საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, სოფ. დიცისა და სოფ. დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის, და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.
გარდა ამისა, აღნიშნული უკანონო ქმედება უგულებელყოფს და ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, და სხვა სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. მსგავსი პროვოკაციული ქმედება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარებისა და საერთაშორისო მექნიზმების არარსებობის ფონზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რათა მათ მოახდინონ სათანადო რეაგირება ზემოხსენებულ უკანონო ფაქტებთან დაკავშირებით.