მხოლოდ 2030 წლისთვის აიწევდა, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფასის ეს მაჩვენებელი შეიძლება უკვე მიმდინარე წელს დაფიქსირდეს.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2030 წლამდე, საკმარისად იყო უზრუნველყოფილი ნავთობით, მაგრამ მისი მოპოვებისთვის მეტი ინვესტიციებია საჭირო. უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, მოიზიდოს კვალიფიციური მუშახელი და ა.შ. ამისთვის კი სააგენტოს პროგნოზებით, 5 ტრლნ დოლარის ინვესტიციაა საჭირო და ეს 700 მლრდ დოლარით მეტია სააგენტოს მიერ გასულ წელს გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.
მიუხედავად ამისა, ნავთობის მწარმოებლებმა თავიანთ კომპანიებზე და შესაბამისად მოგებაზე კონტროლის დაკარგვის შიშით უცხოური ინვესტიციების არშემოშვების პოლიტიკა აირჩიეს, საკუთარი ძალებით კი წარმოების განვითარება მათ ძალიან გაუჭირდებათ.
ოპეკისა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ნავთობი მსოფლიო ენერგიის 40%-ს, გაზი კი 20%-ს უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენს კი – ნახშირი, ბიოსაწვავი, ბირთული საწვავი და სხვა წყაროები. 2030 წლისთვის ნავთობის წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 36,5%-მდე შემცირდება.
უახლოეს პერსპექტივაში, ნავთობის ფასები ისევ გაიზრდება, რადგან მასზე მოთხოვნა შესაბამისად გაიზრდება. საუდის არაბეთის კომპანია Aramco-ს ყოფილი პრეზიდენტი, დამოუკიდებელი კონსულტანტი სადად იბრაგიმ ალ-ხუსეინი თვლის, რომ ნავთობის ნედლეულის ფასის ზრდის პროცესს ვერავინ შეაჩერებს.
ნავთობის ფასზე ასევე ზეგავლენას ახდენს დოლარის სუსტი კურსი – ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი 4,75%-მდე შეამცირა.