ქართული ბიზნესის მინი ელიტა – ანუ რა ხდება მცირე და საშუალო ბიზნესში

რედაქციისაგან

ქართულ ბიზნესში ახალი სახეები და სახელები გამოჩნდნენ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მცირე და საშუალო ბიზნესში საუკეთესო კომპანიები გამოავლინა. კონკურსის მოსამზადებელმა პერიოდმა თვეზე მეტ ხანს გასტანა, რეგიონულმა სავაჭრო პალატებმა თავიანთი წევრები წარადგინეს, დაახლოებით 600 კომპანიიდან 47 დარჩა, რომელთაგან კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესოები შეარჩია.

30 კაციანი ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი ეკონომიკური ექსპერტები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას და მათ შემდეგი კრიტერიუმებით გააკეთეს არჩევანი:
– კომპანიის ბრუნვის მოცულობა;
– კომპანიის მუშაობის გავლენა დასაქმებაზე (დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა);
– ინოვაციურობა (ახალი ტექნოლოგიის ან მომსახურების დანერგვა);
– ექსპორტი (ახალი ბაზრების ათვისება);
– ინვესტიციების მოცულობა წარმოების გასაფართოებლად, ან ხარისხის ასამაღლებლად;
– ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მენეჯმენტში;
– გამოფენებში მონაწილეობა.
ხოლო ნომინაცია სულ ხუთი იყო:
– საუკეთესო მცირე ბიზნესის კომპანია ან ინდმეწარმე;
– საუკეთესო საშუალო ბიზნესის კომპანია;
– საუკეთესო ინოვაცია მცირე და საშუალო ბიზნესში (ახალი პროდუქციის, სერვისის ან ტექნოლოგიის დანერგვა);
– საუკეთესო ექსპორტიორი მცირე და საშუალო ბიზნესიდან;
– საუკეთესო ფერმერი.
დაჯილდოების ცერემონია “შერატონ მეტეხი პალასში” 23 თებერვალს ჩატარდა. გამარჯვებულები დააჯილდოეს ცნობილმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, “პროკრედიტბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ასტმუს როტნემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა და ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა ოსმან თურანმა.
პირველი ნომინაცია “საუკეთესო მცირე საწარმო”
გამარჯვებული – სტუდია “დემეტრე”
ანოტაცია – დაარსდა 1997 წელს. აწარმოებს ტყავსაგალანტერეო პროდუქციას თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. 2003 წელთან შედარებით, 2004 წელს ბრუნვა დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა და შეადგინა 300000 ლარი, დასაქმებულთა რაოდენობამ – 21 კაცი. პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად სტუდიამ შეიძინა იტალიური დანადგარი – კალაპოტების ციფრული ჩარხი, რითაც გაუჩნდა შესაძლებლობა დაამუშავოს ახალი მოდელი და იგი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს მასიურ წარმოებაში ჩასაშვებად. “თი-ბი-სი” ბანკის სალიზინგო კომპანიამ და სტუდია “დემეტრემ” განახორციელეს ერთობლივი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 171000 ევროს. სტუდიამ გაიარა ტესტირება და მისი ხარისხის მენეჯმენტი და წარმოებული პროდუქცია შეფასებულია, როგორც საუკეთესო.
ლაურეატები:
შპს “ორგტექნიკა-ტბ.ხუნს-ტრეიდი”
ანოტაცია – დაარსდა 2000 წელს, საქმიანობა – ხის ასაწყობ-დასაშლელი სააგარაკო კოტეჯებისა და სასკოლო-საოფისე ინვენტარის წარმოება, საკანცელარიო საქონლით ვაჭრობა, მარკეტინგი და საექსპორტო ოპერაციები. კომპანიის ბრუნვითი მოცულობა 2004 წელს 2003 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, დასაქმებული იყო 14 ადამიანი, 2004 წელს – 26. ექსპორტი 07%-ით გაიზარდა. ინვესტიცია განხორციელდა წყალტუბოს #1 ჩაის ფაბრიკაში 21,0 ათასი ლარის მოცულობით.
