საქართველოში უმსხვილესი მონოპოლიური სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაცია გრძელდება

რედაქციისაგან

მსხვილი ობიექტების პრივატიზაციის ეპოქა გრძელდება. ყველაზე მეტად ინვესტორებს ის დარგები აინტერესებთ, რომლებსაც ადრე ეკონომიკურ ლიტერატურაში ბუნებრივ მონოპოლიებს უწოდებდნენ, ხოლო ბოლო ხანებში კი – არათავისუფლად ბრუნვად საქონლის სფეროში შემავალი ის რეგულირებადი დარგები, რომლებიც მიწოდებით და გენერაციით არიან დაკავებული. ასეთი მონოპოლისტია “თბილწყალკანალი”, “თბილისის რკინიგზა”, “თბილგაზი”, “თელასი”, “საქტელეკომი” და სხვა.

ინვესტორებს ხიბლავთ ეს დარგები იმიტომ, რომ ბაზარიც გარანტირებულია და ფასებიც. ამიტომ აქ სერიოზული კაპიტალიზაცია და აი-პი-ოს-თვისაც ფანტასტიური კაპიტალია.
ერთ-ერთი ბოლო ასეთი ობიექტია “თბილწყალკანალი”, ანუ თბილისის წყლით მომარაგების და კანალიზაციის საწარმოო გაერთიანება. მას შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ კონცერნი, რომელიც ოქტომბერში გაიზარდა, რაც ნიშნავს ამ გიგანტის კერძო მფლობელის ხელში გადასვლას. რას უქადის ან რას პირდება ის თბილისელებს და თბილისში არსებულ ბიზნესს?
“თბილწყალკანალ”-ში შედის ჟინვალის წყალსაცავი და მასზე მიმაგრებული ჟინვალის ჰესი, მცხეთის წყლით მომარაგება, თბილისის ზღვაზე განლაგებული საწმენდი ობიექტები, თავისი ინფრასტრუქტურით, მთელი თბილისის მილგაყვანილობა თავის მომსახურე ტუმბოებით და ოფისებით.
პირველად წყლის ტარიფის მოწესრიგება 2005 წელს დაიწყო და პროექტის სახით ორი ტარიფიც მაშინ იქნა შემოღებული. ერთი იყო მოსახლეობისათვის, მეორე კი – ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესისათვის. მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია – 4,5 და 1,4 ლარი.
ბევრი ექსპერტის აზრით, ეს სხვა პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევდა, რადგან ბიზნესს გაუძვირდებოდა წყალი, როგორც ნედლეული. მეორეს მხრივ, “თბილწყალკანალ”-ის ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებული იყო და სულს ღაფავდა, იქნებოდა ეს სადერევაციო გვირაბი ჟინვალიდან თბილისში, გამწმენდი და ფილტრაციის მოწყობილობანი, ტუმბოები, რომლებიც თბილისის მთაგორიან უბნებსა და მაღალ სართულებზე ექაჩებიან წყალს, თუ თვითონ მილგაყვანილობა. ამ ათწლეულების მანძილზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეანიმაციას ათეული მილიონი სჭირდებოდა, თან მოკლე ხანებში. მესამე მხრივ, იყო მოსახლეობა, რომელსაც არ ჰქონდა რეალური საფასურის გადახდის შესაძლებლობა. ამ რეალური საფასურის დადგენა არაეფექტური მენეჯმენტის პირობებში ისედაც ჭირს. ზემოაღნიშნული პროექტი 2005 წელს მაინც ამოქმედდა, მაგრამ დადგა მრიცხველების დამონტაჟების პრობლემაც, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია. “თბილწყალკანალ”-მა გადასახადის დაკისრება რაღაც არქაული გათვლებით დაიწყო სულადობაზე თუ ბიზნესზე, მაგალითად, მცირე ბიზნესს, რომლის საქმიანობა წყლის მოხმარებას არ უკავშირდება და სულ 5 ადამიანი მუშაობს, თვეში 70 ლარი დაუწესეს. აქ მრიცხველის დამონტაჟების შემდგომ რეალურად გაზრდილი ტარიფების პირობებშიც 35-40 ლარს არიცხავს მრიცხველი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფირმის ხელმძღვანელობამ მთელი რიგი სამუშაოები განახორციელა, პრობლემა, რომლის შესახებ ზემოთ ვილაპარაკეთ, ძალაში რჩებოდა და პრივატიზაციის მთავარი მიზეზიც, ალბათ ის იყო, რომ ბაზარი ამ შემთხვევაში წყლის, მართვის და ტარიფების მხრივ ეკონომიკურ სფეროს დაუბრუნდეს, ამასთან მართვის თანამედროვე მეთოდებს და არა კომუნალურ მრიცხველებს და კომუნებს.
ინვესტორის ინტერესი, ალბათ, გარანტირებული ბაზარი, საკმაოდ მაღალი ტარიფები ბიზნესზე და ხელოვნურად დაბალი მოსახლეობაზე და ასევე რესურსები იყო.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ტარიფების მიხედვით, თბილისის ბიზნესი მოსახლეობის ნაცვლად დამატებით შეფარულ გადასახადს იხდის. მაგალითად, თბილისი მოიხმარს 100 კბმ წყალს, აქედან ბიზნესი – 30 კბმ-ს და მოსახლეობა – 70 კბმ-ს, ბიზნესი იხდის 135 ერთეულს, მოსახლეობა – 98-ს. სულ წყლის მომარაგება ჯდება 233 ერთეული. რეალურად წყალი ღირს 2,33 ერთეული და მოსახლეობამ 163 ერთეული უნდა გადაიხადოს. აქედან გამომდინარე, რეალურსა და არსებულს შორის სხვაობას ფარავს ბიზნესი, რაც საერთო ჯამში დედაქალაქის ეკონომიკის საფუძველია თავისი პიდაპირი გადასახადების გადახდით. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ არსებობს და ამას ინვესტორი ასევე დატოვებს, რადგან აწყობს მსხვილ გადამხდელზე უფრო მეტი ტვირთის გადატანა, ვიდრე მოსახლეობაზე.
როგორ ჩატარდა პროცესი…
ინვესტორისადმი წამოყენებული პირობები:
1. უნდა გააფორმოს ხელშეკრულება წყლის მიწოდებაზე როგორც ორგანიზაციებთან, ისე მოსახლეობასთან;
2. გამოაქვეყნოს წყლის ახალი ტარიფის კომპონენტები;
3. შეცვალოს ენერგოტევადი მოწყობილობა ახალი ენერგოდამზოგავი მოწყობილობით;
4. დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები;
5. გაუმჯობდეს წყლის ხარისხი და მიწოდების მასშტაბები ყოველგვარი გრაფიკების გარეშე.
თუ ეს პირობები შესრულდება, მაშინ გამართლებული იქნება პრივატიზაცია, თუ არა და ეს ვიღაცის მეტი კაპიტალიზაციისათვის გადადგმული ნაბიჯი იქნება და თბილისში წყალს კვლავ გრაფიკით და უხარისხოდ მივიღებით, იმ განსხვავებით, რომ ამაში ახლა უფრო ძვირს გადავიხდით.

