რა გზით შეიძლება საქართველოში მეჩაიეობის გადარჩენა და განვითარება
ალუ გამახარია, ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია-ს თავმჯდომარე
მეჩაიეობა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი ძლიერ განვითარებული დარგი იყო. ზოგიერთი მონაცემით, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ღირებულების 44% მეჩაიეობაზე მოდიოდა. დარგში დასაქმებულთა რიცხვი 200 ათას კაცს აღემატებოდა. საქართველოში იმ დროს წარმოებული ჩაის პროდუქციის წლიური მოცულობა 90,0 ათას ტონამდე აღწევდა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობა გეგმიურად და მთლიანად მოიხმარდა.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო მეჩაიეობამ, ისევე როგორც ეკონომიკის სხვა დარგებმა, სტაგნაცია განიცადა.
ქართული ჩაის კომპანიებს ახალ, უჩვეულო მკაცრ კონკრეტულ გარემოში ადაპტირება გაუჭირდა. არც ერთ დონეზე და არავის მიერ არ მიმდინარეობდა მიზანმიმართული მუშაობა ჩაის მსოფლიო ბაზარზე შეღწევისა და დამკვიდრებისათვის.
ჩაის ფაბრიკების მფლობელები და მმართველები კვლავ რუსეთს და მის ბაზარს მისჩერებოდნენ, რომელსაც კონკურენციის პირობებში კარგად გაწვრთნილი, მსოფლიოს უძლიერესი კომპანიები თანდათანობით იკავებდნენ. ეს ხდებოდა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა და განწყობის მიუხედავად. რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ტრადიციული ბაზრები შესაბამისი სტრატეგიის და მარკეტინგულ საქმიანობაში გამოუცდელობის შედეგად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს ბაზარი დავკარგეთ. დღეს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთში, ცნობილი მიზეზების გამო, უკვე საერთოდ აკრძალულია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ჩაის იმპორტი.
საქართველოში ადრე არსებული 200-ზე მეტი ფაბრიკიდან ამჟამად 20-მდე ჩაის ფაბრიკა ძლივს ფუნქციონირებს. წელს წყალტუბოს რაიონში ჩვენი პარტნიორების დიდი ძალისხმევით მხოლოდ ერთმა საწარმომ – თერნალის მიკროფაბრიკამ შეძლო მუშაობის დაწყება, თანაც ახლებურად. წინა წლების მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, კომპანიამ მტკიცედ თქვა უარი დაბალი ხარისხის იაფი ჩაის დიდი ოდენობით წარმოებაზე და გეზი საუკეთესო ხარისხის, ძვირადღირებული ელიტარული ჩაის მცირე ოდენობით წარმოებისაკენ აიღო.
ამ მიკროფაბრიკამ გადაწყვიტა მწვანე ელიტარული ჩაის წარმოებაზე სპეციალიზება!
მწვანე ბაიხის ელიტური ჩაი. ეს გამორჩეული გემო-კვებითი და სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების მქონე, უმაღლესზე უფრო მაღალი ხარისხის საუკეთესო პროდუქტია, რომელიც მზადდება მხოლოდ 2-3-ფოთლიანი, ხელით მოკრეფილი ნაზი დუყებისაგან, ცნობილი ორთოდოქსული, მაგრამ კარგად დახვეწილი ტექნოლოგიით.
საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობების წყალობით, მიღებულ იქნა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გასატანი მაღალკონკურენტუნარიანი პროდუქცია.
ელიტური ჩაის წარმოება შესაძლებელი გახდა ჩაის კრეფისა და გადამუშავების მთელ ციკლზე ტექნოლოგიური და სანიტარული მოთხოვნების მკაცრი დაცვით, ახალშექმნილი მიკროფაბრიკების პირობებში (იხ. სქემა).
შენიშვნა: ტექნოლოგიური ციკლის თითოეული ეტაპის (ოპერაციის) შესრულებისას გამოყენებულია უპირველესად, საქართველოს მრავალწლიანი უნიკალური მეცნიერული და პრაქტიკოს-მეჩაიეების მდიდარი საუკუნოვანი გამოცდილება, ასევე ჩაის მწარმოებელი ქვეყნების საუკეთესო მიღწევები.