შპს “ბედეგი”
ანოტაცია – კომპანია დაარსდა 1999 წელს. საქმიანობა – სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალა. კომპანიის ბრუნვის მოცულობა 2003 წელთან შედარებით გაიზარდა და 2004 წელს 133558.42 ლარს მიაღწია. სულ კომპანიაში დასაქმებულია 19 პიროვნება. წინა წელთან შედარებით მომუშავეთა რაოდენობა 9 ადამიანით გაიზარდა, საწარმოში დამონტაჟდა მეორე ბლოკის საწარმოო ქარხანა და გამოშვებულია 5 ახალი დასახელების პროდუქცია, სულ 12 დასახელების. “პროკრედიტბანკის” სამგორის ფილიალიდან აღებული სესხითYდაფინანსდა ქარხნის მშენებლობა.
შპს. “შამბალა ჩაქვი”
ანოტაცია – დაარსდა 2004 წელს. საქმიანობა – მწვანე აგურა ჩაის, შავი ბაიხის წარმოება და ექსპორტი. წლიური ბრუნვის მოცულობა 500000. კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა 500 ადამიანით, სულ დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. შეტანილია და დანერგილია ახალი ტექნოლოგიური ხაზი, ექსპორტის მიმართულება გაფართოვდა, ათვისებულია რამდენიმე ახალი მიმართულება, განხორციელდა 100000 ლარის ინვესტიცია.
მე-2 ნომინაცია “საუკეთესო საშუალო საწარმო”
გამარჯვებული – სს “თელიანი ველი”
ანოტაცია – დაარსდა 1997 წელს, საქმიანობა – ღვინის წარმოება. 2004 წლის ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება. EBღD-მა “თელიანი ველის” კაპიტალში 1.2 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა, რითაც საწარმოს მიეცა საშუალება სიმძლავრეები გადაეიარაღებინა. კომპანიაში მოზიდულ იქნა ახალგაზრდა საერთაშორისო გამოცდილების მქონე კადრები, დამატებით დასაქმდა 17 ადამიანი. 2004 წელს კომპანიამ შეიძინა ახალი საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემები და დაინერგა ფინანსური აღრიცხვიანობის თანამედროვე სისტემა.
ლაურეატები:
შპს “ჯი-ემ-პი”
ანოტაცია – დაარსდა 2000 წელს. ბრუნვის მოცულობის ზრდის მაჩვენებელია 40%, 2003 წელს დასაქმებული იყო 44 ადამიანი, 2004 წელს კი მაჩვენებელი 50-მდე გაიზარდა. 2004 წლის განმავლობაში საწარმოში დაინერგა შვიდი ახალი პრეპარატის წარმოების ტექნოლოგია, ამჟამად კომპანიის სრული ნომენკლატურა მოიცავს 78 დასახელების პროდუქციას. ამავე წელს წარიმართა საწარმოო ზონის რეკონსტრუქცია, აღიჭურვა სათანადო საინჟინრო სისტემებით. პრეპარატების წარმოება ახალი თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარების საშუალებით მიმდინარეობს. საწარმოში მოზიდულ იქნა ორგანიზაციების BAAS da IQC ინვესტიციები.
სს “რექტიფიკატი” ანოტაცია – დაარსდა 1998 წელს, საქმიანობა – ალკოჰოლური სასმელების წარმოება. კომპანიის ბრუნვის მოცულობა 2003 წელს იყო 579795 ლარი, ხოლო 2004 წელს 3119919 ლარი. დასაქმებულთა რაოდენობა 100%-ით გაიზარდა. სპირტის წარმოებაში დაინერგა გამოხდილი მასის ხელახალი გამოყენება ხარშვისთვის, ხოლო არყის წარმოებაში ხდება ბუნებრივი დარბილებული წყლის გამოყენება, რომელიც სტანდარტს ექვემდებარება. ახალი ბაზრების ათვისება თანმიმდევრულია, პროდუქცია გაიგზავნა აშშ-ში, კანადასა და რუსეთში. ქარხნის ტერიტორიაზე შენდება უზარმაზარი ჩამომსხმელი საამქრო, რომელიც წინასწარი გათვლებით 270 000 აშშ დოლარი დაჯდება.
