კითხვები იურიდიულ ბიუროს
რედაქციისაგან
1. შპს-ს ბანკის მიმართ 7 წლის წინ ქონდა საკრედიტო დავალიანება, ამასთან ფირმასაც ქონდა პრეტენზია ბანკთან იმის გამო, რომ ბანკმა თავის დროზე მას უარი უთხრა ხელშეკრულების სრულ შესრულებაზე, რამაც ფირმის გაკოტრება გამოიწვია. Gგავიდა 7 წელი, გთხოვთ, აგვიხსნათ სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა რას ნიშნავს, მოქმედებს თუ არა ის მოცემულ შემთხვევაში და შესაძლებელია თუ არა გირაოში ჩადებული ქონების განთავისუფლება?
პასუხი: თქვენს მიერ შეცდომითაა მითითებული 125-ე მუხლი. ხანდაზმულობას ეხება სამოქალაქო კოდექსის 128-146-ე მუხლები. ხანდაზმულობა არის სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლების ვადა, ანუ ეს ის ვადაა, რა ვადაშიც უნდა განახორციელოთ მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის უფლება ფაქტიურად ქარწყლდება და ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადა სახელშეკრულებო მოთხოვნებზე, მათ შორის საბანკო კრედიტზე არის 3 წელი, იგივე ვადაა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან და მისი დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამ შემთხვევაში, თუ საკრედიტო დავალიანების წარმოშობიდან 7 წელი გავიდა და ბანკს ვალის დაბრუნება არ მოუთხოვია, ბანკის მოთხოვნა უკვე ხანდაზმულია და შეგიძლიათ უარი უთხრათ ვალის დაბრუნებაზე. თუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნებთ ვალს, მისი უკან მოთხოვნის უფლება არ გაქვთ. რაც შეეხება ბანკის მიერ თავისი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, თქვენ ამ ფაქტის დადგომიდან 3 წლის ვადაში შეგეძლოთ მოგეთხოვათ ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება გირაოში ჩადებულ ქონებას, ის უნდა განთავისუფლდეს, რადგან გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.
2. წავკისში მაქვს სახლი და 1200 მ2 მიწა. არ მაქვს 40000 ლარის ოდენობის წლიური შემოსავალი. უნდა გადავიხადო თუ არა მიწის გადასახადი?
პასუხი: თქვენს კითხვაში არაა მითითებული ეს მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, თუ არასასოფლო-სამეურნეოსი. საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთისა) ასევე უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), თუ ამ პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40000 ლარს. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, საგადასახადო კოდექსის იმავე მუხლის “ყ” ქვეპუნქტით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
კითხვებს უპასუხა საერთაშორისო იურიდიული ბიურო
LBC-ის ადვოკატმა ფიქრია მახარაძემ