ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ
თათა თორია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი. იმისათვის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მასზე დაკისრებული საქმიანობა განახორციელოს, განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) საფირმო სახელწოდებას;
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;
გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);
დ) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობას;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ უნდა იყოს 250-000 ლარზე ნაკლები. ამ თანხის ზემოთ საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობის ფულადი ან არაფულადი ფორმით შევსება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.
განცხადებას კი თან უნდა დაერთოს:
ა) საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული წესდებისა და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები, ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობით შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) დოკუმენტები სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მისი თავმჯდომარის არჩევისა და დირექტორების დანიშვნის თაობაზე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა დირექტორთა ნასამართლეობის არქონის შესახებ;
ე) დირექტორების ხელწერილი – “მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ”
საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობის თაობაზე.
დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს რეგისტრაციის ან მასზე უარის თაობაზე.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
1. იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების გაცემა;
2. ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში;
3. ფულადი გზავნილების განხორციელება;
4. სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
5. მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
6. სესხების მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისგან;
7. იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს;
8. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები, მათ შორის, მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები;
9. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს ადგენს ეროვნული ბანკი;
10. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან.
მიკროსესხების გაცემის პირობები:
მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ოგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება.
სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხების გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ის ადგენს საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელსაც.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით. თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და მოითხოვოს კრედიტის გაცემული ნაწილის ვადამდე დაფარვა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულადი იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპები; შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები; ყოველწლიურად უნდა მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკს, იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე; ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ბეჭდვით ორგანოში სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.
თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს, მის მიერვე დადგენილი ფორმით და პერიოდულობით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია: საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი; საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა. ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.