შპს “ღვინის კომპანია შუმი”
ანოტაცია – დაარსდა 2001 წელს, საქმიანობა – ღვინის წარმოება. ბრუნვის მოცულობა 2004 წელს 2003 წელთან შედარებით გიზარდა 910145 ლარით, მუშა-მოსამსახურეთა კი – 25 ადამიანით. საწარმოში ამჟამად მუშაობს 40 ადამიანი. დანერგილი აქვს ახალი ტექნოლოგიები, შექმნილია საფირმო ღვინოები და ბრენდი. პროდუქცია ექსპორტზე გადის რუსეთში, უკრაინაში და შვეიცარიაში. 2004 წელს ინვესტიციები არ განხორციელებულა. დანერგილი ახალი ტექნოლოგიები ყველა წარმოების პროცესშია და სხვა პროდუქციასთან ერთად ხდება მათი რეალიზება.
მე-3 ნომინაცია “საუკეთესო ინოვაცია”
გამარჯვებული – შპს “სამგორი+”
ანოტაცია – კომპანიისთვის განსაკუთრებულად წარმატებული იყო 2004 წელი. ამ წლის განმავლობაში ორგანიზაციაში მოხდა დაახლოებით 1.500.000 ლარის ინვესტირება, რომლითაც შეძენილ იქნა ალუმინის ლამინირებული მილების წარმოების ხაზი, პოლიეთილენის გამოყენებით დამზადებული მილების გამოსაცდელი ლაბორატორია, წარმოებისთვის საჭირო სხვა დანადგარები. ასევე კეთილმოეწყო ორგანიზაციის კუთვნილი ტერიტორია და შენობა-ნაგებობები. ინვესტიციების განხორციელებამდე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 6 ადამიანი, ამჟამად – 14. პროდუქციის 70-80% განკუთვნილია ექსპორტისთვის. ინვესტიციები შეეხო მენეჯმენტსაც, დაინერგა ხარისხის კონტროლის მკაცრი მექანიზმი, მოხდა საბუღალტრო აღრიცხვის და მარაგების მართვის კომპიუტერიზაცია.
ლაურეატები:
შპს “ნათია ბერიძე”
ანოტაცია – დაფუძნდა 2003 წლის ნოემბერში, კლინიკის ძირითადი მიმართულება ვეტერინარული მომსახურებაა, რაც მოიცავს, როგორც კლინიკურ, ისე ამბულატორიულ მკურნალობას. გასულ წელს კლინიკა 3800 პაციენტს მოემსახურა. 2003 წელს დასაქმებული იყო 2 ექიმი და 1 სანიტარი, ხოლო 2004 წელს დასაქმებულთა რიცხვია – 9. კლინიკა დისპლაზიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში ნოვატორია. დანერგილია 24 საათიანი მომსახურება კლინიკაში და გამოძახებით. ტარდება ცხოველების ექოსკოპიური, ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ტომოგრაფიული გამოკვლევა. 2004 წელს მოხდა ინვესტირება, რითაც მოხდა თანამედროვე გათბობის და ცხელი წყლის სისტემით აღჭურვა, საოპერაციო ბლოკების ბაქტერიოლოგიური დამუშავების განათების მოწყობილობის შეძენა-დამონტაჟება. მენეჯმენტმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა “ვეტექიმი-პაციენტი-პატრონი”, რომლის მეშვეობით მიმდინარეობს ფირმაში საქმიანობა.
შპს “პროგრესი”
ანოტაცია – საწარმო შეიქმნა 1995 წელს, რომლის წარმადობა დღე-ღამეში 120 ტონა წისქვილ-ქარხანაა, წარმოება აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ლაბორატორიით, ქარხანა უშვებს უმაღლესი, პირველი და მეორე ხარისხის ფქვილს, მანანის ბურღულს და მაკარონის წარმოებისთვის ფქვილს. ფქვილით მარაგდება ძირითადად თბილისი, რუსთავი, რაჭა და რესპუბლიკის სხვა რეგიონები. ბრუნვის მოცულობის ზრდის ტემპმა 2004 წელს 2003 წელთან შედარებით 64% შეადგინა. წინა წლებში საწარმოში დასაქმებული იყო 85-95 მუშა-მოსამსახურე, 2004 წელს 55 კაცით გაიზარდა და ახლა დასაქმებულია 150 ადამიანი. 2004 წელს განხორციელდა 6000 აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია, კერძოდ, ენერგეტიკაში. შპს “პროგრესი” მუდმივად ზრუნავს აღჭურვოს წარმოება ახალი ტექნიკით და ტექნოლოგიებით, რომელიც გამოჩნდება მარცვლის გადამუშავების მსოფლიო სისტემაში. 2004 წელს წარმოებაში დაინერგა გერმანულ-თურქული წარმოების ახალი ტიპის ხორბლის გამწმენდი დანადგარი.