შპს “”თერნალი-ჩაი-ს მიკროფაბრიკას უნარი შესწევს მიმდინარე წელს აწარმოოს არანაკლებ 3,5-4 ტონის მწვანე ელიტარული ჩაი, რაც საქართველოს დღევანდელ სავაჭრო ქსელში არსებული ჩაის ფასების ქვედა ზღვრის დონეზე გადაანგარიშებით 140 ათასი ლარის ღირებულებისაა. მეორე წელს წარმოება გაიზრდება 5 ტონამდე, ხოლო მესამე წელს – 7 ტონამდე, ანუ წარმოების მოცულობა გაორმაგდება და 280-300 ათას ლარს გადააჭარბებს. მიკროფაბრიკის მუშაობის შედეგად სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფილი იქნება: ჩაის პლანტაციებზე – 35 კაცი, ხოლო ჩაის გადამუშავებაზე – 12, სულ 47 კაცი.
ჩვენს ამ მცირე მიღწევებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური და სადემონსტრაციო ეფექტი, რაც შემდეგში მდგომარეობს:
თანდათანობით და მნიშვნელოვნად შეიცვლება მეჩაიეობის მიმართ საქართველოში დღემდე დაუმსახურებლად ჩამოყალიბებული უპერსპექტივობის განცდა. თერნალის პატარა მიკროფაბრიკის მაგალითით არა მარტო მეჩაიეები, არამედ ბიზნესმენები, მეცნიერები, ხელისუფლების წარმომადგენლები დაინახავენ, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, ჩაის ბიზნესს დიდი მომავალი აქვს. სწორი სტრატეგია კი ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ დაბალი ხარისხის ჩაის კრეფა-გადამუშავებაზე ინდუსტრიული წესით გიგანტურ ფაბრიკებში და გადავიდეთ ძირითადად ელიტარული ჩაის კრეფა-გადამუშავებაზე კიდევ სხვა მიკროფაბრიკებში;
ჩაის მკრეფავებს, რომლებსაც ადრე 1 კგ ნედლეულისათვის უხდიდნენ 10-12 თეთრს, დღეს 1 კგ ელიტარული ჩაის კრეფისათვის, ხელფასის სახით ეძლევათ 80 თეთრი. ამ ინფორმაციის გავრცელების შედეგად იმერეთისა და სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან სატელეფონო ზარებით ითხოვდნენ მათგანაც ჩაებარებინათ შპს “თერნალის ჩაის ფაბრიკაში უმაღლესი ხარისხის ჩაი. მაგრამ სამწუხაროდ, ყველა თხოვნას ჯერჯერობით ეს ფაბრიკა ვერ აკმაყოფილებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსახლეობა კი არ გადაეჩვია ჩაის კრეფას, არამედ იგი ელოდება რეალური და კარგად ანაზღაურებადი მეჩაიეობის აღორძინებას;
შპს “თერნალი-ჩაი-ს მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია “ეგვენთიჯისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი-ს მხარდაჭერით, მოკლე დროში მიღწეულმა ასეთმა მცირე წარმატებამაც კი უკვე გამოიწვია ზოგიერთი ქართველი და უცხოელი ინვესტორების ამ საქმიანობით დაინტერესება. ისინი თვალყურს ადევნებენ ჩაის ბიზნესში მიმდინარე პროცესებს;
თუ მეჩაიეობას ისეთივე ყურადღება მიექცევა, რაც დღეს მეღვინეობას და მეჩაიეობაში გაჩნდებიან თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე), ქართველი და უცხოელი ინვესტორები დაინტერესდებიან და მეჩაიეობაც აღმავლობის გზით განვითარდება. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ამ დარგში ელიტარული ჩაის წარმოების განვითარებით (თანამედროვე მიკროფაბრიკების აშენებისა და თითოეულ მათგანზე 10-15 ჰა ჩაის პლანტაციის მიმაგრებით), ჯერ კიდევ არის რეალური რესურსი – დასავლეთ საქართველოში დასაქმდეს 120 ათასი ადამიანი და ქვეყნის ეკონომიკას უახლოეს მომავალში მისცეს 500 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასაქონლო პროდუქცია (მიკროფაბრიკას ამის გათვლები გააჩნია). ეს დასავლეთ საქართველოს სოფლებს ძალიან მალე ეკონომიკურად ფეხზე დააყენებს, თბილისის ბაზრებზე მოვაჭრეებად გადასულ ქალებსა და მამაკაცებს მიტოვებული მშობლიური სოფლებისკენ მოაბრუნებს, ახალგაზრდობასაც სოფელს შეაყვარებს.