“თბილწყალკანალი” და “ჟინვალჰესი” შვეიცარული Multiplex შოლუტიონს-ის მფლობელობაში გადადის
ქ. თბილისის წყალმომარაგებელი კომპანია “თბილწყალკანალის”, რომელშიც შედის: მცხეთის წყლით მომარაგება, წყალსაცავი “ჟინვალჰესი” და გარდაბნის საწმენდი ობიექტები, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიასთან ერთად ჩატარებულ საპრივატიზაციო კონკურსში შვეიცარულმა კომპანია Multiplex Solutions-მა გაიმარჯვა.
სამინისტროს ინფორმაციით, Multiplex Solutions კონკურსში გამარჯვებულად იქნა აღიარებული, რადგან მისი წინადადებების პაკეტში საუკეთესოდ იყო შერწყმული საპრივატიზაციო ობიექტების ფასები და სამომხმარებლო ტარიფები. შვეიცარულმა კომპანიამ საპრივატიზაციო ობიექტებში 85 მლნ 662 ათასი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო, ასევე ივალდებულა ამ სისტემის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარებისათვის ინვესტიციის თანხის 350 მლნ-მდე გაზრდა. Multiplex Solutions-მა ასევე აიღო ვალდებულება, რომ 2008-2009 წლებში ის არ გაზრდის ფიზიკური პირებისათვის დაწესებულ ფიქსირებულ გადასახადს – სულზე 2,4 ლარს თვეში, ხოლო 2010-2013 წლებში ეს ტარიფი 2,95 ლარზე მეტი არ იქნება. კომპანიის ვალდებულებებში შედის ასევე მოსახლეობის წყლით მომარაგება 24-საათიან რეჟიმში, სასმელი წყლის მაღალი ხარისხი და ა.შ. შესაბამის კონტრაქტს ქართული მხარე საპრივატიზაციო თანხის მიღებისთანავე გააფორმებს.
ზემოაღნიშნული საპრივატიზაციო კონკურსი 2007 წლის ზაფხულში გამოცხადდა. პირველ ეტაპზე ამ კონკურსში 10 კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის 9 უცხოური. მეორე ტურში 6 კომპანია გადავიდა, კერძოდ: ჩეხური კომპანია “Bond Group”-ი, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტში 80 მლნ დოლარს იხდიდა და 2013 წლისთვის წყლის ტარიფი 4,7 ლარი გახდებოდა; ბრიტანული კომპანია “Cascal”-სა და “საქართველოს ბანკის” კონსორციუმი – 72,4 მლნ ლარი და ტარიფი 3,8 ლარი. ჩეხური კომპანია “Penta Investments”, რომელიც, მართალია, საპრივატიზაციო ობიექტში 91,2 მლნ ლარის გადახდას აპირებდა, მაგრამ წყლის ტარიფს 11,66 ლარამდე სწევდა; ფრანგული კომპანია “Veolia Water” კი – 75,6 მლნ ლარს და 3,79 ლარიანი ტარიფს; ესპანური კომპანია “Aqualia”, რომელის მიერ შეთავაზებული იყო წინადადებების 3 პაკეტი – 107,6 მლნ დოლარი 5,13-ლარიანი ტარიფის პირობებში, 91,8 მლნ დოლარი – 4,6-ლარიანი ტარიფის პირობებში და 61,2 მლნ დოლარი – 3,47-ლარიანი ტარიფის პირობებში.

მოსახლეობის ცხოვრების დონე
2006 წლის მონაცემებით, ოფიციალურმა საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის 103,2 ლარი შეადგინა, საშუალო მომხმარებლისათვის – 91,4 ლარი, საშუალო შინამეურნეობისათვის კი – 173,1 ლარი.
შინამეურნეობებისა და სამუშაო ძალის ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემებით საფუძველზე შემოსავლების დონე მთელ ქვეყანაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც ძირითადად ფულადი შემოსავლების ხარჯზე მიმდინარეობს. 2006 წელს საქართველოში ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიურმა შემოსავალმა შეადგინა 385,4 ლარი, რაც 2,2-ჯერ აღემატება შესაბამისი პერიოდის საშუალო შინამეურნეობის საარსებო მინიმუმს და 11,2 პროცენტით – 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ტემპი 2003-2006 წლებში, წინა წელთან შედარებით, 4,4 პროცენტიდან 11,2 პროცენტამდე გაიზარდა.
რაც შეეხება შინამეურნეობის საშუალო თვიურ ხარჯს 2006 წლისათვის, მან 413,2 ლარი შეადგინა, რაც 2,4-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და 8%-ით 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებლებს 2006 წელს, სიღარიბის დონემ მედიანური მოხმარების 60 პროცენტის მიმართ შეადგინა 23,3% და შემცირდა 0,8 პროცენტული პუნქტით 2005 წელთან შედარებით.