მე-4 ნომინაცია “საუკეთესო ექსპორტიორი”
გამარჯვებული – შპს “ვაინ მენი”
ანოტაცია – დაარსდა 1998 წელს. მისი ბრუნვის მოცულობა 2003 წელს 400 000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2004 წელს 1500000 ლარამდე გაიზარდა. საწარმოში დასაქმებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა, მთლიანად შეიცვალა საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა, დამონტაჟდა ახალი დანადგარები, რომლებიც სრულად პასუხობენ სართაშორისო სტანდარტებს. 2003 წელს ექსპორტმა შეადგინა 60 000 ბოთლი, 2004 წელს კი, 186 000. მენეჯმენტში ათვისებულია ყველა ახალი ტექნოლოგია.
ლაურეატები:
სს “ქართული შაქარი”
ანოტაცია – დაარსდა 1999 წელს. ბრუნვის მოცულობამ 2003 წელს შეადგინა 73407533 ლარი, ხოლო 2004 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მან მიაღწია 65400408 ლარს. 2003 წლისთვის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა შეადგენდა 609 კაცს, 2004 წელს გაიზარდა 622 კაცამდე. ტექნოლოგიებისა და მისი პროცესების გასაუმჯობესებლად ყოველწლიურად ხორციელდება ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები. 2004 წელს ათვისებულია ახალი ბაზრები აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ექსპორტის მოცულობა 2003 წელს იყო 7033097 ლარი, 2004 წელს მან შეადგინა 61606662 ლარი.
სს “ბიოფარმი”
ანოტაცია – დაარსდა 1995 წელს. საქონლის ბრუნვა 2004 წელს გაიზარდა 1,86-ჯერ და შეადგინა 1436 ათასი ლარი. წარმოებაში დასაქმებულია 43 ადამიანი. დაინერგა ორი დასახელების სამკურნალო საშუალების წარმოების ტექნოლოგია და ასორტიმენტმა შეადგინა სულ 61 დასახელების სამკურნალო საშუალება. 2003 წელს ექსპორტმა შეადგინა 215 ათასი ლარი, ხოლო 2004 წელს 499 ათასი ლარი, ანუ ექსპორტი 2,32-ჯერ გაიზარდა. “ბიოფარმმა” 2004 წელს შეიძინა და დაამონტაჟა ფხვიერი საინიექციო საშუალებების დასამზადებელი, ფლაკონებში დამფასოებელი, გერმანული წარმოების ხაზი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნებს პასუხობს. პროექტის ღირებულებამ შეადგინა სულ 40 ათასი აშშ დოლარი.
მე-5 ნომინაცია “საუკეთესო ფერმერი”
გამარჯვებული – შპს “გორის ხილის ექსპორტი”
ანოტაცია – დაფუძნდა ქართველი და ჰოლანდიელი პარტნიორების მიერ 2001 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის წარმოება. დანერგილი აქვს არაერთი თანამედროვე ტიპის ტექნოლოგიური საშუალებები. კომპანიის ძირითად საექსპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენს.
ლაურეატი &სჰყ;- ფერმერი დავით თენიეშვილი
საქმიანობა დაიწყო 1993 წელს ოზურგეთის რაიონის, სოფელ ქვემო ბახვში. 3,2 ჰ მიწის ფართობზე. დასაქმებული ჰყავს 5 ადამიანი. მოჰყავს კივი, კარტოფილი, სიმინდი. აქვს უნიკალური ქართული ჯიშის მცენარეების პლანტაცია, სატბორე- საკობრე მეურნეობა 400 კვმ ფართობზე, იყენებს მინი ჰესსა და ბიოგაზს.