და ბოლოს, საქართველოს მოქალაქეები ასეთ მაგალითებზე ისწავლიან საკუთარი მაღალი ხარისხის პროდუქციის დაფასებას, მისადმი პატივისცემას და რაც მთავარია, თავიანთი ძალებით და რესურსებით საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის პრობლემების მოგვარებას.
პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? საიდან დავიწყოთ მოქმედება?
დავიწყოთ საკუთარ ქვეყანაში ჩაის ბაზრის დაბრუნებაზე ფიქრი და მუშაობა.
საქართველოს ჩაის ბაზრის ანალიზის მიხედვით:
ძირითადად თბილისისა და სხვა ქალაქების სავაჭრო სისტემაში 95%-ზე მეტი უცხოური წარმოების (უმეტესწილად დაბალი ხარისხის) ჩაი იყიდება და მხოლოდ 4-5%-ია ადგილობრივი წარმოების ჩაი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით (პრესა, ექსპერტული მონაცემები), საქართველოს ბაზარზე ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იყიდება 50 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, დაახლოებით 3500-4000 ტონა სხვადასხვა სახის ჩაი, აქედან, 75-80% ერთჯერად პაკეტებშია დაფასოებული. მწვანე ჩაის ხვედრითი წილი საერთო გაყიდვებში თითქმის 30%-ია, ანუ 1000-1200 ტონამდეა.
საქართველოს ბაზარზე ჩაის ძირითადი მომწოდებლები არიან: დიდი ბრიტანეთის კომპანიები – “რისტონი, “ახმად-ჩაი, “ტვინინგსი; ამერიკული კომპანია “ლიპტონი; ჩინურ-რუსული კომპანიები – “გრენფელდი; იაპონური – “სენჩა; ცეილონის – “დილმახი და სხვა (ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი ჩაის ტრადიციულად მწარმოებელი ქვეყნებიდან – ჩინეთიდან და ინდოეთიდან არ არიან).
1 კგ ჩაის ფასი, დაახლოებით 20-დან 60-მდე აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. შედარებით უკეთესი ხარისხის მწვანე ჩაი 1 კგ-ზე გადაანგარიშებით, 35-40 აშშ დოლარზე ნაკლებად არ იყიდება.
ჩვენს მიერ ჩატარებული დეგუსტაციების შედეგები და ექსპერტების დასკვნები ადასტურებს, რომ წყალტუბოს ჩაის ხარისხი ბევრად უკეთესია, ვიდრე მათი უცხოური ანალოგები და მას თამამად შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი როგორც საქართველოს შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
და ბოლოს, ქართული ჩაის, განსაკუთრებით კი ქართული მწვანე ელიტარული ჩაის საკუთარი ქვეყნის ბაზარზე დამკვიდრება, ჩაის მოხმარების კულტურისა და ტრადიციის სრულყოფა-პოპულარიზაცია, უპირველესად, ჩვენი მეცნიერების, მეჩაიე ბიზნესმენებისა და მედიის უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს.
ჩვენი აზრით, უნდა გაგრძელდეს მწვანე ჩაის ფარმაკოლოგიური თვისებების, კვების რაციონში მისი მოხმარების ოპტიმალური ოდენობის დასადგენად მეცნიერული კვლევები. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეცნიერებმა უფრო ღრმად შეისწავლეს მწვანე ჩაის სტაბილური მოხმარების შედეგები, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მისი ზეგავლენის დინამიკა და კონკრეტული მაჩვენებლები.
მეცნიერებმა უნდა შეძლონ მკაფიოდ და დამაჯერებლად წარმოაჩინონ ის დიდი განსხვავება, თუ როგორ და რამდენს ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სიგარეტს და ისინი, ვინც ბავშვობიდან რეგულარულად სვამენ მწვანე ჩაის.
ეს იქნება ძალიან სერიოზული მოტივაცია საქართველოში როგორც ჩაის წარმოების და მისი მოხმარების, ისე ამ თემებთან დაკავშირებული მეცნიერული სფეროს განვითარებისათვის.