ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები

რედაქციისაგან

უახლოესი ორი წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები იქნება: ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, რუსეთი და ბრაზილია – ასეთია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების შესახებ ჩატარებული კონფერენციის კვლევების შედეგები. ქვეყნების ტოპოცეულის სიაში, სადაც ფულის ჩადება ყველაზე მომგებიანია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან უკრაინა, იტალიისა და იაპონიის შუაში მოხვდა.

ქვეყნების შერჩევა ინვესტორების მიერ ამ ქვეყნების ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციების ჩადების ინტერესის საფუძველზე მოხდა, მონაცემები კი 191 ტრანსნაციონალური კორპორაციის ხელმძღვანელების გამოკითხვის შედეგად იქნა მიღებული. კორპორაციების ხელმძღვანელების 70%-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება, 32% კი ფიქრობს, რომ ეს ზრდა 30%-იანი იქნება. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტები თვლიან, რომ ეს ტენდენცია 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ამაზე ზემოქმედებას ვერც საფინანსო არასტაბილურობა და ვერც რამდენიმე ქვეყნის პროტექციონიზმი მოახდენს.
ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონები აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაა. ასევე ჩატარებული კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში პირდაპირი ინვესტიციები იზრდება. თუ 2005 წელს მათი მოცულობა 916 მლრდ დოლარი იყო, 2006 წელს ეს ციფრი 1,3 ტრლ დოლარამდე გაიზარდა. 2006 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა განვითარებად ქვეყნებში: ჩინეთში, ჰონკონგში და სინგაპურში. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებიდან – რუსეთის ფედერაციაში. ყველაზე მეტი ინვესტიცია კი საფრანგეთმა, ესპანეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ განახორციელა.